საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 30/07/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
02/07/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 30/07/1993
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 24.01.1996)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

 

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს შესახებ

 

მუხლი  1. ზოგადი დებულებები

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო არის თავდაცვისა და უშიშროების სფეროში სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.

საბჭოს ამოცანები, ფუნქციები, მისი ფორმირებისა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით.

მუხლი  2. საბჭოს ამოცანები

საბჭოს ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფას, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ადამიანთა უსაფრთხოების დაცვას, სახელმწიფოში მართლწესრიგის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის დამყარებასა და განმტკიცებას, ქვეყნის სამშვიდობო საგარეო პოლიტიკური კურსის ფორმირებასა და განხორციელებას.

მუხლი  3. საბჭოს ფუნქციები

საბჭო მის წინაშე მდგომი ამოცანების განსახორციელებლად:

განიხილავს შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და განმტკიცების პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;

აკონტროლებს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას;

უსახავს საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ამოცანებს და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;

კოორდინაციას უწევს სამხედრო სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს;

განიხილავს სამხედრო კადრების მომზადების, მათი გადანაწილების, სამხედრო გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებს;

ხელმძღვანელობს, აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს თავდაცვის, უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ორგანოების საქმიანობას, ზრუნავს მათი სტრუქტურების სრულყოფისა და ამ ორგანოებში მიზნობრივი საკადრო პოლიტიკის განხორციელებისათვის;

ორგანიზაციასა კონტროლს უწევს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, უწყებების, ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო მმართველობის და რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობას უშიშროებისა და თავდაცვის სფეროში;

იღებს ზომებს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვისა და უშიშროებისათვის საშინაო და საგარეო საფრთხის გამოვლენასა და მის წინაღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებისათვის;

საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს ოპერატიულ ღონისძიებებს მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვაგვარი შედეგების თავიდან ასაცილებლად, იღებს ზომებს მძიმე შედეგების აღმოსაფხვრელად;

ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს ღონისძიებათა შემუშავებას და მათ განხორციელებას საქართველოს რესპუბლიკისათვის საარსებო მნიშვნელობის ობიექტების საიმედო დაცვისა და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის;

საგანგებო სიტუაციების რეგიონებში ნიშნავს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო უფლებებით აღჭურვილ წარმომადგენლებს;

განიხილავს მასალებს უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასანიშნი პირებისა და მათთვის უმაღლესი სამხედრო წოდებების მინიჭების თაობაზე და წარუდგენს წინადადებებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს;

ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი  4. საბჭოს უფლებამოსილება სამხედრო და საგანგებო მდგომარეობის დროს

სამხედრო და საგანგებო მდგომარეობის დროს მაბჭოს შეუძლია გადაწყვიტოს მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი საკითხი. სამხედრო მდგომარეობის დროს საბჭო ასევე უფლებამოსილია:

შემოიღოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მოქალაქეთა გასვლისა და სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა შემოსვლის განსაკუთრებული რეჟიმი;

გააუქმოს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ იგი ხელს უშლის სამხედრო მდგომარეობის განხორციელებას ან საბჭოს წინაშე მდგომი სხვა ამოცანების გადაწყვეტას.

მუხლი  5. საბჭოს შემადგენლობა

საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მრეწველობის დარგში; საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი;

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი;

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი;

საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი; საქართველოს რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე;

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისიის თავმჯდომარე;

ქალაქ თბილისის მერი;

საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი;

საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით შეიყვანოს სხვა თანამდებობის პირები.

მუხლი  6. საბჭოს კომისიები

საბჭო თავისი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად ცალკეულ საკითხებზე ფართომასშტაბიანი სამუშაოს ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში ქმნის სათანადო კომისიებს.

კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც საბჭოს წევრები, ისე სხვა პირნი.

მუხლი  7. საბჭოს მუშაობის წესი

საბჭოს სხდომა იმართება თვეში ორჯერ; აუცილებლობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის წინადადებით ან საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით, იმართება საბჭოს რიგგარეშე სხდომა.

საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება საბჭოს გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.

საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. იგი განსაზღვრავს საბჭოს მუშაობის დღის წესრიგს და საკითხთა განხილვის წესს.

საბჭოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

განსახილველი საკითხების თავისებურების გათვალისწინებით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ ავტონომიური რესპუბლიკების, სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, უწყებების, ქალაქების, რაიონების ხელმძღვანელები სათათბირო ხმის უფლებით.

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტებიც.

საბჭოს მუშაობას ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატი.

მუხლი  8. საბჭოს დადგენილება

საბჭო იღებს დადგენილებებს.

დადგენილება ძალაში შედის საბჭოს თავმჯდომარის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

 

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.

 

თბილისი, 1993 წლის 2 ივლისი.