„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 029
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 04/10/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010060010.70.082.016101
029
04/10/2022
ვებგვერდი, 05/10/2022
010060010.70.082.016101
„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №029

2022 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
 „საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/10/2019, 010060010.70.082.016004) დამტკიცებულ საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ბ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

გ) სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი;

დ) სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ე) საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი);

ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;

ზ) ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

თ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ი) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

კ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ლ) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

მ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;

ნ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ო) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი;

პ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ჟ) კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის  სამმართველო;

რ) პროფესიული განვითარების ცენტრი (სამმართველო);

ს) პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი (სამმართველო).“.

 

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები

1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ამოცანებია:

ა)  საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) საორგანიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის აპარატთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან,  სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გენერალური პროკურატურის ურთიერთობების კოორდინაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური პროკურორის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური  უზრუნველყოფა; 

დ) გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის და მოადგილეების საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;

ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გენერალურ  პროკურატურაში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება,  მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებების და საჩივრების  მიღება-რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მათზე რეაგირება;

ვ) გენერალურ პროკურატურაში შემოსული კორესპონდენციის  დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის  წარდგენის ორგანიზება;

ზ)  პროკურატურაში საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება და საქმის წარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

თ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება  და  საიდუმლო დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაცია;

ი)  პროკურატურის არქივის მუშაობის ორგანიზება.

2. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ამოცანებია:

ა) პროკურატურის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, შეუფერებელი საქციელის ჩადენის, ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტის, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების გამოვლენა და რეაგირება. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ბ) პროკურატურის თანამშრომელთა მიერ დისციპლინური  გადაცდომის, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების გამოვლენის დროს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გენერალური პროკურორისთვის წარდგენა;

გ) პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება;

დ) პროკურატურის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გენერალური პროკურორისა ან/და პროკურატურის თანამშრომლისთვის  შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ე) პროკურატურის ორგანოებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოძიების ჩატარება, გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა;

ზ) გენერალური პროკურატურის  გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

თ) საპროცესო ხელმძღვანელობის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომელთა მიერ არის ჩადენილი;

ი) პროკურატურის საქმიანობის საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;

კ) გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა)  სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე, მათ შორის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტებზე გენერალური პროკურორის მიერ დადგენილ საქმეებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

ბ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის  სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

დ) დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;

ე) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა;

ვ) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.

4. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის  მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

5. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანებია:

ა) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება;

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება;

გ) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული და მასთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონო დაუფლება, შეცვლა, დაზიანება ან/და დაფარვა; მონაცემთა ხელყოფა, კომპიუტერული მოწყობილობების არასანქცირებული გამოყენება და სხვა) ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება;

დ) საგამოძიებო ნაწილის  წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის  უზრუნველყოფა;

ე) საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

ვ) საგამოძიებო ნაწილის  მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა;

ზ) საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

თ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება;

ი) ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

კ) საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;

ლ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ეფექტიანი ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

მ) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ და მასთან დაკავშირებულ კიბერდანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ნ) საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

6. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) განვითარების ხელშეწყობა;

ბ)  პროკურატურის ორგანოების მაღალკვალიფიციური კადრებით შევსების უზრუნველყოფა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით რეკომენდაციების შემუშავება;

დ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა პროკურატურის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის მიზნით;

ე) პროკურატურის საშტატო ნუსხის სისტემატიზაცია და არსებული საჭიროებების აღრიცხვა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა, კადრების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა;

ზ) პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის მეთოდებისა და შესაბამისი პროცედურების ეფექტიანობის რეგულარული შეფასება, მათი სრულყოფის მიზნით;

თ) პროკურატურაში არსებული ადამიანური რესურსის სტაბილურობის ანალიზი, აგრეთვე დინამიკის სტატისტიკური ანალიზი და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;

ი) პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის, მათ შორის, შრომის ანაზღაურების სისტემის, ადეკვატურობის ანალიზი და წახალისების სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;

კ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა;

ლ) გენერალური პროკურორისა და შესაბამისი  მოადგილის ინდივიდუალური აქტების მომზადება და რეგისტრაცია;

მ) პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება;

ო) შრომითი ხელშეკრულებების დადება;

პ) პროკურატურაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის პროცესის კოორდინირება და ზედამხედველობა;

ჟ) საკადრო რეზერვის ფორმირების უზრუნველყოფა;

რ) საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განხორციელება;

ს) პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ორგანიზება.

7. ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ფინანსთა სამინისტროში (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა), იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) ფინანსთა სამინისტროსა (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა, რომელზეც საპროკურორო ზედამხედველობას ტერიტორიული პრინციპის დაცვით, უზრუნველყოფენ საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოები) და იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) ფინანსთა სამინისტროსა (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) და იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

8. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) პროკურატურის სისტემაში საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;

გ) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;

დ) არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;

ე) საბუღალტრო საქმისწარმოების ორგანიზება;

ვ) ლოჯისტიკური საქმიანობის მართვა;

ზ) კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლი.

9. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირის დაკავების ან/და ექსტრადიციის ან დროებითი გადაცემის  საკითხის განხილვის მიზნით, პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელება;

გ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავების ან/და ექსტრადიციის ან დროებითი გადმოცემის  შესახებ შუამდგომლობის მომზადება და მისი შესაბამის უცხო სახელმწიფოში  გაგზავნა;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნასთან და უცხო სახელმწიფოდან მსგავსი მასალების ან მათი დამოწმებული ასლების საქართველოში გადმოგზავნასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან ქონების ჩამორთმევასთან და მის შემდგომ განაწილებასთან (გაყოფასთან) დაკავშირებით თანამშრომლობის ორგანიზება და ამ მიზნით პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსთვის მიწოდება;

ზ) პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში შესაბამისი უცხო სახელმწიფოების სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობების უზრუნველყოფა;

თ) სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების მიზნებისათვის მულტინაციონალურ ინტერნეტსერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით ცენტრალური საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;

ი) ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის   სამმართველოს ფუნქციებში შემავალ საკითხებზე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ლ) პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

მ) პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

ნ) პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობის და პრაქტიკის შესაბამისობის დადგენა და ხარვეზების იდენტიფიცირება;

ო) ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების შესწავლა და, პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;

პ) ამ პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი შეფასება;

ჟ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა და ამ ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;

რ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში პროკურატურის წარმოდგენა;

ს) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, პროკურატურის ორგანოებისა და გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისგან ინფორმაციის გამოთხოვა;

ტ) გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

უ) გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა;

ფ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება;

ქ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა  სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

ღ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ყ) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

შ) რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; აღნიშნულ საქმეებზე  პროკურორებისათვის, გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა თანამშრომლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.

10. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა;

გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

11. საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საგამოძიებო დანაყოფების ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობა;

ბ) საპროკურორო საქმიანობის ანალიზი, ამ საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;

გ) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ზომების მიღება;

დ) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ამ გზით მიღებული გადაწყვეტილებების პროკურატურის სისტემაში დანერგვა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

ე)  პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების (გარდა გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისა) საქმიანობის შეფასება გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცებული პროკურორთა/პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის შესაბამისად;

ვ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის კოორდინაცია და წინადადებების მომზადება აღნიშნული პროგრამის სრულყოფის მიზნით;

ზ) არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის კოორდინაცია;

თ) დანაშაულის ანალიზი;

ი) სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი;

კ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა დაწესებულებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

ლ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქართული და უცხოური პრაქტიკის განზოგადება, წინადადებების მომზადება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით;

მ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით პროკურატურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ნ)  პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების ინიცირება და განხორციელება;

ო) მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაცია;

პ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური პროკურორის რეკომენდაციებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და წინადადებების მომზადება პროკურორის მიმართ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებაზე;

ჟ) საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განხორციელება;

რ)  გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის მოადგილეების დავალებების შესრულება, აგრეთვე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით  მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

12. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (გარდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ  ორგანოებში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;

დ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

13. საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  ამოცანებია:

ა) პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, საკუთარი კომპეტენციის  ფარგლებში, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება;

გ) პროკურატურის ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;

ე)   პროკურატურაში მიმდინარე პროცესების ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

ვ) საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; საზოგადოებრივ მაუწყებელთან, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან და სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

ზ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; საზოგადოების ინფორმირებისათვის სოციალური ქსელების გამოყენება და მათი მხრიდან სოციალურ ქსელებში შემოსულ კითხვებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პროკურატურის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ყოველდღიური მედიამონიტორინგის განხორციელება;

ი) პროკურატურის ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით პროკურატუტრის ორგანოებისა და გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისაგან ინფორმაციის გამოთხოვა;

კ) პროკურატურის ფოტო და ვიდეო არქივის შექმნა, დამუშავება და განახლება.

14. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

ბ)  პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება;

გ) პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში შესაბამისი უცხო სახელმწიფოების სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;

დ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების შესწავლა, ანალიზი და პროკურორებისათვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საპროკურორო საქმიანობისას გამოვლენილი დარღვევების მომავალში თავიდან აცილების მიზნით;

ე) შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, კონკრეტული წინადადებების შემუშავება და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ვ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა;

ზ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური პროკურორის სახელმძღვანელო მითითებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და წინადადებების მომზადება პროკურორის მიმართ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ღონისძიების  გამოყენებაზე;

თ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში/კომისიებსა და უწყებათაშორის საბჭოებში მონაწილეობა და პროკურატურის წარმომადგენლობა;

კ) პროკურატურაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ორიენტირებული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვა და განხორციელება;

ლ) პროკურატურაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ეფექტიანი აღსრულება.

15. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე საპროკურორო ზედამხედველობისა  და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ბ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელ და სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ პროკურორთა პროფესიული გადამზადების საკითხებზე წინადადებების შემუშავება;

გ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური პრაქტიკის განზოგადება, წინადადებების მომზადება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით და პროკურორებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება;

დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა;

ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;

ვ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ზ)  საჩივრებისა და განცხადებების  განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

თ) საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებთან შეხვედრა.

16. კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს ამოცანებია:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე, 221-ე, 332-ე, 333-ე და 337–341-ე მუხლებით გათვალისწინებული კორუფციულ და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

ბ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

დ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ე) საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;

ვ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით;

ზ) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე;

თ) ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ი) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;

კ) კორუფციასთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ლ) ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

მ) კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ნ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

17. პროფესიული განვითარების ცენტრის (სამმართველო) ამოცანებია:

ა) პროკურატურის თანამშრომლების პროფესიული განვითარება და განგრძობადი პროფესიული განათლების ხელშეწყობა;

ბ) პროკურატურის თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების  ამაღლება და განვითარების ხელშეწყობა;

გ)  კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით რეკომენდაციების შემუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა;

ე) პროკურატურის თანამშრომელთა  პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა, ამ მხრივ ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი  ღონისძიებების განხორციელება.

18. პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) ამოცანებია:

ა) პროკურატურის სისტემის ელექტრონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;

გ) სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება;

დ) ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ფორმირება, სრულყოფაზე ზრუნვა და დაცვა;

ე) პროკურატურის ვებგვერდის მართვა;

ვ) ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟი და ადმინისტრირება;

ზ) აპარატურისა და სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ინფორმაციულ ბაზათა ადმინისტრირება;

თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და მათთან თანამშრომლობა;

ი) დაშვების ბარათებისა და ვიზუალური კონტროლის საშუალებების ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე