დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1/8/926 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 04/11/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016722 |
|
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე; ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; გიორგი თევდორაშვილი – წევრი; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე. საქმის დასახელება: გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები – გიორგი გოცირიძე, გიორგი ფრიდონიშვილი და მარიამ წერეთელი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – გიორგი ჩიფჩიური, თინათინ ერქვანია, ნინო ქოჩიაშვილი, გიორგი გიგუაშვილი და ქრისტინე კუპრავა; მოწმეები – საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ დგებუაძე; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელი – ივანე მახარაძე; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – პავლე ბერია; ექსპერტები – სსიპ „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი კინოს ისტორიისა და თეორიის მიმართულებით – გიორგი გვახარია.
I 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №926) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუამ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 12 აპრილს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2017 წლის 2 ივნისის №1/12/926 საოქმო ჩანაწერით, №926 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 27 ივნისს, 13 ივლისს, 11 სექტემბერს, 2018 წლის 6 დეკემბერს და 2019 წლის 29 მარტს. 2. №926 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები. 3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აკრძალულია პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით. 4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა ინფორმაციის გავრცელებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასა და ცენზურის დაუშვებლობას, ხოლო მე-4 პუნქტი ადგენდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება გამორიცხავდა პირის პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. 5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულია ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება, მე-3 პუნქტი განამტკიცებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას, მე-5 პუნქტი კი ადგენს ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. 6. მოსარჩელემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის ცვლილების ფარგლებში, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებს, ასევე 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას. 7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ბრალდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, პორნოგრაფიული ნაწარმოებისა და გამოსახულების უკანონო გავრცელებისთვის. პროკურორის 2015 წლის 3 ივნისის დადგენილების თანახმად, მოსარჩელე 2013-2015 წლებში ინტერნეტსივრცეში უკანონოდ ტვირთავდა პორნოგრაფიის შემცველ მასალას, რაც ხელმისაწვდომი იყო ვებგვერდის მომხმარებლებისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამართლებრივი დავა სააპელაციო სასამართლოში. 8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა კრძალავს პორნოგრაფიის გავრცელებას, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით არ განისაზღვრება პორნოგრაფიის ცნება და არსებობს მისი უხამსობასთან, სქესობრივ აქტთან ან სხვა მსგავს ტერმინთან გაიგივების შესაძლებლობა. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის პრინციპს. სადავო ნორმა კი მკაფიოდ არ განსაზღვრავს აკრძალული ქმედების შემადგენლობას, რის გამოც ეწინააღმდეგება ნორმის განსაზღვრულობის მოთხოვნებს. 9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, პორნოგრაფიად არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება. თუმცა იგი ისტორიული და სისტემური განმარტებით, მიემართება მხოლოდ ბავშვთა პორნოგრაფიას. ამ დეფინიციის მხედველობაში მიღების შემთხვევაშიც კი, ნორმა არ არის მკაფიო, ვინაიდან შენიშვნაში მითითებული აღწერილობა ნეგატიური ხასიათისაა, მხოლოდ იმას განსაზღვრავს, თუ რა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული პორნოგრაფიულ ნაწარმოებად. ამგვარად, ცნების პოზიტიური განმარტებისა და მახასიათებელი კრიტერიუმების არარსებობა კვლავ ნორმის ბუნდოვანებაზე მიუთითებს. 10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დამატებით განმარტა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოები ნაწარმოების პორნოგრაფიულად მიჩნევისას სარგებლობენ ხელოვნებათმცოდნის დასკვნით. თუმცა, ვინაიდან არ არსებობს „პორნოგრაფიის“ ცნების შინაარსის აღმწერი საკანონმდებლო კრიტერიუმები, ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებას ექსპერტი ადგენს საკუთარი შეხედულებების, აღქმების, ცოდნისა და მსოფლმხედველობის შესაბამისად, რაც ვერ ჩაითვლება პირის უფლების დაცვის ადეკვატურ გარანტიად. ამავდროულად, არ არსებობს საერთო სასამართლოების პრაქტიკაში მყარად დამკვიდრებული განმარტება იმის თაობაზე, თუ, კერძოდ, რას გულისხმობს „პორნოგრაფიული ნაწარმოები“, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, არსებითია, რომ დანაშაულის არსებითი ნიშნები სწორედ კანონით იყოს ნათლად აღწერილი. 11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული ნორმა კრძალავს პორნოგრაფიული მასალის მხოლოდ უკანონო დამზადებასა და გასაღებას. თუმცა კანონმდებლობა ნათლად არ აყალიბებს, თუ რა გზით არის შესაძლებელი და რა შემთხვევებს მოიცავს ამგვარი ნაწარმოების კანონიერად დამზადება, გავრცელება ან/და სადავო ნორმით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორციელება. მოსარჩელის განმარტებით, კანონმდებლობა უშვებს პორნოგრაფიული მასალის გავრცელების შესაძლებლობას საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით, თუმცა არ ადგენს ინტერნეტში პორნოგრაფიის კანონიერად გავრცელების შესაძლებლობას. შესაბამისად, რამდენადაც არ არსებობს ინტერნეტით პორნოგრაფიული მასალის კანონიერად გავრცელების მარეგლამენტირებელი ნორმები, მისი ყოველგვარი განთავსება ინტერნეტსივრცეში იმთავითვე უკანონოდ არის მიჩნეული. 12. მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული ნორმა განჭვრეტადობის თვალსაზრისით, აგრეთვე უნდა შემოწმდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, რამდენადაც იგი აღნიშნული უფლებით სარგებლობისათვის მსუსხავ ეფექტს წარმოშობს. მისი აზრით, ბუნდოვანი რეგულაციით დაწესებული სანქციის შიშმა შესაძლოა, აიძულოს პირი, თავი შეიკავოს იმგვარი მასალის გავრცელებისგანაც კი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროშია მოქცეული. 13. მოსარჩელე კანონმდებლის მიერ დადგენილი აკრძალვის ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნევს არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, რამდენადაც ისინი არ არიან სათანადოდ მომწიფებულნი სექსუალური ცხოვრებისათვის და პორნოგრაფიულმა მასალამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს მათ განვითარებაზე. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანია, აგრეთვე, იმ სრულწლოვანი პირების ინტერესების დაცვა, რომელთაც არ სურთ, მოულოდნელად, მათი ნებისგან დამოუკიდებლად, გახდნენ პორნოგრაფიული მასალის მხილველნი – ე. წ. „დატყვევებული აუდიტორია“. ამავდროულად, მისი მტკიცებით, აღნიშნული უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოებრივი მორალისა და ზნეობის დაცვის საფუძველზე. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ზრდასრულ ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონ, უყურონ პორნოგრაფიულ მასალას და გაავრცელონ ის, ვინაიდან ასეთი ქმედება ზიანს არ აყენებს მესამე პირებს. 14. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის შესაძლებელია, კომპიუტერზე პორნოგრაფიული შინაარსის ვებგვერდების ზონირების (იდენტიფიცირების), ბლოკირებისა და ფილტრაციის სისტემის დაყენება. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, შეიზღუდება არასრულწლოვანთა წვდომა პორნოგრაფიულ მასალაზე, ზრდასრული ადამიანი კი ინტერნეტით სარგებლობისას შეძლებს პროგრამის დეაქტივაციას და სასურველი ვებგვერდების ნახვას. ამავდროულად, სისხლის სამართლის კოდექსით უნდა განისაზღვროს დასაშვები და დაუშვებელი (მაგალითად, ზოოფილური, ნეკროფილური) პორნოგრაფიის ცნება და ინტერნეტსივრცეში დასაშვები პორნოგრაფიის გავრცელების კანონიერი საშუალებები. შესაძლებელია, დადგინდეს პირის მიერ ასაკის დადასტურებისა და საკრედიტო ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებაც. ამგვარი სისტემა, ერთი მხრივ, მინიმუმამდე დაიყვანდა პორნოგრაფიაზე არასრულწლოვანთა წვდომის რისკებს, მეორე მხრივ კი, გათვალისწინებული იქნებოდა იმ სრულწლოვან პირთა ინტერესები, რომელთაც აქვთ პორნოგრაფიული მასალის გაცნობის კონსტიტუციური უფლება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ არის მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი აუცილებელი საშულება და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს მიჩნეული. 15. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე. 16. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ პორნოგრაფია მეტაფიზიკური ცნებაა, არ არსებობს მისი უნივერსალური განმარტება, რის გამოც შეუძლებელია პორნოგრაფიის საკანონმდებლო დეფინიციის სრულყოფილად და ამომწურავად ჩამოყალიბება. კანონმდებლობით პორნოგრაფიის ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრის შემთხვევაშიც კი, იგი ვერ იქნება იმდენად ზუსტი და ამომწურავი, რომ გამორიცხოს მისი ინდივიდუალური და სუბიექტური შეფასება. აღნიშნული ტერმინის შინაარსის აღქმა საზოგადოებაში ცვალებადია და მისი განსაზღვრება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დამოკიდებულია ადამიანთა ცნობიერებასა და მსოფლმხედველობაზე. ამასთან, მოპასუხის მითითებით, გარკვეულია, თუ რა შემთხვევებს გულისხმობს პორნოგრაფიის კანონიერად გავრცელება და რომ ასეთად მიჩნეულია მისი გავრცელება საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით, კოდირებული ფორმით მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ინტერნეტთან მიმართებით კი მსგავსი რეგულაცია არ არსებობს. 17. მოპასუხის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილით, კანონმდებელმა ნეგატიური ნიშნებით განსაზღვრა პორნოგრაფიის ცნება და მიუთითა, რომ პორნოგრაფიულად არ მიიჩნევა ნაწარმოები, რომელსაც აქვს მხატვრული ან სხვა ღირებულება. ამასთან, შესაძლო დანაშაულის გამოძიების პროცესშიც ყოველ კონკრეტულ სადავო ნაწარმოებს აფასებს ხელოვნებათმცოდნე და ადგენს, მას აქვს მხატვრული ღირებულება თუ იგი განეკუთვნება პორნოგრაფიას. ამდენად, ნორმის შენიშვნაში გადმოცემული ნეგატიური დეფინიცია და სისხლის სამართლის დევნის დაწყებისთვის ხელოვნებათმცოდნის შესაბამისი დასკვნა არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მოიხსნას ნორმის განჭვრეტადობის პრობლემა. 18. მოპასუხემ აღნიშნა, რომ პორნოგრაფიული მასალის გაცნობამ შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს ბავშვის ჯანსაღი სექსუალური თვითგამორკვევის პროცესში, რის გამოც, კანონმდებელმა უნდა შეზღუდოს მათი წვდომა ამგვარ მასალაზე. ამდენად, პორნოგრაფიული მასალების თავისუფალი ცირკულაციის შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანია არასრულწლოვნების ნორმალური ფიზიკური და სულიერი განვითარება, მათი სექსუალური თვითგამორკვევის უფლება და მათი დაცვა პორნოგრაფიული ნაწარმოების ხილვით გამოწვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენისგან. მოპასუხის აზრით, პორნოგრაფიის გავრცელების შეზღუდვა ასევე ემსახურება საზოგადოებრივი მორალისა და ზნეობის დაცვას. 19. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ინტერნეტი არის სივრცე, სადაც თავსდება წარმოუდგენლად დიდი ოდენობის ინფორმაცია, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია და თითქმის შეუძლებელი იმის გაკონტროლება, თუ რა ასაკის ან კატეგორიის პირმა ნახა იგი. ინტერნეტსივრცეში, პრაქტიკულად, ვერ განთავსდება პორნოგრაფია იმგვარად, რომ აღმოიფხვრას არასრულწლოვანთა მიერ მათზე წვდომის რისკი. შესაბამისად, ინტერნეტში პორნოგრაფიის საყოველთაო შეზღუდვა არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და ვიწროდ პროპორციული საშუალება. 20. მოპასუხე საკუთარ არგუმენტაციას ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით. 21. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ნიკოლოზ დგებუაძემ განმარტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები. მოწმის განმარტებით, ინტერნეტსივრცეში პორნოგრაფიული ხასიათის მასალის განთავსების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოების მიერ ხდება ნაწარმოების იდენტიფიცირება, რის შემდეგადაც ინიშნება ორი სახის ექსპერტიზა. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზით დგინდება ნაწარმოებში მონაწილე პირთა სავარაუდო ასაკი; კინომცოდნე ან ხელოვნებათმცოდნე კი ამოწმებს, განეკუთვნება თუ არა ნაწარმოები პორნოგრაფიას. დადებითი დასკვნის შემთხვევაში, იწყება დანაშაულზე რეაგირება და დგინდებიან მისი ჩამდენი პირები. მოწმემ აღნიშნა, რომ არ არსებობს კონკრეტული სახელმძღვანელო დოკუმენტები ან რაიმე სახის აქტი, რომელიც დაადგენდა პორნოგრაფიული ნაწარმოების განმარტებას, ხოლო საგამოძიებო ორგანოები პორნოგრაფიის იდენტიფიცირების პროცესში ხელმძღვანელობენ სისხლის სამართლის დოქტრინაში არსებული განმარტებებით. 22. მოწმის პოზიციით, სადავო ნორმის მიზანია არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინტერნეტით პორნოგრაფიული მასალის გავრცელების აკრძალვა. ვინაიდან ინტერნეტსივრცეში განთავსებული მასალა ყველასთვის ხელმისაწვდომია, რთულია, შეიზღუდოს პორნოგრაფიული ფაილების ნახვა მხოლოდ მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფისთვის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ პორნოგრაფიული მასალა ხელმისაწვდომი გახდება არასრულწლოვნებისათვის, რის გამოც მიზანშეწონილია ინტერნეტით მისი გავრცელების აკრძალვა. 23. საქმეზე მოწმის სახით მოწვეულმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა – ივანე მახარაძემ და პავლე ბერიამ განმარტეს პორნოგრაფიის კანონიერად გავრცელების საშუალებები. მოწმეთა განმარტებით, პორნოგრაფიის კანონიერად გავრცელება გულისხმობს მის გადაცემას საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით, მომხმარებელთან დადებული წინასწარი ხელშეკრულების საფუძველზე, კოდირებული ფორმით. ამავდროულად, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ინტერნეტით პორნოგრაფიის კანონიერად გავრცელების შესაძლებლობებს. მსგავსი მასალის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაწარმოების პორნოგრაფიულ ხასიათს აფასებს ხელოვნებათმცოდნე, ხოლო დადებითი დასკვნის შემთხვევაში, კომისია უზრუნველყოფს ასეთი მასალის გათიშვას ან დაბლოკვას. 24. მოწმეების განმარტებით, ინტერნეტით პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა ემსახურება არასრუწლოვანთა ინტერესების დაცვას. მათგან განსხვავებით, ზრდასრულ პირებთან მიმართებით პორნოგრაფიის შეზღუდვის რაიმე ლეგიტიმური მიზანი არ იკვეთება. შესაბამისად, თუ ინტერნეტში პორნოგრაფიული მასალა იმგვარად განთავსდება, რომ კოდირებული სისტემის ან ფილტრაციის მეშვეობით მასზე წვდომა ექნებათ მხოლოდ სრულწლოვნებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ დაიწყებს შესაბამის რეაგირებას, თუმცა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ არ არსებობს „პორნოგრაფიული ნაწარმოების“ საკანონმდებლო დეფინიცია და სასურველი იქნებოდა მისი კანონმდებლობით გაწერა. 25. საქმეზე ექსპერტად მოწვეულმა სსიპ „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა დავით ვაშაძემ განმარტა პრაქტიკაში პორნოგრაფიისა და სახელოვნებო ნაწარმოების გამიჯვნის კრიტერიუმები. ექსპერტის განმარტებით, სახელოვნებო ნაწარმოებს გააჩნია გარკვეული შინაარსი, იდეა, რომელიც გადმოცემულია სამსახიობო ოსტატობით და რომლის მიზანიც არ არის მხოლოდ სექსუალური აქტის ჩვენება. თუმცა ექსპერტმა აღნიშნა, რომ სასურველია, კანონმდებლობით განისაზღვროს პორნოგრაფიის ცნება და ძირითადი მახასიათებლები, ვინაიდან კინემატოგრაფიაში არ არსებობს ერთიანი სტანდარტები და მეთოდოლოგია მისი არსის განსაზღვრისთვის. ამავდროულად, პორნოგრაფიისა და სახელოვნებო ნაწარმოების გამიჯვნის მკაფიო კრიტერიუმების არარსებობის გამო ხელოვნებათმცოდნე მას აფასებს თავისი ცოდნიდან, გამოცდილებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე, რის გამოც არსებობს სუბიექტური და მიკერძოებული შეფასების რისკი. 26. ექსპერტის მოსაზრებით, დასაშვები უნდა იყოს ზრდასრულთა პორნოგრაფიის შეზღუდულად, შესაბამისი დაცვის სტანდარტებით გავრცელება. აკრძალულ და დაუშვებელ პროდუქციად კი უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანთა ნეკროფილური, ზოოფილური, ძალადობის შემცველი ან/და იმგვარი პორნოგრაფიის გავრცელება, რომელზეც სექსუალური აქტის მონაწილე პირებს არ აქვთ მის გადაღებაზე თანხმობა გამოთქმული. 27. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი გვახარიამ აღნიშნა, რომ, ზოგადად, თანამედროვე მიდგომების თანახმად, პორნოგრაფიულად შეიძლება ჩაითვალოს ნაწარმოები, რომელშიც ასახულია სექსუალური აქტი ახლო ხედებით და ჩანს სასქესო ორგანოები. ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ პორნოგრაფიის განმარტება და მისი განმსაზღვრელი კრიტერიუმები დადგენილი უნდა იყოს კანონმდებლობით და ხელოვნებათმცოდნე, შესაბამისი დაკვნის მიცემისას, არ უნდა ეყრდნობოდეს პორნოგრაფიის თაობაზე არსებულ ზოგად წარმოდგენებს, ზედაპირულ ცოდნას და თავის პერსონალურ დამოკიდებულებებს. 28. ექსპერტმა მიუთითა, რომ პორნოგრაფია წარმოადგენს აზრის გამოხატვას და მისი მიზანია მნახველთა სექსუალური სურვილებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მისი მოსაზრებით, დაუშვებელია პორნოგრაფიის გავრცელების შეზღუდვა მიზნებით, რომლებიც გამოხატულია ისეთი ბუნდოვანი ცნებების მეშვეობით, როგორიცაა საზოგადოებრივი მორალი და საზოგადოების მენტალიტეტი, ვინაიდან ისინი არაერთგვაროვნად აღიქმება სხვადასხვა ადამიანისთვის. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ საჭიროა განისაზღვროს აკრძალული პორნოგრაფიის ცნება და ასეთად მიჩნეულ იქნეს ბავშვთა, ზოოფილური ან მსგავსი სახის პორნოგრაფია. მოწმის პოზიციით, ზრდასრულთა პორნოგრაფია ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრულწლოვანთათვის, ხოლო არასრულწლოვნებს შეზღუდული უნდა ჰქონდეთ ინტერნეტტექნოლოგიების მეშვეობით მათზე წვდომის შესაძლებლობა. 29. სასამართლოს მეგობარმა ააიპ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სადავო ნორმის კონსტიტუციურობასთან მიმართებით. მოსაზრების თანახმად, არ არსებობს პორნოგრაფიის უნივერსალური, ემპირიული განმარტება. თუმცა, ვინაიდან კანონმდებლობა მის გავრცელებას დასჯად ქმედებად აცხადებს, ვალდებულია, განსაზღვროს მისი საკანონმდებლო შინაარსი, რათა ობიექტურად აღქმადი იყოს აკრძალული ქმედება. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სადავო ნორმა არ ადგენს პორნოგრაფიის დასაშვებ და დაუშვებელ კატეგორიებს, აგრეთვე არ ადგენს მისი გავრცელების კანონიერ და უკანონო გზებს, რაც იწვევს ნორმის ბუნდოვანებას და მსუსხავ ეფექტს ქმნის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას. ამავდროულად, ამგვარი ქმედებების კრიმინალიზების ლეგიტიმურ მიზნად მიჩნეულია საზოგადოებრივი მორალისა და ზნეობის დაცვა, რაც, თავისთავად, გაუმართლებელია. დემოკრატიული სახელმწიფო დაფუძნებული უნდა იყოს ეთიკური ნეიტრალიტეტის პრინციპზე, არ ეყრდნობოდეს არც ერთ სუბიექტურ-მორალურ იდეალს და უფლების შეზღუდვა შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ სხვა პირებისთვის ზიანის მიყენების პრევენციას. ამრიგად, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა, მორალისა და ზნეობის დაცვის მიზნით, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.
II 1. კონსტიტუციური დებულებების ცვლილება 1. მოსარჩელე №926 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომელთაც მსგავსი/იდენტური შინაარსი აქვთ. 2. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასა და ცენზურის დაუშვებლობას, ხოლო მე-4 პუნქტი ადგენდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, გამოირიცხებოდა პირის პასუხისმგებლობა იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, 24-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დაცულ უფლებას შეესაბამება კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები, ხოლო 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადებით განმტკიცებულ კონსტიტუციურ დებულებას – საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება. 3. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის ცვლილების ფარგლებში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებს, ასევე 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას სწორედ ზემოხსენებულ კონსტიტუციურ ნორმებთან მიმართებით შეაფასებს. დასახელებული კონსტიტუციური დებულებები იცავს ორ უმნიშვნელოვანეს და ერთმანეთისგან განსხვავებულ კონსტიტუციურ ღირებულებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო გასაჩივრებულ ნორმას ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს. 2. სადავო ნორმის რედაქციული ცვლილება 4. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის სიტყვების – „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. 5. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვის შემდგომ – სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლმა რედაქციული ცვლილება განიცადა. კერძოდ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის 6753-რს კანონის საფუძველზე, ახლებურად ჩამოყალიბდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლი. 6. სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის ახლად ჩამოყალიბებული რედაქციის ფარგლებში დასახელებულმა საკანონმდებლო დებულებამ ცალკეულ შემთხვევებში, მუხლის შესაბამისი ნაწილების მითითებით გაზარდა დანაშაულის დამაფუძნებელ წინაპირობათა წრე, ასევე გაითვალწინა კონკრეტული დამამძიმებელი გარემოებები, ისევე როგორც ზოგიერთ შეთხვევაში განსხვავებულად დაადგინა ცალკეული დანაშაულებრივი ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა. რაც შეეხება, საკუთრივ, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავოდ გამხდარ 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სადავო სიტყვებს, იგი უცვლელად აისახა ახალი რედაქციის ფარგლებში. რედაქციული ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებული ნორმა სადავო ნორმის აბსოლუტურად იდენტურია, მათ შორის, იგი არ შეცვლილა არა თუ შინაარსობრივი თვალსაზრისით, არამედ სადავო ცვლილება არ შეხებია მის ტექნიკურ მხარესაც. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე დავის საგანს რაიმე ფორმით ცვლილება არ შეხებია, გარდა იმისა, რომ იგი ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის ფარგლებში, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის 6753-რს კანონის საფუძველზე ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. 7. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სადავო ნორმა, ახალი რედაქციის ფარგლებში ყალიბდება იმგვარად, რომ მასში არ შედის არანაირი შინაარსობრივი თუ გრამატიკული ცვლილება, შეუძლებელია იგი საკონსტიტუციო სასამართალწარმოების მიზნებისთვის ძალადაკარგულ ნორმად იქნეს მიჩნეული. ხსენებულის დაშვება და, ფორმალურად, ყოველგვარი რედაქციული ცვლილების დროს სადავოდ გამხდარი ნორმის ძალადაკარგულად მიჩნევა, ერთი მხრივ, საფრთხეს შეუქმნიდა საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმის ეფექიანობას და წინააღმდეგობაში მოვიდოდა ადამიანის უფლებების დაცვასთან, მეორე მხრივ, კი დააზიანებდა პროცესის ეკონომიურობის უმნიშვნელოვანეს პრინციპს. 8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმას წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქციის სიტყვები: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მის კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან, ისევე როგორც, 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. 3. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით 3.1. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობის კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები 9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განსაზღვრავს პირის ქცევის სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად განსაზღვრისა და პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს. 10. სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარე, ყოველი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია, შექმნას განჭვრეტადი სისხლის სამართლის კანონმდებლობა იმგვარად, რომ ნორმის ადრესატს შეეძლოს, მას შეუსაბამოს თავისი ქცევა, რათა თავიდან აიცილოს ამ კანონმდებლობის დარღვევის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგი. დამკვიდრებული პრაქტიკით, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-3). 11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომების თანახმად, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი. კანონი უნდა პასუხობდეს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსაზღვრულობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი სწორი აღქმა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). 12. თუმცა საკონსტიტუციო კონტროლი განსაკუთრებით კრიტიკული და სკრუპულოზურია, როდესაც საქმე შეეხება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, სადავო ნორმის ბუნდოვანება დამოუკიდებლად გახდეს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საკმარისი საფუძველი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). 13. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). აღნიშნული ნორმა „არა მხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). 14. „განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ ქმედებაში განჭვრიტოს აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). 15. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-37). 3.2. სადავო ნორმის შინაარსი, სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაფასებელი მოცემულობა 16. განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, იკრძალება პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით. 17. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა ბუნდოვანი და განუჭვრეტელია, რის გამოც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს. მისი განმარტებით, ერთი მხრივ, სადავო ნორმა კრძალავს პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონო დამზადება/გასაღებას, თუმცა არ ადგენს მისი კანონიერად გავრცელების გზებს, ხოლო, მეორე მხრივ, ტერმინი „პორნოგრაფიული“ აბსტრაქტული ცნებაა და არ იძლევა ამგვარი ნაწარმოების მკაფიო განსაზღვრებას, რის გამოც არსებობს მისი არაერთგვაროვნად აღქმის რისკები. 18. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან მიმართებით, როგორც აღინიშნა, შეფასებას ექვემდებარება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის ბუნება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მაშინ არის სისხლისსამართლებრივი ხასიათის, როდესაც მას სისხლის სამართლის კანონმდებლობა ასეთად განსაზღვრავს. .... კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არსის, მისი სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისას მხედველობაშია ასევე მისაღები მიზანი, რომლის მისაღწევადაც გამოიყენება იგი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის ბუნება, ფუნქცია, მიზნები და სხვა ელემენტები განასხვავებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სხვა სახის ზემოქმედების ზომისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41). 19. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს დანაშაულის შემადგენლობას და ადგენს აკრძალვას დაქვემდებარებულ პროდუქციას, რომელშიც მოიაზრება „პორნოგრაფიული ნაწარმოები, ნაბეჭდი გამოცემა ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგანი“, ხოლო, მეორე მხრივ, კრძალავს ასეთი პროდუქციის დამზადებას, გავრცელებას, რეკლამირებას, ვაჭრობას ან მის შენახვას გაყიდვის ან გავრცელების მიზნით. ამრიგად, სადავო ნორმა ადგენს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების შემადგენლობას, რომლის ჩადენაც იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას – სასჯელს. აღნიშნული ნორმა არის სახელმწიფოს რეაქცია პირის მიერ ჩადენილ უმართლობაზე, რაც გამოიხატება პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა წარმოადგენს სახელმწიფოს რეაგირებას სამართალდარღვევაზე და, ამგვარად, განეკუთვნება პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმას. 20. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებების შესაბამისად, როდესაც სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის ადგენს სამართალდარღვევისა და პირის პასუხისმგებლობაში მიცემის სამართლებრივ საფუძველს, იგი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის ამ დებულებით დადგენილ სტანდარტებს. 21. როგორც ზემოთ აღინიშნა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების საფუძველზე ხდება პირის დამნაშავედ ცნობა, სასჯელის დაკისრება და მის თავისუფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევა. შესაბამისად, ნორმათშემოქმედების პროცესში კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას მკაფიო, განჭვრეტადი კანონმდებლობა, რომლითაც ნორმის ადრესატი, თუნდაც სამართლებრივი დახმარების გზით, შეძლებს, გაავლოს ზღვარი აკრძალულ და ნებადართულ ქმედებებს შორის. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების შექმნისას კანონმდებლის ამოცანაა, საკმარისი სიცხადით ჩამოაყალიბოს იგი, რათა ნორმის ადრესატმა შეუსაბამოს მას თავისი ქცევა. ამდენად, სადავო ნორმის შინაარსის განჭვრეტადობისა და, შესაბამისად, მისი კონსტიტუციურობის დასადგენად ნორმაში გამოყენებული ტერმინების – „უკანონო“ და „პორნოგრაფიული“ – განჭვრეტადობის ხარისხს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი სტანდარტებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით. 3.3. ტერმინ „უკანონოს“ განჭვრეტადობა 22. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით აკრძალულია პორნოგრაფიის მხოლოდ „უკანონო გავრცელება“. კანონმდებლობით კი დაკონკრეტებული არ არის, თუ რა მიიჩნევა პორნოგრაფიის „კანონიერ გავრცელებად“ ან/და ამგვარი გავრცელების ფორმად თუ საშუალებად. შესაბამისად, მისი არგუმენტაციით, გასაჩივრებული ნორმა, ამ თვალსაზრისით, ვერ პასუხობს კანონის საკმარისად განჭვრეტადობის მოთხოვნებს. 23. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით პორნოგრაფიული ნაწარმოების მართლზომიერ გავრცელებას ითვალისწინებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით, იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ამასთან, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღნიშნული პროგრამის ან რეკლამის (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამის) განთავსება შეიძლება მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 24. საკაბელო ტელევიზიის მეშვეობით პორნოგრაფიის გავრცელების შესაძლებლობა, აგრეთვე დაკონკრეტებულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 109 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის თანახმადაც, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (ფასიანი სამაუწყებლო სპეციალიზებული არხი, პორნოგრაფიული, ეროტიკული ან/და სრულწლოვანი მაყურებლისათვის განკუთვნილი სხვა შინაარსით) განთავსების შემთხვევაში ვალდებულია, აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს მხოლოდ კოდირებული ფორმით. ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება განამტკიცებს, მაუწყებლის მეშვეობით, პორნოგრაფიის კანონიერად გავრცელების ფორმას და საშუალებებს. 25. ამავე რეგლამენტის მე-3 მუხლის ჰ2 პუნქტი კი დაუშვებელ პროდუქციად განსაზღვრავს, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემულ პორნოგრაფიას. რეგლამენტი ითვალისწინებს დაუშვებელი პროდუქციის ინტერნეტიდან ამოღებას ან ვებგვერდის დაბლოკვის შესაძლებლობას. ამდენად, ამ სფეროში კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს პორნოგრაფიული ნაწარმოების მხოლოდ სამაუწყებლო სივრცეში გავრცელების კანონიერ შესაძლებლობას და არ განსაზღვრავს ინტერნეტში მისი გავრცელების კანონიერ გზებს ისევე, როგორც, მაგალითად, არ ადგენს ნაბეჭდი პორნოგრაფიული გამოცემის, ჟურნალების კანონიერად გავრცელების საშუალებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პორნოგრაფიის კანონიერ გავრცელებაში მოიაზრება მხოლოდ მაუწყებლობის მეშვეობით მისი კოდირებული ფორმით განთავსება, ხოლო ყველა სხვა გზა და საშუალება უკანონოდ არის მიჩნეული. 26. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს საკმარისი რესურსი იმის დასადგენად, თუ რა მიიჩნევა პორნოგრაფიული მასალის „კანონიერ“ თუ „უკანონო“ გავრცელებად და რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის ტექსტი ამ ნაწილში განჭვრეტადია. თუმცა ეს გარემოება, ცალკე აღებული, ვერ უზრუნველყოფს სადავო ნორმის შინაარსის განჭვრეტადობას მთლიანობაში, თუკი დადგინდება, რომ ბუნდოვანია საკუთრივ „პორნოგრაფიული ნაწარმოების“ შინაარსი, რომლის გავრცელება, როგორც დადგინდა, „კანონიერიც“ შეიძლება იყოს და „უკანონოც“. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე შეაფასებს, რამდენად განჭვრეტადია სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინი „პორნოგრაფიული“, რათა დაადგინოს, არის თუ არა საკმარისად გასაგები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის შინაარსი და, კერძოდ, ის გარემოება, თუ როგორი მასალის დამზადება/გავრცელება არის მის საფუძველზე აკრძალული. 3.4. „პორნოგრაფიის“ საკანონმდებლო დეფინიციის არარსებობა 27. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტებს, ვინაიდან ბუნდოვანია, რა სახის ნაწარმოები ჩაითვლება „პორნოგრაფიულად“. სისხლის სამართლის კოდექსის არც 255-ე მუხლი და არც სხვა ნორმა არ ითვალისწინებს ტერმინ „პორნოგრაფიულის“ საკანონმდებლო დეფინიციას, რომლითაც განსაზღვრული იქნება ამ ცნების შინაარსი, ნაწარმოების პორნოგრაფიულად მიჩნევის კრიტერიუმები ან/და მისი ძირითადი მახასიათებლები. ამრიგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ მოიცავს განმარტებებს იმის თაობაზე, თუ როგორია იმ პროდუქციის ბუნება და აუცილებელი მახასიათებლები, რომლებიც შეზღუდვას ექვემდებარება. 28. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო დეფინიციის არარსებობამ შესაძლოა, მართლაც წარმოშვას ნორმის არაერთგვაროვანი განმარტების რისკი. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ტერმინები, რომლებიც იმთავითვე არ არის ცალსახა და მკაფიო ნორმის ადრესატისთვის, საჭიროებს სამართლებრივ განსაზღვრებებს და მისი შეფასების კრიტერიუმების კანონითვე დადგენას. ნორმის საკმარისი განჭვრეტადობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, დანაშაულის შემადგენლობის განსაზღვრისას, კანონმდებელმა შეძლებისდაგვარად განმარტოს აბსტრაქტული ტერმინები და მიანიჭოს მათ კონკრეტული სამართლებრივი შინაარსი. ასეთივე აუცილებელია, კანონმდებელმა განმარტოს ტერმინ „პორნოგრაფიულის“ შინაარსი და გადმოსცეს მისი აღწერილობა, როგორი აუცილებელიც არის სხვა ისეთი სისხლისსამართლებრივი ტერმინების განმარტება, როგორებიც არის, მაგალითად, „ქურდობა“, „ძარცვა“, „გაუპატიურება“, „წამება“ და მრავალი სხვა. ამგვარი საკანონმდებლო განმარტებების არარსებობისას, შესაბამისი ტერმინები მოკლებულია კონკრეტულ, მკაფიო სამართლებრივ შინაარსს და სხვადასხვა პირის, მათ შორის, ნორმის შემფარდებლის მიერ შესაძლოა, აღქმული და გამოყენებული იყოს სრულიად სხვადასხვაგვარად, საკუთარი, მათ შორის, მცდარი წარმოდგენებისა თუ სტერეოტიპების ზეგავლენით. 29. ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი კონტექსტი: როდესაც უშუალოდ იმ ნორმაში, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიყენოს, არ არის გადმოცემული ამა თუ იმ ტერმინის განმარტება, საერთო სასამართლო შეიძლება დაეყრდნოს ამავე ტერმინის განმარტებას სპეციალურ ან მომიჯნავე კანონმდებლობაში, რაც, ჩვეულებრივ, დასაშვებია, თუკი შესაბამისი ტერმინის ავტონომიური განმარტების აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ტერმინ „პორნოგრაფიულთან“ მიმართებით არც ამგვარი შესაძლებლობა არსებობს, რადგან პორნოგრაფიის შესახებ სპეციალური კანონი მიღებული არ არის, ხოლო მომიჯნავე კანონმდებლობაში ეს ტერმინი ან საერთოდ არ გვხვდება, ან გვხვდება, მაგრამ კვლავ ყოველგვარი შინაარსობრივი განმარტებისა და დაზუსტებების გარეშე. 30. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „პორნოგრაფიული“ მოხსენიებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლში, რომლითაც იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. დასახელებული ნორმა არ ადგენს პორნოგრაფიის ლეგალურ დეფინიციას. ამ ნორმის ტექსტიდან იმის განსაზღვრაც კი რთულია, წარმოადგენს თუ არა დასახელებული კანონის გაგებით „უხამსობა“ „პორნოგრაფიის“ აუცილებელ მახასიათებელს, თუმცა ასეც რომ იყოს, თავად „უხამსობაც“ საკმაოდ ზოგადი, აბსტრაქტული შეფასებითი ცნებაა, რომელიც ასევე არ არის ჯეროვნად განმარტებული კანონმდებლობით ანდა სასამართლო პრაქტიკით. შესაბამისად, „უხამსობის“ შინაარსი შესაძლოა, იმაზე უფრო ბუნდოვანი და ამორფულიც იყოს, ვიდრე შინაარსი ტერმინისა „პორნოგრაფიული“. ასე რომ, საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლით, „პორნოგრაფიის“ ერთგვარი დაკავშირება თუ გათანაბრება „უხამსობასთან“ ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ „უხამსობის“ კრიტერიუმით შესაძლებელია „პორნოგრაფიულის“ როგორც სისხლისსამართლებრივი ტერმინის შინაარსის დაზუსტება, მისი ნათლად დაკონკრეტება და, საბოლოო ჯამში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლით აკრძალული ქმედების შინაარსის სწორად აღქმა. ამგვარად, საქართველოს კანონმდებლობაში არსად არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, რა არის „პორნოგრაფია“, რას გულისხმობს „პორნოგრაფიული“ ნაწარმოები ან საგანი, შესაბამისად, ის, თუ რა მიიჩნევა დაშვებულ თუ დაუშვებელ პროდუქციად, რა ტიპის საგნებისა თუ მასალების დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, ანდა რა საგნით ვაჭრობა, ან შენახვა ისჯება სადავო სისხლისსამართლებრივი ნორმით. 31. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ პორნოგრაფიის შინაარსი დგინდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის შენიშვნის მე-2 წინადადებით, რომლის თანახმადაც, „პორნოგრაფიულად“ არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება. ამ არგუმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო გამოიყენებს ნორმის სისტემურ-ლოგიკურ და ისტორიულ განმარტებას. საქმე ისაა, რომ შენიშვნის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დეფინიციას, მეორე წინადადება კი განსაზღვრავს, თუ რა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული პორნოგრაფიად. შენიშვნის ტექსტის სტრუქტურისა და მისი აღქმიდან გამომდინარე, სასამართლო არ გამორიცხავს, რომ განმარტება იმის შესახებ, თუ რა არ ითვლება პორნოგრაფიად, მიემართებოდეს მხოლოდ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიას. ამ კონტექსტში ისიც არის საყურადღებო, რომ აღნიშნული შენიშვნა კანონში გაჩნდა იმ საკანონმდებლო ცვლილების შემდგომ, რომლის მიხედვითაც, პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება/გასაღების ამკრძალავ ძირითად ნორმას გამოეყო და ცალკე ნაწილად დაემატა დებულებები არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ამსახველი მასალების თაობაზე, რაც განხორციელდა 2003 წლის 22 დეკემბერს მიღებული ევროკავშირის საბჭოს ჩარჩო-გადაწყვეტილების ზეგავლენით, რომელიც ეძღვნება ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლას. 32. საკონსტიტუციო სასამართლო არ უარყოფს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის შენიშვნაში მითითებული სიტყვები – „პორნოგრაფიულად არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება“ – პრაქტიკულად, შესაძლოა, სრულად რელევანტური იყოს სრულწლოვანთა პორნოგრაფიასთან მიმართებითაც. მაგრამ, ეს განმარტება კიდევაც რომ მიემართებოდეს სრულწლოვანთა პორნოგრაფიასაც, მაინც არასაკმარისი იქნებოდა „პორნოგრაფიის“ ცნების შინაარსობრივი ბუნდოვანების გასანეიტრალებლად. ამგვარი ნეგატიური აღწერილობა მაშინ იძლევა რაიმე ცნების/ტერმინის შინაარსის დაზუსტების შესაძლებლობას, როდესაც არსებობს ამავე ცნების/ტერმინის პოზიტიური აღწერილობა და ძირითადი მახასიათებლები, იმავდროულად, მხოლოდ პოზიტიური მახასიათებლების მითითება საკმარისი არ არის შესაბამისი ცნების შინაარსობრივი მიჯნების დასაზუსტებლად. არასრულწლოვანთა პორნოგრაფიასთან მიმართებით ხსენებული დებულება მართლაც ქმედით როლს ასრულებს ნორმის შინაარსის დაზუსტებაში, ვინაიდან მას წინ უძღვის „არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის“ პოზიტიური აღწერილობა, რომელშიც გადმოცემულია აკრძალული ქცევის ძირითადი ნიშნები. შესაბამისად, ნორმა ჯერ განსაზღვრავს, თუ რა არის არასრულწლოვანთა პორნოგრაფია, ხოლო შემდეგ კი აზუსტებს, რა არ შეიძლება იყოს ის. ამგვარ ვითარებასთან არ გვაქვს საქმე სრულწლოვანთა პორნოგრაფიასთან მიმართებით. თუკი ჩავთვლით, რომ მუხლის შენიშვნა სრულწლოვანთა პორნოგრაფიასაც ეხება, ეს მაინც არ ხსნის ნორმის განჭვრეტადობის პრობლემას. მართალია, ნეგატიური მახასიათებლები გარკვეულ შემთხვევებს მართლაც გამორიცხავს „პორნოგრაფიის“ შინაარსიდან და ავიწროებს მის ფარგლებს, მაგრამ ისინი ვერ გვაწვდიან საკმარის ინფორმაციას, დანამდვილებით, რომელ შემთხვევებს მოიცავს „პორნოგრაფიის“ ცნება, ვერ აუქმებენ ამ ცნების შინაარსობრივ ბუნდოვანებას და ვერ ადგენენ მის მკაფიო საზღვრებს. ცხადია, რომ ყველა ის ნაწარმოები, რომელსაც არა აქვს „სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება“, ვერ იქნება „პორნოგრაფია“. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლში გამოყენებული ტერმინი – „პორნოგრაფიული“ – საქართველოს კანონმდებლობით აღწერილი არ არის, ხოლო ამ მუხლის შენიშვნაში მითითებული დებულება ვერ გამოდგება ამ ცნების შინაარსის საკმარისი განჭვრეტადობის უზრუნველმყოფად. 3.5. „პორნოგრაფიის“ შინაარსის არაერთგვაროვანი აღქმა საზოგადოებაში და ცნების შინაარსობრივი ბუდოვანება 33. როგორც აღინიშნა, პორნოგრაფიის ცნების შინაარსის ბუნდოვანება გამოწვეულია საკანონმდებლო დეფინიციის არარსებობით. საკუთრივ ტერმინი – „პორნოგრაფია“/„პორნოგრაფიული“ განსხვავებულად აღიქმება სხვადასხვა საზოგადოებაში, კულტურასა თუ რეგიონში. ნაწარმოების „პორნოგრაფიულად“ მიჩნევა დამოკიდებულია პირის ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, მის მორალურ და ზნეობრივ შეხედულებებზე, ისევე, როგორც მის წარმოდგენებზე სექსუალური ეთიკის შესახებ. ამგვარად, სხვადასხვა მსოფლმხედველობიდან, შეხედულებებიდან გამომდინარე, გარკვეული პირებისთვის ნაწარმოების პორნოგრაფიად მისაჩნევად შესაძლოა, საკმარისი იყოს ადამიანის შიშველი სხეულის ჩვენება, ზოგისთვის შეიძლება აუცილებელი იყოს ნაწარმოებში სექსუალური აქტის გადმოცემა, ზოგიერთისთვის ნებისმიერი სექსუალური სცენა შეიძლება მიჩნეულ იქნეს „პორნოგრაფიად“, ხოლო ზოგიერთისთვის კი „პორნოგრაფია“ ასოცირდებოდეს მხოლოდ ისეთ ნაწარმოებთან, რომელშიც სექსუალური აქტი წარმოჩენილია ექსპლიციტურ ფორმებში, სადაც სასქესო ორგანოები ნაჩვენებია ახლო ხედით და რომლის მიზანია მხოლოდ პირის სექსუალური აღგზნება. ამგვარად, „პორნოგრაფიას“ შესაძლოა, მიეცეს უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული, ფართო თუ ვიწრო განმარტება, რაზეც თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს დაუსრულებელი დისკუსია და კამათი, მით უფრო საქართველოში, სადაც მორალისა და ეთიკის საკითხებზე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, მათ შორის, რადიკალური შეხედულებები არსებობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებსა თუ მიკროსოციუმებში. 34. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტერმინები „პორნოგრაფია“, „პორნოგრაფიული“ ფართოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, თუმცა არ არსებობს მისი საყოველთაო, ერთგვაროვანი გაგება. მართალია, უკლებლივ ყველა საზოგადოებაში ადამიანთა წარმოდგენები პორნოგრაფიაზე უკავშირდება სექსუალური სცენების ჩვენებას და მისი ზოგიერთი კრიტერიუმი ფართოდ არის დამკვიდრებული, თუმცა მიდგომები განსხვავებულია. ის, რაც „პორნოგრაფიაში“ შეიძლება ნაგულვები იყოს სხვადასხვა საზოგადოებასა თუ სოციუმში, მყიფე და ცვალებადი მოცემულობაა. 35. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „პორნოგრაფიის“ შინაარსის რაიმე საყოველთაო გაგება და არც საქართველოში არსებობს კონსენსუსი ამ საკითხზე. არ არის დამკვიდრებული ისეთი ერთგვაროვანი გაგება „პორნოგრაფიისა“, რომელიც კანონში ამ ტერმინის გამოყენებისას შესაბამის ნორმას, ნებისმიერი პირისათვის, საკმარისად განჭვრეტადს გახდიდა და შეამცირებდა ამ ტერმინის შინაარსის კანონში განმარტების საჭიროებას. 36. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ჩამოყალიბებისას კანონმდებელმა თავი უნდა აარიდოს საკანონმდებლო დეფინიციის გარეშე ისეთი ტერმინების გამოყენებას, რომლის შინაარსის გაგება განსხვავებულია და მის თაობაზე არ არსებობს საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსი. ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯისთვის საკმარისი არ არის, საზოგადოების მხრიდან, პორნოგრაფიის ცნების ზოგადი აღქმადობა, აუცილებელია მისი ძირითადი მახასიათებლების აღწერა, რათა ცხადი გახდეს, კერძოდ, რა არის აკრძალული და რას ნიშნავს „პორნოგრაფიული ნაწარმოები“. კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს მკაფიო პასუხის შესაძლებლობას კითხვებზე, თუ რას მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლით აკრძალული ქმედება, რა არის ამ დანაშაულის ძირითადი მახასიათებლები: მაგალითად, სქესობრივი აქტის ჩვენება პორნოგრაფიული ნაწარმოების აუცილებელი კომპონენტია თუ ნებისმიერი სექსუალური სცენა შესაბამის გარემოებებში შეიძლება მიჩნეულ იქნეს „პორნოგრაფიულად“; რა ჩაითვლება საკუთრივ „სქესობრივ აქტად“ სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მიზნებისათვის; გულისხმობს თუ არა იგი აუცილებლად ადამიანის სხეულში შეღწევას; შეიძლება თუ არა პორნოგრაფიად იქნეს მიჩნეული სქესობრივი აქტის ან სხვაგვარი სექსუალური მოქმედებების ისეთი ჩვენება, სადაც არ ჩანს სასქესო ორგანოები; რა ფორმით ან ინტენსივობით უნდა იყოს ნაჩვენები ადამიანის შიშველი სხეული თუ სასქესო ორგანოები, რათა ნაწარმოები მიჩნეულ იქნეს პორნოგრაფიულად; მოიცავს თუ არა იგი ნუდიზმს; აუცილებელია თუ არა ადამიანის გენიტალიები ნაჩვენები იყოს ახლო კადრით ან სექსუალური სცენა ნაჩვენები იყოს ღია და ვულგარული ფორმით ანდა ნაწარმოები ისახავდეს მნახველის სექსუალური აღგზნების მიზანს, რა არის „პორნოგრაფიის“ აუცილებელი ნიშანი, ძირითადი მახასიათებელი; სად გადის ზღვარი ეროტიკასა და პორნოგრაფიას ანდა სხვა მომიჯნავე ჟანრებს შორის და სხვა. მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგების არარსებობამ ნორმის ადრესატს შეიძლება, გაუჩინოს სიშიშვლისა თუ სექსუალური სცენის ჩვენების ტოტალური აკრძალვის განცდა. ზემოთ მითითებული დაზუსტებების გარეშე, „პორნოგრაფიის“ შინაარსი იმდენად ბუნდოვანია, რომ დაუშვებელია, იგი დანაშაულის შემადგენლობას აფუძნებდეს. სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის შინაარსი ნორმის შემფარდებელს უტოვებს მიხედულების თავისუფლების არაგონივრულად ფართო ფარგლებს, რაც თვითნებობისა და უსამართლობის წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამასთან, არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს – არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე, რაც იმას გულისხმობს, რომ აკრძალული ქმედება ნათლად უნდა იყოს კანონით აღწერილი. 3.6. დამკვიდრებული პრაქტიკა სამართალშეფარდების პროცესში 37. განსახილველი საქმის გამოკვლევის პროცესში დადგინდა, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში არ არსებობს მყარად დადგენილი პრაქტიკა პორნოგრაფიის ცნების განმარტებასთან ან მის კრიტერიუმებთან მიმართებით და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ამა თუ იმ მასალის „პორნოგრაფიულად“ მიჩნევა როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე, დამოკიდებულია საექსპერტო შეფასებაზე. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ნიკოლოზ დგებუაძემ განმარტა, რომ ინტერნეტში აღმოჩენილ სავარაუდოდ პორნოგრაფიულ მასალას აფასებს ექსპერტი, ხელოვნებათმცოდნე და ადგენს, ნაწარმოებს გააჩნია მხატვრული ან სხვა სახის ღირებულება თუ იგი განეკუთვნება პორნოგრაფიას. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ საექსპერტო საქმიანობის პროცესში ყოველი კონკრეტული ნაწარმოების პორნოგრაფიულად მიჩნევა ეფუძნებოდეს სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ექსპერტის მიერ მკაფიოდ შერჩეულ შესატყვის და ადეკვატურ კრიტერიუმებს და ესა თუ ის მასალა მართლაც გამართლებულად იქნეს მიჩნეული „პორნოგრაფიულად“, შესაბამისად, ისეთად, რომელიც სისხლის სამართლით საჭიროებს რეაგირებას. თუმცა ასეთივე თანაბარი წარმატებითაა შესაძლებელი, რომ პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, ზოგიერთ შემთხვევაში, დაეფუძნოს ექსპერტის აშკარად არაგონივრულ, სუბიექტურ მოსაზრებებს და მის მიერ შერჩეულ არარელევანტურ კრიტერიუმებს. საქმის არსებით განხილვაზე მოწვეულმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ხელოვნებათმცოდნე თავისი ცოდნის, გამოცდილების, შინაგანი რწმენის, ზნეობრივი სტანდარტების საფუძველზე ადგენს, კონკრეტული ნაწარმოები სიშიშვლისა და სექსუალური აქტის გადმოცემის ფორმითა თუ ინტენსივობით, ქმნის თუ არა პორნოგრაფიულ შინაარსს, რის შემდგომაც განსაზღვრავს, აქვს თუ არა ამ ნაწარმოებს რაიმე მხატვრული, სახელოვნებო, სამეცნიერო ან საგანმანათლებლო ღირებულება. საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსგავს შემთხვევებში ექსპერტის მოსაზრება ან მის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია არ ეფუძნება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან მისგან პირდაპირ გამომდინარე კრიტერიუმებს, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ამგვარ შემთხვევებში, ექსპერტის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ისეთ ობიექტურ გარემოებად, რომელიც საკმარისი იქნებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. სასამართლო იმ აზრისაა, რომ არსებულ რეალობაში შეუძლებელიც არის, ხელოვნებათმცოდნეების მიერ გამოყენებული მიდგომები იყოს ერთგვაროვანი, ვიდრე არ იარსებებს პორნოგრაფიის ცნების განმსაზღვრელი საკანონმდებლო კრიტერიუმები და ძირითადი მახასიათებლები. 38. საკონსტიტუციო სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ ცნების ზოგადაბსტრაქტული ხასიათიდან გამომდინარე, საერთოდ შეუძლებელია პორნოგრაფიის ნორმატიული დეფინიციის ჩამოყალიბება. ტერმინის შინაარსის განსაზღვრისას კანონმდებელი ვალდებული არ არის, იგი განმარტოს იმგვარად, რომ მასში მოაზრებულ იქნეს ცნების ყველა ენობრივი თუ სოციალური გაგება და მნიშვნელობა. კანონმდებლის მიერ გარკვეული ტერმინისთვის მინიჭებული მნიშვნელობა შესაძლოა, ამომწურავი სიზუსტით არ განსაზღვრავდეს „პორნოგრაფიულის“ შინაარსობრივ მიჯნებს. უფრო მეტიც, როგორც ნებისმიერი შეფასებითი კატეგორია, პორნოგრაფიის ცნება უთუოდ ტოვებს გარკვეულ სივრცეს სუბიექტური აღქმებისათვის, თუმცა ეს არ აკნინებს ან აუფასურებს ობიექტური კრიტერიუმების გამოყენების აუცილებლობას. ამგვარი კრიტერიუმების შემცველი კანონმდებლობის მიზანია არა ცნების შინაარსის ყოვლისმომცველი განმარტება და მისი ფარგლების აბსოლუტური სიზუსტით დადგენა, არამედ მისი თვისებრიობის ჩვენება, მისი ძირითადი კრიტერიუმებისა და მახასიათებლების გადმოცემა, რომლებიც პირს შესაძლებლობას მისცემს, განსაზღვროს, რა არის აკრძალული ქმედება და რა არა, რათა შეუსაბამოს თავისი ქცევა კანონმდებლობის მოთხოვნებს. კანონმდებელმა სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შინაარსი და მისი მახასიათებლები. ამის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ ვერ დაინახა კანონმდებელმა სრულწლოვანთა პორნოგრაფიის შესახებ სადავო ნორმის შინაარსის დაზუსტების საჭიროება და რატომაა „პორნოგრაფიის“ განმარტება საერთოდ შეუძლებელი. 39. კანონმდებელმა ყოველთვის მკაფიოდ უნდა აღწეროს დასჯადი ქმედება და მასში მოაზრებული ბუნდოვანი ტერმინების შინაარსი. იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებელი კონკრეტულ სამართლებრივ შინაარსს ვერ ანიჭებს კანონის ტექსტში გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს, ტოვებს საკმაო ბუნდოვანებას ან მათი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და როდესაც ნორმის ტექსტის საფუძველზე შეუძლებელია ან გართულებულია აკრძალული და დასაშვები ქმედებების გამიჯვნა, მაშინ ასეთი რეგულაცია ვერ გამოდგება პირისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმად. 3.7. დანაშაულის კანონით გათვალისწინებულობის მოთხოვნა 40. როგორც ზემთ აღინიშნა, საერთო სასამართლოების სისტემაში არ არსებობს მყარად დადგენილი პრაქტიკა პორნოგრაფიის ცნების განმარტებასთან ან მის კრიტერიუმებთან მიმართებით. თუმცა ისიც საეჭვოა, თუნდაც ასეთი პრაქტიკის არსებობა აღმოფხვრიდა თუ არა სისხლისსამართლებრივი ნორმის განუსაზღვრელობის პრობლემას ანდა ეჭვებს იმის თაობაზე, დაკმაყოფილებულია თუ არა დანაშაულის კანონით გათვალისწინებულობის კონსტიტუციური მოთხოვნა. 41. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე. აღნიშნული პრინციპი არის დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი და გულისხმობს ძალაუფლების გამიჯვნას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. 42. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებების თანახმად, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის „დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, არამედ მისი მიზანია, აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც გამოხატულია კიდეც კონსტიტუციის შესაბამის თავებში მოცემული რეგულირებებით, რომლებიც განსაზღვრავს ხელისუფლების თითოეული შტოს კომპეტენციას და მის ურთიერთმიმართებას სხვა შტოებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). თითოეული სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს კი თავად კონსტიტუცია ადგენს. 43. ხელისუფლების გამიჯვნისა და დანაშაულის კანონით გათვალისწინებულობის მოთხოვნა გულისხმობს, რომ ამა თუ ქმედების სისხლის სამართლის წესით აკრძალვა კანონმდებლის პრეროგატივაა და სისხლის სამართლის ნორმის ტექსტი არ უნდა იძლეოდეს მისი თვითნებური, კანონმდებლის ნებისაგან განსხვავებული განმარტებისა და გამოყენების შესაძლებლობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, დანაშაულის შემადგენლობა არ უნდა იყოს იმდენად ბუნდოვანი, რომ სამართალშემფარდებელს მიეცეს შესაძლებლობა, ბუნდოვან ნორმას თავად მიანიჭოს კონკრეტული შინაარსი და, ამ გზით, თავად შექმნას ან გააფართოოს დანაშაულის შემადგენლობა, განსაზღვროს, თუ რა არის ამ ნორმით აკრძალული. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი მიდგომებით, ბუნდოვანი „ნორმის ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, შეფასების ფარგლები იმდენად ფართოა, რომ ერთი და იმავე ქმედებისათვის სადავო ნორმის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დასჯადობის დადგენისას, სხვადასხვა სასამართლო, სადავო ნორმის კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში, დიდი ალბათობითაა შესაძლებელი, მივიდეს განსხვავებულ დასკვნამდე (ნაწილმა ჩათვალოს, რომ კონკრეტული ქმედება სადავო ნორმით ისჯება, ხოლო ნაწილმა – არა). პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა შესაძლებელია იძლეოდეს სასამართლოს მიერ მისი განმარტების, ინტერპრეტაციის საშუალებას და კანონის მიერ გაკეთებული დათქმის კონკრეტულ სიტუაციასთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას. მართალია, შეუძლებელია, კანონმა გაითვალისწინოს ყველა იმ შემთხვევისა თუ სიტუაციის თითოეული ასპექტი, რომელიც მომავალში განვითარდება, მაგრამ კანონმდებელი სისხლის სამართლის კანონმდებლობის განსაზღვრისას ვალდებულია, მიიღოს ნორმა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს მისი ინტერპრეტაციის ფარგლებში სასამართლოს მიერ განსხვავებული სამართლებრივი შედეგის დადგენის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). 44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ საკანონმდებლო ხელისუფლებამ, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებიდან გამომდინარე, უნდა შექმნას ცხადი და ნათელი სისხლის სამართლის კანონი, დანაშაულის განჭვრეტადი შემადგენლობა. ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, კანონმდებლის მიერ ბუნდოვანი ცნებების შემოღება ვერ იქნება თავიდანვე ნებადართული იმ პერსპექტივით, რომ მათი შინაარსი სასამართლოს მეშვეობით იქნება შემდგომში დაზუსტებული. ცხადია, ნორმის შეფარდების დროს სასამართლო განმარტავს მას და ეს სასამართლოს ორგანული ფუნქციაა. ნორმის განმარტების დროს სასამართლო სარგებლობს მიხედულების გარკვეული ფარგლებით. იგი ვალდებულია, გონივრულ ფარგლებამდე განავრცოს ნორმის შინაარსი და უფლებამოსილია, შესაბამის გარემოებებში შედარებით ფართოდ ან ვიწროდ განმარტოს მისი ტექსტი. თუმცა ნორმის განმარტების ფუნქცია სრულიადაც არ გულისხმობს სასამართლოს უფლებამოსილებას, ბუნდოვან სისხლის სამართლის კანონს თავად მიანიჭოს ესა თუ ის კონკრეტული შინაარსი, მით უმეტეს ისეთი, რაც არ ყოფილა კანონმდებლის მიერ განზრახული თუ ნაგულისხმები. ეს იმის მაუწყებელი იქნებოდა, რომ სასამართლო გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს – ნორმის განმარტების ფუნქციის შესრულებას და რომ თავის თავზე აიღო დანაშაულის ახალი შემადგენლობის შექმნის ფუნქცია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ასეთ დროს შესაძლოა მოქმედებდეს სავსებით კეთილი განზრახვით და ცდილობდეს ნორმაშემოქმედების პროცესში წარმოშობილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას, უდავოა დაუშვებლობა იმისა, რომ დანაშაულის შემადგენლობის შექმნით/გაფართოებით მოსამართლე ფაქტობრივად ქმნიდეს ახალ ნორმატიულ მოცემულობას ბრალდებულის საზიანოდ. ასეთი რამ, ცხადია, ეწინააღმდეგება, ერთი მხრივ, ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპს და, მეორე მხრივ, დანაშაულის კანონით გათვალისწინებულობის მოთხოვნას, რაც, იმავდროულად, აკრძალული ქმედების საკმარისი ხარისხით განჭვრეტადობის მოთხოვნასაც მოიცავს. 45. პასუხისმგებლობის, მით უფრო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა არ უნდა იყოს იმდენად ზოგადი და აბსტრაქტული, რომ სამართალშეფარდების პროცესში სასამართლოს უწევდეს თვითშემოქმედება დანაშაულად გამოცხადებული ქმედების ძირითადი ნიშნებისა და მახასიათებლების დადგენისას ანდა ახალი, დამატებითი კრიტერიუმების შემოღება ამა თუ იმ ქმედების შესაბამის დანაშაულად კვალიფიცირებისათვის. კანონმდებლის მიერ განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა ვიწროდ მიზანმიმართული უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვისკენ, რათა პირი ადვილად აცნობიერებდეს კანონით აკრძალული ქმედების ჩადენისას დაცული სიკეთის ხელყოფის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში ტერმინი „პორნოგრაფია“/„პორნოგრაფიული“ სისხლის სამართლის კოდექსის ან სხვა კანონის ნორმაში საერთოდ არ არის აღწერილი; კანონმდებელი არ მიუთითებს მის არც ერთ ნიშანს, მახასიათებელს, მისი დადგენის რაიმე კრიტერიუმს და ფაქტობრივად სრულ ასპარეზს ამ ტერმინისათვის შინაარსის ხორცშესხმის საკითხში უტოვებს ნორმაშემფარდებელს, რომელიც, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობს თავისი სუბიექტური აღქმებითა და მოსაზრებებით, მათ შორის, შესაძლო სტერეოტიპული წარმოდგენებით, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის სისხლისსამართლებრივი ნორმის სრულიად სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის ფართო შესაძლებლობას. ეს კი, თავის მხრივ, კანონის არაერთგვაროვანი გაგებისა და გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს. 46. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმა არ შეიცავს „პორნოგრაფიის“ არც ერთ დამაფუძნებელ ნიშანს, არც ერთ კრიტერიუმს; იგი არ არის დახასიათებული თუნდაც შეფასებითი ცნებების გამოყენებით (როგორიცაა, მაგალითად, „აშკარად ვულგარული“, „უხეში“, „უხამსი“ „უცენზურო“ და ა. შ.), რომელთა შინაარსი, სავარაუდოდ, ასევე დაზუსტებას შეიძლება მოითხოვდეს; სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლაც, შესაძლოა, ცალკე განმარტებას საჭიროებდეს იმ ცნებებისა თუ ტერმინების შინაარსი, რომლებიც შეიძლება მომავალში გამოყენებული იქნეს „პორნოგრაფიული ნაწარმოების“ აღწერისას. საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებით პრობლემატურად ესახება ის გარემოება, რომ კიდევ უფრო ბუნდოვანია „პორნოგრაფიის“ ცნების ქვეშ ნაგულისხმევი მოცემულობის გარე ფარგლები. მაგალითად, მიჯნები პორნოგრაფიასა და ეროტიკას ან სხვა მსგავს ჟანრებს შორის. სადავო ნორმა ასევე არ მოიცავს „პორნოგრაფიულ ნაწარმოებში“ ნაგულისხმები სრულიად სხვადასხვა სიმძიმისა და ხასიათის შემთხვევების დიფერენცირების შესაძლებლობას. აღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, პორნოგრაფიის ცნების აბსტრაქციის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლოა, ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოექცეს მკვეთრად განსხვავებული შემთხვევები, მაგალითად, მხოლოდ შიშველი ადამიანების გამოსახვა და ღია სექსუალური სცენა, სქესობრივი კავშირის ჩათვლით; სექსუალური სცენები, რომლებიც გადაღებულია გარკვეული დისტანციიდან და რომლებიც გადაღებულია ძალიან ახლო მანძილიდან გენიტალიების მსხვილი ხედის ჩვენებით; სექსუალური სცენა, რომელიც ემსახურება სიუჟეტის განვითარებას ანდა პერსონაჟის პიროვნების დახასიათებას და სცენა, რომლის ჩვენება ემსახურება მხოლოდ მაყურებლის სექსუალურ აღგზნებას; ზრდასრულ ადამიანთა შორის ნებაყოფლობითი სქესობრივი აქტი, თუნდაც ძლიერ ნატურალისტურად ნაჩვენები და ისეთი მძიმე შემთხვევები, როგორებიცაა პედოფილია, ნეკროფილია ან ზოოფილია; სამართლებრივ დიფერენციაციას შეიძლება საჭიროებდეს აგრეთვე ძალადობის, სადიზმის, მაზოხიზმის თუ სექსუალური ექსპლოატაციის ამსახველი ვიზუალური სცენები და მხოლოდ შესაბამისი აუდიომასალა. ასევე დიფერენცირებულ მიდგომას საჭიროებს პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება მხოლოდ იმ პირთა წრეზე, რომელიც დაინტერესებულია ამგვარი მასალის ნახვით და მათთვის, ვისაც ასეთი სურვილი არ გამოუთქვამს ანდა, საერთოდ, მისი განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ საჯარო სივრცეში; ამგვარად, სადავო ნორმა არ იძლევა სისხლის სამართლის ნორმის ფარგლებში პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას და, ამასთანავე, შესაძლოა, ფარავდეს იმგვარ შემთხვევებსაც, რომლებიც არ მოითხოვს სისხლისსამართლებრივ რეაგირებას. 47. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის სფეროში არსებული ფართო დისკრეციისა და ძირითადი უფლებებით კანონმდებლის ბოჭვის ფონზე, პარლამენტი უფლებამოსილია, შეიმუშაოს პორნოგრაფიის დამზადება/გასაღების მომწესრიგებელი მისთვის მისაღები, მაგრამ მკაფიო და განჭვრეტადი ნორმა, რომელშიც, ერთი, მხრივ, მითითებული იქნება დანაშაულის დამაფუძნებელი ნიშნები, ხოლო, მეორე მხრივ კი, ქმედების სიმძიმისა და ხასიათის მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება შემთხვევათა დიფერენციაციისა და პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობები. ამასთან, კანონმდებელმა უნდა გამოკვეთოს და ერთმანეთისგან გამიჯნოს შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ მასალის გავრცელება ნამდვილად ხელყოფს საზოგადოების მნიშვნელოვან სამართლებრივ სიკეთეს ან სხვა პირთა უფლებებს (მაგალითად, პედოფილია, ზოოფილია, ნეკროფილია, ასევე პორნოგრაფიული მასალის გადაცემა იმ პირებისათვის, ვისაც არ სურს ამგვარი ინფორმაციის მიღება) და შემთხვევები, როდესაც სექსუალური სცენების გავრცელება არ სცდება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების, ანდა, საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას კონსტიტუციით გარანტირებულ ფარგლებში, რაც გამორიცხავს მათი კრიმინალიზაციის გამართლებულობას. პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება/გავრცელების ამკრძალავი ნორმა, მისი ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, იმგვარად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ, ერთი მხრივ, დაცული იქნეს არასწრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები, უწინარესად, მათი სწორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარებისა, ასევე იმ სრულწლოვან პირთა ინტერესები, ვისაც თავისი სექსუალური ეთიკიდან გამომდინარე ან სხვა მიზეზით, უბრალოდ, არ სურს შესაბამისი სექსუალური ხასიათის ვიზუალური თუ აუდიო მასალის ნახვა თუ მოსმენა. მეორე მხრივ, ინტერესთა დაბალანსება მიზნად იმას უნდა ისახავდეს, რომ ზიანი არ მიადგეს აზრის გამოხატვის, ინფორმაციის მიღება/გავრცელებისა და საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, მათ შორის, სრულწლოვან/ზრდასრულ პირთა უფლებას, თავიანთი პირადი ცხოვრება წარმართონ საკუთარი შეხედულებით, მიიღონ და გაეცნონ, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ინფორმაციასა თუ მასალას; კანონმდებელმა შესაბამისი მიდგომები უნდა შეიმუშაოს თანამედროვე რეალიების მხედველობაში მიღებით, ყოველგვარ ინფორმაციაზე, განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეში, საყოველთაო ფართო ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით; აგრეთვე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა არასასურველი ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობას იმ გაგებით, რომ მისდამი ხელმისაწვდომობა მხოლოდ ინტერნეტმომხმარებლის პროაქტიული ქმედებით არის ტექნიკურად შესაძლებელი; დეტალიზებული კანონმდებლობა პირს შეუქმნის მკაფიო წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში მოქმედებს იგი კანონის ფარგლებში და როდის სჩადის სისხლის სამართლით აკრძალულ ქმედებას. ამ გზით მიღწეული იქნება, რომ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის ბედი არ იყოს დამოკიდებული სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ პირთა კეთილსინდისიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, მათ მორალურ დოგმებსა თუ ხისტ შეხედულებებზე, ასევე სამართალშემფარდებლის ან ექსპერტის პირად შეხედულებებზე, წინასწარ, ზოგჯერ რეალური მახასიათებლებისგან დაშორებულ ანდა მიკერძოებულ განწყობებსა და წარმოდგენებზე ან/და სხვა არარელევანტურ თუ ჰიპოთეზურ ფაქტორებზე. 48. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს იმის საჭიროებას, რომ მიღებულ იქნეს სპეციალური კანონი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებს სექსუალური სცენების ამსახველი მასალების სამოქალაქო ბრუნვის საკითხებს, გაითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელების ისეთი საშუალებების სპეციფიკას, როგორებიცაა, მაგალითად, ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზია; გაითვალისწინებს შესაბამისი საშუალებით, ამა თუ იმ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სპეციფიკას; ინფორმაციის გავრცელების დაბლოკვის შესაძლებლობას, მათ შორის, ინფორმაციის მომხმარებლის მიერ; მკაფიოდ გამიჯნავს ამგვარი მასალის გავრცელების დასაშვებ და დაუშვებელ შემთხვევებს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური ინტერესების სამართლიანი დაბალანსების, ინფორმაციის გავრცელების საშუალების სპეციფიკისა თუ თავისებურების გათვალისწინებით. 49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნორმა იმდენად ფართოდ ინტერპრეტირებადია, ბუნდოვანი და მკრთალი შინაარსობრივი ფარგლების მქონეა, რომ ნორმის შემფარდებელ სასამართლოს, სათანადო ნორმატიული ბოჭვის არარსებობის პირობებში, საშუალებას აძლევს და, იმავდროულად, ავალდებულებს კიდეც, თავად განსაზღვროს, თუ რა არის „პორნოგრაფიული ნაწარმოები“, ზუსტად რას მოიცავს აკრძალული ქმედება, საერთოდ, რა არის ის, რაც აკრძალულია და რას გულისხმობს სისხლის სამართლის მოცემული ნორმა. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს და ვერ ჩაითვლება „კანონად“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის გაგებით, რომლის მიხედვითაც, პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ცხადი, არაორაზროვანი და განჭვრეტადი კანონის საფუძველზე, რომელიც ნორმაშემფარდებელს არ აძლევს დასჯადი ქმედების ფარგლების გაფართოების შესაძლებლობას და, იმავდროულად, თვითნებობისაგან დაცვის ეფექტიანი გარანტიებით არის აღჭურვილი, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. 4. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით 50. განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სადავო ნორმა, ბუნდოვანებისა და განუჭვრეტელობის საფუძვლით, არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. „პორნოგრაფიული ნაწარმოების“ შინაარსობრივი ბუნდოვანების გამო, ცნობილი არ არის, ზუსტად რას გულისხმობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ, რომელი ქმედებებია მის საფუძველზე აკრძალული და რომელი არა. შესაბამისად, ვინაიდან შეუძლებელია სადავო ნორმით აკრძალული ქმედებების ზუსტი იდენტიფიცირება, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ეს ბუნდოვანი და ამორფული შინაარსისა თუ ფარგლების მქონე მოცემულობა შეაფასოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სხვა უფლებებთან, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვისა თუ ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით და განავითაროს ზუსტი და საგნობრივი მსჯელობა იმაზე, თუ რა მოცულობით ზღუდავს სადავო ნორმა კონსტიტუციის ამ ნორმით გათვალისწინებულ უფლებებს და გამოიტანოს უტყუარი დასკვნები გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ინტენსიურობასა და თანაზომიერებაზე, ჩარევის აუცილებლობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში და, საბოლოო ჯამში, იმაზე, არღვევს თუ არა სადავო ნორმა კონსტიტუციურ სტანდარტებს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს არ ესახება არც შესაძლებლად და არც მიზანშეწონილად, ჰიპოთეზურად იმსჯელოს ზემოაღნიშნულ საკითხებზე წინამდებარე სარჩელისა და ნორმატიული მოცემულობის ფარგლებაში, ვიდრე კანონმდებელი არ ჩამოაყალიბებს ნათელ და განჭვრეტად ნორმას პორნოგრაფიის დანაშაულის შემადგენლობაზე, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს. ეს იმის ტოლფასი იქნებოდა, სასამართლომ მის მიერვე ბუნდოვნად მიჩნეულ ნორმას ჯერ თავად მიანიჭოს ზუსტი კონკრეტული შინაარსი და შემდეგ ნორმის საკუთარი ინტერპრეტაცია, მასში მის მიერვე ნაგულვები შინაარსი შეაფასოს გამოხატვის თავისუფლებასთან ანდა კონსტიტუციის სხვა ნორმასთან მიმართებით. სადავო ნორმა, სავარაუდოდ, მრავალ ნორმატიულ შინაარსს შეიცავს, რომელთა მიმართ, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული მიდგომები იქნეს გამოყენებული, რაზედაც მოსარჩელეც მუთითებს. თუმცა ამ ეტაპზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლად და, მით უმეტეს, გამართლებულად არ მიაჩნია რომელიმე ერთ ან რამდენიმე სავარაუდო ნორმატიულ შინაარსზე აქცენტის გაკეთება, ვიდრე განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონით არ იქნება დადასტურებული ამ ნორმატიული შინაარსების არსებობა. სასამართლო იმასაც ითვალისწინებს, რომ თვით მოსარჩელის მიერ მთელი ნორმის – სსკ 255-ე მუხლის პირველი ნაწილის - არაკონსტიტუციურად ცნობა არის მოთხოვნილი და არა მისი რომელიმე ნორმატიული შინაარსისა. უფრო მეტიც, საკუთრივ მოსარჩელეც იმ აზრისაა, რომ დასჯადი სფეროდან მის მიერ დასახელებული შემთხვევების გამორიცხვა უნდა მოხდეს მხოლოდ „მას შემდეგ, რაც პორნოგრაფიის ცნება განჭვრეტადი გახდება“ (იხ. სარჩელის დასკვნა, გვ. 36). 51. ზემოთქმული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას ვერ შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ წინადადებასთან, ისევე, როგორც ამავე კონსტიტუციური დებულების მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, 21, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების, 45-ე და 47-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: 1. კონსტიტუციური სარჩელი №926 („გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. 2. კონსტიტუციური სარჩელი №926 („გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. 3. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2023 წლის 1 მაისიდან. 4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 6. გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების გიორგი თევდორაშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხავებული აზრი სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტთან მიმართებით. 7. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს. 8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები: ვასილ როინიშვილი ევა გოცირიძე გიორგი თევდორაშვილი გიორგი კვერენჩხილაძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლების – გიორგი თევდორაშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის №1/8/926 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №1/8/926 გადაწყვეტილების (შემდგომში – გადაწყვეტილება) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით. დასახელებული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე გიორგი ლოგუას კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ“, „გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად არის მიჩნეული პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის (შემდგომში, პორნოგრაფიული ნაწარმოები) უკანონოდ გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ან/და მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით (შემდგომში, გავრცელება). №926 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან მიმართებითაც. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმას გააჩნია მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისათვის, რამდენადაც ბუნდოვანი რეგულაციით დაწესებული პასუხისმგებლობის/სანქციის შიშმა პირი შესაძლოა აიძულოს, თავი შეიკავოს იმგვარი მასალის გავრცელებისგანაც კი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროშია მოქცეული. ამასთანავე, მოსარჩელე განმარტავდა, რომ ზრდასრულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაავრცელონ პორნოგრაფიული მასალა, ვინაიდან ამგვარი ქმედებით ზიანი არ ადგება მესამე პირებს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ პორნოგრაფიული ნაწარმოების ზრდასრულ ადამიანებში გავრცელების შეზღუდვა ეწინააღმდეგებოდა გამოხატვის თავისუფლებას. 3. წინამდებარე განსხვავებული აზრის ჩამოყალიბების საფუძველს სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ წინადადებასთან, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით სადავო ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ განვითარებული პოზიცია წარმოადგენს. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე სადავოდ გამხდარ ნორმაში მოხსენიებული ტერმინი – „პორნოგრაფია“ არის ბუნდოვანი, არ შეესაბამება პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხის მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. ამასთანავე, იმიტომ, რომ გასაჩივრებული ნორმა განუსაზღვრელად იქნა მიჩნეული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის შესაბამის პუნქტებთან მისი კონსტიტუციურობის შეფასებაზე (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 50-ე–51-ე პარაგრაფები). სწორედ ამ კონტექსტში, არ ვიზიარებთ №1/8/926 გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებულ პოზიციას და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით შემოთავაზებულ გადაწყვეტას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რამდენად და რა მოცულობით განეკუთვნება პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცული სფეროს ნაწილს. ამასთანავე, ვთვლით, რომ ამავე გადაწყვეტილებით უნდა დადგენილიყო, პორნოგრაფიის ცნების განუსაზღვრელი ბუნების გამო, რამდენად გააჩნდა სადავო ნორმას ე. წ. „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის პროცესში. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას სადავო ღონისძიების კონსტიტუციურობა უნდა გადაეწყვიტა თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე და, საბოლოოდ, არაკონსტიტუციურად ეცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულია თავისუფლად აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება. გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საყრდენს, საფუძველს თითოეული ინდივიდისა და სრულიად საზოგადოების პროგრესული განვითარებისათვის. ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების სულისკვეთება ისეთი იდეებისა თუ შეხედულებების გავრცელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომელიც, არსებითად, დაკავშირებულია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებათა მრავალფეროვნებასთან, აზრთა ჭიდილთან და საჯარო და ინფორმირებული დებატების წახალისებასთან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ იმგვარი იდეებისა და ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეესაბამება სოციუმში გაბატონებულ შეხედულებებს ან საზოგადოებისათვის სასარგებლოდ, მისაღებად ან/და უვნებლად მიიჩნევა და მიმართულია საზოგადოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დებატების წახალისებისაკენ, არამედ, მათ შორის, განიხილება როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მიუღებელ, შეურაცხმყოფელ, შემაწუხებელ ან/და შოკისმომგვრელ ინფორმაციად. იდეათა თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ სისტემებში, საზოგადოების ფართო ფენებისათვის შესაძლოა, ყოველთვის არ იყოს მისაღები ცალკეული ინდივიდების გამოხატვა, თუმცა აღნიშნული გარემოება გამოხატვას კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვის მიღმა მყოფად არ გადააქცევს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამრიგად, გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი საკვანძო მექანიზმი ინდივიდისა თუ სხვადასხვა მიკროსოციუმისათვის მრავალფეროვანი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, რელიგიური და კულტურული მიზნების მისაღწევად. სწორედ ამგვარია პლურალიზმისა და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომლის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობაზე საუბარიც კი. 5. ინდივიდებს, რომლებიც ქმნიან, ასრულებენ, საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდიან და ავრცელებენ ამა თუ იმ ნაწარმოებს, თავიანთი წვლილი შეაქვთ იდეებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლაში. პორნოგრაფიული ნაწარმოების არსებული თუ შესაძლო საკანონმდებლო დეფინიციისაგან დამოუკიდებლად, როგორიც არ უნდა იყოს იგი განსახილველი დავის გადაწყვეტისას ან როგორადაც არ უნდა შეიმუშავოს საკანონმდებლო ორგანომ იგი მომავალში, არსებობს რამდენიმე მინიმალური მახასიათებელი, რაც, საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, გამოარჩევს მას სხვა შემოქმედებითი/სახელოვნებო ნაწარმოებებისგან. კერძოდ, სექსუალური/სქესობრივი აქტების რა სპექტრიც არ უნდა მოიცვას მან, სულ მცირე, პორნოგრაფიულად მიიჩნევა ნაწარმოები, რომელიც გამოიხატება ვიზუალური, აუდიოვიზუალური ან სხვა ფორმით, სადაც ასახულია/ნაჩვენებია ღია სექსუალური სცენები, რომლებიც, არსებითად, მაყურებლის სექსუალურად აღგზნებისაკენ არის მიმართული. ამასთანავე, პორნოგრაფიული ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი სექსუალური აღგზნების კონოტაციის მიუხედავად, იგი არ წარმოადგენს იდეებისაგან აბსოლუტურად დაცლილ ქმნილებას, არამედ ატარებს კონკრეტულ იდენტიფიცირებად გზავნილს, რომლის მაყურებლამდე მიტანაც ნაწარმოების ავტორს წინასწარ აქვს განზრახული. სწორედ აღნიშნული გზავნილები აღვივებს მაყურებელში პორნოგრაფიული ნაწარმოებებისადმი ინტერესს. ამრიგად, პორნოგრაფია, როგორც ადამიანის იდეების გამოხატულება, აზროვნების შედეგი და ერთგვარი გზავნილი საზოგადობის ან/და მისი ცალკეული წევრებისადმი, წარმოადგენს გამოხატვის ფორმას და ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. 6. ამასთანავე, ბუნებრივია, გამოხატვის თითოეულ კატეგორიას (მაგ., პოლიტიკური და იდეოლოგიური, სახელოვნებო, კომერციული გამოხატვა თუ სხვ.), საკუთარი შინაარსობრივი მხარის, მიზანმიმართულებისა და საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დებატებში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, შესაძლებელია, არ გააჩნდეს ექვივალენტური კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვა და თითოეული მათგანის რეგულირებისას/შეზღუდვისას, განსხვავებული იყოს სახელმწიფოს თავისუფალი მოქმედების ფარგლები. ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო უფლებამოსილია, შედარებით მეტად ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში, ვიდრე აღნიშნული დასაშვები იქნებოდა სხვა სახის ნებისმიერ გამოხატვასთან მიმართებით. მაგალითისათვის, დასაშვებია, განსხვავებული იყოს, ერთი მხრივ, პოლიტიკური ან/და იდეოლოგიური აზრისა და, მეორე მხრივ, პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელებაზე შეზღუდვის დაწესების ფარგლები და მასშტაბი. ცხადია, პოლიტიკური ხასიათის განცხადებები განსაკუთრებულადაა დაცული გამოხატვის თავისუფლებით და ამგვარი განცხადებების გაკეთებისას, ინდივიდები სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების საკმაოდ ფართო ფარგლებით და, პირიქით, სახელმწიფო მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია უფლებამოსილი დააწესოს გამოხატვის ამ ფორმაზე შეზღუდვები. საპირისპიროდ, პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების თვალსაზრისით, სახელმწიფო თავისუფალი შეფასების ფართო ზღვრით სარგებლობს და გააჩნია უფლებამოსილება მკაცრად დაარეგულიროს მისი შინაარსი, მაგალითად, იმ შემთხვევებში, როდესაც საკითხი შეეხება არასრულწლოვანთა პორნოგრაფიას, ზოოფილიას, ნეკროფილიას, ძალადობის შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებებს და სხვ., თუმცა იმ პირობით, რომ მის მიერ შერჩეული ღონისძიება იქნება გონივრული და საკმარისი და არ გაცდება იმ თავისუფალი შეფასების ფარგლებს, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მხრივ გააჩნია. ამასთან, აღნიშნული კვლავაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. 7. პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვად მიჩნევის შემდგომ, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ მოსარჩელე მხარის იმ არგუმენტაციაზე, რომელიც შეეხება განუჭვრეტელი კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობის „მსუსხავ ეფექტს“ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის. მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლების ხასიათიდან გამომდინარე, უნდა შემოწმებულიყო პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელებისათვის სადავო ნორმით განსაზღვრული ფორმით აკრძალვას რამდენად აქვს „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც შესაძლებელია არ ექცეოდეს სადავო ნორმის მოწესრიგების სფეროში. მსგავსი ეფექტი, შესაძლოა განპირობებული იყოს, მათ შორის, სადავო ნორმის ბუნდოვანებით. 8. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი დამოუკიდებლად ადგენს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი რეგულირების განსაზღვრულობის სტანდარტებს. კერძოდ, საკითხი იმის თაობაზე, აქვს თუ არა ადგილი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, მჭიდროდ არის დაკავშირებული, მათ შორის, თავად ამ უფლების განხორციელებაზე „მსუსხავი ეფექტის“ არსებობის რისკებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, გამოხატვის თავისუფლება „მსუსხავ ეფექტს“ განიცდის იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდი მოსალოდნელი პასუხისმგებლობის/სანქციის შიშით, იძულებულია, თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც. „„მსუსხავი ეფექტის“ გავლენით ნორმის ზემოქმედება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე შესაძლებელია გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა. გამოხატვის თავისუფლების სფეროს ამგვარად რეგულირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საზოგადოების გაუმართლებელი ჩაკეტვა, მისი მოქმედების თავისუფლების თვითშეზღუდვა, აიძულოს ადამიანები, მოახდინონ თვითცენზურა გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს იმ ნაწილში, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც არ არსებობს, რაც, თავისთავად, ამ უფლების არათანაზომიერად შეზღუდვის ტოლფასია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 8). 9. №1/8/926 გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც მომიჯნავე კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა პორნოგრაფიის ცნების ნორმატიულ დეფინიციას. ამა თუ იმ ნაწარმოების „პორნოგრაფიად“ მიჩნევა დამოკიდებული იყო სხვადასხვა პირის ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, მორალურ და ზნეობრივ შეხედულებებზე, ისევე, როგორც სექსუალური ეთიკის შესახებ მათ წარმოდგენებზე. სწორედ მრავალფეროვანი და ერთმანეთისაგან განსხვავებული შეხედულებების ფონზე, ნაწარმოების პორნოგრაფიულად მიჩნევისათვის, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია საკმარისი ყოფილიყო ადამიანის შიშველი სხეულის ჩვენება, სხვა შემთხვევაში კი – სექსუალური/სქესობრივი აქტის გადმოცემა. ამასთან, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია პორნოგრაფიად განხილულიყო მხოლოდ ისეთი ნაწარმოები, რომელშიც სექსუალური აქტი წარმოჩენილია ექსპლიციტურ ფორმებში, სადაც სასქესო ორგანოები ნაჩვენებია ახლო ხედით და რომლის მიზანია მხოლოდ პირის სექსუალური აღგზნება. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პორნოგრაფიას შესაძლებელია მიეცეს უამრავი ერთმანეთისაგან განსხვავებული განმარტება, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სექსუალური ეთიკის/მორალურობის შესახებ არსებობს ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავებული შეხედულებები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 33-ე–36-ე პარაგრაფები). 10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის დადგენის ნაწილში არ არის ჩამოყალიბებული საკმარისი სიცხადით და გააჩნია „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლებაზე. სადავო ღონისძიება იძულებულს ხდის ადამიანებს, გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციისას, პასუხისმგებლობის/სანქციის დაკისრების შიშით, განახორციელონ თვითცენზურა და იმაზე მეტად შეიზღუდონ თავი ამა თუ იმ ნაწარმოების გავრცელებისას, ვიდრე ამას სადავო რეგულაცია მოითხოვს. 11. როგორც აღინიშნა, აგრეთვე ვიზიარებთ მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, რომ სადავო ნორმა გაუმართლებლად ზღუდავს პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების უფლებას, როდესაც მისი მიმღები ზრდასრული ადამიანია, რომელმაც გამოხატა ნება და მიმართა აქტიურ ღონისძიებებს ამგვარი ნაწარმოების სანახავად. 12. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამრიგად, ნათელია, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და იგი შესაძლებელია, დაექვემდებაროს შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციაში მოხსენიებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ამავე მიზნების მიღწევის თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). 13. №926 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა არასრულწლოვანი პირების ნორმალური ფიზიკური და სულიერი განვითარება, სექსუალური თვითგამორკვევის უფლების უზრუნველყოფა და მათი დაცვა პორნოგრაფიული ნაწარმოების ხილვით გამოწვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენისგან. მოპასუხის მითითებით, პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების შეზღუდვა, აგრეთვე ემსახურება საზოგადოებრივი მორალისა და ზნეობის დაცვას. ამასთანავე, მოპასუხე მხარის განმარტებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია ინტერნეტში პორნოგრაფიული ნაწარმოების იმგვარად განთავსება, რომ აღმოიფხვრას არასრულწლოვანთა მხრიდან მათზე წვდომის რისკები. ამიტომ, მოპასუხის პოზიციით, ინტერნეტში პორნოგრაფიის გავრცელების საყოველთაო შეზღუდვა არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და ვიწროდ პროპორციული საშუალება. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს აგრეთვე იმ სრულწლოვანი პირების ინტერესების დაცვა, რომელთაც არ სურთ, მოულოდნელად, თავიანთი ნებისგან დამოუკიდებლად, გახდნენ პორნოგრაფიული მასალის მხილველნი – ე. წ. „დატყვევებული აუდიტორია“. 14. სადავო ნორმის მოპასუხე მხარის მიერ დასახელებულ ლეგიტიმური მიზნებიდან, თავდაპირველად, ყურადღებას გავამახვილებთ პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის საკითხზე საზოგადოებრივი მორალისა და ზნეობის დაცვის მოტივით. ამ თვალსაზრისით, არ გამოვრიცხავთ, რომ, რიგ საგამონაკლისო შემთხვევებში, საზოგადოებრივი მორალისა და ზნეობის დაცვა მართლაც წარმოადგენდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა, განსახილველი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ამ ლეგიტიმურ მიზანზე აპელირება არარელევანტურია. მოცემული საქმის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენდა პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების საყოველთაო აკრძალვა, მათ შორის, იმ ზრდასრულ ადამიანებთან მიმართებით, რომლებმაც საკუთარი ნებითა და აქტიური ქმედებებით გამოხატეს პორნოგრაფიული ნაწარმოების ნახვის ინტერესი. მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პორნოგრაფიული ნაწარმოების მიზნობრივად გავრცელებით, როდესაც არ ხდება მისი საჯაროდ ჩვენება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ ან/და თავს მოხვევა ან/და რაიმე ფორმით პირთა იძულება, შეუძლებელია საზოგადოების მორალურ და ზნეობრივ ღირებულებებზე მესამე პირთა მხრიდან ნეგატიურ ზემოქმედებაზე საუბარი. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება ხდება მხოლოდ საზოგადოების იმ ჯგუფებში, რომლებიც გაცნობიერებულად იღებენ პორნოგრაფიული ნაწარმოების ნახვის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მორალისა და ზნეობის დაცვის მიზნით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე მითითება არალოგიკურია. 15. ამასთანავე, არ გამოვრიცხავთ, რომ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს, საკუთარი სპეციფიკური შინაარსის გათვალისწინებით, გააჩნდეს მავნე ზემოქმედება არასრულწლოვან პირებზე, რომლებიც სათანადოდ მომწიფებულნი არ არიან სექსუალური ცხოვრებისათვის. პორნოგრაფიულმა მასალამ შესაძლოა, არასრულწლოვან პირებს არასწორი წარმოდგენები შეუქმნას სექსუალურ/სქესობრივ ცხოვრებაზე, რაც ნეგატიურად აისახება მათ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ, ისევე, როგორც სექსუალურ განვითარებაზე. გარდა ამისა, სავსებით მისაღებია, რომ პირთა ცალკეულ ჯგუფს, საკუთარი პირადი მორალური, მსოფლმხედველობრივი, რელიგიური თუ სხვა გარემო-ფაქტორების გათვალისწინებით, არ სურდეთ საკუთარი ნებისაგან დამოუკიდებლად პორნოგრაფიის შემცველი მასალის ხილვა, რაც აგრეთვე კონსტიტუციურსამართლებრივად დაცულ ინტერესად უნდა იქნეს განხილული. ამრიგად, ამ თვალსაზრისით, სავსებით ვიზიარებთ როგორც მოსარჩელე, აგრეთვე მოპასუხე მხარის პოზიციებს, რომ პორნოგრაფიული ნაწარმოების ხილვისაგან არასრულწლოვნების, ისევე, როგორც იმ სრულწლოვანი პირების ინტერესების დაცვა, რომლებიც შესაძლებელია განხილულ იყვნენ ე. წ. „დატყვევებულ აუდიტორიად“, წარმოადგენს იმ ღირებულ კონსტიტუციურ სიკეთეებს, რომელთა უზრუნველყოფის მოტივითაც შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. 16. სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზნის დადგენის შემდგომ, მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას №1/8/926 გადაწყვეტილებაში უნდა გაეგრძელებინა მსჯელობა და შეეფასებინა, რამდენად პასუხობს კანონმდებლის მიერ შემუშავებული უფლებაშემზღუდველი ღონისძიება თანაზომიერების პრინციპის გამოსადეგობის მოთხოვნებს. განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოქმედი საკანონმდებლო სივრცის ფარგლებში, პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით, ყველა შემთხვევაში, უკანონო ქმედებაა (იხ., გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 22-ე–26-ე პარაგრაფები). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინტერნეტი თანამედროვე საზოგადოებაში ნებისმიერი ფორმით გამოხატული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, რომლის მეშვეობითაც ელექტრონულ სივრცეში, დროის მცირე მონაკვეთში, განუზომელი მოცულობის ინფორმაცია აკუმულირდება. ინტერნეტის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ინდივიდთა განსხვავებული ჯგუფების ფიზიკურ საზღვრებს მიღმა, ვირტუალურ სივრცეში თავმოყრა, კომუნიკაცია და ინფორმაციის გაზიარება. ამრიგად, ხელმისაწვდომობის, გაცვლილი ინფორმაციის მოცულობისა და მრავალფეროვნების, ისევე, როგორც ამგვარ ინფორმაციაზე წვდომის სიმარტივის გათვალისწინებით, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის პროცესში ინტერნეტის როლი უპრეცედენტო და შეუცვლელია. 17. გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის პროცესში ინტერნეტის როლისა და სარგებლიანობის აღიარების პარალელურად, მიგვაჩნია, რომ რამდენადაც მარტივია ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, იმდენად რთულია, გლობალურ კონტექსტში, ინფორმაციის დინების კონტროლი. რამდენადაც ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია არ შემოიფარგლება სახელმწიფოთა ფიზიკური საზღვრებით და თანაბრად ხელმისაწვდომია მსოფლიო მასშტაბით, ამა თუ იმ შინაარსის ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა შესაძლებელია, ნამდვილად წარმოადგენდეს რთულად მისაღწევ ამოცანას. მიუხედავად ამისა, პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას, ბუნებრივია, გააჩნია შემაკავებელი ეფექტი და ამცირებს აკრძალვას დაქვემდებარებული ინფორმაციის გავრცელების რისკებს და შემთხვევებს, როგორც ინდივიდუალური, აგრეთვე ზოგადი პრევენციის თვალსაზრისით. ამრიგად, სადავო ნორმას გააჩნია პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების პრევენციის პოტენციალი. ამა თუ იმ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება, აგრეთვე ხელს უწყობს დარღვევაზე ეფექტიან რეაგირებას. შედეგად, მცირდება პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების გზით არასრულწლოვანი და იმ სრულწლოვანი პირების ინტერესების შელახვის რისკები, რომლებიც შესაძლებელია, განეკუთვნებოდნენ ე. წ. „დატყვევებულ აუდიტორიას“. 18. მიუხედავად ზემოხსენებულისა, საგულისხმოა, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილი, ცალკეულ შემთხვევებში ვალდებულიც კი არიან, აკონტროლონ პორნოგრაფიული ნაწარმოებების გავრცელება იმ პირების მიერ, რომლებიც აღნიშნულ ქმედებას საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებენ და რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ იურისდიქციას ექვემდებარებიან. გლობალურ ქსელში განთავსებული პორნოგრაფიული მასალის მოცულობა და გავრცელების მასშტაბი იმდენად მაღალია და, ამავდროულად, იმდენად მარტივია ამგვარ მასალაზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ხელმისაწვდომობა, რომ დემოკრატიული მმართველობის ნორმალურ პირობებში, ინტერნეტის, როგორც კომუნიკაციის საშუალების გავრცელების შეზღუდვის გარეშე, შეუძლებელი ხდება გლობალური ქსელით გადაცემული ინფორმაციის, მათ შორის, პორნოგრაფიული ნაწარმოებების შინაარსობრივი გაკონტროლება. ამრიგად, სავსებით ხშირია შემთხვევები, როდესაც პორნოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები გავრცელებულია იმ დომეინ მისამართის ქვეშ დარეგისტრირებული ვებ-გვერდის ან/და იმ პირის მიერ, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიულ იურისდიქციას. შესაბამისად, ინფორმაციულ ერაში ინტერნეტის მეშვეობით, სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის მიუხედავად, კვლავ ხელმისაწვდომია პორნოგრაფიული ნაწარმოები იმ ინტერნეტ მომხმარებლებისათვის, რომელთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვასაც ემსახურება სადავო ღონისძიება. ამასთან, საქართველოს ტერიტორიული იურისდიქციის ფარგლებში მოქმედი პირების მიერ პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების ხვედრითი წილი, გლობალურ ინტერნეტ სივრცეში არსებულ მსგავსი შინაარსის მასალებთან შედარებით, საკმაოდ მცირეა. ამრიგად, მართალია განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარ ნორმას შესაძლებელია გარკვეული წვლილი შეჰქონდეს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების უზრუნველყოფის პროცესში, თუმცა სადავო ღონისძიების ეფექტი იმდენად მწირი და მიზერულია, ინტერნეტში განთავსებულ და ხელმისაწვდომ პორნოგრაფიულ მასალაზე რეალურ დროში ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმის გამოსადეგობას, ფაქტობრივად, აზრს უკარგავს და არალოგიკურს ხდის, თავისი კონსტიტუციური მნიშვნელობით. 19. ამასთანავე, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის ელემენტზე და მივუთითოთ, რომ არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების დაცვა, მათი ჯანსაღი ფიზიკური, ფსიქიკური თუ სექსუალური განვითარება უმნიშვნელოვანესი ღირებულების მატარებელი საჯარო ინტერესებია, რომლის უზრუნველყოფის მოტივითაც სახელმწიფო უფლებამოსილი და, უფრო მეტიც, ვალდებულიცაა, შეიმუშაოს ქმედითი ღონისძიებები. მიუხედავად ამისა, დასახელებული ზომები უნდა იყოს მკაცრად მიზნობრივი და გადაჭარბებულად არ იწვევდეს პირთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ სადავო რეგულაცია ტოტალურად გამორიცხავს პორნოგრაფიული ნაწარმოების ინტერნეტის მეშვეობით გავრცელების შესაძლებლობას. გასაჩივრებული ღონისძიება კრძალავს პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელებას, მათ შორის, იმ პირებისათვის, რომლებსაც საკუთარი ასაკის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომწიფებულობის გათვალისწინებით, შეუძლიათ და სურთ პორნოგრაფიული ნაწარმოების ხილვა, საამისოდ გამოხატავენ ნებას და მიმართავენ აქტიურ ღონისძიებებს. 20. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ზრდასრულ ადამიანებს უფლება უნდა ჰქონდეთ, მიიღონ და გაავრცელონ პორნოგრაფიული მასალა, ვინაიდან ასეთი ქმედება ზიანს არ აყენებს მესამე პირებს. მიგვაჩნია, რომ პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა, როდესაც ამგვარი შეზღუდვა მოიცავს მთლიან საზოგადოებას, გაუმართლებელია, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში შეხედულებები სექსუალური მორალურობის შესახებ არაერთგვაროვანია და უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით შეცვლილია. სხვაგვარად, იმ შემთხვევაში, როდესაც პორნოგრაფიული ნაწარმოების ნახვა სრულწლოვანი ადამიანების ნებელობითი აქტია და პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება არ არღვევს ზემოხსენებულ პირთა ჯგუფების უფლებებს, ზრდასრულ ადამიანებს უნდა გააჩნდეთ ამგვარი ნაწარმოების კანონიერად გავრცელების შესაძლებლობა. 21. ამრიგად, პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების აბსოლუტური აკრძალვით, სახელმწიფო იმაზე მეტად ზღუდავს ამგვარი ნაწარმოების გავრცელებით დაინტერესებული პირების გამოხატვის თავისუფლებას, ვიდრე აუცილებელია არასრულწლოვანი პირებისა და იმ სრულწლოვანი პირების ინტერესების დასაცავად, რომელთაც, საკუთარი ნებისაგან დამოუკიდებლად, არ სურთ პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი ნაწარმოების ხილვა. ამ თვალსაზრისით, ვიზიარებთ მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ კოდირებული ფორმით ან ფილტრაციის მეშვეობით პორნოგრაფიული ნაწარმოების ინტერნეტში განთავსება არის მსგავს მასალაზე არასრულწლოვანი პირების წვდომის შეზღუდვის ვიწროდ მიმართული საშუალება. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტში პორნოგრაფიული ნაწარმოები კოდირებული ფორმით ან ფილტრაციის მექანიზმის გამოყენებით განთავსდება, მასზე წვდომა ექნება მხოლოდ იმ სრულწლოვან პირებს, რომლებმაც საკუთარი აქტიური ქმედებებით გამოხატეს ამგვარი ნაწარმოების ხილვის სურვილი და ინტერესი. ამასთან, მიგვაჩნია, რომ არ არსებობს ზრდასრული ადამიანებისათვის პორნოგრაფიულ ნაწარმზე ხელმისაწვდომობის ზოგადი აკრძალვის ლეგიტიმური ინტერესი. 22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლი იმაზე მეტად ზღუდავს პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად, რის გამოც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი წინადადების, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილ სტანდარტებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო იგი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გიორგი თევდორაშვილი გიორგი კვერენჩხილაძე
|
დოკუმენტის კომენტარები