საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2030-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016085
2030-IXმს-Xმპ
03/11/2022
ვებგვერდი, 03/11/2022
010190030.06.001.016085
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 28-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე განსაზღვრავს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.

2. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 7 წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტებს, რომლებსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

62. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ამ მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად დამტკიცების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადების საფუძველზე, რომელსაც ცნობად იღებს პარლამენტის ბიურო.“.

2. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ მისი განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან;“.

3. 49-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 8 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტატუსი. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებანი და არჩევის, გადაყენებისა და გადადგომის წესები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“.

4. 62-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. დროებით საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და შესაბამისი პარლამენტის წევრების კომისიაში გაწევრება ასევე შესაძლებელია რეგლამენტის 28-ე მუხლის 61 და 62 პუნქტებით დადგენილი წესით.“.

5. 86-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ფრაქციების შექმნისთანავე პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომიტეტებში ფრაქციათა, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის შესაძლებელია განისაზღვროს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტები. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. ამ კვოტების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს დადგენილებით.“.

6. 189-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა განისაზღვრება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით, რეგლამენტის 28-ე მუხლის პირველი და 61 პუნქტებით დადგენილი წესით. ამ კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი.“.

7. 227-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, უფლებამოსილების ცნობიდან 2 თვის ვადაში დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ამ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები შეიძლება განისაზღვროს ასევე რეგლამენტის 28-ე მუხლის 61 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთანავე, ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აჭარბებდეს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ნახევარს.“.

8. 228-ე მუხლის 15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეიმუშაოს შესაბამისი პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.

მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

3 ნოემბერი 2022 წ.

N2030-IXმს-Xმპ