საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/9/1572
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016728
3/9/1572
04/11/2022
ვებგვერდი, 21/11/2022
000000000.00.000.016728
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის

განმწესრიგებელი სხდომის საოქმო

ჩანაწერი №3/9/1572

2022 წლის 4 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 მუხლის „ი.ბ“, „ი.გ“, „ი.დ“, „ი.ზ“, „ი.თ“, „ი.ი“, „ი.კ“, „ი.ლ“, „ი.ნ“ და „ი.ო“ ქვეპუნქტების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1572) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1572 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2021 წლის 25 თებერვალს. №1572 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.

2. №1572 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

 3. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. ხსენებული რეგულაციის ქვეშ მოიაზრებიან პირები, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში. აღნიშნულ პირთა ჩამონათვალი განსაზღვრულია ამავე კანონის მე-3 მუხლის „ი“ პუნქტით. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, ასევე მასში მონაწილეობა“. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლი, ასევე ადგენს აკრძალვას, რომლის მიხედვითაც, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ეკრძალება შეკრების და მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, ასევე მასში მონაწილეობა“. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ეკრძალება შეკრების და მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა“. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, „საქართველოს დაზვერვის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან/და მასში მონაწილეობა, ასევე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება და მასში მონაწილეობა, პოლიტიკური გაერთიანების წევრობა, შეთავსებით მუშაობა სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობებისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცავს აკრძალვას, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, მასში მონაწილეობა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, სამეწარმეო საქმიანობა, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში ან სხვა ორგანიზაციაში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში“. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „პროკურატურის თანამშრომელს (გარდა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ეკრძალება შეკრებაში მონაწილეობა, გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.“ მოსარჩელისათვის პრობლემურია სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლებას უკრძალავს ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებულ დაწესებულებებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და იმ პირებს, რომლებიც პირდაპირ არ ახორციელებენ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის აზრისა და მისი გამოხატვის უფლებას. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლებას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში.

5. მოსარჩელის მითითებით, მოცემული დავის ფარგლებში, სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს დადგენილი შეზღუდვის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ პუნქტში მითითებული დაწესებულების შემადგენლობაში მყოფ ყველა პირებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობა, არამედ პრობლემას წარმოადგენს, მოცემულ ორგანოებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე უშუალოდ პასუხისმგებელ პირებისა და ამავე დაწესებულებაში დასაქმებული სამოქალაქო პერსონალის გამიჯვნის საკითხი.

6. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები აწესებს შეზღუდვას, მათ შორის, იმ პირების შეკრების და მანიფესტაციის უფლებაზე, რომლებიც თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში არიან, თუმცა არ ახორციელებენ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მქონე პირთა წრესთან მიმართებით დადგენილი შეზღუდვის თანაზომიერება, კონკრეტულ ორგანოში დასაქმებულ პირთა საქმიანობის, უფლებამოსილების, სამსახურეობრივი ვალდებულებებისა და იქ დასაქმებული პირების შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობით გამოწვეული საფრთხისა და რისკების შეფასების საფუძველზე უნდა განისაზღვროს.

7. მოსარჩელისთვის ასევე პრობლემურია სადავო ნორმებში მითითებულ ორგანოებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შეკრების და მანიფესტაციის უფლებაზე შეზღუდვის დაწესება. კერძოდ, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა ვერ იქონიებს გავლენას მასზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულებაზე, ვინაიდან, მათ სამსახურეობრივ ფუნქციებს პირდაპირი კავშირი არ გააჩნია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვასთან.

8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნას, ვინაიდან შეზღუდვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და 21-ე მუხლის პირველ პუნქტებს.

10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება №2/2/438 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტისა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლებას უკრძალავს ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებულ დაწესებულებებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და იმ პირებს, რომლებიც პირდაპირ არ ახორციელებენ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას.

3. სადავო ნორმების თანახმად, პროკურატურის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის გარდა), სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ეზღუდებათ როგორც შეკრების და მანიფესტაციის, ისე გაფიცვის უფლება. ამასთან, დაზვერვის სამსახურის თანამშრომელს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეზღუდება პოლიტიკური პარტიის წევრობა და სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე მუშაობა გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობებისა, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ასევე არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია დასახელებულ პირთა წრისათვის გაფიცვაში მონაწილეობის, გაფიცვის მოწყობის, პოლიტიკური პარტიის წევრობის, სამეწარმეო საქმიანობის და სხვა სამუშაოზე შეთავსებით მუშაობის აკრძალვის კონსტიტუციურობის შესახებ.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1572 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის სიტყვების „სამსახურის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან/და მასში მონაწილეობა, ... პოლიტიკური გაერთიანების წევრობა, შეთავსებით მუშაობა სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობებისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვა, ... პოლიტიკური პარტიის წევრობა, სამეწარმეო საქმიანობა, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში ან სხვა ორგანიზაციაში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „პროკურატურის თანამშრომელს (გარდა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ეკრძალება ... გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1572 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების , 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის , 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1572 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 მუხლის „ი.ბ“, „ი.გ“, „ი.დ“, „ი.ზ“, „ი.თ“, „ი.ი“, „ი.კ“, „ი.ლ“, „ი.ნ“ და „ი.ო“ ქვეპუნქტების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის სიტყვების „შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების „შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, მასში მონაწილეობა“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „შეკრებაში მონაწილეობა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1572 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში რომელიც შეეხება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის სიტყვების „სამსახურის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან/და მასში მონაწილეობა, ... პოლიტიკური გაერთიანების წევრობა, შეთავსებით მუშაობა სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობებისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვა, ... პოლიტიკური პარტიის წევრობა, სამეწარმეო საქმიანობა, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებაში ან სხვა ორგანიზაციაში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „პროკურატურის თანამშრომელს (გარდა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ეკრძალება ... გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და 21-ე მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში