ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ

ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 473
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023684
473
03/10/2022
ვებგვერდი, 04/10/2022
240110000.10.003.023684
ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №473

2022 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებილი ცხოველის საკვები დანამატების წესი“ (შემდეგში – წესი) ადგენს ადამიანის ჯანმრთელობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, გარემოს, მომხმარებლისა და გამომყენებლების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატებისა და პრემიქსების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების, ასევე ეტიკეტირებისა და ზედამხედველობის წესებს.

2. ეს წესი არ გამოიყენება:

ა) გადამუშავებაში გამოყენებული დამხმარე საშუალების მიმართ;

ბ) „ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის №112 დადგენილების შესაბამისად განმარტებულ ვეტერინარულ პრეპარატზე, გარდა  ცხოველის საკვებ დანამატებად გამოყენებულ კოკციდიოსტატიკებისა და ჰისტომონოსტატებისა.

3. ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ცხოველის საკვები – ნებისმიერი სუბსტანცია (ნივთიერება) ან პროდუქტი, მათ შორის, ცხოველის  საკვები დანამატები, გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი, რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალური კვებისათვის;

ბ) ბაზარზე პირველადი განთავსება – ცხოველის საკვები დანამატის პირველი განთავსება ბაზარზე მისი წარმოების შემდეგ, ცხოველის საკვები დანამატის იმპორტი ან ცხოველის ისეთი საკვების ბაზარზე პირველად განთავსება, რომელშიც გამოყენებულია ცხოველის საკვები დანამატი, რომელიც არ ყოფილა მანამდე განთავსებული ბაზარზე;

გ) ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობა – ნებისმიერი საქმიანობა, მოგებით თუ მოგების გარეშე, კერძო ან საჯარო, რომელიც დაკავშირებულია ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების ან დისტრიბუციის ნებისმიერ ოპერაციასთან, მათ შორის, ცხოველის საკვების ნებისმიერი მწარმოებელი, გადამამუშავებელი ან შემნახველი, რომელიც თავის სადგომში  კვებავს ცხოველებს;

დ) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია, უზრუნველყოს მის კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ე) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ ცხოველის საკვების რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება;  

ვ) მიკვლევადობა – ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ან სავარაუდოდ გამოყენებული ნებისმიერი ნივთიერების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის  ეტაპებზე;

ზ) ცხოველის საკვები დანამატები – ნივთიერებები, მიკროორგანიზმები ან პრეპარატები, გარდა ცხოველის საკვების მასალებისა და პრემიქსებისა, რომლებიც გამიზნულად ემატება ცხოველის საკვებს ან/და წყალს სხვადასხვა ფუნქციის, კერძოდ, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან მეტი ფუნქციის შესასრულებლად;

თ) ცხოველის საკვების მასალა – მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი, ახალი ან დაკონსერვებული და საწარმოო გადამუშავებიდან მიღებული პროდუქტი, ორგანული ან არაორგანული სუბსტანცია (ნივთიერება), მასში ცხოველის საკვები დანამატების შემცველობის მიუხედავად, რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალურ კვებაში გამოსაყენებლად, რათა დაკმაყოფილდეს ცხოველის ბუნებრივი მოთხოვნილება უშუალოდ ასეთი საკვებით, ან მათი გადამუშავების შემდეგ ან კომბინირებული საკვების მომზადებით ან პრემიქსების გადამტანით;  

ი) ცხოველის კომბინირებული საკვები –  ცხოველის საკვების მასალის არანაკლებ ორი შენარევისა (მიუხედავად მასში ცხოველის საკვები დანამატების შემცველობისა), რომლებიც გამოიყენება ცხოველის ორალურ კვებაში სრულყოფილი (დაბალანსებული) ან დამატებითი საკვების სახით;  

კ) ცხოველის დამატებითი საკვები – ცხოველის კომბინირებული საკვები, რომელსაც გარკვეული ნივთიერებების მაღალი შემცველობა აქვს, მაგრამ მისი შემადგენლობის გამო დღიური რაციონისათვის საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება სხვა საკვებთან ერთად;

ლ) პრემიქსი – ცხოველის საკვები დანამატების ნარევი ან ერთი ან მეტი ცხოველის საკვები დანამატის ნარევი ცხოველის საკვებ მასალასთან ან წყალთან, რომელიც გამოიყენება, როგორც გადამტანი, რომელიც არ არის გათვალისწინებული ცხოველისთვის პირდაპირი გამოყენებისთვის; 

მ) დღიური რაციონი – ცხოველის საკვების  საერთო საშუალო რაოდენობა, რომელიც გამოითვლება 12%-იანი ტენიანობის შემცველობისას და ყოველდღიურად საჭიროა მოცემული სახეობის, ასაკისა და პროდუქტიულობის ცხოველისთვის, მისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად;

ნ) სრულყოფილი (ბალანსირებული) საკვები – ცხოველის კომბინირებული საკვები, რომელიც თავისი შემადგენლობით აკმაყოფილებს ცხოველის დღიურ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას;

ო) გადამუშავებაში გამოყენებული დამხმარე საშუალება – ნებისმიერი სუბსტანცია (ნივთიერება), რომელიც უშუალოდ ცხოველის საკვებ პროდუქტად არ მოიხმარება, სპეციალურად გამოიყენება ცხოველის საკვები პროდუქტების ან ნივთიერებების გადამუშავების ან დამუშავებისას განსაზღვრული ტექნოლოგიური მიზნების მისაღწევად ან რომლის ნარჩენი რაოდენობა ან წარმოებულები შესაძლებელია, საბოლოო პროდუქტში აღმოჩნდეს არაწინასწარგანზრახული, მაგრამ ტექნოლოგიურად გარდაუვალი რაოდენობით, იმ პირობით, რომ არ მოახდენს უარყოფით გავლენას ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე და არ ახდენს ტექნოლოგიურ ზეგავლენას საბოლოო პროდუქტზე (ცხოველის საკვებზე); 

პ) ანტიმიკრობული საშუალებები – სინთეზურად ან ბუნებრივად წარმოქმნილი ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება მიკროორგანიზმების, მათ შორის, ბაქტერიების, ვირუსების ან სოკოების, ან პარაზიტების, კერძოდ, პროტოზოების მოკვლის ან დათრგუნვის მიზნით;

ჟ) ანტიბიოტიკი – მიკროორგანიზმის მიერ წარმოებული ან მისგან მიღებული ანტიმიკრობული საშუალება, რომელიც კლავს ან თრგუნავს სხვა მიკროორგანიზმების ზრდას;

რ) კოკციდიოსტატი და ჰისტომონოსტატი – ნივთიერებები, რომლებიც კლავს ან თრგუნავს პროტოზოებს;

ს) ნაშთი ოდენობის მაქსიმალური ზღვარი – ცხოველის საკვებში დანამატის გამოყენების შედეგად ნაშთი ოდენობის (ნარჩენების) მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც  დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით სურსათში/სურსათზე;

ტ) მიკროორგანიზმი – კოლონიის წარმომქმნელი მიკროორგანიზმები.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის განმარტებული.

მუხლი 3. ბაზარზე განთავსება, გადამუშავება და გამოყენება

1.  დაუშვებელია ცხოველის საკვები დანამატების ბაზარზე განთავსება, გადამუშავება (გარდა საექსპორტო წარმოებისა) ან გამოყენება, თუ:

ა)  ცხოველის საკვები დანამატები არ არის ავტორიზებული ევროკავშირის მიერ და არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ რეესტრში;

ბ) არ არის დაცული ამ წესით განსაზღვრული გამოყენების პირობები, ამ წესის დანართი №3-ით („ცხოველის საკვები დანამატების გამოყენების ზოგადი პირობები“) განსაზღვრული ზოგადი პირობების ჩათვლით (თუ ავტორიზაციით  სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), და სუბსტანციის (ნივთიერება)  ავტორიზაცია;

გ) არ სრულდება ამ წესით განსაზღვრული, ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

2. სამეცნიერო მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტებისთვის სააგენტოს შეუძლია, დაუშვას ცხოველის საკვები დანამატების სახით ისეთი ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც არ არის ავტორიზებული, გარდა ანტიბიოტიკებისა, იმ პირობით, რომ ექსპერიმენტები განხორციელდება სათანადო  სახელმწიფო ზედამხედველობით. შესაბამისი ცხოველები შეიძლება გამოყენებულ იქნენ სურსათის წარმოებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაადგენს, რომ ეს არავითარ უარყოფით გავლენას არ მოახდენს ცხოველთა ჯანმრთელობაზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.

3. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ნებადართულია თითოეული ცალკეული ცხოველის საკვები დანამატის ავტორიზაციაში მითითებული გამოყენების პირობების დაცვით იმ დანამატების შერევა, რომლებიც პირდაპირ უნდა გაიყიდოს საბოლოო გამომყენებელზე. შესაბამისად, ავტორიზებული დანამატების შერევა არ ექვემდებარება სპეციფიკურ ავტორიზაციას.

მუხლი 4. ავტორიზაციასთან დაკავშირებული პირობები

1. ცხოველის  საკვები დანამატი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტითა  და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და მახასიათებლებს.

2. ცხოველის საკვები დანამატები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ცხოველის საკვებმა დანამატმა არ უნდა იქონიოს უარყოფითი გავლენა ცხოველთა ჯანმრთელობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე;

ბ) ცხოველის საკვები დანამატი არ უნდა იყოს წარმოდგენილი ისე, რომ გამომყენებელი შეცდომაში შეიყვანოს;

გ) ცხოველის საკვებმა დანამატმა არ უნდა მიაყენოს ზიანი მომხმარებელს ცხოველური პროდუქტის დამახასიათებელი მახასიათებლების გაუარესებით ან შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი ცხოველური პროდუქტის დამახასიათებელი მახასიათებლებით.

3. ცხოველის საკვები დანამატი:

ა) დადებითად მოქმედებს ცხოველის საკვების მახასიათებლებზე;

ბ) დადებითად მოქმედებს ცხოველური პროდუქტების მახასიათებლებზე;

გ) დადებითად მოქმედებს დეკორატიული თევზისა და ფრინველის ფერზე;

დ) აკმაყოფილებს ცხოველების კვებით  საჭიროებებს;

ე) დადებითად მოქმედებს მეცხოველეობის სექტორიდან წარმოშობილი შედეგები გარემოზე;

ვ) დადებითად მოქმედებს ცხოველების წარმოებაზე, საქმიანობაზე ან კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ფლორაზე ან ცხოველის საკვების მონელებადობაზე;

ზ) ან ხასიათდება კოკციდიოსტატიკური ან ჰისტომონოსტატიკური ეფექტით.

4. დაუშვებელია ანტიბიოტიკების, გარდა კოკციდიოსტატებისა და ჰისტომონოსტატებისა, ცხოველის საკვებ დანამატებად ავტორიზაცია.

მუხლი 5. ცხოველის საკვები დანამატების კატეგორიები

1. ცხოველის საკვები დანამატი მიეკუთვნება ამ პუნქტით განსაზღვრული კატეგორიებიდან ერთს ან რამდენიმეს, მისი ფუნქციებისა და თვისებების გათვალისწინებით:

ა)  ტექნოლოგიური დანამატები – ნებისმიერი სუბსტანცია (ნივთიერება), რომელიც ტექნოლოგიური მიზნით ემატება ცხოველის საკვებს;

ბ) სენსორული დანამატები – ნებისმიერი სუბსტანცია (ნივთიერება), რომლის დამატება ცხოველის საკვებში აუმჯობესებს ან ცვლის ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს ან ცხოველებისგან მიღებული სურსათის ვიზუალურ მახასიათებლებს;

გ) ნუტრიციული (კვებითი) დანამატები;

დ) ზოოტექნიკური დანამატები – ნებისმიერი დანამატი, რომლის მიზანია ცხოველების ჯანმრთელობაზე ან გარემოზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა;

ე) კოკციდიოსტატები და ჰისტომონოსტატები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, ცხოველის საკვები დანამატები ნაწილდება ამ წესის დანართ №1-ში („ცხოველის საკვები დანამატების ჯგუფები“) აღნიშნულ ერთ ან რამდენიმე ფუნქციურ ჯგუფში, მათი ძირითადი ფუნქციის ან ფუნქციების შესაბამისად.

მუხლი 6. პრემიქსისა და ცხოველის საკვები დანამატების ეტიკეტირება და შეფუთვა

1. დაუშვებელია ბაზარზე ცხოველის საკვები დანამატის ან საკვები დანამატების პრემიქსის განთავსება, თუ მისი შეფუთვა ან კონტეინერი არ არის ეტიკეტირებული მწარმოებლის, შემფუთავის, იმპორტიორის, გამყიდველის ან დისტრიბუტორის პასუხისმგებლობით და არ არის დემონსტრირებული ქართულ ენაზე თვალსაჩინო ადგილას შემდეგი ინფორმაცია, რომელიც ნათლად იკითხება და ადვილად არ იშლება მასალის შემადგენლობაში შემავალ თითოეულ დანამატთან მიმართებით:

ა) სპეციფიკური დასახელება, რომელიც ენიჭება ცხოველის საკვებ დანამატს ავტორიზაციის საფუძველზე, წინ უძღვის ფუნქციური ჯგუფის დასახელებას, როგორც ეს ავტორიზაციაშია ნახსენები;

ბ) პირის სახელი/საფირმო დასახელება და მისამართი ან საქმიანობის განმახორციელებელი პირის იურიდიული მისამართი, რომელიც პასუხისმგებელია ამ მუხლში მოცემულ დეტალებზე;

გ) სუფთა წონა ან ცხოველის თხევადი  საკვები დანამატისა და პრემიქსის შემთხვევაში, სუფთა მოცულობა ან წონა;

დ) საჭიროების შემთხვევაში, აღიარების ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს ცხოველის საკვები დანამატის ან პრემიქსის მწარმოებელს ან ბაზარზე განმათავსებელს „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილების  შესაბამისად ან სარეგისტრაციო ნომერი;

ე) გამოყენების ინსტრუქციები და ნებისმიერი უსაფრთხოების რეკომენდაციები გამოყენების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციაში მითითებული სპეციფიკური მოთხოვნები, მათ შორის, ცხოველთა სახეობები და კატეგორიები, რომელთათვისაც გამიზნულია ცხოველის საკვები დანამატი ან დანამატების პრემიქსი;

ვ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

ზ) პარტიის ნომერი და წარმოების თარიღი;

თ)  პრემიქსების შემთხვევაში ამ პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება პრემიქსების შემადგენელ დანამატებზე.

2. არომატიზატორებისთვის ცხოველის საკვები დანამატების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს სიტყვებით „არომატიზატორების ნარევი“. ეს არ შეეხება არომატიზატორებს, რომლებიც რაოდენობრივ შეზღუდვას ექვემდებარება ცხოველის საკვებსა და სასმელ წყალში გამოყენებისას.

3. ამ წესის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, ამ წესის დანართი №2-ით („ეტიკეტირების სპეციალური მოთხოვნები ზოგიერთი ცხოველის საკვები დანამატებისა და პრემიქსისთვის“) განსაზღვრულ ფუნქციურ ჯგუფს მიკუთვნებული ცხოველის საკვები დანამატის შეფუთვა ან კონტეინერი უნდა შეიცავდეს ამ დანართში მითითებულ ინფორმაციას თვალსაჩინო ადგილას, უნდა იყოს მკაფიოდ მითითებული და არ უნდა იყოს წაშლადი.

4. პრემიქსის შემთხვევაში, ეტიკეტზე მკაფიოდ უნდა იქნეს მითითებული სიტყვა „პრემიქსი“ (შედარებით დიდი ზომის ასოებით) და დეკლარირებული უნდა იქნეს გადამტანი ნივთიერება „ცხოველის საკვების  გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 თებერვლის №58 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. პრემიქსის სინესტის შემცველობა უნდა იქნეს დეკლარირებული, თუ გადამტანად გამოყენებულია წყალი. მხოლოდ შენახვის ერთი მინიმალური ვადა შეიძლება, იქნეს გამოყენებული თითოეულ პრემიქსზე, როგორც ერთიანზე. ასეთი შენახვის მინიმალური ვადა უნდა დადგინდეს პრემიქსის თითოეული კომპონენტის შენახვის მინიმალური ვადის საფუძველზე. 

5. ცხოველის საკვები დანამატისა და პრემიქსის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ დახურულ შეფუთვებში ან დახურულ ჭურჭელში/კონტეინერში/ტარაში, რომლებიც უნდა დაიხუროს ისე, რომ გახსნისას შესაკრავი დაზიანდეს  და შეუძლებელი იქნეს მისი ხელახალი გამოყენება.

6.  ტექნოლოგიური წინსვლისა და სამეცნიერო განვითარების გათვალისწინების შესაბამისად, შეიძლება ცვლილებები იქნეს შეტანილი ამ წესის დანართ №2-ში.

7. ეტიკეტირების სავალდებულო მონაცემების ქართულ ენაზე განთავსების ვალდებულება არ ვრცელდება იმპორტისას. ამ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებულია ქართულ ენაზე ეტიკეტირება უზრუნველყოს ბაზარზე განთავსების შემდგომი ეტაპის განხორციელებამდე.

მუხლი 7. რეესტრი

ცხოველის საკვები დანამატების რეესტრი ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://food.ec.europa.eu/safety/animal-feed/feed-additives/eu-register_en. 

მუხლი 8. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილებები ცხოველის საკვები დანამატის კონტროლთან დაკავშირებით

1. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვები დანამატები, ვეტერინარული კონტროლის პროცედურებთან ერთად,  საქართველოში იმპორტის დროს  ექვემდებარება  ამ წესთან შესაბამისობის კონტროლს. 

2. ცხოველის საკვები დანამატები, რომლებიც არ არის ცხოველური წარმოშობის და  კლასიფიცირდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28170000; 28332100; 28332500; 28352600; 283630000  ან   230990 კოდებში, საქართველოში იმპორტის დროს  ექვემდებარება ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ რეესტრში ავტორიზაციის სტატუსის შემოწმებას. შემოწმების სიხშირე განისაზღვრება რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით.

მუხლი  9. პასუხისმგებლობა

ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

დანართი №1

 

ცხოველის საკვები დანამატების ჯგუფები

1. ტექნოლოგიური დანამატების კატეგორია მოიცავს შემდეგ ფუნქციურ ჯგუფებს:

ა) კონსერვანტი –  ნივთიერება ან, საჭიროების შემთხვევაში, მიკროორგანიზმები, რომელიც/რომლებიც იცავს ცხოველის საკვებს მიკროორგანიზმების ან მათი მეტაბოლიტებით გამოწვეული გაფუჭებისაგან;

ბ) ანტიოქსიდანტები – ნივთიერება, რომელიც იცავს ცხოველის საკვებს და ცხოველის საკვების მასალას ჟანგვითი პროცესებით გამოწვეული გაფუჭებისაგან და ახანგრძლივებს მისი ვარგისიანობის ვადას;

გ) ემულგატორები – ნივთიერება, რომლის საშუალებით შესაძლებელია  ჰომოგენური ნარევის წარმოქმნა ან შენარჩუნება ორი ან მეტი ისეთი ფაზისაგან, რომელთა შერევა არ ხდება;

დ) სტაბილიზატორები –  ნივთიერება, რომლის საშუალებით შესაძლებელია ცხოველის საკვების ქიმიური და ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნება;

ე) შემასქელებლები – ნივთიერება, რომელიც ზრდის ცხოველის საკვების  სიბლანტეს;

ვ) ჟელეს წარმომქმნელი აგენტი – ნივთიერება, რომელიც გელის (ლაბის) წარმოქმნის გამო  ცხოველის საკვებს  აძლევს ტექსტურას;

ზ) შემკვრელები – ნივთიერებები, რომლებიც ზრდის ცხოველის საკვების ნაწილაკების შეწებების უნარს;

თ) ნითიერებები რადიონუკლიდური დაბინძურების კონტროლისთვის – ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავენ რადიონუკლეიდების შეწოვას ან ხელს უწყობენ მათ ექსკრეციას;

ი) შეწებების (შეკოშტვის) საწინააღმდეგო აგენტი – ნივთიერება, რომელიც აფერხებს ცხოველის საკვების ცალკეული ნაწილაკების ერთმანეთთან შეწებებას;

კ)  მჟავიანობის რეგულატორი – ნივთიერება,  რომელიც არეგულირებს  pH (მჟავიანობას (სიმჟავეს) ან ტუტიანობას) ცხოველის საკვებში;

ლ) სილოსის დანამატები – ნივთიერებები, მათ შორის, ფერმენტები ან მიკროორგანიზმები, რომლებიც გამიზნულია ცხოველის საკვებში შესატანად, სილოსის წარმოების გასაუმჯობესებლად;

მ) დენატურაციის გამომწვევები – ნივთიერებები, რომლებიც გადამუშავებული ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებისას კონკრეტული სურსათის ან ცხოველის საკვების მასალის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა;

ნ) ნივთიერებები ცხოველის საკვების მიკოტოქსინებით დაბინძურების შემცირებისათვის – ნივთიერებები, რომელთაც შეუძლიათ შეწოვის შესუსტება ან შემცირება, მიკოტოქსინების ექსკრეციის ხელშეწყობა ან  მათი მოქმედების უნარის შეცვლა;

ო)  ჰიგიენის მდგომარეობის გამაუმჯობესებლები – ნივთიერებები ან, საჭიროების შემთხვევაში მიკროორგანიზმები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ცხოველის საკვების ჰიგიენურ მახასიათებლებზე, კონკრეტული მიკრობიოლოგიური დაბინძურების შემცირებით;

პ) სხვა ტექნოლოგიური დანამატები – ნივთიერებები ან, საჭიროების შემთხვევაში, მიკროორგანიზმები, რომლებიც ტექნოლოგიური მიზნებისათვის ემატება ცხოველის საკვებს და დადებითად მოქმედებს ცხოველის საკვების მახასიათებლებზე.

2. სენსორული დანამატების კატეგორია მოიცავს შემდეგ ფუნქციურ ჯგუფებს:

ა) საღებავები:

ა.ა) ნივთიერებები, რომლებიც უმატებს (აძლიერებს) ან აღადგენს ფერს ცხოველის საკვებში;

ა.ბ) ნივთიერება, რომლებითაც თუ კვებავენ ცხოველს, უმატებს (აძლიერებს) ცხოველური წარმოშობის სურსათის ფერს;

ა.გ) ნივთიერება, რომელიც დადებითად მოქმედებს დეკორატიული თევზის ან ფრინველის ფერზე;

ბ) არომატიზატორები: ნივთიერება, რომელიც აძლიერებს ცხოველის საკვების გემოს და/ან არომატს.

3. ნუტრიციული (კვებითი) დანამატების კატეგორია მოიცავს შემდეგ ფუნქციურ  ჯგუფებს:

ა) ვიტამინები და პროვიტამინები, ასევე ანალოგიური მოქმედების მქონე მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებები;

ბ) კვალის ელემენტების ნაერთები;

გ) ამინომჟავები, მათი მარილები და ანალოგები;

დ) შარდოვანა და მისი დერივატები.

4. ზოოტექნიკური დანამატების კატეგორია მოიცავს შემდეგ ფუნქციურ ჯგუფებს:

ა) მონელების გამაძლიერებლები – ნივთიერებები, რომელთაც ახასიათებთ ცხოველის საკვების მასალაზე მიზნობრივი მოქმედება და მათი გამოყენება ზრდის საკვების შეთვისებას;

ბ) ნაწლავის ფლორის სტაბილიზატორები – მიკროორგანიზმები ან განსაზღვრული სტრუქტურის მქონე ნივთიერებები, რომლებიც ცხოველზე მიცემის შემთხვევაში დადებითად მოქმედებენ ცხოველის ნაწლავის მიკროფლორაზე;

გ) ნივთიერებები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ გარემოზე;

დ) სხვა ზოოტექნიკური დანამატები;

ე) ფიზიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზატორები: ნივთიერებები ან, საჭიროების შემთხვევაში, მიკროორგანიზმები, რომლებითაც თუ ჯანმრთელ ცხოველებს კვებავენ, დადებით გავლენას ახდენს მათ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, მათ შორის,  სტრესული ფაქტორების მიმართ მედეგობაზე.

 

 

დანართი №2

 

ნაწილი I

ეტიკეტირების სპეციალური მოთხოვნები ზოგიერთი ცხოველის საკვები  დანამატებისა და პრემიქსისათვის

ა) ზოოტექნიკური დანამატების, კოკციდიოსტატებისა და ჰისტომონოსტატების შემთხვევაში ეტიკეტზე უნდა მიეთითოს:

ა.ა) გარანტიის მოქმედების ვადა ან შენახვის ვადა წარმოების დღიდან;

ა.ბ) მითითებები გამოყენების შესახებ;

ა.გ) კონცენტრაცია;

ბ) ფერმენტების შემთხვევაში, „ა“ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად ეტიკეტზე მიეთითება:

ბ.ა)  აქტიური კომპონენტის ან კომპონენტების სპეციფიკური დასახელება მათი ფერმენტული მოქმედების შესაბამისად, გაცემული ავტორიზაციის თანახმად;

ბ.ბ) ბიოქიმიის საერთაშორისო კავშირის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ.გ) კონცენტრაციის ნაცვლად: აქტივობის ერთეულები (აქტივობის ერთეული გრამზე ან აქტივობის ერთეული მილილიტრზე);

გ) მიკროორგანიზმების შემთხვევაში ეტიკეტზე უნდა მიეთითოს:

გ.ა) გარანტიის ვადის გასვლის თარიღი ან შენახვის ვადა წარმოების დღიდან;

გ.ბ) მითითებები გამოყენების შესახებ;

გ.გ) შტამის საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ.დ) კოლონიის წარმომქმნელი ერთეულების რაოდენობა გრამზე;

დ) ნუტრიციული (კვებითი) დანამატები:

დ.ა) აქტიური ნივთიერების შემცველობა;

დ.ბ) ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემცველობის გარანტიის ან შენახვის ვადის გასვლის თარიღი წარმოების დღიდან;

ე) ტექნოლოგიური და სენსორული დანამატები, გარდა არომატიზატორებისა:

ე.ა) აქტიური ნივთიერების შემცველობა;

ვ) არომატიზატორები:

ვ.ა) პრემიქსების წილი.

 

ნაწილი II

ეტიკეტირების დამატებითი და საინფორმაციო მოთხოვნები  ცხოველის ზოგიერთი საკვები დანამატისთვის, რომელიც შედგება პრეპარატებისგან ან პრეპარატების შემცველი პრემიქსებისგან

 

1. ცხოველის საკვები დანამატები, რომლებიც მიეკუთვნება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებს და შედგება პრეპარატებისგან:

ა) უნდა მიეთითოს  სპეციფიკური დასახელება შეფუთვაზე ან კონტეინერზე, ასევე საიდენტიფიკაციო ნომერი და ნებისმიერი ტექნოლოგიური დანამატის შემცველობა (რაოდენობა), რომელიც შეიცავს პრეპარატს, რომლისთვისაც შესაბამისი ავტორიზაციით დადგენილია მაქსიმალური შემცველობა;

ბ)  თან უნდა ახლდეს პრეპარატის შესახებ ნებისმიერი წერილობითი საშუალებით შემდეგი ინფორმაცია:

ბ.ა) სპეციფიკური დასახელება და ნებისმიერი ტექნოლოგიური დანამატის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც შეიცავს პრეპარატი;

ბ.ბ) პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ნივთიერების ან პროდუქტის დასახელება, წონის კლებადობის მიხედვით.

2. პრემიქსები, რომლებიც შეიცავს  ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ცხოველის საკვები დანამატების კატეგორიებს და შედგება პრეპარატებისგან, უნდა მიეთითოს:

ა) საჭიროების შემთხვევაში, შეფუთვაზე ან კონტეინერზე, რომ პრემიქსი შეიცავს ტექნოლოგიურ დანამატებს, რომლებიც შედის დანამატების პრეპარატებში, რომელთათვისაც მაქსიმალური შემცველობა  განსაზღვრულია შესაბამის ავტორიზაციაში;

ბ) შემსყიდველის ან გამომყენებლის თხოვნის საფუძველზე, ინფორმაცია კონკრეტული სახელის, საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ტექნოლოგიური დანამატების, რომლებიც შედის დანამატების პრეპარატებში, შემცველობა.

 

 

დანართი №3

 

ცხოველის საკვები დანამატების გამოყენების ზოგადი პირობები

1. ცხოველის საკვები დანამატების რაოდენობა, რომლებიც ბუნებრივ მდგომარეობაშიც არსებობს ცხოველის საკვებ ზოგიერთ მასალაში, უნდა გაანგარიშდეს ისე, რომ დამატებული ელემენტების ჯამური რაოდენობა და ბუნებრივად არსებული ელემენტები არ აღემატებოდეს ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებულ მაქსიმალურ დონეს.

2. ცხოველის საკვები დანამატების შერევა დასაშვებია მხოლოდ პრემიქსსა და ცხოველის საკვებში, სადაც ნარევის კომპონენტებს შორის არსებობს ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური თავსებადობა სასურველ ეფექტებთან მიმართებით.

3. მოთხოვნის შესაბამისად განზავებული ცხოველის დამატებითი საკვები არ შეიძლება შეიცავდეს ცხოველის საკვები დანამატების იმ რაოდენობას, რომელიც აღემატება ცხოველის სრულყოფილ (ბალანსირებულ) საკვებისთვის დადგენილს.

4. პრემიქსის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს „სილოსის დანამატებს“  ეტიკეტზე „პრემიქსის“  შემდეგ თვალსაჩინოდ უნდა დაემატოს სიტყვები „სილოსის დანამატები“.

5. ტექნოლოგიური დანამატები ან სხვა ნივთიერებები ან პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ცხოველის საკვების დანამატებს, რომლებიც შედგება პრეპარატებისაგან, უნდა მოახდინოს მხოლოდ პრეპარატის აქტიური ნივთიერების ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების მოდიფიცირება და გამოიყენებოდეს მათი ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, სადაც ასეთი მითითებაა მოცემული. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პრეპარატის კომპონენტებს შორის ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური თავსებადობა სასურველ ეფექტთან მიმართებით.