„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1753-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.020603
1753-IXმს-Xმპ
08/09/2022
ვებგვერდი, 21/09/2022
010320000.05.001.020603
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„ნ) სტაჟირება − საჯარო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტაჟიორის საქმიანობა, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;

ო) სტაჟიორი − პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში საქმიანობას ახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის 124-ე მუხლის მოქმედება.“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) ამ პუნქტში მითითებული საჯარო დაწესებულებების სტაჟიორებზე.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო მოსამსახურეებსა და სტაჟიორებზე ამ კანონისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მოქმედების ფარგლები“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირსა და სტაჟიორზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

4. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებას;“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:

 

„თავი IX1

სტაჟირება

მუხლი 841. საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლა

1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.  საქართველოს პარლამენტის აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა საჯარო დაწესებულებები, რომლებშიც სტაჟირების გავლის წესი დადგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების დებულებით ან უმაღლესი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტით.

3. პირის მიერ ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა, რაც მას ხელს არ უშლის, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სხვა საჯარო დაწესებულების სტაჟიორი. სტაჟიორს უფლება აქვს, ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

4. საჯარო დაწესებულების სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტაჟიორთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით.

5. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;

გ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;

დ) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას.

6. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორისთვის საჯარო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გამოყოფს სათანადო საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

7. სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის 56-ე, მე-60, 68-ე და 71-ე–75-ე მუხლების, X თავისა და 109-ე და 124-ე მუხლების მოქმედება.

მუხლი 842. სტაჟიორისთვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ანდა დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური.

2. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;

ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;

გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

6. 124-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის სტაჟი მოიცავს სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატში საქმიანობის, სტაჟირების, გამოსაცდელ, პროფესიული განვითარებისა და რეზერვში ყოფნის პერიოდებს.“.

7. 1261 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს 2022 წლის 1 ნოემბრამდე შესაბამის აპარატში საქმიანობის პერიოდი ჩაეთვალოთ საჯარო სამსახურის სტაჟში.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სათანადო დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

8 სექტემბერი 2022 წ.

N1753-IXმს-Xმპ