ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ

ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/9/1500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016740
3/9/1500
04/11/2022
ვებგვერდი, 22/11/2022
000000000.00.000.016740
ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის

განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №3/9/1500              

2022 წლის 4 ნოემბერი

ქ. ბათუმი

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1500) მომართა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. №1500 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2020 წლის პირველ მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.

2. №1500 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. „საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვის წესს.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსთვის მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას.

5. №1500 კონსტიტუციური სარჩელით ირკვევა, რომ მოსარჩელე ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2018 წლის 17 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარდგენილი სარჩელი არ მიიღო წარმოებაში და განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დავალება არ მიეკუთვნებოდა სასამართლოს განსახილველ საკითხთა კატეგორიას. სასამართლოს მითითებით, საარჩევნო გადაცდომის საკითხის განხილვისას სასამართლოს უფლებამოსილება იფარგლება არა უშუალოდ მის მიერ გადაცდომის ძიების, გამოვლენის და დადგენის, არამედ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასეთად მიჩნევის შემთხვევაში, საკითხის რევიზირებით და კანონით დადგენილ შემთხვევაში სანქციონირებით. წინამდებარე მსჯელობა გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამაც და ძალაში დატოვა გასაჩივრებული განჩინება.

6. მოსარჩელის განმარტებით, მას, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციას, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლება, დააკვირდეს საარჩევნო პროცესს და ამ დროს აღმოჩენილი დარღვევები გაასაჩივროს საარჩევნო კომისიაში. თუმცა სადავო ნორმების შესაბამისად, მას ეზღუდება საარჩევნო კომისიის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, რის გამოც ვერ ახორციელებს არჩევნებზე დაკვირვებისას გამოვლენილ დარღვევებზე ეფექტიან რეაგირებას. მოსარჩელის პოზიციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომ საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების შესაძლებლობა ვერ ჩაანაცვლებს სასამართლო წესით გასაჩივრების აუცილებლობას.

7. მოსარჩელის აღნიშვნით, დემოკრატიული წყობისთვის აუცილებელი პირობაა ლეგიტიმური არჩევნები, რასაც უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. ვინაიდან ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენისთვის სათანადო გარემოს შექმნა არჩევნების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, დამკვირვებელ ორგანიზაციებს ასევე უნდა შეეძლოთ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება. მოსარჩელის განმარტებით, საარჩევნო კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების შეუმოწმებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, უფლებამოსილმა პირმა საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენოს თვითნებურად, ამომრჩეველთა უფლების საზიანოდ. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისას, მასზე ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა კი, საბოლოო ჯამში, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე და საფრთხეს უქმნის ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოვლენას.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალება და, ამდენად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე პრობლემურად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მას, როგორც არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციას, სადავო ნორმებისათვის საერთო სასამართლოების მიერ მინიჭებული ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, არ გააჩნია შესაძლებლობა, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საერთო სასამართლოებში.

3. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დღესდღეობით მოქმედი რეგულაციით, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული პრობლემა კანონმდებლობაში აღარ არსებობს. კერძოდ, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 28 ივნისის საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის 32-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი. დასახელებული დებულების თანახმად, „ამ კანონის შესაბამისად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლების მქონე პირის მიერ ან ცესკოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო საქმის განხილვის შედეგად იღებს დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე ან უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე“. ხსენებული ცვლილებები ამოქმედდა 2021 წლის 29 ივნისს. ამდენად, არსებული საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში, პრობლემა, რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს, კანონმდებლობაში აღარ არსებობს. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისას საარჩევნო კომისიის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობის მიღმა კი, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია სხვა რაიმე გარემოებაზე, რომელიც სადავო ნორმებს დაუკავშირდებოდა და, მათ საფუძველზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების შესაძლო დარღვევას წარმოაჩენდა.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1500 კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1500 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

 

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში