დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1910-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/10/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/10/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.09.001.016715 |
|
„2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
|
„2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს.
ამ ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები: დადებითად ფასდება, რომ 2021 წელს უცხოელი პატიმრები ნაკლებად მიუთითებდნენ საკანში განთავსების პრობლემებზე. უმეტესობა აღნიშნავდა, რომ საკანში განთავსებისას გაითვალისწინეს მათი სურვილი და იქ ძირითადად მათ ენაზე მოსაუბრე პატიმრები იმყოფებოდნენ; სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისას შესამჩნევია სიძულვილის მოტივის გამოკვეთის გაუმჯობესებული ტენდენცია; აღსანიშნავია, რომ, სადამკვირვებლო მისიების შეფასებით, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ორივე ტური ტექნიკურად ძირითადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კენჭისყრა, ცალკეული პროცედურული ხარვეზების მიუხედავად, კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართა; მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება; ასევე მისასალმებელია საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა; დადებითად ფასდება ის ფაქტი, რომ, გასული წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი სტრატეგია (საქართველოს 2022−2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია) მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციის კომპონენტებს; მისასალმებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ სტატისტიკის წარმოების დასახვეწად უწყებათაშორისი თანამშრომლობის მცდელობა; პოზიტიურად ფასდება, რომ 2021 წლის მაისიდან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენისთვის მომსახურების საფასური განახევრდა; დადებითი ცვლილება იყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებებით მოსარგებლეებში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი პირების ჩართვა; ახლებურად დარეგულირდა ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების საკითხი, რაც გენდერული თანასწორობის მისაღწევად წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია; მნიშვნელოვნად გაფართოვდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი, რითაც გაძლიერდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების უზრუნველყოფის კონტროლი; გაიზარდა ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილე ქალთა რაოდენობა და მონაწილეობის ხარისხი, კერძოდ, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტების თითქმის ნახევარი (48,7%) ქალ ბენეფიციარებს ეკუთვნის; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსახლეობისთვის აუცილებელი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, რაც გამოწვეულია საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გასაჯანსაღებლად საზღვარგარეთიდან ხარისხიანი და იაფი მედიკამენტების შემოტანის დამატებითი შესაძლებლობის გაჩენით; მისასალმებელია, რომ ადამიანის უფლებათა სწავლების კომპონენტი სავალდებულო გახდა ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე, თითოეულ კლასში; აღსანიშნავია, რომ საქართველოში საბავშვო ბაღების რაოდენობა 26-ით გაიზარდა; მისასალმებელია, რომ თავდაცვის ძალებში გათვალისწინებულ იქნა ეთნიკური უმცირესობების ინტერესები და შესაბამის ქვედანაყოფებში დაშვებულ იქნა თარჯიმნის შტატები. ზემოთ აღნიშნულ დადებით ტენდენციებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არსებულ პრობლემებზე. საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და ადგენს: 1. საქართველოს მთავრობამ: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან და სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობით შეისწავლოს სოციალური პაკეტის გაცემის წესის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი, რათა დასაშვები გახდეს გამონაკლის შემთხვევებში ან ზოგადად სახელმწიფოსგან ერთზე მეტი სოციალური სარგებლის მიღება; ბ) დაამტკიცოს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები“ (ეროვნული რეფერალური მექანიზმი); გ) დაგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს უმცირესობების მიმართ საზოგადოების დისკრიმინაციული დამოკიდებულებისა და წინასწარი განწყობის აღმოფხვრას; დ) სოგი-ს ნიშნით მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებები გაითვალისწინოს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამთავრობო სამოქმედო გეგმაში; ე) გააგრძელოს მუშაობა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის პროექტსა და თანამდევ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე; ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან და ადგილობრივ ხელისუფლებებთან თანამშრომლობით გამიჯნოს მუნიციპალიტეტებში მომუშავე სოციალური მუშაკების, აღნიშნული სააგენტოს ბაზაზე დასაქმებული სოციალური მუშაკებისა და განათლების სისტემის სოციალური მუშაკების ფუნქცია-მოვალეობები და შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტი მათი კოორდინაციისთვის; ზ) შშმ პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშაოს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა; თ) შშმ პირთათვის ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებისა და სხვა მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მისაწვდომობის ეროვნული გეგმის ფარგლებში შეიმუშაოს შესაბამისი წესები; ამასთანავე, უზრუნველყოს, რომ სახელმწიფო უწყებებმა დანერგონ ვებმისაწვდომობის სტანდარტები; მონიტორინგი გაუწიოს აღნიშნული მოთხოვნების შესრულებას; ი) „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის მიმოხილვის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს ახალი, 2023-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ინიციირება; კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან და სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობით შეისწავლოს საშემოსავლო გადასახადის გადახდისას ვეტერანების მიერ არსებული შეღავათით სარგებლობისთვის დასაბეგრი შემოსავლის ოდენობის 6 000 ლარამდე გაზრდის, ხოლო მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა შემთხვევაში − 9 000 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ: ა) „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის“ მე-11 მუხლის შესაბამისად, გაასაჯაროოს საქართველოში წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის 2021 წლის 17−24 მაისის საგანგებო ვიზიტის თაობაზე ანგარიში საქართველოს მთავრობისადმი; ბ) კანონმდებლობით განსაზღვროს პატიმრების განცალკევების მაქსიმალური ვადა, აგრეთვე განცალკევების ღონისძიების ამ ღონისძიების გამოყენებიდან 14 დღის შემდეგ და შემდგომ, ამავე დროის ინტერვალით გადასინჯვის ვალდებულება; გ) პატიმრობის კოდექსზე მუშაობის პროცესში გამართოს მსჯელობა პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსების, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენების თაობაზე; დ) პატიმრობის კოდექსზე მუშაობის პროცესში მკაფიოდ განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრის მოთავსებისას ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმისა და ამ დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომელთა ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობის ამოცანები; ე) გააგრძელოს მუშაობა პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კედლებისა და იატაკის რბილი მასალით მოპირკეთებით; ვ) პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში პატიმრის მოთავსების მაქსიმალურ ვადად განსაზღვროს 48 საათი შემდგომ მისი დამატებით 24 საათით გაგრძელების შესაძლებლობით; თუ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ არ აღმოიფხვრება პატიმრის დეესკალაციის ოთახში ან სამარტოო (უსაფრთხო) საკანში მოთავსების საფუძველი, პატიმარი ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების მისაღებად დაუყოვნებლივ გადაიყვანოს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა, სამოქალაქო სექტორის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში; ზ) გააგრძელოს მუშაობა შემდეგ საკითხებზე კონტროლის გასაძლიერებლად: ზ.ა) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში ხანგრძლივად მოთავსების, მათ მიმართ ხელბორკილების გამოყენებისა და მათთვის ფსიქიატრიული დახმარების გაუწევლობის პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად; ზ.ბ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით გადაყვანის პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად; თ) პატიმრის სრული შემოწმებისას მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის ამკრძალავი ნორმა არსებული ფორმით გადაიტანოს პენიტენციური დაწესებულებების განახლებულ დებულებებში; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად შეისწავლოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმებისას მის მიერ ე. წ. ბუქნების გაკეთების სხვა ღონისძიებით ჩანაცვლების შესაძლებლობა; კ) შეისწავლოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა რაოდენობასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა და ამის საფუძველზე შეიმუშაოს საქართველოს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა რაოდენობის საერთაშორისო პრაქტიკით დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა; ლ) პენიტენციურ დაწესებულებებში გააძლიეროს პრევენციული ღონისძიებები კრიმინალური გავლენის თავიდან ასაცილებლად და იმსჯელოს აღნიშნული მიმართულებით სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე; მ) გამართოს კონსულტაციები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და შესაბამისი საჭიროების გამოვლენისას შეიმუშაოს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე გონივრული ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ექიმის მიერ საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით საგამოძიებო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის წესი და სამართლებრივად მოაწესრიგოს აღნიშნულ შემთხვევაში ექიმის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის ამ წესის შესაბამისად მიმართვის ვალდებულების განსაზღვრის საკითხი; ნ) ყველა ექიმისთვის, რომლებიც ახდენენ დაზიანების დოკუმენტირებას „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად, გააგრძელოს დაზიანების დოკუმენტირებასა და ფოტოგადაღებაში ტრენინგის ჩატარება; ო) უზრუნველყოს, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გამართოს კონსულტაციები შეტყობინების იმ შემთხვევაში გაგზავნის წესის შესახებ, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების ან ამ დაწესებულებიდან გაყვანისა და დაბრუნების დროს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა სამედიცინო შემოწმებაზე უარი განაცხადა, თუმცა, მის სხეულზე არსებული ხილული დაზიანებების ან/და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ძალადობის განხორციელების თაობაზე ეჭვი გაუჩნდა; პ) დაიწყოს მუშაობა „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ნოემბრის №663 ბრძანებით დამტკიცებულ „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესში“ შესატანი ცვლილების პროექტზე და მაქსიმალურად მოკლე ვადაში განახორციელოს აღნიშნული ცვლილება, რათა განისაზღვროს ექიმის ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების ან ამ დაწესებულებიდან გაყვანისა და დაბრუნების დროს ბრალდებული/მსჯავრდებული სამედიცინო შემოწმებაზე თანხმობას არ აცხადებს და მას დაზიანება არ აღენიშნება, სამედიცინო შემოწმებაზე თანხმობის მისაღებად პატიმარს გონივრულ ვადაში განმეორებით შესთავაზოს სამედიცინო შემოწმების ჩატარება; ჟ) გააანალიზოს პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის პატიმრებთან შეხვედრისას მესამე პირების დასწრების შემთხვევაში მათი დასწრების მიზეზის წერილობით დასაბუთების საჭიროება; რ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გამართოს კონსულტაციები სამედიცინო ნაწილში არსებული ვაკანტური ადგილების შევსების თაობაზე და აღნიშნული კონსულტაციების შედეგების მიხედვით ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას; ს) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გამართოს კონსულტაციები პენიტენციურ დაწესებულებებში ექთნების რაოდენობის გაზრდის თაობაზე და აღნიშნული კონსულტაციების შედეგების მიხედვით ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას; ტ) ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინფექციის კონტროლის ყველა ზომის დაცვით უზრუნველყოს გეგმური სამედიცინო რეფერალის დროულად განხორციელება; უ) გააგრძელოს პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში მისთვის პროფესიული ტრენინგებისა და სწავლებების ჩატარება; ფ) გააგრძელოს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში (EHR) ინფორმაციის შეტანა, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის სისტემატიზებას; ქ) გამართოს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან და საქართველოს სახალხო დამცველთან შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგის გაუმჯობესება-დახვეწის მიზნით; ღ) გააგრძელოს პენიტენციური დაწესებულებების პერსონალის გადამზადება ფსიქიატრიული კრიზისული შემთხვევის მართვის საკითხში; ყ) შეისწავლოს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტები და შესაბამისი საჭიროების გამოვლენისას შეიმუშაოს წინადადებები პაციენტებისთვის ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურის გასაუმჯობესებლად; შ) გააგრძელოს მუშაობა ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ პაციენტთა საჭიროებების შესაფასებლად, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდებათ, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ამ პაციენტებისთვის შეიმუშაოს ბიოფსიქოსოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიოს მათ შესაბამისი დახმარება; ჩ) გააანალიზოს არსებული წესები პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად, რათა ყველა პატიმრისთვის უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალმისტარი, კონვერტი) და ისინი უზრუნველყოფილ იქნენ შესაძლებლობით, საკნებში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტები; ც) განახორციელოს საჩივრის ყუთების ვიდეომეთვალყურეობის არეალში მოქცევის საკითხის მონიტორინგი და უზრუნველყოს საჩივრის გამგზავნის ანონიმურობის დაცვა; ძ) უზრუნველყოს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ შეისწავლოს №2, №3, №6 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის შესაძლო დარღვევის შემთხვევები, საჩივრების შეტანის გამო პატიმრების მიმართ რეპრესიების განხორციელების სავარაუდო ფაქტები და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა მიმართ შესაბამისი ზომების მიღება; წ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მისცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების კონცეფციის გაცნობისა და საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა; ჭ) წარმოადგინოს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში ე. წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლების გაუქმების გეგმა; ხ) პატიმრობის კოდექსზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინოს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული თითოეული ბრალდებულისთვის გამოყოფილი იყოს 4 კვ. მ საცხოვრებელი ფართობი; ჯ) გააგრძელოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშებში აღწერილი, ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და შესაბამისი რეაგირება; ჰ) ინფექციის კონტროლის წესების მაქსიმალური დაცვით, ღონისძიებების განხორციელების ალტერნატიული შესაძლებლობების გამოყენებით გააგრძელოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო ღონისძიებების დანერგვა და გაზარდოს ამ ღონისძიებებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობა; ჰ1) დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისთვის სუფთა ჰაერზე 1 საათზე მეტი ხნით ყოფნის შესაძლებლობის მისაცემად წარმოადგინოს 3-წლიანი გეგმა; ჰ2) უზრუნველყოს №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრების მიერ დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს გასეირნების უფლებით სარგებლობა; ჰ3) შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობისა და პატიმართა რაოდენობის პროპორციულობის საკითხი და წარმოადგინოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდის გეგმა; ჰ4) გააგრძელოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; ჰ5) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელ ერთ-ერთ გარემოებად მიიჩნიოს პატიმრების სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებაში ჩართვის ფაქტი; ჰ6) 2022 წელს უზრუნველყოს №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან იზოლირება, სულ მცირე ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში; ჰ7) შეისწავლოს უცხოურენოვანი პატიმრებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და მარეგულირებელი ნორმების შესახებ ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომობის საკითხი და ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს ზომები ამ პატიმრების თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველსაყოფად; ჰ8) პატიმართა საკნებში განთავსების დროს უზრუნველყოს მათი ენობრივი, რელიგიური და კულტურული თავისებურებების გათვალისწინება; ჰ9) გააგრძელოს მუშაობა ქალი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის, უზრუნველყოს მათ მიერ კომპიუტერით სარგებლობა, მათი სატელეფონო საუბრების კონფიდენციალურობა და საცხოვრებელი კორპუსების ეზოს გარე კედლებზე დამონტაჟებული ტელეფონის აპარატების კაბინებში განთავსება, სამედიცინო ნაწილის საშხაპეების გვერდით არსებულ პალატებში საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩატარება და პოსტოპერაციული პალატის პოსტოპერაციული პაციენტებისთვის ადაპტირება, აგრეთვე დედათა და ბავშვთა განყოფილებაში მოთავსებული პირებისთვის უზრუნველყოს მომვლელით სარგებლობის შესაძლებლობა; ჰ10) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშაოს პენიტენციური ჯანდაცვის აღნიშნული სამინისტროს სისტემაში სრულად ინტეგრირების გეგმა; ჰ11) გამართოს მსჯელობა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“ დადგენილი შეფასების კრიტერიუმებისთვის ახალი კრიტერიუმების დამატების თაობაზე; ჰ12) გამართოს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტისა და ყველა შესაბამისი უწყების მონაწილეობით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის №02ს-№010 ერთობლივი საიდუმლო ბრძანების განსაიდუმლოების საკითხის შესასწავლად; ჰ13) გააგრძელოს პენიტენციურ დაწესებულებათა ტექნიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ამ დაწესებულებებში დისტანციური წესით გასამართ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულთა ჩართვის უზრუნველსაყოფად სპეციალური ოთახებისა და კომპიუტერული ტექნიკის რაოდენობის გაზრდის მიზნით; ჰ14) გააგრძელოს მუშაობა, რათა უცხოელმა პატიმრებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა, აგრეთვე საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთა ოჯახებიც ქვეყნის ფარგლების გარეთ ცხოვრობენ, შეძლონ საერთაშორისო ზარების შემცირებულ და მეტად ხელმისაწვდომ ფასად განხორციელება; ჰ15) გააგრძელოს ზომების მიღება, რათა უცხოელ პატიმრებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, აგრეთვე საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახებიც ქვეყნის ფარგლების გარეთ ცხოვრობენ, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ყოველთვიურად გამოეყოთ უფასო სასაუბრო დრო საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად; ჰ16) გააგრძელოს ზომების მიღება, რათა ყველა უცხოურენოვანი პატიმარი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს თარჯიმნის მომსახურებით, მათ შორის, ამ პატიმრებს მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სერვისებისა და მარეგულირებელი ნორმების შესახებ; ჰ17) შეისწავლოს საერთაშორისო ზარების განხორციელების პრაქტიკა და ამ ზარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიხშირითა და ხანგრძლივობით განხორციელების კუთხით ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები; ჰ18) შეისწავლოს ვიდეოპაემნის იმგვარად განხორციელების შესაძლებლობა, რომ პატიმრის ოჯახის წევრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს რომელიმე ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადება სავალდებულო არ იყოს; ჰ19) გააგრძელოს №3, №6, №10 და №18 პენიტენციური დაწესებულებების ვიდეოპაემნის განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით აღჭურვა და აღნიშნული პროცესი 1 წლის ვადაში დაასრულოს, ხოლო იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ასეთი ინფრასტრუქტურა არსებობს, შეისწავლოს მისი სრულყოფის საჭიროება და ამ საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; ჰ20) 2022 წელს ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში განიხილოს პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვის საკომპენსაციოდ დამატებითი ზომების მიღების შესაძლებლობა; ჰ21) უზრუნველყოს, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შეისწავლოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო ზარის განხორციელების უფლების სრულყოფილად გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და საქართველოს სახალხო დამცველს; ჰ22) უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების პერიოდში პატიმართა გარე სამყაროსთან კონტაქტის შესანარჩუნებლად განიხილოს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საჭიროება; ჰ23) გააგრძელოს მუშაობა ბრალდებულის სატელეფონო ბარათის მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასამზადებლად; ჰ24) უზრუნველყოს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა სისტემური შემოწმების გზით შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მიმოწერის უფლების დარღვევის ფაქტები, აწარმოოს გამოვლენილი დარღვევების შესახებ სტატისტიკა და უზრუნველყოს აღნიშნული უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებელ პირთა სათანადოდ დასჯა; ჰ25) დახვეწოს სოციალური მუშაკის მიერ ღია წერილის მიღების/ჩაბარების არსებული პრაქტიკა პატიმრის მიერ კორესპონდენციის გაგზავნის ფაქტის დადასტურების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად; ჰ26) გააგრძელოს მუშაობა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ისეთი სატელეფონო კაბინების (ხმის იზოლაციით) მოსაწყობად, სადაც შესაძლებელი იქნება სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურ გარემოში წარმართვა, და ამ მიზნით შეიმუშაოს 2022 წლის განმავლობაში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გეგმა, რომელშიც დეტალურად აღიწერება, რომელ დაწესებულებაში როდის რა სამუშაო ჩატარდება; ჰ27) 2022 წელს სიღრმისეულად შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურული რესურსი და, მსჯავრდებულთა რელიგიური საჭიროებების გათვალისწინებით, უზრუნველყოს არადომინანტური რელიგიური აღმსარებლობის პატიმართათვის სალოცავი სივრცეების გამოყოფა; ჰ28) რელიგიური უმცირესობების ძირითადი დღესასწაულების დროს, მართლმადიდებლური დღესასწაულების მსგავსად, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გააგრძელოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის საჯარო განცხადების სახით მიწოდების პრაქტიკა; ჰ29) დამატებით შეისწავლოს პენიტენციურ დაწესებულებებში საკვების მომზადების დროს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა საჭიროებების გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების მიხედვით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; ჰ30) უზრუნველყოს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა გააკონტროლოს და აღმოფხვრას ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა; მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს; ჰ31) სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოების განყოფილებებში (გარდა №17 განყოფილებისა) ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს დამატებით აუნაზღაუროს კვებისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხები; ჰ32) მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შესამცირებლად და მათი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულება; ჰ33) მსჯავრდებულებისთვის გააგრძელოს ძალადობრივი ქცევის კორექციის სავალდებულო პროგრამების განხორციელება, ხოლო იმ მოძალადეებისთვის, რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ორდერი, შეიმუშაოს ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამები; ჰ34) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და მათ პროაქტიულად გამოსავლენად დაგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები; ჰ35) რატიფიცირების მიზნით საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“; ჰ36) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად განახორციელოს საინფორმაციო კამპანიები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და მათდამი სტერეოტიპული დამოკიდებულების დასაძლევად. 3. საქართველოს პროკურატურამ: ა) ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების დროს დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების შედეგები აცნობოს საზოგადოებას, ამასთანავე, შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების მასალები კანონით განსაზღვრული წესით გააცნოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და შემოწმების შედეგების საფუძველზე იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში (ანგარიში არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს) ასახოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის აღკვეთის მიზნით წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; გ) სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეების გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ; დ) არსებითად ახალი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას აცნობოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებზე სისხლისსსამართლებრივი დევნის პროცესში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, თუ ამით არ დაზარალდება გამოძიების ინტერესები და საფრთხე არ შეექმნება მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს; ე) საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გენერალურ პროკურატურაში დასაქმებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების საქმიანობის ანგარიშები; ვ) განაგრძოს 2021 წელს საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტის მიმართ ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე; ზ) საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია 2021 წელს საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის პოლიტიკის თაობაზე. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეისწავლოს დაკავებული პირის მიერ ოჯახისთვის ან ადვოკატისთვის შეტყობინების მოთხოვნის სათანადოდ დოკუმენტირების პრაქტიკა; ბ) შეისწავლოს პოლიციის დაწესებულებაში ჩასატარებელი დაკავებული პირისა და ადვოკატის შეხვედრის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა/გამოცდილება; გ) 2022 წელს გაზარდოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს; დ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტაროს ტრენინგები ასეთ იზოლატორში მოთავსებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ; ე) იმ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს, უზრუნველყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ შედგენილი ოქმების მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმებთან შენახვა; ვ) შეისწავლოს დაკავებული პირის გამოკითხვის პროცესის წარმოებისა და მასთან კომუნიკაციის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა; ზ) შეიტანოს ცვლილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში, კერძოდ, ამ ბრძანებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის“ №9 დანართით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმას დაემატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში მოხდა პირის დაკავება; გასწია თუ არა პირმა წინააღმდეგობა; გამოყენებული იქნა თუ არა პირის მიმართ იძულების ზომა და, თუ იქნა გამოყენებული, − რა ფორმით; თ) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეამოწმოს პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში მიყვანილი დაკავებული პირების შენობაში შეყვანისა და შენობიდან გამოყვანის ფაქტების დროის მითითებით აღრიცხვის მდგომარეობა; ი) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული პირისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გამომძიებლის შეხვედრების (მათ შორის, დისტანციური შეხვედრების) კონფიდენციალურ გარემოში ჩატარება; კ) უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დისტანციური წესით გასამართი სასამართლო სხდომების კონფიდენციალურ გარემოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაუსწრებლად გამართვა; ლ) უზრუნველყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში აღწერილი, დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავების პირობებისა და კვების კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრა და მიღებული ზომების შესახებ აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს; მ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის პრინციპის გათვალისწინებით, გამართოს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურებისა და სხვა სათანადო უწყებების მონაწილეობით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 1 ივლისის №02ს-№010 ერთობლივი საიდუმლო ბრძანების განსაიდუმლოების საკითხის შესასწავლად; ნ) შეაფასოს 2021 წლის 5-6 ივლისს ჩადენილი ყველა სავარაუდო დანაშაულის საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საჭიროება; ო) გააგრძელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებში; ამასთანავე, შეიმუშაოს ტრენინგისშემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის შეფასებას; პ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ანგარიში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მუშაობის ეფექტიანობის თაობაზე; ჟ) შშმ ქალებისა და გოგოების მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ყველა სხვა დანაშაულის ფაქტების გამოძიებაში ჩართული პირები სისტემატურად გადაამზადოს შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტების საკითხებში; რ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევის გამოვლენისას კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტზე განახორციელოს შესაბამისი რეაგირება და სანქციის დაკისრება; ს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადაამზადოს ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ბავშვთა ქორწინების/თავისუფლების უკანონო აღკვეთის/ქორწინების იძულების საკითხებში; ამასთანავე, შეიმუშაოს ტრენინგისშემდგომი შეფასების დოკუმენტი; ტ) შეისწავლოს შეკრების მონაწილეთა შეჩერებისა და ჩხრეკის, აგრეთვე მათი დაკავების წესებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და ევროპული სტანდარტები და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია; უ) სამედიცინო პერსონალის მიერ დროებითი მოთავსების იზოლატორში აღკვეთის სინდრომის სამართავად შეიმუშაოს ერთიანი სახელმძღვანელო, რომელშიც გათვალისწინებული იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული პირისთვის გასაწევი დახმარების მოცულობა და მკაფიოდ განისაზღვრება, რა შემთხვევაში უნდა იქნეს გადაყვანილი იგი სტაციონარში; ფ) უზრუნველყოს ნივთიერებებზე დამოკიდებულ დაკავებულ პირთა დროული რეფერირება სამედიცინო დაწესებულებებში; ქ) კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს 2021 წელს საარჩევნო პერიოდის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებში მითითებულ ზეწოლის, მუქარის, საქართველოს შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან, ძალადობრივ ინციდენტებსა და სხვა შესაძლო კანონსაწინააღმდეგო შემთხვევებთან დაკავშირებულ საქმეებზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საჭიროება; ღ) განახორციელოს ყველა ეფექტიანი ღონისძიება თითოეულ შემთხვევაში საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის პერიმეტრში შეკრების ამკრძალავი ნორმის − საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი შეზღუდვის − აღსასრულებლად; ყ) დაიწყოს ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება დეტალური ინსტრუქციის განსაზღვრის მიზნით და ამ საკითხში გადაამზადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები; შ) უზრუნველყოს შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების შესახებ სტატისტიკის წარმოება; ჩ) სისხლის სამართლის საქმეებში შშმ პირთა და მათი საჭიროებების დროულად იდენტიფიცირებისთვის უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება; ც) უზრუნველყოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ (დეპარტამენტმა) სისტემური კონტროლი გაუწიოს ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებასა და კოლექტიური დასჯის პრაქტიკას და აღმოფხვრას ისინი, ამასთანავე, მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს; ძ) შეისწავლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფებში სარემონტო სამუშაოების ჩატარების საჭიროება და ამ საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; წ) შეისწავლოს შესაბამის ქვედანაყოფებში საკმარისი რაოდენობის წყლის დისპენსერების განთავსების საჭიროება და ამ საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი განთავსება; ჭ) სამხედრო ფორმის ფეხსაცმელი ჩაანაცვლოს ახალი, მაღალი ხარისხის ფეხსაცმლით და ის გასცეს წელიწადში ორჯერ − ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე; ხ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის უზრუნველყოს საინფორმაციო საშუალებების სათანადო ხელმისაწვდომობა; ჯ) შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის დროს თავშესაფრის მაძიებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პრინციპის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება; ჰ) „თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანით უზრუნველყოს ამ ბრძანებით შშმ პირებთან კომუნიკაციის სტანდარტებისა და ასპექტების გათვალისწინება, მათ შორის, სურდოთარჯიმნის მომსახურება და მისი ორგანიზება; ჰ1) აწარმოოს შშმ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ სტატისტიკა შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით; ჰ2) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილების) თანამშრომელთა გადამზადება შშმ პირთა საკითხებში, მათ შორის, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება შესაძლებლობის შეზღუდვის სხვადასხვა ტიპის მიხედვით, შშმ პირებთან სათანადო კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების გამოვლენისთვის; ჰ3) თავშესაფრების მაძიებლებთან და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან გამართოს საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე; ჰ4) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან დროულად შეთანხმება და ქართული ენის სასწავლო კურსების ფორმირება; ჰ5) ადრეულ ასაკში ქორწინებისა და თანამდევი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად სისტემატურად განახორციელოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები. 5. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აწარმოოს სპეციალური სტატისტიკა, რომელიც ასახავს არა მხოლოდ ისეთ დანაშაულს, როგორიცაა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებას, რომლებიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ: ა) გააგრძელოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენებისა და ჯგუფური დასჯის პრაქტიკის მონიტორინგი და ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა; ბ) გააგრძელოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისთვის ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების და გასაჩივრების მექანიზმების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; სამხედრო მოსამსახურეთა ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად თავდაცვის ძალებს დაავალოს, სათანადო პერიოდულობით ჩაატარონ მათთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები; ზემოაღნიშნული ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურეებს მარტივად გასაგებ ენაზე (რთული სამართლებრივი ტერმინებისა და ფორმულირებების გარეშე) შექმნილი ბროშურის სახით მიაწოდოს და მათთვის ხელმისაწვდომ ადგილებში გამოაკრას; გ) გააგრძელოს თავდაცვის ძალების საცხოვრებელ კორპუსებში სარემონტო სამუშაოებისა და ინვენტარიზაციის ჩატარება, აღმოფხვრას ინფრასტრუქტურული პრობლემები და გააუმჯობესოს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, საცხოვრებელი კორპუსები სრულად აღჭურვოს მწერებისგან დამცავი ბადით; გააგრძელოს ყველა სამხედრო ნაწილში ქალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის განცალკევებული სანიტარიულ-ჰიგიენური კვანძების მოწყობა; დ) შეისწავლოს, რამდენად არის უზრუნველყოფილი ყველა სამხედრო ნაწილში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები გადიან, მათთვის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების თანასწორად ბაზაზე არსებული სპორტული დარბაზითა და გასართობი სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა, და შესწავლის შედეგების მიხედვით მოახდინოს სათანადო რეაგირება; ე) შეისწავლოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის მიერ სახანძრო უსაფრთხოების დასაცავად და ხანძრის ჩასაქრობად აუცილებელი წესების შესწავლის კუთხით არსებული მდგომარეობა სათანადო სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად და შესწავლის შედეგების მიხედვით მოახდინოს სათანადო რეაგირება; ვ) შეისწავლოს ყველა სამხედრო მოსამსახურის პირბადით უზრუნველყოფის საკითხი და შესწავლის შედეგების მიხედვით მოახდინოს სათანადო რეაგირება; სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე გამოაკრას პირბადის ტარების წესის ამსახველი საინფორმაციო მასალა და ზედამხედველობა გაუწიოს ამ წესის დაცვას; ზ) შეიმუშაოს სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ზე პერიოდული ტესტირების წესი და უზრუნველყოს სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ზე პერიოდული ტესტირება; თ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ინფექციის კონტროლის საკითხში სამედიცინო პერსონალის გადამზადება ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აღნიშნული პერსონალის როლისა და ძალისხმევის გაზრდის მიზნით, რაც უნდა მოიცავდეს ახალი კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების დროულ გამოვლენას, აგრეთვე ახალი კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირთა დროულ მოძიებასა და იზოლირებას; ამასთანავე, სამედიცინო პერსონალმა უნდა უზრუნველყოს მიღებული ზომების სათანადოდ დოკუმენტირება; ი) ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გააგრძელოს ყველა სამხედრო ნაწილში საიზოლაციო ოთახების მოწყობის პრაქტიკა, სადაც საეჭვო სიმპტომების მქონე პირები ტესტის პასუხის მიღებამდე მოთავსდებიან; კ) შეისწავლოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამსახურის გავლის პერიოდში მათი სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკითხი და განიხილოს საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა; ლ) თავდაცვის კოდექსზე მუშაობის პროცესში შეისწავლოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის მიერ ტრანსპორტირებისა და კომუნალური ხარჯების გადახდისას მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გავრცელების საკითხი, ამასთანავე, აწარმოოს მოლაპარაკებები მუნიციპალიტეტის ორგანოებთან საშეღავათო პირობების დადგენის შესაძლებლობის შესასწავლად. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) თავის შესაბამის ერთეულს დაავალოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი ან/და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან სამოქალაქო სექტორის სხვა კლინიკებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაყვანილი და გარდაცვლილი პაციენტების (მათ შორის, პაციენტების გარდაცვალების მიზეზისა და ადგილის) შესახებ სტატისტიკის წარმოება; ბ) უზრუნველყოს სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების არსებული მოდელის შეცვლა, რათა სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტები სრულად და დროულად იქნენ უზრუნველყოფილი საჭირო სამედიცინო მომსახურებით, რაც გულისხმობს შემდეგი ხარჯების გაწევას: ბ.ა) პაციენტთა ტრანსპორტირების ხარჯები; ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებაში ექიმ-თერაპევტის ან ოჯახის ექიმის დაქირავების ხარჯები; ბ.გ) გეგმური სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებისთვის საჭირო ხარჯები; გ) უზრუნველყოს, რომ შეტანილ იქნეს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში, კერძოდ, ქვეყანაში არსებული გაიდლაინების შესაბამისად გათვალისწინებულ იქნეს მედიკამენტების გვერდითი ეფექტების სათანადო გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით მართვა; დ) დაავალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და მისი თანამდევი გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკის შესწავლა; ე) შეიმუშაოს და დანერგოს გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ მე-15 და მე-16 მუხლებში მითითებული ქმედებების (წამება ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი; ექსპლუატაცია, ძალადობა და შეურაცხყოფა) ჩადენის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების და საგამოძიებო ორგანოსა და მონიტორინგის განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის წესი; ვ) შეიმუშაოს და დანერგოს პაციენტებს შორის კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება აგრეთვე ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ვალდებულება; ზ) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებით გამოავლინოს და აღკვეთოს ამ დაწესებულებების პერსონალის მიერ პაციენტების მიმართ ძალადობის განხორციელების (მათ შორის, მათთვის ინექციებისა და მედიკამენტების ძალით (ნების საწინააღმდეგოდ) გაკეთების/მიცემის) ფაქტები; თ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის პაციენტებთან ურთიერთობის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც მოიცავს პაციენტის უფლებების დაცვისა და მისთვის ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის სტანდარტებს; ი) ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალისთვის სულ მცირე შემდეგ საკითხებზე სწავლების ჩატარებას: მულტიდისციპლინური მუშაობა, დეესკალაციის ტექნიკა, პაციენტის უფლებები და ეთიკის სტანდარტები, აღდგენაზე დაფუძნებული მიდგომა და თანამედროვე ფსიქიატრია; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს აღნიშნული პერსონალის მიერ ფსიქიატრიული დახმარების გაწევის ბიოფსიქოსოციალური მოდელის მნიშვნელობის გააზრებას და მის დასანერგად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას; კ) შეისწავლოს და აღმოფხვრას ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა სხვა პაციენტებისგან ხანგრძლივად განცალკევების პრაქტიკა; ლ) შეიმუშაოს და დანერგოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, კრიზისული შემთხვევების თავიდან აცილებისა და მართვის შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რათა აღნიშნულმა დაწესებულებებმა მინიმუმამდე შეამცირონ სიტუაციის ესკალაციის რისკი და, შესაბამისად, საჭირო აღარ გახდეს უკიდურესი ზომების მიღება; მ) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებით შეისწავლოს პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების კანონიერება და დასაბუთებულობა, აგრეთვე ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შემდეგ მათი სტატუსის გადასინჯვის საკითხი; ნ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და შშმ პირთა ორგანიზაციებთან კონსულტაციით განაახლოს „ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“; ო) შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების მათი რეალური ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა სტაციონარიდან დაუყოვნებლივ გაეწერონ ის პაციენტები, რომელთა მიმართაც არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; პ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-იდან შემოსულ ფსიქიატრიული შემთხვევების თაობაზე შეტყობინებებზე რეაგირებისთვის გაგზავნილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებისთვის შეიმუშაოს პაციენტის მიერ ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე მისი დარწმუნებით დაყოლიების, პაციენტის ფსიქიატრიულ სტაციონარში არანებაყოფლობით მოთავსების საჭიროების განსაზღვრისა და მისთვის პაციენტის უფლებების განმარტების დეტალური ინსტრუქცია; ჟ) შეიმუშაოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს პაციენტის ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებაზე ინფორმირებული თანხმობის ერთიანი ფორმა, რომელშიც გასაგები ფორმით იქნება მოცემული სრული, ზუსტი და დეტალური ინფორმაცია ფსიქიატრიული დახმარების არსისა და პაციენტის უფლებების შესახებ; ამასთანავე, აღნიშნული ბრძანებით განსაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, გადასცეს პაციენტს ინფორმირებული თანხმობის ასლი, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის უნდა მიმართოს მან, თუკი არ სურს სტაციონარში დარჩენა; რ) ცვლილება შეიტანოს „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებაში, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე სავალდებულო გახდეს აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის“ მე-13 დანართით დამტკიცებული №IV-300-12/ა ფორმის შევსება; ს) შეიმუშაოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვროს ფსიქიატრიული დაწესებულების ვალდებულება, პაციენტის სტაციონარში მოთავსებისთანავე და შემდგომ, რეგულარულად უზრუნველყოს მისთვის სტაციონარის შინაგანაწესისა და პოლიტიკის და პაციენტის უფლებების თაობაზე ზეპირი და წერილობითი ინფორმაციის გასაგები ენით მიწოდება; ტ) შეიმუშაოს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დაამტკიცოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის სავალდებულო, განცხადების/საჩივრის გაგზავნის ხელმისაწვდომი, მარტივი და კონფიდენციალური ჰოსპიტალშიდა და ჰოსპიტალგარე პროცედურები; უ) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების სრული დაცვით, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით უზრუნველყოს პაციენტის სტაციონარიდან გაწერის გარეშე მის მიერ სტაციონარის მოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა; ფ) მიიღოს ყველა ზომა, რათა სისტემური მონიტორინგით გაკონტროლდეს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პირობების „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებებით“ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა; ქ) მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის, ფინანსური რესურსის გამოყოფით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2021 წლის ანგარიშში აღწერილი, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში უსაფრთხო და თერაპიული გარემოს კუთხით არსებული პრობლემების გადასაჭრელად; ღ) შეისწავლოს პაციენტებისთვის მათი მკურნალობის შესახებ ინფორმაციის რეგულარულად, მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდების საკითხი; ყ) უზრუნველყოს მედიკამენტ „ციკლოდოლის“ მომარაგება, რათა ფსიქიატრიულმა დაწესებულებებმა შეძლონ გვერდითი ეფექტების სამართავად მისი გამოყენება; შ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების თანამშრომელთა სწავლება, რათა მათ შეძლონ მედიკამენტ „კლოზაპინის“ გვერდითი ეფექტების ამოცნობა, რომლებმაც შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს; ჩ) დაავალოს სათანადო სამსახურს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამედიცინო ბარათების რეგულარულად შემოწმება, რათა სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათები საქართველოში არსებული მოთხოვნების შესაბამისად იყოს წარმოებული; ც) უზრუნველყოს, რომ შეტანილ იქნეს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში, რათა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტზე ხელი მოკლევადიან მკურნალობაზე მყოფ პაციენტებსაც მიუწვდებოდეთ; ძ) ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ისეთი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა, რომლებიც ორიენტირებული იქნება აღდგენაზე და ხელს შეუწყობს შესაბამისი სერვისის მომხმარებელი პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობას; წ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული სოციალური მუშაკების როლის გაზრდა, რათა მათ ჰქონდეთ თემში არსებული პროგრამების მოძიებისა და პაციენტებისთვის გაცნობის ვალდებულება; ჭ) გადახედოს სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაფინანსების არსებულ მოდელს, რათა ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტები სრულად და დროულად იქნენ უზრუნველყოფილი სტომატოლოგიური მომსახურებით; ხ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აგრანულოციტოზის, ნივთიერებათა ცვლის პროცესების, განსაკუთრებით − ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის კლინიკურ-ლაბორატორიული დინამიკური შეფასება, აგრეთვე ლეიკოციტების კონტროლი მედიკამენტების გვერდითი მოვლენების სამართავად; ჯ) ხელი შეუწყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტებისთვის სკრინინგული გამოკვლევების ჩატარებას; ჰ) უზრუნველყოს თერაპევტის მიერ ყველა პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მათი მოთავსებისთანავე; ჰ1) ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან თანამშრომლობით და მათთვის ხელის შეწყობით უზრუნველყოს: ჰ1.ა) აღნიშნული დაწესებულებების სტაციონარულ განყოფილებებში დღისა და ღამის განმავლობაში მომუშავე პერსონალის რაოდენობის გაზრდა; ჰ1.ბ) აღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქოსოციალური მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებისთვის სათანადოდ აღჭურვილი თერაპიული სივრცეების შექმნა; ჰ2) ხელი შეუწყოს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებას, კვალიფიციური ტრენინგპროგრამების დანერგვასა და ხელმისაწვდომობას; ჰ3) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით განიხილოს პენიტენციური ჯანდაცვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ინტეგრირების საკითხი; ჰ4) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პაციენტების მიერ ტელეფონებითა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით თავისუფლად სარგებლობის უფლების რეალიზება; ჰ5) „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის უფლების რეალიზება, მოკლე დროით დატოვოს სტაციონარი, თუ არ არსებობს ექიმის გადაწყვეტილება ამ უფლების უკიდურესი აუცილებლობის გამო შეზღუდვის თაობაზე; ჰ6) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტისა და მნახველის შეხვედრის დროს ეპიდემიური ნორმების დაცვა; ჰ7) სისტემურად გააანალიზოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით შშმ ორსული ქალების საჭიროებები და გამოვლენილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა; ჰ8) განახორციელოს მშობიარობისშემდგომი ზრუნვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისების დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში ინტეგრირება; ჰ9) დაიწყოს მუშაობა ოჯახის დაგეგმვის სერვისების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების აღმოსაფხვრელად მათი პირველადი ჯანდაცვის სისტემაში სრულყოფილად ინტეგრირებისთვის; ჰ10) შეიმუშაოს ე. წ. გინეკოლოგიური ძალადობის დეფინიცია, განსაზღვროს და დაამტკიცოს ღირსების შემლახავი პრაქტიკების ნუსხა; ჰ11) პირველადი ჯანდაცვის სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად და ცნობიერების ასამაღლებლად შეიმუშაოს ეფექტიანი საკომუნიკაციო ღონისძიებები ოჯახის ექიმის ბენეფიციარებთან კომუნიკაციის გაძლიერების კუთხით, განსაზღვროს მიზნები, მათი მიღწევის მექანიზმები და შეფასების ინდიკატორები, აგრეთვე გადაამოწმოს მიღებული შედეგები; ჰ12) ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში პაციენტისთვის მის საჭიროებებზე ორიენტირებული, მაღალხარისხოვანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების (პრევენცია, სკრინინგი, მკურნალობა, მართვა) ეფექტიანად და ხარისხიანად მისაწოდებლად შეიმუშაოს მკაფიო გეგმა შესაბამისი ვადების მითითებით; ჰ13) შეიმუშაოს სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს საექიმო/საექთნო ადამიანური რესურსის განვითარებას, დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მოტივაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებას; ჰ14) შეიმუშაოს მკაფიო და შედეგზე ორიენტირებული მარეგულირებელი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება დამხმარე სამედიცინო პერსონალის ფუნქციები და შრომითი საქმიანობის სტანდარტები; ჰ15) ონკოლოგიური პაციენტების მიერ მათთვის განკუთვნილი სერვისების მიღების მიზნით მიმართვიანობის გასაზრდელად და დაავადებების ეფექტიანად სამართავად შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პაციენტების მიერ ამ სერვისების სრულად მიღებას, აგრეთვე მკურნალობაზე მათი დამყოლობისა და სერვისების მიღების მონიტორინგს; ჰ16) მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში შეიტანოს ცვლილება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადის შესამცირებლად; ჰ17) ყოველწლიურად შეაფასოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე დასაქმებული სოციალური მუშაკების რაოდენობის საჭირო რაოდენობასთან შესაბამისობა და განახორციელოს სათანადო ღონისძიებები მათი რაოდენობის გასაზრდელად; ჰ18) ყოველწლიურად შეაფასოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე დასაქმებული ფსიქოლოგების რაოდენობის საჭირო რაოდენობასთან შესაბამისობა და განახორციელოს სათანადო ღონისძიებები მათი რაოდენობის გასაზრდელად; ჰ19) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საჭიროებების მოკვლევის საფუძველზე სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გადაამზადოს ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის, მეორეული ვიქტიმიზაციისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების საკითხებში; ჰ20) პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების სოციალური ფუნქციის გასაზრდელად განახორციელოს სამოქმედო გეგმის შემუშავების ინიციირება; ჰ21) შშმ პირთა საჭიროებების კვლევებსა და დასაქმების სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ანალიზზე დაყრდნობით უზრუნველყოს აღნიშნული პროგრამების მოდიფიცირება, გაფართოება და ახალი კომპონენტების შემუშავება; ჰ22) შეიმუშაოს გაიდლაინები/რეკომენდაციები, რომლებიც დამსაქმებლებს შშმ პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, ინკლუზიური კოლექტივის შექმნაში, უნივერსალური დიზაინის პრინციპების გააზრებასა და სამუშაო ადგილებზე გონივრული მისადაგების უზრუნველყოფაში დაეხმარება; ჰ23) უზრუნველყოს COVID-19-ის პირობებში ფსიქიატრიული პაციენტის უსაფრთხო მართვის პროცესის ხელშეწყობა შესაბამისი ზედამხედველობის განხორციელებით; ჰ24) ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის ორგანიზებულად წარმართვისთვის შეიმუშაოს შესაბამისი სტრატეგია; განავითაროს სათემო სერვისები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი; ჰ25) მიიღოს ქმედითი ზომები მულტიპროფილურ საავადმყოფოებში ფსიქიატრიული განყოფილებების გაუქმების პრევენციისა და სპეციალიზებული დაწესებულებების მულტიპროფილურ კლინიკებში მათი შესაბამისი განყოფილებებით ჩანაცვლების წახალისების მიზნით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში დაფინანსების სისტემის შეცვლით; ჰ26) უზრუნველყოს შშმ პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობით ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის დროულად შემუშავება და დამტკიცება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს: ჰ26.ა) არსებული, 24 ადამიანზე გათვლილი სათემო სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყებას; ჰ26.ბ) არსებული თანამედროვე, სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული სერვისების გაძლიერებას და შშმ პირთა/ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად მომზადებას; ჰ26.გ) სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი პირებისთვის სოციალური რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; ჰ26.დ) ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს/ბავშვებს; ჰ27) შეაფასოს მხარდაჭერის სისტემის ყველა ეტაპი და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შეიმუშაოს სათანადო ცვლილებების განხორციელების სტრატეგია აღნიშნულ სფეროში სისტემური და კოორდინირებული პოლიტიკის გასატარებლად; ჰ28) შეიმუშაოს სპეციალიზებულ მინდობით აღმზრდელთა მოძიების/დაინტერესების ეფექტიანი მექანიზმები; ჰ29) გააძლიეროს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახების მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე; ჰ30) გადახედოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის ამბულატორიული დიაგნოსტირების ხარჯის დაფინანსების საკითხს; ჰ31) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები; გადახედოს „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს და სათანადო შემთხვევის უმოკლეს ვადაში განხილვის საკითხს; ჰ32) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან, აგრეთვე გაზარდოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა; ჰ33) დროებით ექსპერტთა ჯგუფს განსახილველად წარუდგინოს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით განსაზღვრული საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისთვის უძრავი ქონების 3 წლის განმავლობაში გასხვისების აკრძალვის საკითხი და უზრუნველყოს ამ საკითხის ინკლუზიურად განხილვა; ჰ34) ეკომიგრანტთა განსახლებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გასაზრდელად შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას; ჰ35) შეიმუშაოს იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ ერთიანი მიდგომების თაობაზე სამართლებრივი აქტის პროექტი; ჰ36) პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებს წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უფლებების თაობაზე; ჰ37) გააძლიეროს და დახვეწოს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების ბენეფიციართა გაძლიერების პროგრამები; ჰ38) გადახედოს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში პირველადი საჭიროების ნივთების გაცემის წესს და მათ ჩამონათვალს და განაახლოს აღნიშნული წესი და ჩამონათვალი არსებული საჭიროების დასაკმაყოფილებლად; ჰ39) ხელი შეუწყოს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებსა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში დასაქმებულ პირთა გადამზადებას აღსაზრდელთა რთული ქცევის, ემოციური გამწვავების პრევენციისა და მართვის საკითხებში, აგრეთვე თითოეულ სახლში/თავშესაფარში არასრულწლოვანებთან მუშაობის კუთხით გამოვლენილ სხვა სპეციფიკურ თემებზე; ჰ40) უწყებათაშორისი თანამშრომლობის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობის, საფუძველზე მოახდინოს ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 24-საათიანი მომსახურების მისაწოდებლად; ჰ41) შეაფასოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ადამიანური და მატერიალური რესურსებით გაძლიერების, მათ შორის, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდის, საჭიროება და შეიმუშაოს შესაბამისი გეგმა; ჰ42) უზრუნველყოს სპეციალურ მინდობით აღმზრდელთა გადამზადება; შშმ ბავშვის მინდობით აღსაზრდელად განთავსებამდე მიიღოს ინფორმაცია მიმღებ ოჯახში ხელმისაწვდომი გარემოს და დამხმარე მოწყობილობების შესახებ, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი არსებობა; ჰ43) გააძლიეროს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამაში ჩართულ შშმ ბავშვთა ოჯახები მათი საჭიროებების შესაბამისად, შშმ ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში დაბრუნების თავიდან ასაცილებლად; ჰ44) გააძლიეროს მონიტორინგის სისტემა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მინდობით აღზრდის ქვეპროგრამასა და მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამაში ჩართულ შშმ ბავშვთა მდგომარეობის ეფექტიანი მონიტორინგისთვის; ჰ45) გააძლიეროს მონიტორინგი, შეიმუშაოს და აამოქმედოს ეფექტიანი მეთოდოლოგია შშმ ბავშვთა/პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ძალადობის თავიდან ასაცილებლად; ჰ46) გააძლიეროს სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობა შშმ პირთა მიმართ ძალადობის (მათ შორის, ოჯახში ძალადობის) ფაქტების შესწავლისა და მათზე რეაგირების პროცესში; ჰ47) უზრუნველყოს სახელმწიფო სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ან ამ პროგრამებით სარგებლობის მაძიებელ იმ შშმ პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოება, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლები ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირები არიან, მათ შორის, ძალადობის შემთხვევების აღრიცხვის დროს; ჰ48) აღრიცხოს დევნილთა განსახლების ყველა ობიექტი, რომლებიც შესაძლებელია მობინადრეთათვის მდგრადობის კუთხით საფრთხის შემცველი იყოს, და საჯარო ან სხვა წყაროებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მოამზადოს საექსპერტო შეფასება; ჰ49) 2022 წელს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველი დევნილთა ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან გრძელვადიანად განასახლოს არანაკლებ 550 დევნილი ოჯახი; ჰ50) საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული გეოლოგიური დასკვნების გაანალიზების შედეგად გამოავლინოს მაღალი რისკის პირობებში მცხოვრები ოჯახები და განსახლებისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 30%-ისა ასეთი ოჯახების განსახლებას მოახმაროს; ჰ51) 2022 წელს დაასრულოს 2004−2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის პროცესი; ჰ52) გააანალიზოს ქართული ენის სწავლების მეთოდების ხარვეზები და სწავლება ბენეფიციართა საჭიროებებს მოარგოს; ჰ53) ინტეგრაციის პროგრამების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელოს შესაბამისი სოციალური ქსელის/ვებგვერდის საშუალებით; ჰ54) შექმნას ბენეფიციართა შესახებ მონაცემების ერთიანი ბაზა; ჰ55) დროულად დაასრულოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის (მათ შორის, მისი რეგიონული წარმომადგენლობების) ვაკანტური თანამდებობების დაკომპლექტება; ჰ56) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შრომის ინსპექციის სამსახურისთვის 2021 წლის 1 იანვრიდან მინიჭებული მანდატის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ასამაღლებლად განახორციელოს ეფექტიანი საინფორმაციო კამპანია შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით; ჰ57) გააუმჯობესოს საქმისწარმოების პროცედურის განმსაზღვრელი ნორმა/სტანდარტი, რომლითაც დგინდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესაფასებლად მომზადებული სარეცენზიო დოკუმენტაციის პროფესიული განვითარების საბჭოსთვის განსახილველად დროულად და სრულყოფილად წარდგენის ვალდებულება; ჰ58) საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების ერთიანი სტანდარტი იმგვარად, რომ არ გააუარესოს რომელიმე სამიზნე ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობა; ჰ59) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვისას გაითვალისწინოს სამედიცინო მოდელის მოქმედებით განპირობებული უთანასწორობა და შშმ პირთა ინდივიდუალური საჭიროებები; ჰ60) უზრუნველყოს საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგი და ამ საკითხზე ანგარიში საზოგადოებას 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს; ჰ61) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი; ჰ62) შეისწავლოს ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებული პროგრამები და განიხილოს შესაბამისი სერვისების გაძლიერების შესაძლებლობა; ჰ63) სოციალური მუშაობის კოდექსზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინოს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი სოციალური საცხოვრისის მოწყობის მინიმალური სტანდარტები; ჰ64) პასუხისმგებელი უწყებების ჩართულობით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადახედოს დედათა და ბავშვთა თავშესაფრების დაფინანსების მოცულობას გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად; ჰ65) უწყებათაშორისი თანამშრომლობის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობის, საფუძველზე გაზარდოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად; ჰ66) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სახელმწიფო უწყებებში დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად შეიმუშაოს ახალი დასაქმების პროგრამები; ჰ67) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით შეისწავლოს ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ფსიქიატრიული სტაციონარებიდან გაქცევის მიზეზები. 8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ: ა) დროულად შეიმუშაოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა სულ მცირე 10-წლიანი პერიოდისთვის და უზრუნველყოს მის დასამტკიცებლად გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ყველა პროცედურის ჯეროვნად და დროულად წარმართვა; ბ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიღებულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება; გ) გააუმჯობესოს ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის/მონაცემების გამჭვირვალობა საქმიანობის დაგეგმვის ყველა ეტაპზე; დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან მიმართებით დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ. 9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ: ა) შეისწავლოს ადამიანის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემებში სრულყოფილად ინტეგრირების საჭიროება და იდენტიფიცირებულ საჭიროებათა შესაბამისად დაგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები; ბ) პოლიტიკის დოკუმენტებში ასახოს ადამიანის უფლებათა სწავლების კომპონენტი საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით; გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიასა (2022−2030) და მის 2022−2024 წლების სამოქმედო გეგმაში ფორმალური განათლების ყოველი საფეხურისთვის განსაზღვროს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების ხელშეწყობისკენ მიმართული ამოცანები/აქტივობები და შესაბამისი გაზომვადი ინდიკატორები; დ) გადახედოს სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების არსებულ პროცედურას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ყველა ეტაპზე ადამიანის უფლებათა ექსპერტის ჩართულობა; ე) შეისწავლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის ეტაპზე საზოგადოებრივ საწყისებზე მოსწავლეთა მშობლების ჩართულობის საჭიროება და დაგეგმოს მათი ჩართულობის წამახალისებელი ღონისძიებები; ვ) უზრუნველყოს სკოლებში პროაქტიული მონიტორინგის განხორციელება რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის შემთხვევების გამოსავლენად და მიიღოს ყველა ზომა სათანადო რეაგირებისა და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით; ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივ კრიტერიუმებში საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვროს ვალდებულება, სახელმძღვანელოს შინაარსში აისახოს იმგვარი მიდგომები, რომლებიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან ტრანსფორმაციას და მშვიდობის კულტურის გაზიარებას; თ) ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე უზრუნველყოს ციფრული მოქალაქეობის იმგვარად სწავლება, რომ შესაძლებელი გახდეს ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების სრულფასოვნად ინტეგრირება ევროპის საბჭოს და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად; ი) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, მოსწავლეთა მიერ სწავლის მიტოვების თავიდან ასაცილებლად განსაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები (მათ შორის, პედაგოგთა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები) და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული საკითხი ნორმატიულ დონეზე დაარეგულიროს; კ) ადგილობრივ დონეზე აღრიცხოს/შეაფასოს მოსწავლეთა მიერ სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებლის მიზეზები და მუნიციპალიტეტებთან, საჯარო სკოლებთან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან თანამშრომლობით, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შეიმუშაოს ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების რისკის შემცირების გეგმა; ლ) გადაამზადოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეებისთვის კი განახორციელოს საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და ბულინგის თემაზე; მ) მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით გამოიკვლიოს სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში ჩართულ შშმ აღსაზრდელთა საჭიროებები და ზოგადი ტენდენციები და გამოვლენილი პრობლემების შესაბამისად დაგეგმოს სათანადო ღონისძიებები; ნ) მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით, შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყოს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონაცემთა სიღრმისეულად დამუშავება, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა საჭიროებების გამოვლენა და მათი შესაბამის სერვისებში ჩართვა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში არსებული მექანიზმების გაძლიერება; ო) გამოიკვლიოს დამაბრკოლებელი ფაქტორები, რომლებიც შშმ პირებს ხელს უშლის განათლების ზოგადი საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლის უმაღლეს საფეხურზე გაგრძელებაში, და, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები; პ) მუნიციპალიტეტებთან და შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობით მიიღოს სათანადო ზომები შშმ მოსწავლეებისთვის/ სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად და მოამზადოს ანალიტიკური დოკუმენტი განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; ჟ) გამოიკვლიოს/შეაფასოს დისტანციური ინკლუზიური სწავლების ხარისხი განათლების ზოგად და უმაღლეს საფეხურებზე; რ) შეაფასოს უმაღლეს განათლებაში ჩართულ შშმ სტუდენტთა საჭიროებები და გამოვლენილი ტენდენციების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით შეიმუშაოს/გააძლიეროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) შშმ სტუდენტთა მხარდამჭერი სერვისები; ტ) იმ სკოლებში, სადაც სწავლება ეროვნული უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს, გააძლიეროს ბილინგვური სწავლების მოდელი, შეიმუშაოს ბილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები; მოამზადოს/გადაამზადოს ორენოვანი მასწავლებლები; უ) გააგრძელოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნა და გამოცემა და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების მომარაგება; ფ) საქართველოს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენისა და გამოცემის და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით წარმართვის უზრუნველსაყოფად პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები; ქ) შეისწავლოს სასწავლო რესურსების მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენებზე მომზადებისა და გამოცემის და მასწავლებელთა გადამზადების საჭიროებები და პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები; ღ) როგორც მულტიკულტურული პროგრამების, ისე სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციისთვის ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; ყ) ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში/სოფლებში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას; შ) გააგრძელოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში მყოფი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ქართული ენის სწავლება; სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შესთავაზოს ქართული ენის სასწავლო პროგრამები; ჩ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით განავითაროს უმაღლესი განათლების ხელშემწყობი პროგრამები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების უნივერსიტეტში სწავლის მიმართ დაინტერესებისა და მისი ხელმისაწვდომობის გასაზრდელად; ც) გამოიკვლიოს განათლების ყველა ეტაპზე ჩართულ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე მოსწავლეთა (მათ შორის, შშმ და სსსმ მოსწავლეთა) შესახებ სტატისტიკის წარმოების საჭიროება და კვლევის შედეგების მიხედვით დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები; ძ) 2022-2023 სასწავლო წლისთვის შეისწავლოს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტისა და მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ოდენობის გაზრდის საჭიროება; წ) 2022-2023 სასწავლო წლისთვის შეისწავლოს მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ოდენობის გაზრდის საჭიროება; ჭ) 2022-2023 სასწავლო წლისთვის შეისწავლოს ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ოდენობის გაზრდის საჭიროება; ხ) ხელი შეუწყოს ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზაციას, მათ შორის, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებით; ჯ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან მიმართებით დაამტკიცოს ტექნიკური რეგლამენტი დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ; ჰ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ კოორდინაციის გაწევით ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული/რეპატრიირებული მესხების თემის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის გამოცდაზე ორიენტირებული, ქართული ენის უფასო სასწავლო კურსების შეთავაზების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. 10. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ: ა) კულტურის კოდექსის შემუშავებისას გაითვალისწინოს კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის სამართლებრივი რეგულირების საკითხი და უზრუნველყოს ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა; ბ) გააგრძელოს გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული პროცესებისა და ინფორმაციის საჯაროობისა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) გააგრძელოს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობისა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობისა და კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შესაბამისი დარგის კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა; დ) გააგრძელოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია და არსებული ფინანსური რესურსის ფარგლებში დაიწყოს ამ ძეგლების კონსერვაცია ან/და რესტავრაცია; ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში/სოფლებში კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. 11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციამ და მისმა საოკუპაციო რეჟიმებმა საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნით და ე. წ. გადასასვლელების შეუფერხებელი მუშაობით დაიცვან მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება; ბ) აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებელთა სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; გ) უზრუნველყოს, რომ რატიფიცირების მიზნით საქართველოს პარლამენტს წარედგინოს ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“. 12. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) გარკვეული სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011 წლის 13 დეკემბრის 2011/92/EU დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, შეისწავლოს სკრინინგის კრიტერიუმები და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება; ბ) დაგეგმოს და უზრუნველყოს თემატური სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება (მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურების პროექტებთან, ელექტროგადამცემ ხაზებთან, მაგისტრალებთან დაკავშირებით) და იმსჯელოს ამ დოკუმენტებით ხელმძღვანელობის სავალდებულოობის მიზანშეწონილობაზე; გ) შეისწავლოს საჯარო განხილვის ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით არსებული პრაქტიკა და ანალიზის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეიტანოს „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94 ბრძანებაში; დ) შეისწავლოს საჯარო განხილვის ჩატარების ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და ანალიზის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება. 13. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა: ა) კოორდინაცია გაუწიოს საქართველოში მცხოვრები, დაბრუნებული/ რეპატრიირებული მესხების თემის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის გამოცდაზე ორიენტირებული, ქართული ენის უფასო სასწავლო კურსების შეთავაზების მექანიზმების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) განიხილოს საქართველოში დაბრუნებული მესხებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების განახლებული მექანიზმების თაობაზე ინიციატივის წარდგენის საჭიროება; გ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან ეროვნული უმცირესობებისთვის საკონსულტაციო მექანიზმების საქართველოს პარლამენტში შექმნის საკითხზე; დ) შეიმუშაოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ინტერეთნიკური და ინტერკულტურული დიალოგის გაძლიერების გეგმა და მექანიზმები თემთა შორის უკონფლიქტო ურთიერთობების განვითარებისთვის. 14. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა: ა) უზრუნველყონ გენდერული თანასწორობის საკითხებზე შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების ცოდნისა და კომპეტენციის გაფართოება; ბ) დანერგონ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის პრაქტიკა და გამოყონ შესაბამისი ფინანსური რესურსი გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად; გ) შეისწავლონ საკვების ხელმისაწვდომობის (მათ შორის, ტერიტორიული ხელმისაწვდომობის) კუთხით შესაბამისი მუნიციპალიტეტის საჭიროებები და შეაგროვონ სათანადო სტატისტიკური მონაცემები; დ) საჭიროების შემთხვევაში, საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაზარდონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მოიძიონ დამატებითი სახსრები, აგრეთვე უზრუნველყონ სათანადო საჭიროების მქონე ბენეფიციართათვის საკვების შინ მიტანა; ე) საკვების მიმღებ ბენეფიციართა სიების შედგენისას, ბენეფიციართა რეგისტრაციის თარიღის ნაცვლად, მათი ოჯახების საჭიროებებით იხელმძღვანელონ და ამის უზრუნველსაყოფად შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილებები შეიტანონ; ვ) იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ბავშვთა საკითხებზე მომუშავე შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახური სათანადო კვალიფიკაციის მქონე მინიმალური რაოდენობის კადრებით სრულად არ არის დაკომპლექტებული, შეასრულონ ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი სათანადო ვალდებულება; ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალი გადაამზადონ დისტანციური სწავლების საკითხში; თ) საჭიროების შემთხვევაში შეაფასონ დისტანციური სააღმზრდელო პროცესის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევები, ამის საფუძველზე შეიმუშაონ კონკრეტული გეგმა და განახორციელონ ღონისძიებები აღნიშნული პროცესის ხელშეწყობისთვის; ი) უზრუნველყონ, რომ შესაბამისმა მუნიციპალურმა სამსახურებმა განახორციელონ ეფექტიანი ზედამხედველობა მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების აღსრულებაზე; კ) შეიმუშაონ და დანერგონ შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროგრამები/სერვისები; ლ) საბავშვო ბაგა-ბაღებს, აღსაზრდელთა საჭიროებებიდან გამომდინარე, დაამატონ ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, მათ შორის, ფსიქოლოგები, ლოგოპედები, ოკუპაციური თერაპევტები, ასისტენტები, მობილობისა და ორიენტაციის და სხვა სპეციალისტები; მ) შექმნან „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საკონსულტაციო საბჭოები და ხელი შეუწყონ მათ ეფექტიან ფუნქციონირებას; აღნიშნულ საბჭოებში ჩართონ შშმ აღსაზრდელთა მშობლები; ნ) განახორციელონ მონიტორინგი ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გასაუმჯობესებლად და მოამზადონ შესაბამისი ანგარიშები; ო) უზრუნველყონ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანი მუშაობა, მათ შორის, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში ონლაინსხდომების გამართვით; პ) შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ხანდაზმული პირების საჭიროებების შესაფასებლად (მოამზადონ ხანდაზმულთა საჭიროებების შეფასების დოკუმენტი); ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშაონ ხანდაზმულთა მიმართ მიზნობრივი პროგრამები, ეს პროგრამები ასახონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ აღნიშნული ბიუჯეტის გაზრდა და დამატებითი სახსრების მოძიება; ჟ) ეკომიგრაციის თავიდან ასაცილებლად ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია; რ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში/სოფლებში კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას; ს) უზრუნველყონ, რომ თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიებმა 2022 წელს შეაფასონ სოციალური საცხოვრისების სათანადოობა და საცხოვრებლად ვარგისობა, ხოლო უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში იქ მცხოვრები ადამიანები დაუყოვნებლივ უზრუნველყონ შესაბამისი, უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრისით; ტ) უზრუნველყონ, რომ დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურისა და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებმა შეიმუშაონ და საკრებულოებმა დაამტკიცონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები; უ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად უზრუნველყონ პედაგოგთა (მათ შორის, არაქართულენოვან პედაგოგთა) გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მათთვის მიწოდება; ფ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით დაიწყონ მუშაობა გეგმაზე, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სოციალური ქსელების გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათ მიერ ენობრივი ბარიერის დაძლევის ხელშეწყობას; ქ) უზრუნველყონ, რომ საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრი წყაროს, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით დაიწყონ მუშაობა გეგმაზე, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევი ნორმატიული აქტების (მათ შორის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების) ან ამ ნორმატიული აქტების შესახებ ინფორმაციის (ძირითადი შინაარსის ჩათვლით) ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათ მიერ ენობრივი ბარიერის დაძლევის ხელშეწყობას; ღ) უზრუნველყონ, რომ სამტრედიის, ლაგოდეხის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ლენტეხის, ასპინძის, ბორჯომის, ზესტაფონის, სენაკის, რუსთავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებმა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებისას მოითხოვონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი ფინანსების გამოყოფა. 15. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა განგრძობადი სწავლება შშმ ამომრჩეველთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ. 16. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყოს მთავარი საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებების ეროვნული უმცირესობების ენებზე ტელევიზიით ტრანსლაცია და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტის ტელეეთერით ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. 17. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეისწავლოს ეკომიგრანტთა განსახლებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გაზრდის საჭიროება და შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 18. თანამდებობის პირებმა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების დროს დაიცვან ადამიანის უფლებების დამცველთა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და ხელი შეუწყონ მათ საქმიანობას. 19. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ ზომები პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომელთა (მათ შორის, ზოგადი განათლების სისტემასა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირთა) მიმართ დისკრიმინაციული მიდგომების თავიდან ასაცილებლად. 20. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 12 ივლისის №710-Vრს-Xმპ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული დავალებების შესასრულებლად. 21. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერიოდულად გაუწიოს მონიტორინგი „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშები წარედგინოს 2023 წლის 1 მარტამდე. 22. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 18 ოქტომბერი 2022 წ. N1910-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები