ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/11/1620
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016730
3/11/1620
04/11/2022
ვებგვერდი, 21/11/2022
000000000.00.000.016730
ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის

განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №3/11/1620

2022 წლის 4 ნოემბერი

. ბათუმი

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1620) მომართეს ლაშა ჯანაშიამ და პაატა დანელიამ. №1620 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 20 ივლისს. №1620 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.

2. №1620 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი არეგულირებს, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამონაკლისის სახით, საერთო სასამართლოს მოსამართლეთა მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მათთვის უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევებს. კერძოდ, სადავო ნორმის პირველი წინადადების თანახმად, თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ ზღვრულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“.

5. №1620 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 5 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოსარჩელეების მიმართ მიიღო განჩინება, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. საკასაციო სარჩელების განხილვაში და შესაბამისი განჩინების მიღებაში მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძე, რომლის უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად იწურებოდა 2018 წლის 23 ოქტომბერს, თუმცა სადავო ნორმის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, პაატა სილაგაძეს გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა მისი მონაწილეობით დაწყებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანამდე.

6. მოსარჩელე განმარტავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეებისაგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის ექსკლუზიური კომპეტენცია მინიჭებული აქვს საქართველოს პარლამენტს. შესაბამისად, მათთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებაც, უშუალოდ პარლამენტის მიერ უნდა იქნეს მიღებული. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სადავო ნორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეციას ანიჭებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

7. მოსარჩელე მხარის განცხადებით, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ადგილი აქვს ამ მოსამართლის მხრიდან სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებას კონსტიტუციით განსაზღვრული აუცილებელი საპარლამენტო ლეგიტიმაციის გარეშე. შედეგად კი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება როგორც ამ მოსამართლით დაკომპლექტებული სასამართლო შემადგენლობის იურისდიქცია, განიხილოს კონკრეტული საქმე, ისე, ზოგადად, პროცესის სამართლიანობა.

8. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან ზღვრული ასაკის მიღწევისას, მის მიერ საქმის დასრულების ინტერესი არ არის ყოველ ჯერზე იმ მნიშვნელობის, რომ გადაწონოს მისთვის უფლებამოსილების გაგრძელების პროცესში პარლამენტის მონაწილეობის გამორიცხვა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს დისკრეციას, უფლებამოსილება გაუგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულების საფუძვლით მაშინ, როდესაც პალატაში დარჩენილი მოსამართლეები ისედაც ქმნიან საქმის განსახილველად აუცილებელ კვორუმს. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, ვადა გაუგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, თუკი ამ მოსამართლის წასვლის შედეგად, უზენაესი სასამართლოს შესაბამის პალატაში კვორუმის პრობლემა შეიქმნება, ხოლო პარლამენტი დროულად არ აირჩევს ახალ მოსამართლეს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს უზენაესი სასამართლოს მთლიანი პალატის პარალიზება.

9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს საქმის დროულად განხილვა და დასრულება, თუმცა აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა იმ შემთხვევაში, როდესაც დარჩენილი მოსამართლეები ქმნიან საქმის განსახილველად აუცილებელ კვორუმს, შესაძლებელია, დაუსრულებელი საქმეების მოქმედ მოსამართლეებზე გადანაწილებით.

10. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ერთი მხრივ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, თვითნებურად, პარლამენტის გვერდის ავლით, განუსაზღვრელი ვადით გაუგრძელოს უფლებამოსილება მოსამართლეს, რაც ქმნის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მოსამართლის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების საფრთხეს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მოსამართლეს ექმნება მოტივაცია, ხელოვნურად გააჭიანუროს მის მიერ დაწყებული საქმეების დასრულება, რათა ხანგრძლივი ვადით არსებობდეს მისთვის უფლებამოსილების გაგრძელების საფუძველი.

11. მოსარჩელე მხარის განცხადებით, მხოლოდ კონსტიტუციური სტანდარტების დაცვით არჩეულ/დანიშნულ მოსამართლეს აქვს უფლებამოსილება, განიხილოს ესა თუ ის საქმე. შესაბამისად, იმ მოსამართლის მიერ მართლმსაჯულების განხორციელება, რომელიც კონსტიტუციურ სტანდარტებთან შეუსაბამოდ იმყოფება თანამდებობაზე, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას. იმავდროულად, არაუფლებამოსილი მოსამართლის მონაწილეობით სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, ამ სასამართლოს აქცევს იურისდიქციის არმქონედ, შესაბამისად, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი ასევე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.

13. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

II

სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 31 1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31 3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი ეწინააღმდეგება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტს.

3. სადავო ნორმა არეგულირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამონაკლისის სახით, საერთო სასამართლოს მოსამართლეთა მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მათთვის უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევებს.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე“.

5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უნდა ხდებოდეს. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების დისკრეციას ანიჭებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არა პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს, არ არის უფლებამოსილი განიხილოს კონკრეტული საქმე. თავის მხრივ, აღნიშნული ფაქტი, სასამართლოს შემადგენლობას, სადაც ეს მოსამართლე იმყოფება, აქცევს საქმეების განხილვაზე არაუფლებამოსილ და იურისდიქციის არმქონე სასამართლოდ.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს ‒ სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).

7. წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე ასაბუთებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ვადას უგრძელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მისი მონაწილეობით დაწყებული საქმეების დასრულების მოტივით, არ აქვს ლეგიტიმაცია და კომპეტენცია განიხილოს ესა თუ ის საქმე. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, ამგვარი მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო შემადგენლობა ლეგიტიმაციის არმქონეა და მას არ აქვს ზოგადად, რაიმე ტიპის საქმის გადაწყვეტის უფლებამოსილება.

8. ამდენად, ერთი მხრივ, მოსარჩელის არგუმენტაცია მიმართული არ არის რაიმე კრიტერიუმით, სასამართლოებს შორის საქმეების განაწილების სადავო ნორმიდან მომდინარე არაკონსტიტუციური წესის მტკიცებისაკენ, ხოლო, მეორე მხრივ, თავად სადავო ნორმა არ უკავშირდება სასამართლოებს შორის კონკრეტული საქმის რაიმე სახის განსჯადობის მიხედვით განაწილების და განხილვის შემთხვევებს. სადავო ნორმა განსაზღვრავს რიგ შემთხვევებში მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების წესს, ხოლო მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ამ წესის საფუძველზე დაკომპლექტებულ სასამართლო შემადგენლობას, საერთოდ არ აქვს რაიმე საქმის განხილვის უფლებამოსილება. სხვაგვარად, მოსარჩელე მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ საკითხს, თუ რამდენად აქვს სადავო ნორმის საფუძველზე, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების კომპეტენცია და რამდენად ლეგიტიმური და კანონიერი ძალის მქონეა ამ მოსამართლის ან მისი მონაწილეობით მოქმედი სასამართლო შემადგენლობის მიერ მიღებული სასამართლო აქტები. შესაბამისად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, უნდა გაირკვეს, რამდენად არის სადავო ნორმის საფუძველზე, მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების წესი და ამ მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია შესაბამისობაში სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ კონსტიტუციურ სტანდარტებთან და არა განსჯადობის მომწესრიგებელ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1620 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

10. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

11. სადავო ნორმის პირველი წინადადება არეგულირებს მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე ამ მოსამართლისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების წესს და განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოს. სადავო ნორმის მე-2 და მე-3 წინადადებები დაუშვებლად აცხადებს სასამართლოს თავმჯდომარედ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად იმ მოსამართლის ყოფნას, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე, გაუგრძელდა უფლებამოსილება.

12. მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის პირველი წინადადება, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის, მისი მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე, უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. მოსარჩელე მხარე თავად აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის მე-2 და მე-3 წინადადებებით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობა მისთვის არ წარმოშობს კონსტიტუციურობის პრობლემას, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა და არგუმენტაცია ამ დებულებების არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ არ არის მიმართული.

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1620 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1620 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1620 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1620 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი.

7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში