ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 3-4, 30/12/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
24/12/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 3-4, 30/12/1993
000000000.00(0).000.000000
ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 13.06.1997, №768)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

 

ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ

 

მუხლი  1.  გადასახადის  გადამხდელები

ქონების გადასახადის გადამხდელები არინ ფიზიკური პირები (შემდგომში - მფლობელები), რომელთა კერძო საკუთრებაშია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ამ გადასახადით დასაბეგრი ობიექტები.

მუხლი  2. გადასახადით დაბეგვრის ობიექტები       

გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი სახის ქონება:

საცხოვრებელი სახლები, ბინები, აგარაკები, გარაჟები, სხვა შენობები, სადგომები და ნაგებობები (შემდგომში - შენობა-ნაგებობები);

ავტომობილები, მოტორიანი ნავები, იახტები, კატარღები, მოტომარხილები, შვეულმფრენები, თვითმფრინავები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები (შემდგომში - სატრანსპორტო საშუალებანი).

მუხლი  3. გადასახადის განაკვეთები

1. შენობა-ნაგებობების გადასახადს იხდიან ყოველწლიურად მათი საინვენტარიზაციო ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით.

2. სატრანსპორტო საშუალებების გადასახადს იხდიან ძრავის სიმძლავრის მიხედვით, თითოეულ ცხენის ძალაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის 0.2 პროცენტის ოდენობით.

მუხლი  4. საგადასახადო შეღავათები

1. შენობა-ნაგებობების გადასახადის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) პენსიონერები - შენობა-ნაგებობების მესაკუთრენი;

ბ) ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები, მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები;

გ) მეორე მსოფლიო ომისა და სხვა საბრძოლო ოპერაციების მონაწილენი და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას დაინვალიდებული პირები და მათი ოჯახის წევრები;

დ) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი სოფელ ადგილას არსებული შენობა-ნაგებობებისათვის.

2. სატრანსპორტო საშუალებების გადასახადის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) ხელით სამართავი ავტომობილებისა და მოტოეტლების მფლობელი ინვალიდები;

ბ) მოტორიანი ნავების მფლობელები, რომელთა მოტორის სიმძლავრე არ აღემატება 10 ცხენის ძალას.

3. ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ დააწესონ შეღავათები ცალკეული კატეგორიის გადამხდელებისათვის.

4. მესაკუთრენი, რომლებსაც ამ კანონის შესაბამისად ეკუთვნით გადასახადში შეღავათი, საგადასახადო ორგანოებში წარადგენენ შეღავათის უფლების დამადასტურებელ საბუთს.

უხლი  5. გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. მფლობელობისათვის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებენ საგადასახადო ორგანოები.

შენობა-ნაგებობების გადასახადი გამოიანგარიშება ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით საინვენტარიზაციო ღირებულების შესახებ კომუნალური მეურნეობის ორგანოთა მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, ინდექსაციის გათვალისწინებით.

რამდენიმე მფლობელის საერთო წილობრივ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებისათვის გადასახადს გადაიხდიან კომუნალური მეურნეობის ორგანოების მონაცემებით, შენობა-ნაგებობებში თითოეულის წილის მიხედვით.

2. სატრანსპორტო საშუალებების გადასახადი გამოიანგარიშება იმ წლის 1 იანვრის მონაცემების საფუძველზე, რომლისთვისაც ხდება გადასახადის დარიცხვა და რომელსაც საგადასახადო ორგანოებს ყოველწლიურად წარუდგენენ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანიზაციები.

3. გადასახადების გამოსაანგარიშებლად აუცილებელი მონაცემები საგადასახადო ორგანოებს მიეცემათ უფასოდ.

4. ახლად აგებული შენობა-ნაგებობების, აგრეთვე შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების გადასახადს იხდიან მათი აშენების ან შეძენის მომდევნო თვიდან.

რამდენიმე მფლობელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გადასახადს გადაიხდის ის მფლობელი, ვის სახელზეც არის რეგისტრირებული ეს სატრანსპორტო საშუალება.

მემკვიდრეობით გადასული შენობა-ნაგებობებისათვის მემკვიდრეები გადასახადს იხდიან მემკვიდრეობის მიღების დღიდან.

შენობა-ნაგებობათა განადგურების, აღების ან მთლიანად დანგრევის შემთხვევაში გადასახადის გადახდა შეწყდება იმ თვიდან, როდესაც ისინი გაანადგურეს, აიღეს ან მთლიანად დაანგრიეს.

5. კალენდარული წლის განმავლობაში ერთი მფლობელიდან მეორეზე შენობა-ნაგებობების და სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებისას, პირვანდელ მფლობელს გადასახადი წარედგინება წლის 1 იანვრიდან იმ თვემდე, როდესაც მან დაკარგა აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება, ხოლო ახალ მფლობელს გადასახადი წარედგინება იმ თვიდან, როდესაც ამ უკანასკნელს მიენიჭა საკუთრების უფლება.

6. კალენდარული წლის განმავლობაში ქონების გადასახადში შეღავათის უფლების წარმოქმნისას გადასახადი გადაიანგარიშება იმ თვიდან, როდესაც წარმოიქმნება ეს უფლება.

7. გადასახადის გადახდის შესახებ საგადასახადო ორგანოები გადამხდელებს აბარებენ საგადასახადო უწყებებს ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 მარტისა.

8. შენობა-ნაგებობების გადასახადის გადახდა ხდება ორ ვადაში - 15 ივნისამდე და 15 ოქტომბრამდე.

სატრანსპორტო საშუალებების გადასახადის გადახდა ხდება მათ რეგისტრაციამდე, ხელმეორე რეგისტრაციამდე ან ყოველწლიურ ტექნიკურ დათვალიერებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 15 სექტემბრისა.

9. სატრანსპორტო საშუალებების გადასახადის დროულად და სრულად გადახდის კონტროლს ახორციელებენ ის ორგანოები, რომლებიც ახდენენ მათ რეგისტრაციას, ხელმეორე რეგისტრაციას ან ყოველწლიურ ტექნიკურ დათვალიერებას. ამ ორგანოებს ევალებათ მოსთხოვონ მფლობელებს გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და ამ საბუთის წარმოუდგენლად არ მოახდინონ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაცია, ხელმეორე რეგისტრაცია ან ტექნიკური დათვალიერება.

10. პირები, რომლებიც დროულად არ იყვნენ დაბეგრილნი გადასახადით, დაიბეგრებიან არაუმეტეს წინა სამი წლისათვის. ამავე პერიოდისათვის გადაისინჯება არასწორად წარმოებული დაბეგვრა.

მუხლი  6. გადასახადის ბიუჯეტში ჩარიცხვა

ფიზიკური პირების ქონების გადასახადი ჩაირიცხება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის შემოსავალში დასაბეგრი ობიექტის ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის) მიხედვით.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

 

თბილისი,

1993 წლის 24 დეკემბერი.