ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 34720/16
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 28/04/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2022
სარეგისტრაციო კოდი
34720/16
28/04/2022
ვებგვერდი, 11/11/2022
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება

საქმეზე

  „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

(საჩივარი N34720/16)

 

სტრასბურგი

2022 წლის 28 აპრილი

 

წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

საქმეში „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ (მეხუთე სექცია) პალატამ, შემდეგი შემადგენლობით:

განნა იუდკოვსკა, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
მატიას გიომარი, მოსამართლეები
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (N34720/16) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, 2016 წლის 27 მაისს სასამართლოში წარადგინა 1961 წელს დაბადებულმა და თბილისში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, ბატონმა პაატა კვირიკაშვილმა (შემდგომში „მომჩივანი“), რომელსაც წარმოადგენდნენ ადვოკატები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრიდან (ლონდონი) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან (თბილისი).

გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბ-ნი ბ. ძამაშვილი, საჩივრის შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად და გამოცხადდეს საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად;

მხარეთა დაკვირვებები;

2022 წლის 24 მარტის დახურული თათბირის შემდეგ

გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

საქმის არსი

1 . საქმე ეხება, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, პოლიციელების მიერ მომჩივნის მიმართ სავარაუდო ცუდ მოპყრობას და აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების სავარაუდო არაადეკვატურობას.

2 . 2014 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 9:00 საათზე, მომჩივანი გააჩერა ორმა პოლიციელმა, გ.დ.-მ და ლ.ჯ.-მ, საგზაო წესების სავარაუდო დარღვევის გამო. მომჩივანმა გააპროტესტა მისი დაჯარიმება, რის შემდეგაც პოლიციელებმა ხელით უბიძგეს მას მისი მანქანისკენ, ხოლო გ.დ.-მ კი მუშტი ჩაარტყა თავში. ეს ეპიზოდი ჩაიწერა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულმა ვიდეოკამერამ. შემდგომში დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც, მომჩივნის თანახმად, დასრულდა მისი ფიზიკური შეურაცხყოფით ორივე პოლიციელის მიერ. აღნიშნული ეპიზოდი ჩაწერილი არ იყო ვიდეოკამერაზე, მაგრამ იქვე ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც, მომჩივნის თანახმად, შეესწრნენ ამას. შემდეგ მომჩივანს ხელბორკილები დაადეს და დააკავეს. მისი ადმინისტრაციული დაკავების შესახებ ოქმის თანახმად, მის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა ფიზიკური ძალა, რის შედეგადაც მომჩივანმა თავი დაარტყა მიწას და მიიღო დაზიანებები მარცხენა ლოყასა და თავის ქალაზე და დაეხა მაისური.

3 . მომჩივანი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისი მდგომარეობის გაუარესების გამო მისთვის გამოიძახეს ექიმი. შემდგომ ის გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან გაიარა გარეგანი დათვალიერება. შემოწმების დასკვნის თანახმად, მომჩივანს ჰქონდა ექსკორიაციები თავის ქალას, მარჯვენა წარბის, მარცხენა ლოყისა და ყურის არეში. მას ასევე სისხლჩაქცევები ჰქონდა ორივე მაჯაზე. როგორც ოქმში იყო მითითებული, ის ამტკიცებდა, რომ ორმა პოლიციელმა, რომელმაც ის დააკავა, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

4 . 2014 წლის 1 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი გაასამართლა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის და დააკისრა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 30 სექტემბერს დაადასტურა.

5 . 2014 წლის 2 სექტემბერს პროკურორთან გასაუბრებისას მომჩივანმა გაიმეორა თავისი ბრალდებები, რომ ორივე პოლიციელის მხრიდან მან განიცადა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს მას, მისივე მოთხოვნით, ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, რომელმაც დაადგინა, რომ მას ჰქონდა მრავალი სისხლჩაქცევა, ჰემატომები და დაზიანებები თავსა და სხეულზე. ის ასევე უჩიოდა ტკივილს გულმკერდის მარჯვენა ნაწილში და მარჯვენა იღლიაში, აღნიშნავდა, რომ ტკივილი ძლიერდებოდა სუნთქვისა და მოძრაობისას და იტანჯებოდა ორივე წინამხრის დაბუჟებით. 2014 წლის 10 სექტემბერს რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას მოტეხილი ჰქონდა მეხუთე და მეშვიდე ნეკნი. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 26 სექტემბერს გამოცემული საბოლოო ანგარიში ასკვნის, რომ მრავლობითი დაზიანებები გამოწვეული იყო ბლაგვი საგნით; ისინი ნაკლებად სერიოზული ხასიათისა იყო და შესაძლოა მიყენებული ყოფილიყო ინციდენტის დღეს.

6 . 2014 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში „შსს“) გენერალურმა ინსპექციამ მოქმედებდა რა მომჩივნის 2014 წლის 4 სექტემბრის საჩივრის საფუძველზე, საყვედური გამოუცხადა ორივე პოლიციელს მომჩივნის სიტყვიერი (ორივე პოლიციელი) და ფიზიკური შეურაცხყოფის (გ.ბ.) გამო.

7 . 2014 წლის 7 ნოემბერს მომჩივნის ბრალდებებზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). 2014 წლის 11 ნოემბრის გამოკითხვისას მომჩივანმა დეტალურად აღწერა მისი დაკავების გარემოებები და სავარაუდო ცუდი მოპყრობა. მომჩივნის მოთხოვნა სავარაუდო ქმედებების არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობად გადაკვალიფიცირების შესახებ (სისხლის სამართლის კოდექსის 144 3 მუხლი) უარყოფილი იქნა, ისევე როგორც მისი რამდენიმე სხვა საპროცესო მოთხოვნა. 2015 წლის 1 დეკემბერს მომჩივანს ეცნობა 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. მას ასევე აცნობეს, რომ გ.დ.-ს მისთვის თავში მუშტის ჩარტყმის გამო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში წაუყენეს ბრალი, ხოლო ორივე პოლიციელის მიერ მის ცემასთან დაკავშირებით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

8 . 2016 წლის 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივნისთვის თავში მუშტის ჩარტყმის ბრალდებით მსჯავრი დასდო გ.დ.-ს. მას ძირითადი სასჯელის სახით მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით – სამსახურებრივი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით. 2016 წლის 28 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა გ.დ.-სა და პროკურატურას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და გ.დ.-ს თავისუფლების აღკვეთა შეუცვალა პირობითი პატიმრობით ხუთი წლის ვადით.

9 . 2015 წლის აგვისტოში მომჩივანმა შეიტანა სამოქალაქო სარჩელი შსს-ის წინააღმდეგ, ამასთან, პოლიციელები მონაწილეობდნენ როგორც მესამე პირები, რომლითაც ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო. 2018 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა ადმინისტრაციული დაკავების დროს და მიანიჭა მას 2000 ლარი (დაახლოებით 660 ევრო) მორალურ ზიანთან დაკავშირებით. პოლიციელების მიერ გამოყენებულ ძალასა და მომჩივნის მოტეხილ ნეკნების შორის კავშირზე რაიმე ცალსახა დასკვნის გამოტანის გარეშე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგები დაგვიანებული იყო, მომჩივანი უკვე უჩიოდა ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას 2014 წლის 2 სექტემბერს და უფრო მეტიც, ის გულმოდგინედ მოითხოვდა ყოვლისმომცველ სამედიცინო შემოწმებას გათავისუფლების შემდეგ პირველივე შესაძლებლობისთანავე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა 2019 წლის 16 აპრილსა და შესაბამისად, 10 სექტემბერს.

სასამართლოს შეფასება

კონვენციის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

10 . მომჩივნის მტკიცებით ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მულის დარღვევას მის მატერიალურ და საპროცესო ასპექტში. მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივარი მიუღებელი იყო, რადგან მომჩივანმა დაკარგა დაზარალებულის სტატუსი ერთ-ერთი პოლიციელის მსჯავრდადებისა და მორალური ზიანისთვის კომპენსაციის მიღების გამო. ის ასევე ამტკიცებდა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა აუცილებელი და თანაზომიერი იყო მის დასაკავებლად. მომჩივანმა უპასუხა, რომ ცუდი მოპყრობის შესახებ მის ბრალდებებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიება არ იყო ადეკვატური, ამდენად, ვერ უზრუნველყოფდა საკმარის ანაზღაურებას და არც მინიჭებული ფულადი კომპენსაცია იყო ადეკვატური. მან ასევე განაცხადა, რომ მას სცემა ორივე პოლიციელმა, რის შედეგადაც მას მიადგა მრავალი დაზიანება, ნეკნების მოტეხილობის ჩათვლით.

11 . მაშინაც კი, თუ ის მიიღებს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გ.დ.-ის მსჯავრდადებით, აღიარეს, რომ მომჩივანს პოლიცია ცუდად მოექცა, სასამართლომ მაინც უნდა შეამოწმოს, იყო თუ არა ზიანის ანაზღაურება საკმარისი, ადეკვატური გამოძიებისა და კომპენსაციის სახით (იხ. საქმე Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, § 116, ECHR 2010). ამრიგად, კითხვა, შეუძლია თუ არა მომჩივანს, განაცხადოს, რომ არის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დაზარალებული ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებით, მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ დებულების შესაბამისად მისი საჩივრის არსებით მხარესთან. სასამართლომ, ამრიგად, მიიღო საკითხის არსებით მხარესთან შეერთების გადაწყვეტილება.

12 . სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში და არც მიუღებელია რაიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის მისაღებად უნდა გამოცხადდეს.

13 . შესაბამისი ზოგადი პრინციპები სასამართლომ შეაჯამა საქმეში Bouyid v. Belgium ([GC], no. 23380/09, §§ 81-88, 100-01 და 114‑23, ECHR 2015; იხ. ასევე საქმე El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no.  39630/09 , §§ 151-53 და 182-85, ECHR 2012 და საქმე Mikiashvili v. Georgia, no. 18996/06 , §§ 69-72, 2012 წლის 9 ოქტომბერი; მისი პრეცედენტული სამართლის უახლესი შეჯამებისთვის, რომელიც ეხება ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, ჩაატარონ ეფექტური გამოძიება ცუდი მოპყრობის სერიოზულ ბრალდებებზე, იხ. საქმე X and Others v. Bulgaria [GC], no. 22457/16, §§184-91, 2021 წლის 2 თებერვალი).

14 . სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა დაპატიმრების დღესვე იჩივლა ორივე პოლიციელის მიერ მის მიმართ ცუდი მოპყრობის შესახებ. მას იმ დროისთვის უკვე ჰქონდა რამდენიმე სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მის ბრალდებებს (იხ. პარაგრაფები 2-3 ზემოთ). შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ (პოლიციაზე პასუხისმგებელი სამინისტრო) გამოკითხვის შემდეგ ორივე პოლიციელს გამოუცხადა საყვედური (იხ. პარაგრაფი 6 ზემოთ). თუმცა სათანადო სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც მოჰყვა ერთი პოლიციელის ვინაობის დადგენას და დასჯას, მომჩივნისთვის დაპატიმრებამდე თავში ჩარტყმის გამო, დაიწყო მხოლოდ ორი თვის შემდეგ. ასევე, მომენტებზე ფოკუსირებისას, რომლებიც წინ უსწრებდა მომჩივნის დაპატიმრებას, გამოძიებამ ვერ განმარტა, თუ როგორ გამოიყენეს ძალა მომჩივნის წინააღმდეგ ფაქტობრივი დაკავების დროს და იყო თუ არა ძალის გამოყენება მკაცრად აუცილებელი მოცემულ გარემოებებში (იხ. საქმე Boris Kostadinov v. Bulgaria, no. 61701/11, §53, 2016 წლის 21 იანვარი, შემდგომი მითითებებით). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანი თანმიმდევრული იყო თავის ბრალდებებში, რომ მას სცემა ორივე პოლიციელმა ფაქტობრივი დაკავების დროს. მისი ბრალდებები გამყარებული იყო ასევე სამედიცინო მტკიცებულებებით (იხ. პარაგრაფები 2 -3 და 5 ზემოთ). ის ფაქტი, რომ მომჩივნის მოტეხილი ნეკნების რენტგენოლოგიური გამოკვლევა გაჭიანურდა, თუმცა ის უკვე უჩიოდა ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას 2014 წლის 2 სექტემბერს, ანუ სავარაუდო ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ, ვერ გაათავისუფლებს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მათი მოვალეობისგან, გადადგან ყველა შესაძლო ნაბიჯი სიმართლის დასადგენად. არც დისციპლინური გამოძიების და არც რეალური სისხლის სამართლის გამოძიების დროს დანიშნულა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მომჩივნის ნეკნების მოტეხილობის მიზეზისა და წარმოშობის დადგენის მიზნით (იხ. საქმე Mammadov and Others v. Azerbaijan, no. 35432/07, §125, 2019 წლის 21 თებერვალი; იხ. ასევე საქმე Pertaia v. Georgia [Committee], 44888/16, §38, 2022 წლის 13 იანვარი). მომჩივანმა აღიარა, რომ მან წინააღმდეგობა გაწია დაპატიმრებისას. თუმცა მთავრობა არ ამტკიცებდა, რომ მომჩივანმა ნეკნების მოტეხილობა დაპატიმრებისას ძალის გამართლებული გამოყენების შედეგად მიიღო. მას არ განუმარტავთ აღნიშნული დაზიანების წარმოშობა და მისი გამოძიების მოქმედების სფერო შემოიფარგლა მომჩივნისთვის დაპატიმრებამდე მიყენებული მხოლოდ ერთი დარტყმის შესწავლით (შედარებისთვის იხილეთ: საქმე Shishkin and Others v. Russia [Committee], no. 30050/09, §§92‑97, 2020 წლის 1 სექტემბერი; იხ. ასევე საქმე Minin and Others v. Russia [Committee], no. 29120/06 და 8 სხვა, § 146, 27 July 2021 წლის 27 ივლისი; იხ. ასევე საქმე  Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §§256 და 266, 2011 წლის 26 აპრილი). სასამართლო, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ გამოძიება ვერ ჩაითვლება ადეკვატურად და საკმარისად, მისი ვიწრო მოქმედების სფეროს, გაჭიანურებისა და სასამართლო ექსპერტიზის დროულად ვერჩატარების გათვალისწინებით.

15 . რაც შეეხება მომჩივნის სამოქალაქო სარჩელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეისწავლა პოლიციელების მიერ გამოყენებულ ძალასა და მომჩივნის ნეკნების მოტეხილობას შორის შესაძლო კავშირი და მიანიჭა მას კომპენსაცია (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ). თუმცა განზრახ ცუდი მოპყრობის შესახებ საქმეებში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა ვერ ანაზღაურდება მხოლოდ დაზარალებულისთვის კომპენსაციის მინიჭებით (იხ. Gäfgen-ის საქმე, ციტირებული ზემოთ, §§116 და 119; იხ. ასევე საქმე Shestopalov v. Russia, no. 46248/07, §56, 2017 წლის 28 მარტი).

16 . ამრიგად, სასამართლო ადგენს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ ჩაატარეს ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიება მომჩივნის ცუდი მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით და რომ მომჩივანს კვლავ შეუძლია, მოითხოვოს, რომ ის არის „დაზარალებული“ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, პოლიციის მიერ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შედეგად მისი უფლებების დარღვევის გამო (იხ. საქმე Barovovo v. Russia, No. 9183/09, §§45‑46, 2021 წლის 15 ივნისი). შესაბამისად, ის უარყოფს მთავრობის პრეტენზიას ამასთან დაკავშირებით. ამ ნაპოვრის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელი არ არის იმის შესწავლა, იყო თუ არა მომჩივნისთვის ეროვნული სასამართლოების მიერ მინიჭებული კომპენსაცია არასათანადო მოპყრობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის საკმარისი (იხ. საქმე Shishkin and Others, ციტირებული ზემოთ, §90).

17 . სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი აქვს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას მისი მატერიალური და საპროცესო ასპექტების შესაბამისად.

კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

18 . მომჩივანმა მოითხოვა 5,000 ევრო (EUR) მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და 2,799.13 გირვანქა სტერლინგი და 416 აშშ დოლარი (USD) სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისა და დანახარჯებისთვის.

19 . მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანს ეროვნულმა სასამართლოებმა უკვე მიანიჭეს დაახლოებით 660 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და რომ მისი დამატებითი მოთხოვნა ამ მიმართებით გაზვიადებულია. ის ასევე ამტკიცებდა, რომ მომჩივანმა ვერ აჩვენა, რომ მან რეალურად გაიღო მოთხოვნილი სასამართლო ხარჯები. რაც შეეხება 416 აშშ დოლარს (USD) ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, ის აცხადებდა, რომ გადამეტებული იყო.

20 . ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული თანხის ოდენობის გათვალისწინებით, სასამართლო ანიჭებს მომჩივანს 3000 ევროს. აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.

21 . მის ხელთ არსებული დოკუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მომჩივანს მიანიჭოს 2,800 ევრო (EUR) სასამართლოს წინაშე საქმისწარმოების ხარჯებისა და დანახარჯების დასაფარად ყველა მიმართულებით. აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.

ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად

1. აცხადებს საჩივარს მისაღებად;

2. ადგენს , რომ ადგილი აქვს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას მის მატერიალურ და საპროცესო ასპექტში;

3. ადგენს,

(a)   რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, სამი თვის ვადაში გადაუხადოს მომჩივანს შემდეგი ფულადი ოდენობები, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით:

(i) EUR 3 000 (სამი ათასი ევრო), დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით;

(ii) EUR 2 800 (ორი ათას რვაასი ევრო), რომელიც უნდა დაკონვერტირდეს, ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით;

(b)  ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების გადახდის სრულ განხორციელებამდე, ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;

4.  უარყოფს მომჩივნის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2022 წლის 28 აპრილს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

       მარტინა კელლერი                                                                      განნა იუდკოვსკა
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე                                              თავმჯდომარე