საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდეს „ცალკეული სახის სასურსათო და არასასურსათო საქონლის გაყიდვის წესი“

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდეს „ცალკეული სახის სასურსათო და არასასურსათო საქონლის გაყიდვის წესი“
დოკუმენტის ნომერი №118/56/2-338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობების მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 23/01/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).000.000199
№118/56/2-338
19/12/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 23/01/1997
000000150.01(2).000.000199
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდეს „ცალკეული სახის სასურსათო და არასასურსათო საქონლის გაყიდვის წესი“
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს  ვაჭრობისა სა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ერთობლივი

ბრძანება 118/56/2-338

1996 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და

საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის 596

ბრძანებულების შესაბამისად ,

დამტკიცდეს „ცალკეული სახის სასურსათო და არასასურსათო

საქონლის გაყიდვის წესი“

I. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ცალკეული სახის სასურსათო და არასასურსათო საქონლის (პურისა და პურფუნთუშეულის ნაწარმის, ხორცისა და რძის ნაწარმის, კვერცხის, მარგარინის, ქსოვილების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, რადიო და ელექტროსაყოფაცხოვრებო საქონლის) გაყიდვის სფეროში ძირითად მოთხოვნებს და ვრცელდება ყველა მეურნე სუბიექტზე, რომელიც ამ სფეროში არის დასაქმებული, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.

1.2. სავაჭრო საწარმო ვალდებულია ჰქონდეს საქონლის ასორტიმენტის საორიენტაციო ჩამონათვალი, მოქმედი სანიტარიული და ვეტერინარული წესები და სხვა საჭირო ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია და დაიცვას მათი მოთხოვნები.

1.3. სავაჭრო საწარმო ვალდებულია მკაცრად დაიცვას მყიდველის უფლებები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“.

1.4. სარეალიზაციო საქონლის, მათ შორის იმპორტული საქონლის, ყოველ პარტიაზე სავაჭრო საწარმო ვალდებულია გააჩნდეს შესაბამისობის სერტიფიკატი ან მისი დამოწმებული ასლი, რომელიც დაადასტურებს პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებას მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, სავაჭრო საწარმო პასუხს აგებს რეალიზებული საქონლის ხარისხზე.

1.5. საქონლის გაყიდვის წესები უნდა მიეწოდოს მყიდველებს ყველა სავაჭრო საწარმოს მიერ, მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად.

1.6. მაღაზიები, პავილიონები, ჯიხურები, რომლებიც ახორციელებენ საქონლის გაყიდვას უნდა იყვნენ აღჭურვილნი, სათანადო მოწყობილობებით, მექანიზებული საშუალებებითა და ინვენტარით, რომლებიც შეესაბამება ტექნიკური მომსახურების მოქედ წესებს.

სავაჭრო საწარმოების მიერ გამოყენებული გირები, სასწორები და სხვა გამზომი ხელსაწყოები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, ჰქონდეს მკვეთრი დამღა და დამოწმდეს დადგენილ ვადებში მოქმედი წესის შესაბამისად.

1.7. სასურსათო საქონლის გამყიდველნი ვალდებულნი არიან დროულად გაიარონ სავალდებულო სამედიცინო შემოწმება.

1.8. სავაჭრო საწარმოში საქონლის გაყიდვა ხდება ყველა მოქალაქეზე საერთო წესების საფუძველზე.

შეღავათები სავაჭრო მომსახურებაზე ენიჭებათ მოსახლეობის ცალკეულ კატეგორიებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აკრძალულია ერთი სახეობის საქონლის გაყიდვა სხვა სახის საქონლის იძულებითი მიყიდვის პირობით.

1.9. სავაჭრო საწარმო ვალდებულია: უზრუნველყოს რეალიზებად საქონელზე სწორად გაფორმებული პრეისკურანტების არსებობა და მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს მას სრული ინფორმაცია საქონლის დამამზადებელზე, საქონლის ძირითად სამომხმარებლო თვისებებზე და ფასებზე, უზრუნველყოს სათანადო დონეზე მყიდველის მომსახურება, საქონლის გაყიდვა სრული ზომითა და წონით.

1.10. მყიდველს უფლება აქვს შეამოწმოს შეძენილი საქონლის ფასის, წონის და ზომის სისწორე, პროდუქტების შენახვის ვადები და საქონელზე ხარისხის სერტიფიკატის არსებობა.

სავაჭრო დარბაზებში უნდა იყოს დადგმული, მყიდველისათვის ხელმისაწვდომად, საკონტროლო სასწორი და სხვა გამზომი ხელსაწყოები.

1.11. ანგარიშსწორება მყიდველებთან საქონლის მიყიდვისას ხდება საკასო-საკონტროლო აპარატების საშუალებით დადგენილი წესის შესაბამისად.

1.12. იმ შემთხვევაში, როცა მყიდველს მიეყიდება საქონელი ნაკლოვანებებით, წუნით, რომლის შესახებაც მისთვის გამყიდველს არ უცნობებია, მყიდველს თავისი არჩევანით შეუძლია მოითხოვოს:

საქონლის ნაკლოვანებების უსასყიდლოდ აღმოფხვრა ან ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გაწეული დანახარჯების ანაზღაურება;

შესასყიდი ფასის შესაბამისად შემცირება;

ანალოგიური მარკის (მოდელი, არტიკული) საქონლით შეცვლა, ისეთივე საქონლის სხვა მარკით (მოდელი, არტიკული) შეცვლა შესასყიდი ფასის გადაანგარიშებით;

გადახდილი თანხის დაბრუნება და მიყენებული ზარალის ანაზღაურება;

მყიდველის მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს სავაჭრო საწარმოს მიერ საქართველოს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მე-14 - მე-19 მუხლების შესაბამისად.

1.13. სეზონური საქონელზე (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა ნაწარმი) პრეტენზიის გამოთქმის ვადები აითვლება შესაბამისი სეზონის დაწყების მომენტიდან.

1.14. მყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს სავაჭრო საწარმოს საქონლის ან ქონების ღირებულება, რომელიც მის მიერ იქნა დაზიანებული ან განადგურებული.

II. პური და პურფუნთუშეულის ნაწარმი

2.1. სავაჭრო საწარმოებში, რომლებიც ახორციელებენ პურისა და პურფუნთუშეული ნაწარმის გაყიდვას, სამუშაო საათების განმავლობაში გაყიდვაში უნდა იყოს პური და პურფუნთუშეული ნაწარმი იმ საორიენტაციო ასორტიმენტით, რომელიც გათვალისწინებულია მოწოდების ხელშეკრულებით.

სპეციალიზებული პურის მაღაზიის სავაჭრო დარბაზში ან განყოფილებაში, რომელიც ახორციელებს პურპროდუქტების გაყიდვას, თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული მოკლე ინფორმაცია პროდუქციის დამამზადებელზე, ნაწარმის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებებზე, რეალიზაციის ვადებზე, დიეტური ნაწარმის თავისებურებებსა და დანიშნულებაზე, აგრეთვე ახალი სახეობის ნაწარმზე.

2.2. პურისა და პურფუნთუშეული ნაწარმის მიღებისას გამყიდველი ვალდებულია შეამოწმოს პროდუქციის ხარისხი, თითოეული სახეობის პროდუქციის წონის შესაბამისობა მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან (გამოცხობიდან მაქსიმალური დაყოვნების ვადების ფარგლებში).

საჭიროების შემთხვევაში პროდუქცია შეიძლება გაიგზავნოს ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების დასადგენად, რასაც უნდა ესწრებოდეს დამამზადებელი საწარმოს წარმომადგენელი. მომწოდებლის თანმხლები დოკუმენტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამ საქონლის შესახებ სრული ინფორმაციას, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ მე-5 და მე-6 მუხლები.

2.3. სპეციალიზებული და საფირმო პურსაკონდიტრო მაღაზიებსა და სხვა მაღაზიების პურის განყოფილებებში, პურის, პურფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის გარდა შეიძლება გაიყიდოს შაქარი, ჩაი, ყავა, კაკაო, ფქვილი, ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი, ბავშვთა კვების მშრალი პროდუქტები და საკვები კონცენტრატები, ხოლო მაღაზიებში, რომლებსაც კაფეტერია აქვთ, შეიძლება გაიყიდოს სასმელები (ჩაი, ყავა, კაკაო, რძე) და საკუთარი წარმოების საკონდიტრო და ფქვილეული ნაწარმი.

2.4. პური და პურფუნთუშეულის ნაწარმი სავაჭრო საწარმოში შეიძლება იყოს გაყიდვაში მათი ღუმლიდან გამოსვლის შემდეგ არაუმეტეს:

24 საათისა – ჭვავისა და ჭვავ-ხორბლის ცეხვილი და ჭვავის კანგაცლილი ფქვილისაგან, აგრეთვე ხორბლისა და ჭვავის ხარისხოვანი ფქვილის ნარევისაგან დამზადებული პური;

24 საათისა – ჭვავის გაცრილი ფქვილისაგან დამზადებული პური, ხორბლისა და ჭვავის გაცრილი ფქვილისაგან, აგრეთვე ცეხვილი ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული პური, ასევე ხორბლის ხარისხოვანი და გაცრილი ჭვავის ფქვილისაგან დამზადებული 200 გრამზე მეტი წონის ნაწარმი.

16 საათისა – წვრილ ცალობრივი ნაწარმი წონით 200 გრამი და ნაკლები (ბლითების ჩათვლით) და „პური ქართული“ დამზადებული ხორბლის ხარისხოვანი ფქვილისაგან.

პური და პურფუნთუშეული ნაწარმი დადგენილი სარეალიზაციო ვადების გასვლის შემდეგ, აგრეთვე სავაჭრო ობიექტში შენახვის წესების დარღვევის შედეგად დეფორმირებული ნაწარმი ექვემდებარება მომწოდებლისათვის დაბრუნებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

2.5. მყიდველის სურვილის მიხედვით პური და პურფუნთუშეული ნაწარმი, რომლის წონა 0,4 კგ. და მეტია (შეფუთული ნაწარმის გარდა) შეიძლება გაიჭრას და გაიყიდოს აწონვის გარეშე.

2.6. აკრძალულია პურისა და პურფუნთუშეული ნაწარმის გაყიდვა, რომელიც არ შეესაბამება მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს, ტექნიკურ პირობებს და რომელსაც გააჩნია გაფუჭების ნიშან-თვისებები მისი არასწორი შენახვის გამო. არ შეიძლება პურის პროდუქციის რეალიზაცია იმ პირების მიერ, რომლებიც ფულს იღებენ მომხმარებლისაგან (მყიდველისაგან).

უხარისხო პურისა და პურფუნთუშეული ნაწარმის გაყიდვის შემთხვევაში საწარმოს თანამშრომლები ვალდებულნი არიან მომხმარებლის მოთხოვნით დაუყოვნებლივ შეუცვალონ შეძენილი საქონელი ხარისხიანზე ან დაუბრუნონ ფული. მყიდველის მიერ დაბრუნებული უხარისხო პური და პურფუნთუშეული ნაწარმი ითვლება სანიტარიულ წუნად.

2.7. შენახვისა და გაყიდვის დროს პურისა და პურფუნთუშეული ნაწარმის კარტოფილის ავადმყოფობით დაავადების გამოვლენის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ მომწოდებელს დაავადებული ნაწარმი ამოიღება გაყიდვიდან და ნადგურდება მოქმედი წესების შესაბამისად. აქტი პურის ნაწარმის კარტოფილის ავადმყოფობით დაავადების და მისი განადგურების შესახებ ფორმდება დადგენილი წესით.

თაროები, კარადები, ტარა-მოწყობილობანი, რომელშიც ინახებოდა კარტოფილის ავადმყოფობით დაავადებული ნაწარმი, გულმოდგინედ ირეცხება საპნის ხსნარით, შემდეგ კი ცხელი წყლით.

III. ხორცისა და რძის პროდუქტები, კვერცხი, მარგარინი, თევზეული

3.1. სავაჭრო საწარმოებისათვის ხორცისა და რძის პროდუქტების, კვერცხის, მარგარინისა და თევზეულის მიწოდება ხდება საცალო და საბითუმო ბაზებიდან და საწყობებიდან, რომელთაც აქვთ სათანადო ლიცენზია სპეციალიზებული ტრანსპორტით ან კონტეინერული ინვენტარ-მოწყობილობით. აკრძალულია ხორცის მიღება დამღის, ხოლო სუბპროდუქტებისა - ვეტერინარული მოწმობის გარეშე.

3.2. გამყიდველების სამუშაო ადგილები, ვაჭრობის დაწყებამდე მარაგდება მაღაზიაში არსებული საქონლით. მაღაზიის სავაჭრო დარბაზში გასატანი საქონელი გულდასმით მოწმდება ხარისხის და ასორტიმენტის მიხედვით.

სავაჭრო დარბაზში გატანამდე საქონელი მზადდება სარეალიზაციოდ (თავისუფლდება ტარისაგან, ქაღალდის შეფუთვისაგან, შესაკრავი მასალებისაგან, იწმინდება დაბინძურებული ზედაპირი, ცხიმები თავისუფლდება ზედა გაყვითლებული ფენისაგან, ძეხვის ნაწარმი და ყველის ზოგიერთი სახეობა იწმინდება ქსოვილით).

3.3. გამყიდველი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს გასაყიდი პროდუქტების ხარისხს და მისი გაუარესების შემთხვევაში შეატყობინოს ადმინისტრაციას, იმის დასადგენად შესაძლებელია თუ არა პროდუქტების შემდგომი რეალიზაცია ან მათი საცალო ფასების შემცირება. კვერცხის გაყიდვა ხდება ოვოსკოპზე მისი ხარისხის წინასწარი შემოწმების შემდეგ, არ დაიშვება კვერცხის გაყიდვა სხვა დაუფასოებელ პროდუქტებთან (კარაქი, ხაჭო, ძეხვი და სხვა).

3.4. სავაჭრო საწარმოში შებოლილი ნაწარმის, ძეხვეულის, კარაქის, ყველისა და მარგარინის დაფასოება დაიშვება ერთი სავაჭრო დღის მოთხოვნის მოცულობით.

მაღაზიაში დაფასოებულ საქონელზე აღინიშნება მისი დასახელება, ხარისხი, მასა, კილოგრამის ფასი, დაფასოების თარიღი, რეალიზაციის ვადა, ამწონის გვარი ას ნომერი, დაფასოებული პროდუქტები იფუთება ქაღალდში ან პოლიეთილენის მასალაში, რომელიც ნებადართულია გაყიდვისათვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ორგანოს მიერ.

კვერცხის დამღაზე აღნიშნული უნდა იყოს დიეტურობისა და მასის მაჩვენებლები.

დიეტურობის ვადის გასვლის შემდეგ იგი ჩამოფასებული უნდა იქნეს არსებული წესების შესაბამისად.

3.5. ხორცის, ხორცის ნაწარმის, ყველისა და თევზის, კულინარული ნაწარმის დაჭრის გარეშე გაცემის დროს დასაშვებია დანამატი არა უმეტეს ორი ნაჭრისა, რომლის წონა არ უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის საერთო მასის 10 %-ს, დანამატი უნდა შეესაბამებოდეს სარეალიზაციო საქონლის ხარისხს. მყიდველის მოთხოვნით გამყიდველი ვალდებულია დაჭრას გასტრონომიული საქონელი (ძეხვი, ლორი, ყველი, თევზეული და სხვა), ასევე გაასინჯოს მას ნებისმიერი საქონელი, ამასთან დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური წესები.

3.6. ისეთი სახის ძეხვეულის გაყიდვა, რომელთაც გააჩნიათ რეალიზაციის შეზღუდული ვადები, დაიშვება მაღაზიებში მხოლოდ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან შეთანხმებით.

ხორცისა და რძის პროდუქტების, მარგარინისა და თევზეულის რეალიზაცია დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღაზია აღჭურვილია სამაცივრო დანადგარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ რეალიზაციის პერიოდში პროდუქციის შენახვის ნორმალურ პირობებს.

ამასთანავე, თევზისა და თევზის პროდუქტების რეალიზაციის პროცესში აუცილებელია შემდეგი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა:

გაყინული თევზი – -1 გრადუსი;

შებოლილი და გამოყვანილი თევზი - 0 +3 გრადუსი;

თევზის კონსერვი +10 - +1 - +12 გრადუსი;

„პრესერვი“ (კონსერვი თბური დამუშავების გარეშე) - 0 +8 – გრადუსი.

3.7. კატეგორიულად აკრძალულია კუსტარული წესით დამზადებული კონსრვების, ძეხვეულის, შებოლილი თევზისა და ხორცის პროდუქტების რეალიზაცია.

3.8. პროდუქტების ასაწონად და გასაყიდად გამოყენებული ინსტრუმენტები (დანა, ჩანგალი და სხვა) უნდა გადიოდეს ყოველდღიურად სათანადო დამუშავებას სანიტარიული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად და ინახებოდეს მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

3.9. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ შეძენილი სასურსათო საქონელი არის ხარვეზებით, გამყიდველი ვალდებულია მყიდველის მოთხოვნის საფუძველზე შეუცვალოს სათანადო ხარისხის საქონლით ან დაუბრუნოს მყიდველს გადახდილი თანხა, თუ აღნიშნული ხარვეზები გამოვლენილია ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.

IV. ქსოვილები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი

4.1. ქსოვილები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი სავაჭრო დარბაზში გატანამდე სათანადოდ უნდა მომზადდეს. წინასაგაყიდვო მომზადება მოიცავს: განფუთვას, დახარისხებას, ხარისხის, მარკისა და ფასის სისწორის შემოწმებას საჭიროების შემთხვევაში ტანსაცმლის ცალკეულ სახეობებს წმენდენ და აუთოვებენ (შეკერილი და ტრიკოტაჟის ნაწარმი).

4.2. სავაჭრო დარბაზში ქსოვილები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი უნდა დაჯგუფდეს მყიდველისათვის მოსახერხებლად. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჯგუფდება ძირითადად სახეობის, მოდელის, ზომის მიხედვით. მამაკაცის, ქალის, ბავშვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი განთავსდება სავაჭრო დარბაზში ცალ-ცალკე.

ქსოვილები ჯგუფდება სახეობებისა და ბოჭკოს სახეობის მიხედვით, რომლისგანაცაა დამზადებული ქსოვილები. ყოველ ქსოვილს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია ბოჭკოს პროცენტული შემცველობის შესახებ.

4.3. სავაჭრო დარბაზში ქსოვილების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის განთავსებისას გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სავაჭრო მოწყობილობა, რომელიც მისცემს მომხმარებელს საქონელთან თავისუფალი მისვლის საშუალებას.

4.4. ქსოვილების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ყველა ნიმუშს, რომელიც განთავსებულია დარბაზსა და საფანჯრე ვიტრინებში, უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი, ზუსტად და ლამაზად გაფორმებული ფასის მაჩვენებელი.

4.5. სავაჭრო საწარმოში მომხმარებელს უნდა შეუქმნან პირობები ტანსაცმლის, ფეხსაცმლის გასასინჯად, ამისათვის სავაჭრო დარბაზი უნდა აღიჭურვოს გასასინჯი კაბინებით, სარკეებით, სკამებით.

4.6. შალის და სხვა მძიმე, მოცულობითი ქსოვილების გაზომვა ხდება დახლზე გაშლილ ქსოვილზე სწორი, მაგარი სტანდარტული მეტრიანი გამზომის დადებით, ხოლო მსუბუქი და თხელი ქსოვილების გაზომვა, როგორც წესი, იგივე გამზომით ქსოვილის დაჭიმვის გარეშე.

დაიშვება ქსოვილების გაზომვა, გარდა შალისა და ტრიკოტაჟის ქსოვილებისა, დახლზე (მაგიდაზე) დადებით, თუ დახლზე (მაგიდაზე), დამონტაჟებულია დანაყოფებიანი მეტალის გასაზომი ლენტი.

იკრძალება ქსოვილზე სხვა ჩამონაჭრების დამატება აგრეთვე იმ ნაჭრების გაყიდვა, სადაც არის ფაბრიკა-დამამზადებლის იარლიყი და დამღა.

4.7. მომხმარებლის მოთხოვნით გამყიდველი ვალდებულია დაეხმაროს მას ქსოვილის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შერჩევაში, გააცნოს გაყიდვაში არსებული საქონლის ასორტიმენტი, განუმარტოს ნაკეთობის მოვლის წესები, საჭიროების შემთხვევაში განუმარტოს მომხმარებელს ციფრული აღნიშვნების მნიშვნელობა ნაკეთობაზე, იარლიყებზე, ეტიკეტებზე, ქსოვილების გაყიდვისას გამყიდველი ვალდებულია დაეხმაროს მომხმარებელს ქსოვილის რაოდენობის განსაზღვრაში, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ მზა ნაკეთობისათვის, შეურჩიოს შესაბამისი დაჩითვა.

4.8. ქსოვილების, ტანსაცმლის გაყიდვისას სავაჭრო საწარმოებს შეუძლიათ შესთავაზონ მყიდველს დამატებითი მომსახურების კომპლექსი: მაღაზიაში ნაყიდი ტანსაცმლის გადაკეთება (ნაკეთობის დამოკლება ან დაგრძელება, ღილების გადაადგილება, თავსაბურავის გაწევა-გაფართოება, ქსოვილის გამოჭრა).

4.9. მყიდველს უნდა მიეცეს საშუალება ძირითად საქონელთან ერთად შეიძინოს თანმხლები საქონელი, რომელიც განეკუთვნება ნაკეთობის მოვლას.

4.10. გამყიდველი, კონტროლიორი ქსოვილის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის გაყიდვამდე ვალდებულია მყიდველის თანდასწრებით შეამოწმოს საქონლის ხარისხი (მექანიკური დაზიანებანი, სხვა ზედაპირული დეფექტები), ზომის სისწორე (რაოდენობის სისწორე), ნაყიდი საქონლის ღირებულების დაანგარიშების სისწორე.

გაყიდვის პროცესში საერთო უხეში დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში საქონელი ამოიღება გაყიდვიდან.

4.11. ქსოვილები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი მყიდველზე მიყიდვისას იფუთება ქაღალდში, კოლოფში ან სხვა შესაფუთ მასალაში დამატებითი საფასურის გადაუხდელად.

4.12. საქონელთან ერთად მყიდველს აუცილებლად მიეცემა საკასო ქვითარი სავაჭრო საწარმოს რეკვიზიტების, ფასისა და ყიდვის თარიღის აღნიშვნით.

V. რადიო და ელექტროსაყოფაცხოვრებო საქონელი

5.1. რადიო და ელ. საყოფაცხოვრებო საქონელი დარბაზში შეტანამდე უნდა გადიოდეს წინასაგაყიდვო მომზადებას.

წინასაგაყიდვო მომზადება მოიცავს: განფუთვას, ქარხნული ზეთის, მტვრის, ნახერხის მოშორებას, ნაკეთობის კომპლექტურობის შემოწმებას და აუცილებლობის შემთხვევაში მის აწყობას, ასევე ნაკეთობის ხარისხის შემოწმებას, ფასის სისწორეს, ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქციისა და საგარანტიო ტალონის არსებობას.

დაკომპლექტებული და აწყობილი ტექნიკურად რთული ნაკეთობანი მოწმდება ელექტროქსელში ჩართვით საკერავი მანქანები მოწმდება მოქმედებისას, რადიოაპარატურა რეგულირდება და გაიმართება.

5.2. აკრძალულია უხარისხო, დაუკომპლექტებელი და დაბინძურებული, აგრეთვე ნაკეთობის ინსტრუქციის, პასპორტისა და საგარანტიო ტალონის გარეშე გაყიდვა.

5.3. რადიო და ელ. საყოფაცხოვრებო საქონლის ყველა ნიმუშს განლაგებულს სავაჭრო დარბაზსა და ღია ვიტრინებში, უნდა გააჩნდეს მკაფიოდ გაფორმებული იარლიყი ნაკეთობის დასახელების, მისი მარკის, არტიკულისა და ფასის ჩვენებით, მოკლე ანოტაცია, რომელიც მოიცავს ნაკეთობის ტექნიკურ მახასიათებლებს.

5.4. მყიდველის მიერ საქონლის ასარჩევად და გამოსაცდელად სავაჭრო დარბაზში იდგმება ელექტროგამზომი და გამოსაცდელი ხელსაწყოები.

5.5. რადიო და ელ. ხელსაწყოების საქონლის გამყიდველმა უნდა იცოდეს მოწყობილობის დანიშნულება, განმასხვავებელი ნიშნები, ცალკეული ნაკეთობათა დანიშნულება, თავისებურებები, მოქმედებაში მათი გამოცდის მეთოდები, მოვლის წესები, შენახვის რეჟიმი, შეეძლოს ნაკეთობის ძირითადი დეფექტების განსაზღვრა, კარგად იცოდეს შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების ასორტიმენტი და მათი ურთიერთშემცვლელობა, ფასები და სხვა ინფორმაცია საქონლის შესახებ, უწევდეს კვალიფიციურ დახმარებას მყიდველებს.

5.6. ცალკეული სახის რადიო და ელექტროსაყოფაცხოვრებო საქონლის გაყიდვისას გამყიდველმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მყიდველს გაყიდვაში არსებული თანმხლები საქონლისა და სათადარიგო დეტალების შესახებ.

5.7. გამყიდველი (მექანიკოსი, კონტროლიორი) მყიდველისათვის საქონლის მიყიდვისას მისი თანდასწრებით ამოწმებს საქონლის ხარისხს, გარეგანი დათვალიერება, ელექტროქსელში ჩართვა), ნაკეთობის კომპლექტურობას, რომელიც იყიდება დაშლილ მდგომარეობაში, პასპორტის, საგარანტიო ტალონისა და მოხმარების წესების ინსტრუქციის არსებობას, ზომის ან რაოდენობის სიზუსტეს (მავთული, მცირე ზომის ელექტროსაქონელი), ფასის სისწორეს.

5.8. რადიო და ელექტროსაყოფაცხოვრებო საქონლის საგარანტიო ვადით გაყიდვისას მაღაზიის თანამშრომლები მიუთითებენ ნაკეთობის პასპორტში (საგარანტიო ტალონში) გაყიდვის რიცხვსა და ადგილს, აუცილებელ შემთხვევაში კი – საგარანტიო რემონტის სახელოსნოს მისამართს.

5.9. საქონელთან ერთად მყიდველს აუცილებლად მიეცემა სასაქონლო ჩეკი (ქვითარი) მაღაზიის ნომრის (დასახელების), ყიდვის თარიღის, არტიკულის, ხარისხის, ფასის აღნიშვნით ან დაფარული საკასო ჩეკი დადგენილი რეკვიზიტებით.

5.10. რადიო და ელექტროსაყოფაცხოვრებო საქონელი შეიფუთება მაღაზიაში უფასოდ. ამასთან ნაკეთობის შემოწმება უნდა მოხდეს წინასწარ, მოქმედი წესების შესაბამისად.

5.11. დიდგაბარიტიანი რადიო და ელექტროსაყოფაცხოვრებო საქონლის მიწოდება (მიტანა) მყიდველისათვის მითითებულ მისამართზე, როგორც წესი, ხდება სავაჭრო საწარმოს მიერ, რომელმაც გაყიდა ეს საქონელი. დიდგაბარიტიანი საქონლის მიტანისას დანიშნულების ადგილას, მყიდველის ძალებით, სავაჭრო საწარმომ უნდა უზრუნველყოს საქონლის დატვირთვა მყიდველის სატრანსპორტო საშუალებაზე.

5.12. იმ შემთხვევაში, როცა ცალკეული ტექნიკურად რთული საქონლის ჩართვა და გაშვება სტანდარტების ან ტექნიკური პირობებისა და გამოყენების წესების მიხედვით არ შეიძლება მყიდველის მიერ, ეს ოპერაციები სრულდება მყიდველის სახლში მაღაზიის მექანიკოსის ან მაღაზიის დავალებით საგარანტიო მომსახურების სახელოსნოს მიერ.

დადგმა, ჩართვა და გაშვება ასეთი ნაკეთობებისა, ასევე მათი გამოყენების ინსტრუქტაჟი ხდება უფასოდ არაუგვიანეს ყიდვის მომენტიდან ერთი კვირის განმავლობაში ან იმ დღიდან, როცა მყიდველი მიმართავს სახელოსნოს ან მაღაზიას.

VI. კონტროლი

6.1. სავაჭრო საწარმოების მიერ წინამდებარე წესის დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

სახელმწიფო მმართველობის მაკონტროლებელ ორგანოებს შეუძლიათ მოიწვიონ წინამდებარე წესის შესრულების კონტროლისათვის სპეციალისტები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

6.2. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად,

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.

6.3. სავაჭრო საწარმომ უნდა გაუწიოს დახმარება შემმოწმებელ პირებს შემოწმების ჩატარებისას და მიიღოს ზომები დარღვევების და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.

სავაჭრო საწარმოში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს წინადადებებისა და განცხადებების წიგნი, რომელთა წარმოების წესსაც ამტკიცებს მმართველობის ადგილობრივი ორგანოები.

საქართველოს ეკონომიკის

მინისტრი ვ. პაპავა

საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო

ეკონომიკური ურთიერთობების

მინისტრი კ. ზალდასტანიშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის

მინისტრი  ბ. გულუა