ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ და ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ

ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ და ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/4/1331
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016737
3/4/1331
04/11/2022
ვებგვერდი, 22/11/2022
000000000.00.000.016737
ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ და ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №3/4/1331 

2022 წლის 4 ნოემბერი

  ბათუმი

 

  

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა

საქმის დასახელება: ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ და ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება ... თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება“ (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) და „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №01-43/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის „ე“, „ი“, „ლ“ და „მ“ პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 33-ე მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

 

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1331) მომართა ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ“ და ირაკლი პეტრიაშვილმა. №1331 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2018 წლის 10 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.

2. №1331 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „დაუშვებელია სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება“. „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №01-43/ნ ბრძანების (შემდგომში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-43/ნ ბრძანება) №1 დანართით, განსაზღვრულია იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან და, შესაბამისად, აღნიშნულ სფეროში დასაქმებულებისათვის გამორიცხავს სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენებას. სადავო ნორმების თანახმად, აღნიშნულ ჩამონათვალს, მათ შორის, მიეკუთვნება მუშაობა სატელეფონო კავშირგაბმულობის, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების სფეროსა და ნავთობისა და გაზის მოპოვების, მომზადების, ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების სფეროებში, ასევე დასუფთავების მუნიციპალურ სამსახურებში.

4. №1331 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 33-ე მუხლთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება – საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ხოლო 33-ე მუხლით დაცული უფლება – საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულია პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების თავისუფლება ორგანული კანონის შესაბამისად. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აღიარებულია გაფიცვის უფლება, რომლის განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

6. №1331 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შრომის სამართალი ზოგადად ემსახურება დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესებისა და აღნიშნულ ინტერესთა შორის ბალანსის დაცვას. ამასთანავე, შრომითი ურთიერთობების თავისებურებიდან გამომდინარე, ამგვარი ბალანსის მიღწევა რთულია იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული დამსაქმებელთან მიმართებით დაქვემდებარებულ პოზიციაში იმყოფება. შესაბამისად, აუცილებელია, შრომითი კანონმდებლობა შეიცავდეს დასაქმებულთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების დაცვის ეფექტურ მექანიზმებს, მათ შორის, გაფიცვის უფლებას, რომელიც დასაქმებულისათვის და მათი შრომითი ორგანიზაციებისთვის დარღვეულ უფლებათა აღდგენის ან კონკრეტულ უფლებათა მოპოვების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.

7. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, გაფიცვის უფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი არაერთი საერთაშორისოსამართლებრივი დოკუმენტი და ორგანიზაცია. მაგალითისათვის, მოსარჩელე მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო პაქტზე, ევროპის სოციალურ ქარტიასა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ რიგ კონვენციებსა თუ რეკომენდაციებზე და აღნიშნავს, რომ გაფიცვის უფლებასთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო სტანდარტები აღიარებს მითითებული უფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას და მისი შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და იმგვარ სფეროში დასაქმებულ პირთა მიმართ, რომლის ბუნება ამართლებს გაფიცვის უფლების შეზღუდვას.

8. მოსარჩელეთა მითითებით, შრომით უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, გაფიცვის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია გარკვეული კატეგორიის საჯარო მოხელეებისათვის, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებში დასაქმებულ პირთა მიმართ და უკიდურესი ეროვნული აუცილებლობისას. მართალია, სახელმწიფოებს ენიჭებათ გარკვეული მიხედულების ფარგლები, თავად განსაზღვრონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების ჩამონათვალი, თუმცა აუცილებელია ამგვარი ჩამონათვალი არ იყოს იმდენად ფართო და ყოვლისმომცველი, რომ აზრს უკარგავდეს მის არსებობას.

9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ გაერთიანების თავისუფლებას, მის განუყოფელ ნაწილს, გაფიცვის უფლებას და უგულებელყოფს აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვის ზემოაღნიშნულ საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, ბუნდოვანია და კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის სადავოდ გამხდარი სიტყვები, რომელთა თანახმად, გაფიცვის უფლების გამოყენება ეკრძალებათ დასაქმებულებს, თუ მათი საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-43/ნ ბრძანების სადავოდ გამხდარ ნორმებს, რომლითაც განსაზღვრულია კონკრეტული სამსახურები, სადაც დასაქმებული პირები გაფიცვის უფლებით ვერ სარგებლობენ, მოსარჩელეთა მითითებით, აღნიშნული სამსახურები საერთოდ არ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვას და, შესაბამისად, ვერ ექცევა გაფიცვის უფლების შეზღუდვის საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებ ფარგლებში.

10. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ საქართველოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლზე (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს გაფიცვის გადადების ან შეჩერების შესაძლებლობას „თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას“ და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს საკმარის მექანიზმებს, რათა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თავიდან იქნეს აცილებული გაფიცვის უარყოფითი შედეგები. შესაბამისად, დამატებით გაფიცვის სრული ზოგადი აკრძალვა საერთოდ აზრს უკარგავს ამგვარი უფლების არსებობას და უხეშად არღვევს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს.

11. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები არღვევს, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, რამდენადაც გაფიცვის უფლებით სარგებლობასთან მიმართებით, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულთა გარკვეულ კატეგორიას. ამასთან, მოსარჩელეთა მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით დადგენილ რომელიმე ნიშანს და იგი ხორციელდება დასაქმებულის საქმიანობის ნიშნით, თავად დიფერენცირების ინტენსივობა მაღალია, რადგან დასაქმებულთა ერთ კატეგორიას სრულად ამორიცხავს გაფიცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობიდან, დიფერენცირებულ მოპყრობას არ აქვს ლეგიტიმური მიზანი და ატარებს თვითნებურ ხასიათს, რაც სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებაში ამგვარ ჩარევას საფუძველშივე გაუმართლებელს ხდის.

12. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.

13. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეები შუამდგომლობენ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში შესაძლებელია, კონკრეტულმა პირებმა, საჭიროების შემთხვევაში, ვერ ისარგებლონ გაფიცვის უფლებით. აღნიშნული საფრთხის რეალურობის სამტკიცებლად მითითებულია ბოლო პერიოდში გახშირებულ კოლექტიურ შრომით დავებზე, მათ შორის, საქმიანობის იმ სექტორებში, სადაც სადავო ნორმების თანახმად გაფიცვის უფლება შეზღუდულია.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, კონსტიტუციური ცვლილებები შეეხო, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავს. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, კონსტიტუციური ცვლილებები ძალაში შევიდა №1331 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, 2018 წლის 16 დეკემბერს. შესაბამისად, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის დროისათვის ძალადაკარგულია საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის ის დებულებები, რომლებთან მიმართებითაც მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.

2. №1331 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 33-ე მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მითითებული დებულებები განამტკიცებდა სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების, ისევე, როგორც გაფიცვის უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ხოლო გაფიცვის უფლება – ამავე მუხლის მე-3 პუნქტით.

3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

4. №1331 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს შრომის კოდექსის 2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ცალკეული სიტყვებისა და „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №01-43/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის „ე“, „ი“, „ლ“ და „მ“ პუნქტების კონსტიტუციურობა. სადავო ნორმების შესაბამისად, დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება. ამასთანავე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-43/ნ ბრძანების №1 დანართი ამტკიცებს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხას. კერძოდ, დასახელებული დანართის „ე“, „ი“, „ლ“ და „მ“ პუნქტების მიხედვით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს განეკუთვნება, მათ შორის, მუშაობა სატელეფონო კავშირგაბმულობის სფეროში, დასუფთავების მუნიციპალურ სამსახურებში, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და განაწილების სფეროში, ისევე, როგორც მუშაობა ნავთობისა და გაზის მოპოვების, მომზადების, ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების სფეროებში.

5. განსახილველ საქმეზე საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლი, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 29 სექტემბრის №7177-Iს საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ზემოხსენებული ცვლილება ამოქმედდა 2020 წლის 5 ოქტომბერს. ამასთანავე, აღნიშნული ორგანული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 2021 წლის პირველი აპრილიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-43/ნ ბრძანება. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარმა ნორმებმა ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში №1331 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, თუმცა ამავე სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.

6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.

7. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური სარჩელის „არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, სადავო ნორმის ძალადაკარგულობის პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი მოქმედი ნორმა, რაც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, ერთი მხრივ, რამდენად არსებობს მოქმედ კანონმდებლობაში მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი და შემდგომში ძალადაკარგული ნორმის არსებითად მსგავსი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც იწვევს მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებებით გარანტირებული ძირითადი უფლებების შეზღუდვას, ხოლო, მეორე მხრივ, ის საკანონმდებლო სივრცე, რომელშიც მოქმედი ნორმები განაგრძობენ არსებობას.

8. №1331 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია ცალკეული კატეგორიის დასაქმებული პირებისათვის გაფიცვის უფლების სრული აკრძალვა. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს შრომის კოდექსის 2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელი იყო სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება, თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება. მოსარჩელის არგუმენტაციით, აღნიშნული ჩანაწერი არის ბუნდოვანი და გაუგებარია, რა იგულისხმება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება. ამასთანავე, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-43/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული რიგი საქმიანობების ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობებად განსაზღვრას. მოსარჩელის არგუმენტაციით, შესაბამისი ნუსხით დამტკიცებული სამსახურების ჩამონათვალი არის ფართო და ზოგიერთი ტიპის საქმიანობა არ არის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან უშუალოდ დაკავშირებული. ამიტომ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დასახელებულ სფეროში დასაქმებული პირებისათვის გაფიცვის უფლების აბსოლუტური შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

9. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 29 სექტემბრის №7177-Iს საქართველოს ორგანული კანონით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსში, მათ შორის, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და სრულად შეიცვალა სადავოდ გამხდარი საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლი. კერძოდ, დასახელებული კოდექსის მოქმედი რედაქცია აღარ შეიცავს პირდაპირ ჩანაწერს უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენების დაუშვებლობის შესახებ, თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება. შესაბამისად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისა და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძველს საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედი რედაქცია აღარ ითვალისწინებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედმა რედაქციამ ახლებურად მოაწესრიგა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებში დასაქმებული პირების გაფიცვის უფლებით სარგებლობა და მისი დასაშვები ფარგლები.

10. კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაფიცვის უფლების სრულად გამოყენება იმ დასაქმებულის მიერ, რომელიც ასრულებს სამუშაოს ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლით გათვალისწინებული სამუშაო პროცესის სრულად შეწყვეტა აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს უქმნის მთელი საზოგადოების ან მისი გარკვეული ნაწილის სიცოცხლეს, პირად უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას. ამასთანავე, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების (ამ ტერმინის ვიწრო მნიშვნელობით) ჩამონათვალს განსაზღვრავს მინისტრი სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში მომუშავე დასაქმებულებს აქვთ გაფიცვის უფლება, თუ ისინი უზრუნველყოფენ მინიმალური მომსახურების მიწოდებას. მინიმალური მომსახურების ფარგლებს განსაზღვრავს მინისტრი სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ. მინისტრის მიერ მინიმალური მომსახურების ფარგლების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ ის სამუშაო პროცესი, რომელიც აუცილებელია მთელი საზოგადოების ან მისი გარკვეული ნაწილის სიცოცხლის, პირადი უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დასაცავად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი დგინდება, რომ იმ დასაქმებულებს, რომლებსაც არ აქვთ გაფიცვის უფლების სრულად გამოყენების შესაძლებლობა, უფლება აქვთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვონ მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურის, მედიაციის ან/და არბიტრაჟის მეშვეობით კოლექტიური დავის გადაწყვეტა.

11. მსგავსად, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების ჩამონათვალის/ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 7 სექტემბერის №01-78/ნ ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში მომუშავე დასაქმებულებს აქვთ გაფიცვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უზრუნველყოფენ მინიმალური მომსახურების მიწოდებას, რომელიც გულისხმობს, მინიმალური საოპერაციო მომსახურების შესრულებას იმგვარად, რომ დაკმაყოფილებული იქნება მომხმარებელთა საბაზისო მოთხოვნები და ამგვარი მომსახურება განხორციელდება უსაფრთხოდ და შეფერხების გარეშე. მინიმალური მომსახურების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის მომსახურების მიმწოდებელ დასაქმებულთა მინიმალური რაოდენობა) განისაზღვრება კოლექტიური შრომითი დავის მონაწილე სუბიექტებს შორის მოლაპარაკების და შეთანხმების შედეგად, რომელიც უნდა შედგეს გაფიცვის შესახებ მინისტრისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნამდე. აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლოს მიერ.

12. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის, არსებითად შეცვლილია მოსარჩელის მიერ №1331 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ მიჩნეული საკითხის მომწესრიგებელი საკანონმდებლო სივრცე. კერძოდ, მოსარჩელის მიერ უშუალოდ სადავოდ გამხდარი საქართველოს შრომის კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებში დასაქმებულ სუბიექტებს სრულად ეზღუდებოდათ უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება, ამგვარი გაფიცვა კი უკანონოდ მიიჩნეოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოქმედი მოწესრიგების პირობებში, ზემოხსენებულ სამსახურებში დასაქმებულ პირებს მსგავსი უფლებამოსილება, გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გააჩნიათ. იმავდროულად, განსახილველ საკითხზე ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, დამსაქმებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. ამრიგად, ნათელია, რომ მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხის მომწესრიგებელი ნორმები არსებითად არის შეცვლილი.

13. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ №1331 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა, ერთი მხრივ, ძალადაკარგულია, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედი რედაქცია პირდაპირ აღარ ითვალისწინებს იმ სამსახურში დასაქმებული პირის მიერ გაფიცვის უფლებით უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს სარგებლობის შეზღუდვას, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება. ამასთანავე, არსებითად განსხვავებულად არის მოწესრიგებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურებში დასაქმებული პირების მიერ გაფიცვის უფლებით სარგებლობა. ამრიგად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელე მხარე გამოხატავდა საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენებდა შესაბამის შუამდგომლობას, მას მოუწევდა არა მხოლოდ დავის საგნის ფორმალური მოდიფიცირება, არამედ მოქმედი სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, ახალი, რელევანტური არგუმენტაციის წარმოდგენაც. შესაბამისად, №1331 კონსტიტუციური სარჩელით თავდაპირველად სადავოდ გამხდარი (ძალადაკარგული) ნორმების ცვლილების შედეგად, სამართლებრივი საკითხი არსებითად განსხვავებულად მოწესრიგდა, რაც, თავისი არსით, განაპირობებს ახალი კონსტიტუციური სარჩელისა და, შესაბამისად, განსხვავებული არგუმენტაციის წარდგენის საჭიროებას. შესაბამისად, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობისა და ახალი, არსებითად განსხვავებული მოწესრიგების პირობებში შეუძლებელია, კონსტიტუციური სარჩელის სათანადოდ მოდიფიცირების გარეშე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართალწარმეობის გაგრძელება.

14. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიიღება, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, ამ კანონის 31​2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას“.

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ეფექტური ფუნქციონირება და მისი გადატვირთულობისაგან დაცვა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი აღჭურვილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი კომპეტენციებით და მისი მოქმედება დაკავშირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლის ერთობლივ მუშაობასთან. დასახელებული ნორმით დამკვიდრებული მექანიზმი კანონმდებლობით ექსკლუზიურად მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეებით გადატვირთულობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს აძლევს ერთგვარი განტვირთვის შესაძლებლობას იმ საქმეების განხილვისაგან, რომლის განხილვის კომპეტენცია საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიასაც გააჩნია. ამავდროულად, ხსენებული ნორმის მიზანი არ არის ერთი და იგივე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში გადასაწყვეტი საქმის ორჯერ განხილვა ჯერ პლენუმისა და შემდგომ კოლეგიის მიერ. ნორმის ამგვარი განმარტება არ შეესაბამება საქმის ეფექტური განხილვის სტანდარტს (იხ. mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-160). ამ მექანიზმის ყოველ ჯერზე, ბლანკეტურად გამოყენება, ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად გაზრდიდა იმ დროს, რაც ობიექტურად საჭიროა საქმის საბოლოოდ გადაწყვეტისათვის და ამ გზით, დააბრკოლებდა ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ისევე, როგორც გამოიწვევდა საკონსტიტუციო სასამართლოსა და პროცესის მონაწილე პირების ადამიანური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსის არაგონივრულ ხარჯვას.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ განმწესრიგებელ სხდომაზე დადგინდება, რომ კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსახილველ საკითხებს, არსებითად განსახილველად არ მიიღება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლის განხილვაც ექსკლუზიურად პლენუმის კომპეტენციას მიეკუთვნება, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმის იმ ნაწილს, რომელზე მსჯელობაც შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ფორმატში, a priori არ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად. აღნიშნული გარემოებების არსებობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას საქმე გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ დასახელებული ინტერესების შეფასებისა და დაბალანსების შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიზანშეწონილად მიიჩნევს საკითხის ამგვარ გადაწყვეტას.

17. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ორგანული კანონისა და მინისტრის ბრძანების ნორმებზე მსჯელობა მიზანშეწონილია ერთიან კონტექსტში. კოლეგიის განსჯად ნაწილში სარჩელის გადაწყვეტა არ საჭიროებს საკითხის დამატებით, კოლეგიის მიერ გამოკლვლევას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიზანშეწუწონლად მიიჩნევს, მინისტრის ბრძანების სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების ნაწილში სარჩელის კოლეგიისათვის გადაცემას.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1331 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. შეწყდეს საქმე №1331 კონსტიტუციურ სარჩელზე („ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ და ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში