გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წინააღმდეგ

გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/14/1687
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016732
3/14/1687
04/11/2022
ვებგვერდი, 21/11/2022
000000000.00.000.016732
გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №3/14/1687

 2022 წლის 4 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

                  
 

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 6613 მუხლის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის №1/1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების“ მე-5 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1687) მომართა გიორგი მიქელაძემ. №1687 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 2 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.

2. №1687 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 6613 მუხლი, ისევე, როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის №1/1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების“ მე-5 მუხლი ითვალისწინებს იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმებით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და მისი ჩაბარებიდან გასული არ არის 10 წელი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებზე, აგრეთვე, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტსა და მე-2 პუნქტზე და ადგენს, რომ აღნიშნული ნორმებით დადგენილ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან“. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.

5. №1687 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, თუმცა იგი ჯერ არ ჩარიცხულა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო რეგულაციის შესაბამისად, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის გასვლის შემდეგ, მას აღარ ექნება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება და ამ უფლების მოსაპოვებლად განმეორებით მოუწევს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, მაშინაც კი, თუ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კანონმდებლობაში რაიმე არსებითი ცვლილება არ განხორციელდება.

6. მოსარჩელის აზრით, როდესაც პირის მიერ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან შემდგომი 10 წლის განმავლობაში არ ხდება ახალი მატერიალური ან საპროცესო კოდექსის მიღება, არ არსებობს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკვალიფიკაციო გამოცდების განმეორებით ჩაბარების აუცილებლობა. მოსარჩელის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლა და სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარება უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რასაც მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის განმეორებით ჩაბარება შესაძლოა ემსახურებოდეს, შესაბამისად, ამგვარი დამატებითი მოთხოვნის დაწესება პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვას განაპირობებს.

7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლებების საფუძველზე, ადამიანს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი ქმედება საკუთარი ინიციატივების შესასრულებლად, მათ შორის, პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობის ჭრილში, რაც მოიცავს პირის უფლებას, თავად შეარჩიოს საქმიანობის ფორმები და დრო. მოსარჩელის განცხადებით, საქმიანობის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება პირს აღჭურავს შესაძლებლობით, საკუთარი პიროვნების განვითარებისათვის განახორციელოს ნებისმიერი აქტივობა ნებისმიერ დროს.

8. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნორმა, რომელიც მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის გასვლის შემდგომ ზღუდავს პირის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში საკვალიფიკაციო გამოცდის განმეორებით ჩაბარების გარეშე, მაშინ, როდესაც ამ 10 წლის მანძილზე არ არის მიღებული დარგის ახალი მატერიალური ან საპროცესო კანონმდებლობა, არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმურ მიზანს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლითა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ კონსტიტუციურ უფლებებს.

9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ, ვინაიდან სადავო ნორმების საფუძველზე არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ან უფრო გვიანდელი პერიოდიდან, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, მისთვის არავითარი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მის მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის გასვლის შემდეგ, არსებული მოწესრიგების პირობებში, სარჩელის დაკმაყოფილება მის უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას ვეღარ მოახდენს.

10. იმისათვის, რომ პირის უფლებრივი მდგომარეობა ეფექტურად იყოს დაცული, მოსარჩელე მხარის აზრით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტი სამართლებრივ ურთიერთობებზე უნდა გავრცელდეს მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის მომენტიდან, თუმცა სადავო ნორმები ამგვარ დაშვებას გამორიცხავს, რაც შედეგად, განაპირობებს არაეფექტურ მართლმსაჯულებას და აზრს უკარგავს უფლების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.

11. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ, მას არ შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე, სადავო ნორმების შეჩერების მოთხოვნით, ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მომენტისათვის, მის მიერ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასული არ არის 10 წელი და, შესაბამისად, მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ვითარებაში, უფლების დაცვის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად მოსარჩელეს მიაჩნია კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა არა მისი გამოქვეყნების, არამედ მოსარჩელის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის მომენტიდან.

12. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1687 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ითხოვს, მათ შორის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 6613 მუხლის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის №1/1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების“ მე-5 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირს ავალდებულებს, განმეორებით ჩააბაროს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, თუ წინა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი, ხოლო შესაბამის სამართლის დარგში მიღებული არ არის ახალი მატერიალური თუ საპროცესო კანონმდებლობა, ზღუდავს პირის თავისუფლებას, საკუთარი ინიციატივის შესაბამისად განახორციელოს ესა თუ ის ქმედება პროფესიული საქმიანობის ჭრილში და შედეგად, იწვევს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს ფარგლების სწორად იდენტიფიცირებისა და ერთმანეთისაგან გამიჯვნის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის №2/11/663 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-15-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი წარმოადგენს უზოგადეს დებულებას და მისი მიზანია, დაუცველი არ დარჩეს საზოგადოებრივი ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57). იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების ამა თუ იმ უფლებრივი კომპონენტის დაცვის სპეციალურ კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პირადი ცხოვრების ცნება ფართო კონცეფციაა და შედგება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან, რომლებიც დაცულია კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით. ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან, ასევე, ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“).

7. №1687 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა ითვალისწინებს იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ერთ-ერთ კრიტერიუმს, რომელიც წარმოშობს მოსარჩელის პრობლემას, წარმოადგენს მოთხოვნა, რომლის თანახმად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, თუ მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და გამოცდის ჩაბარებიდან გასული არ არის 10 წელი. თავის მხრივ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის დასრულება და შესაბამისი გამოცდების ჩაბარება, რის შედეგადაც პირი ირიცხება იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, წარმოადგენს მოსამართლედ განწესების აუცილებელ პირობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვა, საბოლოო ჯამში, ემსახურება მოსამართლედ განწესების მიზანს, ხოლო მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი კრიტერიუმი, მისთვის წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის ხელშემშლელ ბარიერს.

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას და საჯარო სამსახურზე თავისუფალ წვდომას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12,13). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ მოსამართლის თანამდებობა კონსტიტუციის მიზნებისთვის განხილული უნდა იქნეს საჯარო თანამდებობად, რომლის დაკავებისა და საქმიანობის განხორციელების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ, ერთი მხრივ, სადავო რეგულაციით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება სავალდებულოა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსახვედრად, რომლის სრული კურსის გავლა წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ წინაპირობას, ხოლო, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დამკვიდრებულია, რომ იმ ნორმის კონსტიტუციურობა, რომელიც ზღუდავს პირის უფლებას, განწესდეს მოსამართლის თანამდებობაზე, უნდა შემოწმდეს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების დამდგენ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით. მაშასადამე, სადავო ნორმები, მათგან მომდინარე შეზღუდვის დასაბუთების შემთხვევაში, შეფასებადი იქნება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, რომელიც განამტკიცებს საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას და არა პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლების დამდგენ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით, როგორც ამას მოსარჩელე მიიჩნევს.

10. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მხოლოდ ზოგადად მითითება საკმარისი არ არის სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულად მიჩნევისთვის. ამისთვის აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც, გარკვეული ხარისხით, მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

11. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 6615 მუხლის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ყოველწლიურად ხდება მსმენელთა განსაზღვრული რაოდენობის მიღება. ამავე კანონის 6614 მუხლის მე-2 პუნქტისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, კონკურსის დროს იუსტიციის მსმენელობის კანდიდატები შეირჩევიან, მათ შორის, საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით. მაშასადამე, იმ პირობებში, როდესაც ყოველწლიურად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მისაღები რაოდენობა შეზღუდულია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და კრიტერიუმი კონკურსანტთა შორის საუკეთესო ცოდნის მქონე მსმენელების შესარჩევად.

12. სადავო ნორმით პირს მოეთხოვება, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების დროისათვის ჩაბარებული ჰქონდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. განსახილველ შემთხვევაში, აშკარაა სადავო რეგულირების შემოღების ლეგიტიმური მიზნები. კერძოდ, აღნიშნული ვადის დაწესება მიმართულია იმ მიზნის უზრუნველყოფისაკენ, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღების დროს კანდიდატის ცოდნა რეალურად ასახავდეს იმ შედეგს, რაც მან დააფიქსირა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისას, რათა სკოლაში არსებული ადგილების შეზღუდული რაოდენობა გადანაწილდეს საუკეთესო კონკურსანტებზე. დროის გასვლასთან ერთად, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის შინაარსი, სირთულე, ხარისხი. შესაბამისად, კანონმდებელი უფლებამოსილია, გარკვეული ვადით შემოფარგლოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მხრიდან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების პერიოდი, რათა უზრუნველყოს კანდიდატებისათვის თანასწორი, კონკურენტული და სამართლიანი გარემო. ამავდროულად, ერთხელ მიღებული ცოდნა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, გარკვეული დროის გასვლასთან ერთად, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაფერმკრთალდეს. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის დინამიკურად განვითარების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, 10 წლის გასვლის შემდეგ, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდაში დაფიქსირებული შედეგი შესაძლოა, ვერ ასახავდეს კონკურსანტის რეალურ ცოდნას და საჭირო გახდეს ამ ცოდნის განმეორებით დადასტურება.

13. ამდენად, იმის მიღმა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციურ სარჩელში მის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებებთან, მას ვერც სადავო რეგულირებით დადგენილი წესის შესაძლო არაკონსტიტუციურობაზე მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტაცია.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1687 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 6613 მუხლის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2008 წლის 18 აპრილის №1/1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების“ მე-5 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

15. №1687 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

16. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ითვალისწინებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობის სამართლებრივი შედეგების გავრცელებას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების ან უფრო გვიანდელი მომენტიდან. აღნიშნულის გამო, მოსარჩელის აღნიშვნით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის გასვლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ვერ გააუმჯობესებს მის უფლებრივ მდგომარეობას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მისი უფლებების ეფექტურად დასაცავად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოქმედება უნდა დაიწყოს არა გამოქვეყნების, არამედ კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის მომენტიდან.

17. №1687 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პირი იძულებულია, განმეორებით ჩააბაროს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, თუ თავდაპირველი გამოცდის ჩაბარებიდან გასულია 10 წელი, იმის მიუხედავად, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სამართლის შესაბამის დარგში რაიმე არსებითი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებდა მოსარჩელის მოთხოვნას და არაკონსტიტუციურად ცნობდა წესს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლებას მხოლოდ იმ პირებს ანიჭებს, რომელთაც აქვთ ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, თუმცა გამოცდის ჩაბარებიდან არ არის გასული 10 წელზე მეტი, აღნიშნული ვალდებულება ძალას დაკარგავდა გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან (თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ დაადგენდა აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას) და გავრცელდებოდა, მათ შორის, მოსარჩელეზეც. შესაბამისად, მოსარჩელის მსჯელობის საწინააღმდეგოდ, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხსენებული წესის არაკონსტიტუციურად ცნობას გავლენა ექნებოდა მის უფლებრივ მდგომარეობაზე, კერძოდ, ძალადაკარგულად გამოცხადდებოდა მოსარჩელის მიერ არაკონსტიტუციურად მიჩნეული ვალდებულება და დადგებოდა სწორედ ის შედეგი, რასაც ითხოვს მოსარჩელე – იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მას აღარ მოუწევდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის განმეორებით ჩაბარება. ამდენად, მცდარია მოსარჩელის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 10 წლის გასვლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას, მისი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, არ ექნებოდა არანაირი სამართლებრივი ეფექტი.

18. ამავდროულად, მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არგუმენტაცია, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მიღმა, სხვა რა ინტერესი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წარსულ პერიოდზე გავრცელებასთან დაკავშირებით, რასაც სადავო ნორმები გამორიცხავენ. ამდენად, გადაწყვეტილების ეფექტზე აპელირება, №1687 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, არარელევანტურია და მოსარჩელის არგუმენტაცია ეფუძნება სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.

19. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1687 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1687 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში