2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 104/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 14/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.018211
104/ნ
14/09/2022
ვებგვერდი, 15/09/2022
430110000.22.022.018211
2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №104/ნ

2022 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022  წლის 26 აპრილის №220 დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 30 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი




დანართი

2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის

გაცემის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის დაფინანსება

1. 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს.

2. 2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) ფარგლებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხიდან 22 500 ლარი გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც  „ყოფილი  სსრკ-ის  მიერ XX საუკუნის  40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი.

3. ამ პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში.

მუხლი 2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების უფლების მქონე სტუდენტი

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2022 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი

1. პროგრამის ფარგლებში ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტები სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებითა და მე-8 მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში მიღებული აბსოლუტური ქულებით, რანჟირების სიის საფუძველზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად საჭირო თანხის ოდენობა აღემატება ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობას, დაფინანსება გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.

3. თუ ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა თანაბარი აბსოლუტური ქულა მოიპოვეს და ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი ყველა მათგანის დასაფინანსებლად, დაფინანსება არ გაიცემა.

მუხლი 4. დარჩენილი თანხის გადანაწილება

1. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე, დარჩენილი თანხა გადაუნაწილდებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2021 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. თუ ამ დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დანართის მე-2 მუხლით და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, დარჩენილი თანხა გაიყოფა თანაბრად და 50-50% გადაუნაწილდება იმ სტუდენტებს, რომლებიც განეკუთვნებიან ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №419 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით და „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიებს და აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ვერ მოიპოვეს დაფინანსება.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება გადანაწილდება ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს  №419 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 5. განცხადების წარდგენა

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ამ დანართის მე-2 მუხლით და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სტუდენტებმა განცხადება უნდა წარადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომ – სამინისტრო), 2022 წლის 30 აგვისტოდან 2022 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას უნდა დაერთოს ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, განცხადებას ასევე  უნდა დაურთონ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაცემული ცნობა, რომ „ყოფილი  სსრკ-ის  მიერ XX საუკუნის  40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი.

 მუხლი 6. გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ

1. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით  დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით,  სამინისტრო უფლებამოსილია სტუდენტების შესახებ ინფორმაცია მიიღოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

2. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 7. პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა

პროგრამის შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ბრძანების მიწოდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე, ინფორმაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.