დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1818-IXმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.05.001.020629 |
|
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი); გ) შექმნას მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა; დ) მოაწესრიგოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები; ე) უზრუნველყოს ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების განვითარების ხელშეწყობა. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფარგლებში: ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული მაჭახელას ხეობის ტერიტორიის დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა; გ) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება; დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. მუხლი 3. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები 1. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად. 2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაჭახელას ხეობის ტერიტორიის ბიოლოგიური, ლანდშაფტური და კულტურული მრავალფეროვნებისა და დიდი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნების მიზნით ამ ტერიტორიას ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი და ეწოდება მაჭახელას დაცული ლანდშაფტი. 3. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 4. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია: ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა; ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება; გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა; დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება; ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით; ვ) არსებულ დაცულ ტერიტორიებს (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო დაცულ ტერიტორიებს) შორის ეკოლოგიური დერეფნის ფუნქციის შესრულება. 5. ამ კანონით გათვალისწინებული მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით. მუხლი 4. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი 1. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მცირე კავკასიონის შავშეთის ქედსა და მის განშტოებებზე. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი მოიცავს მდინარე მაჭახელას ხეობას. მისი სამხრეთი საზღვარი მიუყვება მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე, აღმოსავლეთი საზღვარი მცირე მანძილზე მიუყვება თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ჩრდილოეთი საზღვარი მიუყვება მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარს, ხოლო დასავლეთი საზღვარი − მდინარე მაჭახელასა და სოფელ კირნათის საზღვარს. 2. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 4294 ჰექტარი. იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 5. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 1. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის, შესაბამისად. 2. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება, ტურიზმისა და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განაკაფი ზოლის მოწყობა/შენარჩუნება) და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, მდინარეებზე (წყლის დინებებზე), უპირატესად − ძირითადი მდინარეების შენაკადებზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მცირე ზომის ენერგეტიკული ობიექტების) მშენებლობა, მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნებისა და კალმახის საქვირითე ადგილების დაუზიანებლად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება. 3. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო და ტურისტული საქმიანობები და ნებისმიერი სხვა (სამეცნიერო-კვლევითი, სამშენებლო, ობიექტების მომსახურებისა და სხვა) საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად. მუხლი 6. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები 1. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. მაჭახელას დაცულ ლანდშაფტს, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა, მართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი. 3. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად. 4. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს (ორგანოების) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება მაჭახელას დაცულ ლანდშაფტზე, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და შესაბამისი ტყის მართვის ორგანოსი. 7. სახელმწიფოს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება; გ) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გამოქვეყნება; დ) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობისა და სხვა) ორგანიზება; ზ) მაჭახელას დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 44 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. მუხლი 7. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ეს კანონი არ ვრცელდება მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე; გ) და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მუხლი 8. გარდამავალი დებულება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ განიხილავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ან მისი ნაწილის მართვის უფლებით გადაცემის საკითხს. მუხლი 9. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 20 სექტემბერი 2022 წ. N1818-IXმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები