საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/5/1633
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 03/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016717
1/5/1633
03/11/2022
ვებგვერდი, 07/11/2022
000000000.00.000.016717
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის

 განმწესრიგებელი სხდომის

 

საოქმო ჩანაწერი №1/ 5 /1633 

       

2022 წლის 3 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

 

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.

 

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

 

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 

დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

 

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1633) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1633 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 23 ივლისს. №1633  კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 3 ნოემბერს.

2. №1633 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

3. პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ გათვალისწინებულია სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო „ი“ ქვეპუნქტით პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვისა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელს კი წარმოადგენს კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ.

4.  საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დასაცავად“.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელის სახით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს ოჯახთან ურთიერთობის ის შესაძლებლობები, რომლებიც მისთვის ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებაში. მოსარჩელისთვის პრობლემურია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის იმგვარი დისციპლინური სახდელის დაკისრება, რომელიც მას ბლანკეტურად უზღუდავს ოჯახის წევრებთან და გარესამყაროსთან კავშირის ქონის შესაძლებლობას.

6.  მოსარჩელის პოზიციით, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახდელის მიზანს წარმოადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის იძულება, დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შედეგად, ზიანი არ მიაყენოს იქ არსებულ წესრიგსა და უსაფრთხოებას. უშუალოდ გასაჩივრებული სახდელების ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2011 წლის 11 ნოემბრის №5255-IIს საქართველოს კანონი, რომლითაც პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა დისციპლინური სახდელის, მათ შორის, შემდეგი სახეები: „თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ“.

7. კონსტიტუციურ სარჩელში განვითარებული მოსაზრების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებაზე თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიღება განაპირობებულია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა დისციპლინური სახდელებისა და წახალისების ფორმების უფრო დეტალურად და სრულყოფილად ჩამოყალიბების აუცილებლობით. რაც შეეხება კანონპროექტის მიზანს, განმარტებითი ბარათის თანახმად, მას წარმოადგენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ არსებული ნორმების ლიბერალიზაციას და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მართლწესრიგის განმტკიცება. მოსარჩელის აზრით, მართლწესრიგის განმტკიცებაში ასევე იგულისხმება მისი გაძლიერება, რაც, თავის მხრივ, სახდელების გამრავალფეროვნებასა და გამკაცრებაში გამოიხატა. მოსარჩელის არგუმენტაციით, უდავოა, რომ პატიმრისთვის ოჯახთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმების მრავალთვიანი შეზღუდვა, რაც მანამდე არ იყო გათვალისწინებული, ამ ურთიერთობათა განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, წარმოადგენს დისციპლინური სახდელების გამკაცრებას.

8. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, 2011 წლის 11 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ახალი დისციპლინური სახდელების შემოღების მიზანს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მართლწესრიგის განმტკიცება, ხოლო, მეორე მხრივ, „...დისციპლინური სახდელების დაბალანსება“.

9.  კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ ახალი სახდელების შემოღებით, კანონმდებელმა გაამკაცრა რა შესაბამისი სანქციები და, შესაბამისად, გააძლიერა მართლწესრიგის დაცვა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმები წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის, კერძოდ, მართლწესრიგის განმტკიცების, მაშასადამე, პენიტენციური დაწესებულების დებულების დაცვის, წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამოსადეგ საშუალებას. რაც შეეხება, განმარტებით ბარათში მითითებულ სადავო სახდელების შემოღების მეორე მიზეზს, რომელიც დისციპლინური სახდელების დაბალანსებაში გამოიხატება, როგორც უკვე აღინიშნა, მის მიზანს უნდა წარმოადგენდეს დისციპლინურ დარღვევებთან სახდელების უფრო მეტად შესაბამისობაში მოყვანა, რაც, თავის მხრივ, უფრო ფართო და მრავალფეროვანი დისციპლინური სახდელების შემოღებაში გამოიხატა. ამდენად, სადავო ნორმებით შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სახის დისციპლინურ დარღვევებზე უფრო მრავალმხრივი და მკაცრი რეაგირების შესაძლებლობა. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, აღნიშნული იძლევა იმის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ 2011 წელს შემოღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები წარმოადგენს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებებს.

10. მოსარჩელის განმარტებით, ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლებით მოსარგებლე სუბიექტს წარმოადგენს არა მხოლოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი, არამედ ასევე მისი ოჯახის წევრი. პატიმრის მსგავსად, მისი ოჯახის წევრებიც ანალოგიურად სარგებლობენ კონსტიტუციური უფლებით, ურთიერთობა იქონიონ თავისუფლებააღკვეთილ ახლო ნათესავთან. ამიტომ, როდესაც ისჯება პატიმარი და მას ეზღუდება ოჯახთან კომუნიკაციის, თუნდაც მხოლოდ ერთი შესაძლებლობა, სასჯელის ზემოქმედება ასევე ნეგატიურად აისახება მისი ოჯახის წევრების საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ეს არის ერთადერთი დისციპლინური სანქცია, რომლის პირდაპირი მიზანიც არა მხოლოდ სამართალდარღვევის ჩამდენის, არამედ ასევე აბსოლუტურად უდანაშაულო პირის კონსტიტუციურ უფლებაზე ნეგატიური ზემოქმედებაა.

11.  მოსარჩელე, კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში არ უარყოფს, რომ პატიმრობის კოდექსი ნებისმიერ პატიმარს, დაწესებულების ტიპის შესაბამისად, განსხვავებული ინტენსივობით უზრუნველყოფს პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრისა და ხანმოკლე პაემნის უფლებებით. ამგვარად, ეს არის ის უფლებები, რომლებიც ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს გარანტირებული აქვს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული იგი. შესაბამისად, ოჯახთან ურთიერთობის ნებისმიერი ზემოაღნიშნული შეზღუდვა გამართლებული შეიძლება იქნეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

12. მოსარჩელის მოსაზრებით, თავისუფლად შეიძლება ბრალდებული/მსჯავრდებული მოთავსებულ იქნეს თავისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილიდან საკმაოდ შორ მანძილზე არსებულ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რის გამოც, მისი ოჯახის წევრებისთვის მასთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდეს, მაგალითად, სატელეფონო კომუნიკაცია, რადგან ვერ მოახერხონ კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით სათანადოდ სარგებლობა. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ სატელეფონო საუბრის უფლების იმპერატიული აკრძალვა წარმოადგენს რიგით მეორე, ყველაზე ხშირად გამოყენებად დისციპლინურ სახდელს, შესაბამისად, იგი უფრო მეტად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც თითონ პატიმრის, ისე მისი ოჯახის წევრებისათვის, ვიდრე ისინი ამას რეალურად იმსახურებენ.

13. მოსარჩელე ადასტურებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე დადგენილი წესი ემსახურება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მართლწესრიგის განმტკიცებისა და დისციპლინური სახდელების დაბალანსების ლეგიტიმურ მიზნებს და არის ამ მიზნების მისაღწევად გამოსადეგი საშუალება. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნას, რაც იწვევს უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას, შესაბამისად, არღვევს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ უფლებას. კერძოდ, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, დააწესოს უფლების ნაკლებად მზღუდავი და უფრო ვიწრო ხასიათის ღონისძიებები, რომლებიც, ერთი მხრივ, მიმართული იქნება ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ღონისძიების ადრესატები იქნებიან უშუალოდ ის მსჯავრდებულები, ვისგანაც მომდინარეობს ობიექტურად არსებული საფრთხე.

14.  მოსარჩელის მოსაზრებით, პატიმრის ოჯახთან ურთიერთობის სხვადასხვა შესაძლებლობის, თუნდაც ნაწილობრივი შეზღუდვა შეუძლებელია გამართლებული იქნეს მხოლოდ დისციპლინური სანქციის დაკისრებით, როდესაც პარალელურად არ არსებობს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მომეტებული ინტერესი. ასეთ პირობებში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხოლოდ დისციპლინური სანქციის დაკისრების საჭიროება, თუნდაც მძიმე დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, რომელსაც თან არ სდევს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მომეტებული საჯარო ინტერესი, ვერ გადაწონის ამ უფლებათა კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობას. ამრიგად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სახდელები ვერც ამ მხრივ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნებს და საჭიროზე მეტად ზღუდავს პატიმრისა და მისი ოჯახის წევრთა კომუნიკაციის შესაძლებლობას.

15.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს და არღვევს პირველი წინადადებით გათვალისწინებულ ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

16.  კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ხაზს უსვამს პენიტენციურ დაწესებულებაში დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკის ანალიზს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგებზე მითითებით. ასევე, მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1633 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

  

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

 

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1633 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2.  საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

3.  საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4.   საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5.  საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

 

ვასილ როინიშვილი

 

ევა გოცირიძე

 

გიორგი თევდორაშვილი

 

გიორგი კვერენჩხილაძე