მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/5/1356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016736
3/5/1356
04/11/2022
ვებგვერდი, 22/11/2022
000000000.00.000.016736
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის

განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №3/5/1356         

2022 წლის 4 ნოემბერი

ქ. ბათუმი

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა  სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე  წევრი;

გიორგი თევდორაშვილი  წევრი;

ირინე იმერლიშვილი  წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე  წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი  წევრი;

თეიმურაზ ტუღუში  წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის მე-3 წინადადების (2020 წლის 4 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1356) მომართა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „თავისუფალი საქართველო“. №1356 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2018 წლის 10 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.

2. №1356 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

3. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის (2020 წლის 4 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნების წელს პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური მხარდაჭერისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად. მითითებული პუნქტის მე-3 წინადადება ადგენდა, რომ „ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება“.

4. №1356 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით, რომელიც განამტკიცებდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.

5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, შედეგად, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება.

6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული ნორმა არათანაბარ პირობებში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული დებულების თანახმად, სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად, დამატებითი დაფინანსებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ არა არჩევნებში მონაწილე ყველა კვალიფიციურ პარტიას, არამედ ზოგიერთს. მოსარჩელე მხარე აპელირებს, რომ აღნიშნული თანხა უნდა ნაწილდებოდეს განურჩევლად ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტზე.

7. №1356 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული აქვს 2016 წლის 23 მაისს №2/3/591 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელიც, მოსარჩელის აზრით, ეხებოდა მსგავს საკითხს და, ამდენად, ითხოვს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად გამოაცხადოს საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

8. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული დაფინანსების გაცემის შემდეგ, მოსარჩელეს მიადგება გამოუსწორებელი ზიანი.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. №1356 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებას.

2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით კი, თანასწორობის უფლება განმტკიცებულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.

4. №1356 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე ითხოვს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის მე-3 წინადადების (2020 წლის 4 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 5. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 2 ივლისის №6724-რს საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლი განსხვავებული რედაქციით ჩამოყალიბდა და, მათ შორის, ცვლილებები შეეხო გასაჩივრებულ ნორმას, კერძოდ, მითითებული ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის მე-3 წინადადება ამოღებული იქნა. აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან, ანუ 2020 წლის 4 დეკემბრიდან. ამდენად, როგორც ირკვევა, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა, საქმის განხილვის მომენტისთვის, გაუქმებულია.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კვლავ არსებობს თუ სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელიც რელევანტური იქნება №1356 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებულ სამართლებრივ პრობლემასთან მიმართებით და აქვს თუ არა მოსარჩელე მხარეს საქმეზე წარმოების გაგრძელების უწყვეტი ინტერესი.

7. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტის მე-3 წინადადების (2020 წლის 4 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად დამატებითი დაფინანსების მოპოვების უფლება ეძლეოდა პარტიებს, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოშობილი ჰქონდათ დაფინანსების მიღების უფლება. როგორც უკვე აღინიშნა, 2020 წლის 2 ივლისის №6724-რს საქართველოს ორგანული კანონით, მათ შორის, ცვლილებები შევიდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ რელევანტურ ნორმებში, რომლებიც ეხებოდა პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო ფინანსურ მხარდაჭერას. საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ მითითებულ პროექტზე განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების შედეგად, მანამდე არსებული სისტემა შეიცვალა უფრო დახვეწილი მოდელით, რომლის მიხედვითაც, თითოეული პარტია ერთიანად განსაზღვრულ დაფინანსებას იღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების პროპორციულად, ახალი ფორმულით, რომელიც აგებულია რეგრესულ პრინციპზე და ითვალისწინებს მცირე პარტიებისთვის მეტ დაფინანსებას. ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული მოდელის ფარგლებში ორგანული კანონიდან, მათ შორის, ამოღებული იქნა განსახილველ საქმეზე სადავო ნორმით გათვალისწინებული სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა. ამდენად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის სახელმწიფო დაფინანსების განახლებული მოდელის ფარგლებში, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უკანასკნელი არჩევნების შედეგების მიხედვით, ითვლებიან კვალიფიციურ სუბიექტებად, იღებენ გაზრდილ და ერთიანად განსაზღვრულ საბიუჯეტო დაფინანსებას, რომლიდანაც საკუთარი სურვილისამებრ შეუძლიათ, საარჩევნო კამპანიის ფონდში გაითვალისწინონ სატელევიზიო რეკლამისთვის ხარჯები, რომელთა შემდგომი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ მოხდება.

8. შესაბამისად, ორგანულ კანონში განხორციელებული ზემოთ მითითებული ცვლილებების შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს №1356 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავოდ გამხდარი ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომლის მიმართ კვლავ რელევანტური იქნება მოსარჩელე მხარის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული სამართლებრივი პრობლემა.

9. გარდა იმისა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაუქმებულია, ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ნორმის მოქმედების პერიოდში მოსარჩელე მხარეს ეძლეოდა უფლება, მოეპოვებინა სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად დამატებითი დაფინანსება.

10. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის საფუძველზე, სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად დამატებითი დაფინანსების მიღების უფლება ჰქონდათ პარტიებს, რომლებსაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოშობილი ჰქონდათ დაფინანსების მიღების უფლება. ამავდროულად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 4 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილი იყო, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებდა ის პარტია, რომელსაც დამოუკიდებლად ან შესაბამის საარჩევნო ბლოკში ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი ჰქონდა მოპოვებული, აგრეთვე ის პარტია, რომლის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული იყო პარლამენტის მაჟორიტარი წევრი და ეს პარტია პარლამენტში წარმოდგენილი იყო ფრაქციით.

11. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმიდან ირკვევა, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 16 ნოემბერს შეაჯამა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები და, მათ შორის, გამოარკვია არჩევნებში მონაწილე თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა. მითითებული შემაჯამებელი ოქმის თანახმად, საარჩევნო ბლოკმა სახელწოდებით „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი  საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ მოიპოვა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმათა 5.01%. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მითითებულ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული იყო 6 სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, მათ შორის, „კახა კუკავა  თავისუფალი საქართველო“, რომელიც განსახილველ საქმეზე არის მოსარჩელე მხარე. როგორც ზემოთ აღინიშნა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 2020 წლის 4 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრული იყო, რომ გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე, სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად დამატებითი დაფინანსების მოთხოვნის უფლება ეძლეოდა, მათ შორის, იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ბოლო საპარლამენტო საერთო არჩევნებში შესაბამისი საარჩევნო ბლოკით ჰქონდა მოპოვებული არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარეს, რომელიც გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც, თავის მხრივ, მოიპოვა საერთო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 %-ზე მეტი, ჰქონდა უფლება, მოეთხოვა სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად დამატებითი დაფინანსების მიღება. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, მოსარჩელეს არ მიდგომია ზიანი, რომელსაც იგი სარჩელში მიუთითებს.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1356 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

 1. შეწყდეს საქმე №1356 კონსტიტუციურ სარჩელზე („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

 

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში