საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/12/1635
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016729
3/12/1635
04/11/2022
ვებგვერდი, 21/11/2022
000000000.00.000.016729
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის

განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №3/12/1635

2022 წლის 4 ნოემბერი

ქ. ბათუმი


პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

 

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1635) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1635 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 27 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 17 ივნისს.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2022 წლის 17 ივნისის №1-3/1/1635 განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. №1635 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.

3. №1635 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

4. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეტანილი უნდა იქნეს მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა“.

5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, უზრუნველყოფილია, წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა გამორიცხავს სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის სამართლებრივ შესაძლებლობას, რადგან მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს 5 დღით ადრე გაფრთხილების მოთხოვნა მოქმედებს ყველა შემთხვევაში, გამონაკლისის გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, ხშირად, შეკრებას იწვევს მყისიერი სოციალური პროტესტი და, შესაძლოა, მას საერთოდ არ ჰყავდეს გამოკვეთილი ორგანიზატორი. ასეთ შემთხვევაში, დროის სიმცირისა და სხვა გარემოებების გამო, შეუძლებელია სადავო წესის დაცვა, რომელიც არ ითვალისწინებს რაიმე სახის გამონაკლისს სპონტანურ შეკრებებთან მიმართებით.

7. მოსარჩელის მითითებით, ხშირ შემთხვევაში, სოციალური პროტესტის გამოხატვისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების მყისიერ რეაგირებას, რადგან 5 დღის გასვლის შემდეგ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად განელდეს პროტესტის მუხტი, არსებითი ზიანი მიადგეს შეკრების ეფექტიანობას ან სრულად დაეკარგოს აზრი მის გამართვას. შესაბამისად, სპონტანური შეკრების გამართვის შესაძლებლობა შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებრივი კომპონენტია.

8. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო რეგულირების ლეგიტიმური მიზანია სხვათა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, შეზღუდვა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოსადეგ საშუალებას, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნორმა არ არეგულირებს სპონტანური შეკრების შემთხვევას, ასეთი შეკრების გამართვის შესაძლებლობა სრულიად გამორიცხულია კანონმდებლობიდან, რაც თავისთავად, ვერ ჩაითვლება უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებად. ამასთანავე, სადავო ნორმა ავტომატურად გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სპონტანური შეკრების მონაწილე პირთა ინტერესი აღემატებოდეს სხვათა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საჯარო ინტერესს, რაც ვერ უზრუნველყოფს დასახელებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის დადგენას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს.

10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1635 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 211 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31მუხლის მე-8 პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1635 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში