მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 864
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 100060020.22.027.017354
864
06/09/2022
ვებგვერდი, 06/09/2022
100060020.22.027.017354
მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №864-№100/ნ

2022 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, პატიმრობის კოდექსის 1151 მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ11“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების თანდართული წესი.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მისაღებად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის შერჩევა.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესისა და პირობების და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 მარტის №72/№30/ნ ერთობლივი ბრძანება.
4. ეს ერთობლივი ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითორნიკე ჭეიშვილი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ მახარაშვილი



მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი

1. ეს წესი არეგულირებს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების (შემდგომ − აკადემიური უმაღლესი განათლება) მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე, განსაზღვრავს მსჯავრდებულთა მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირობებს და „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით განსაზღვრულ სწავლის სფეროებს, რომელთა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზეც შესაძლებელია აკადემიური ხარისხის მინიჭება.

2. ამ წესის მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფა და საამისოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.

3. ამ წესის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების უფლებით სარგებლობს:

ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული;

ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად მოთავსებული დაბალი რისკის მსჯავრდებული;

გ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი).

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საკონტაქტო პირი − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სამსახური) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის (შემდგომ − დეპარტამენტი) მოსამსახურე;

ბ) კორესპონდენციული სწავლება − საკონტაქტო პირის დახმარებით მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფა სასწავლო მასალის მიწოდებისა და წერილობითი ფორმის გამოყენებით;

გ) ციფრული სწავლება – აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების საშუალება პირდაპირი ტელეხიდის გზით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით;

დ) სწავლება გონივრული მოცულობით − სწავლება, რომელიც მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში შესაძლებელია, განხორციელდეს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებისა და სწავლების სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით.

მუხლი 3. მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფენ:

ა) დეპარტამენტი და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

გ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

მუხლი 4. მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების ფორმები

1. მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას იღებს:

ა) კორესპონდენციული სწავლების ფორმით;

ბ) ციფრული სწავლების ფორმით.

2. მსჯავრდებული ციფრული სწავლების უფლებით სარგებლობს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული სწავლის სფეროების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე და, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევის შემთხვევაში, მას ენიჭება კვალიფიკაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მსჯავრდებული კორესპონდენციული სწავლების ფორმით აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ამ წესით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

4. მსჯავრდებულისათვის კორესპონდენციული სწავლების დროს შესაბამისი სწავლის სფეროების მიხედვით სწავლების შესაძლებლობას, სწავლების გონივრულ მოცულობასა და კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

მუხლი 5. მსჯავრდებულის უფლებები აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებისას

1. აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების განმავლობაში მსჯავრდებული სარგებლობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტუდენტის უფლებებით (გარდა ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებისა − საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად; თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად).

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) ამ ბრძანებით განსაზღვრული წესითა და პირობებით მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამის კვლევითი კომპონენტი;

გ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელთაც სთავაზობენ სასწავლო პროცესში;

დ) კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება და სხვა სახის შეღავათები;

ე) ისარგებლოს მობილობისა და შიდა მობილობის უფლებით და გადაიტანოს სახელმწიფო დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;

ზ) ისარგებლოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

3. კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მსჯავრდებულს შეიძლება შეეზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; პერიოდულად შეაფასოს აკადემიური პერსონალის მუშაობა).

მუხლი 6. აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლების დროებით შეზღუდვა

1. მსჯავრდებულს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები, ასევე სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება ეზღუდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) დისციპლინური პატიმრობის მოხდისა და სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდში;

ბ) პატიმრობის კოდექსის 47-ე მუხლის 22 ნაწილით ან 718 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე;

გ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანისას ან/და მკურნალი ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის აღმოფხვრის შემდგომ პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მსჯავრდებულისათვის სასწავლო კურსის პროგრამებით (სილაბუსებით) გათვალისწინებული სასწავლო მასალის გადაცემას/სასწავლო მასალაზე წვდომას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გამო მსჯავრდებულის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეზღუდვისა და მისი აღმოფხვრის თაობაზე დეპარტამენტი აცნობებს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

მუხლი 7. სამსახურის უფლება-მოვალეობები

1. სამსახური მსჯავრდებულის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების მიზნით:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას;

ბ) უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის მსჯავრდებულისათვის გაცნობას;

გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთობის მიზნით განსაზღვრავს საკონტაქტო პირს;

დ) უზრუნველყოფს მსჯავრდებულისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მოწოდებული სასწავლო მასალის გადაცემას/მასალაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით წვდომას;

ე) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულის კავშირს აკადემიურ პერსონალთან;

ვ) უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებას პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო მიზნებისათვის;

ზ) უზრუნველყოფს სასწავლო ფართისა და ინვენტარის გამოყოფას, აგრეთვე შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნას;

თ) ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების პროცესში შუალედური შეფასებისა (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასების ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ი) ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მსჯავრდებულთა განათლების ხელმისაწვდომობისათვის გამიზნული ღონისძიებების განხორციელებას;

კ) საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას აწვდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს პენიტენციური დაწესებულებების სპეციფიკის თაობაზე;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

2. ციფრული სწავლების ფარგლებში სამსახური:

ა) პენიტენციურ დაწესებულებებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ციფრული სწავლების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებებს;

ბ) უზრუნველყოფს ციფრული სწავლების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგვისათვის საჭირო ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ აღჭურვას;

გ) მსჯავრდებულთათვის ციფრული სწავლების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ელექტრონული პლატფორმის შერჩევასა და პენიტენციურ დაწესებულებებში მის გამართულ ფუნქციონირებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს ციფრული სწავლების ფარგლებში, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შერჩეული ელექტრონული პლატფორმის გამოყენების ინსტრუქციას/ვიდეოგზამკვლევს და უზრუნველყოფს მსჯავრდებულისათვის მის გაცნობას.

მუხლი 8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება-მოვალეობები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსჯავრდებულთა აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების მიზნით:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს მსჯავრდებულის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას;

ბ) უზრუნველყოფს სამსახურისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის კოორდინაციას;

გ) უზრუნველყოფს ციფრული სწავლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას;

 დ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლება-მოვალეობები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მსჯავრდებულთა აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების მიზნით:

ა) უზრუნველყოფს მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულისათვის ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს;

გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ინფორმაციის წერილობით მიწოდებას მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის ცვლილებისა და საკონტაქტო პირის განსაზღვრის თაობაზე;

დ) პენიტენციურ დაწესებულებასთან ურთიერთობის მიზნით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის წარმომადგენელს – საკონტაქტო პირს, რომლის შესახებაც დეპარტამენტს აწვდის წერილობით ინფორმაციას;

ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მსჯავრდებულისათვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შედგენას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურს აწვდის შესაბამის სასწავლო მასალას; საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტ მსჯავრდებულს სასწავლო მასალით უზრუნველყოფს მატერიალური სახით;

ზ) განსაზღვრავს სწავლის პროცესში მსჯავრდებულისათვის შესაბამის დავალებებსა და სილაბუსის მიხედვით სასწავლო მასალაში კონკრეტულ მითითებებს; საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინდივიდუალური პროგრამის შედგენასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურისათვის მიწოდებას;

თ) უზრუნველყოფს მსჯავრდებულის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის თითოეული კომპონენტის ფარგლებში ინფორმირებულობას როგორც შეფასების სისტემის, ისე მიღწეული შედეგების შესახებ;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მსჯავრდებულთან აკადემიური პერსონალის ვიზიტს;

კ) მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევის შემთხვევაში, ანიჭებს მას კვალიფიკაციას და გასცემს დიპლომს;

ლ) შუალედურ და დასკვნით შეფასებასთან დაკავშირებით დეპარტამენტს არანაკლებ 5 სამუშაო დღისა წერილობით აწვდის ინფორმაციას გამოცდების განრიგისა და საგამოცდო პორტალზე დაშვების უზრუნველყოფის შესახებ;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

2. თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სურს საგანმანათლებლო პროგრამაზე მსჯავრდებულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა (შემდგომ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) აცნობოს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაში განხორციელებული ცვლილების შესახებ. აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგებისა და მისანიჭებელი კვალიფიკაციის ცვლილება.

მუხლი 10. მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა/სტუდენტის სტატუსის აღდგენა

1. მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხორციელდება მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობილი პირის მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მსჯავრდებულის ჩარიცხვიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა ამის თაობაზე აცნობოს დეპარტამენტს.

2. მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის სტატუსის აღდგენა ხორციელდება მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის მხრიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შუამდგომლობის წერილის გაგზავნისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, რის შემდეგაც მსჯავრდებული კანონიერი წარმომადგენლის/მინდობილი პირის მეშვეობით კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის რეგისტრაციას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მსჯავრდებულის სტატუსის აღდგენის შესახებ არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს დეპარტამენტს.

3. აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების მიზნით მსჯავრდებული სახელმწიფო დაფინანსებას მოიპოვებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მსჯავრდებული აკადემიურ რეგისტრაციას გადის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობილი პირის მეშვეობით.

მუხლი 11. აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების ორგანიზება

1. მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უკავშირდება დეპარტამენტს მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმების მიზნით.

2. დეპარტამენტი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წერილობით აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას საკუთარი წარმომადგენლების ვინაობისა და მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

3. კორესპონდენციული სწავლების შემთხვევაში:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს გადაეცემა სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომის მონაცემები, ხოლო საკონტაქტო პირს – სტუდენტის ელექტრონულ ბაზაზე წვდომის მონაცემები;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობის შემთხვევაში, საკონტაქტო პირს გადაეცემა ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე წვდომის მონაცემები.

4. ციფრული სწავლების შემთხვევაში:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს გადაეცემა სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაზე წვდომის მონაცემები, ხოლო სტუდენტ მსჯავრდებულს – ელექტრონულ ბაზაზე წვდომის მონაცემები;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობის შემთხვევაში, სტუდენტ მსჯავრდებულს გადაეცემა ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე წვდომის მონაცემები.

მუხლი 12. მსჯავრდებულისა და აკადემიური პერსონალის კონტაქტი

1. მსჯავრდებულისა და აკადემიური პერსონალის კავშირი შესაძლებელია:

ა) პენიტენციურ დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეხვედრის გზით;

ბ) სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, პირდაპირი ტელეხიდის გზით;

გ) წერილობითი ფორმით, ფოსტის ან/და საკონტაქტო პირის შუამავლობით – ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

დ) მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის ან/და პენიტენციური დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლის უფლებით კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობის შემთხვევაში.

2. აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების დაწყებამდე, ასევე, საჭიროებისამებრ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დეპარტამენტს შორის ურთიერთშეთანხმების გზით განისაზღვრება მსჯავრდებულისა და აკადემიური პერსონალის შეხვედრის განრიგი. დეპარტამენტი ვალდებულია, განრიგი შეხვედრამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე აცნობოს სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტს. პენიტენციურ დაწესებულებაში აკადემიური პერსონალი დაიშვება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 13. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინფორმაციის მიწოდება

1. საკონტაქტო პირი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით არაუგვიანეს მომდევნო 3 სამუშაო დღისა აცნობოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას:

ა) მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე;

ბ) მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;

გ) მსჯავრდებულის მიერ სასწავლო პროცესში ჩართულობის შეუძლებლობის თაობაზე, თუ ეს გამოწვეულია მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდებით, მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსებით, აგრეთვე მსჯავრდებულის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანით (ინფორმაცია მიეწოდება კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე);

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების (კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე) აღმოფხვრის თაობაზე;

ე) მსჯავრდებულის გარდაცვალების თაობაზე.

2. თუ მსჯავრდებული გადაყვანილ იქნა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც შესაძლებელია აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება ამ წესის მიხედვით, დეპარტამენტი უფლებამოსილია, განსაზღვროს სხვა საკონტაქტო პირი.

3. თუ მსჯავრდებული გადაყვანილ იქნა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც ამ წესის მიხედვით შესაძლებელი არ არის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მსჯავრდებულისათვის სტუდენტის სტატუსის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეჩერებას და ამის შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტისათვის მიწოდებას.

მუხლი 14. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლა

ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მსჯავრდებულს მიეწოდება:

ა) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის მეშვეობით მობილობით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის მიზნით;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ − შიდა მობილობით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მიზნით.

მუხლი 15. კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა

მსჯავრდებულს კვალიფიკაცია ენიჭება და მასზე დიპლომი გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი II. კორესპენდენციული სწავლება

მუხლი 16. მსჯავრდებულისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიწოდება კორესპონდენციული სწავლების შემთხვევაში

1. მსჯავრდებულის მხრიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის/სტუდენტის სტატუსის აღდგენის სურვილის შესახებ, მისი განცხადებით მომართვის საფუძველზე, დეპარტამენტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უგზავნის შუამდგომლობის წერილს.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, დეპარტამენტს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა წერილობით აცნობოს:

ა) თანხმობა ან უარი მსჯავრდებულის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვასთან/სტუდენტის სტატუსის აღდგენასა და კორესპონდენციულ სწავლებასთან დაკავშირებით;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის ვინაობის შესახებ მონაცემები.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, სასწავლო სემესტრის დაწყებიდან გონივრულ ვადაში სტუდენტი მსჯავრდებულის ინფორმირების მიზნით მიაწოდოს საკონტაქტო პირს სასწავლო კურსის პროგრამები/სილაბუსები და სასწავლო მასალა.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეთანხმებულ ვადებში შეთანხმებული პერიოდულობით საკონტაქტო პირს აწვდის სასწავლო მასალას მსჯავრდებულისათვის. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, შესაბამისი პერიოდულობით საკონტაქტო პირს აწვდის მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელ დავალებებს. სასწავლო მასალა და შესასრულებელი დავალებები შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს როგორც მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით, ისე ციფრული მატარებლის მეშვეობით.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სასწავლო მასალა/შესასრულებელი დავალება მისი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა საკონტაქტო პირის მიერ უნდა აიტვირთოს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ან/და გადაეცეს მსჯავრდებულს. სასწავლო მასალის/შესასრულებელი დავალების მატერიალური ან/და ციფრული მატარებლის მეშვეობით გადაცემის თაობაზე მსჯავრდებულსა და საკონტაქტო პირს შორის დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

6. საკონტაქტო პირი ვალდებულია, გააკონტროლოს მსჯავრდებულის მიერ დავალების შესრულების პროცესი და შესრულებული დავალება არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით გაუგზავნოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

7. საჭიროების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მსჯავრდებულისათვის შეიძლება შედგეს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა.

მუხლი 17. მსჯავრდებულის შუალედური შეფასება (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასება

1. მსჯავრდებულის შუალედურ შეფასებამდე (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნით შეფასებამდე არანაკლებ 7 სამუშაო დღით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საკონტაქტო პირთან ათანხმებს შუალედური და დასკვნითი შეფასების თარიღსა და დროს, თუ შეფასების მეთოდად გამოყენებულია ზეპირი/წერითი გამოცდა/წერითი გამოცდა ელექტრონული ფორმით ან/და ზეპირი/წერითი გამოკითხვა.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი შუალედური და დასკვნითი შეფასების თარიღამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე საკონტაქტო პირს აწვდის შესაბამის შუალედური/დასკვნითი შეფასების საკითხებს ელექტრონული ფორმით ან/და მატერიალურად – დალუქულ მდგომარეობაში. შუალედური/დასკვნითი შეფასების დღეს მსჯავრდებულისათვის შესაბამისი საკითხების გადაცემას/საკითხებზე წვდომას უზრუნველყოფს საკონტაქტო პირი.

3. შუალედურ და დასკვნით გამოცდებთან დაკავშირებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დეპარტამენტს არანაკლებ 5 სამუშაო დღისა წერილობით აწვდის ინფორმაციას გამოცდების განრიგისა და საგამოცდო პორტალზე დაშვების უზრუნველყოფის შესახებ.

4. საკონტაქტო პირი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის მიერ შუალედური/დასკვნითი შეფასებისას შესრულებული დავალების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადაცემას. დავალების გადაცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით შუალედური/დასკვნითი შეფასებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ან/და მატერიალური ფორმით შუალედური/დასკვნითი შეფასების თარიღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

5. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს შესაბამისი სივრცე მსჯავრდებულის მიერ შუალედური/დასკვნითი შეფასებისას შესაბამისი დავალების შესასრულებლად.

6. შუალედური/დასკვნითი შეფასების შედეგები საკონტაქტო პირს მიეწოდება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადგენილი წესის შესაბამისად, რის შემდგომაც შედეგების შესახებ ინფორმაცია მსჯავრდებულს ეცნობება საკონტაქტო პირის მეშვეობით.

7. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს შუალედური/დასკვნითი შეფასებისას მის მიერ შესრულებული დავალების გაცნობა ან/და გაასაჩივროს შუალედური/დასკვნითი შეფასების შედეგი როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით – საკონტაქტო პირის მეშვეობით. შუალედური/დასკვნითი შეფასებისას მსჯავრდებულის მიერ შესრულებული დავალების გაცნობა და შედეგების გასაჩივრება ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადგენილი პროცედურების შესაბამისად. გასაჩივრების შედეგი მსჯავრდებულს ეცნობება საკონტაქტო პირის მეშვეობით.

8. მსჯავრდებულის მიერ შუალედური/დასკვნითი შეფასების შესაბამისი დავალების შესრულებისას დაუშვებელია დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების ან/და სასწავლო მასალის ქონა, გარდა სასწავლო კურსის პროგრამით წინასწარ განსაზღვრული შემთხვევებისა.

9. თუ შუალედური/დასკვნითი შეფასება ხორციელდება ზეპირი ფორმით, აკადემიური პერსონალისა და მსჯავრდებულის დაკავშირება ხდება ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული წესით.

 

თავი III. ციფრული სწავლება

მუხლი 18. ციფრულ სწავლების პროცესი

1. ციფრული სწავლების ფარგლებში სტუდენტი მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღება ხორციელდება ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით.

2. ლექციებზე სტუდენტი მსჯავრდებულების ჩართულობის უზრუნველყოფა და შეფასება ხორციელდება ტელეხიდის საშუალებით.

3. სტუდენტი მსჯავრდებული ციფრული სწავლების ფარგლებში უმაღლესი განათლების მიღებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო პროცესზე განცალკევებით დასწრებით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

 

მუხლი 19. ციფრული სწავლების ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვა

1. ციფრული სწავლების ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვა ხდება მათივე ინიციატივით.

2. ციფრული სწავლების პროგრამაში ჩასართავად დაინტერესებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის შუამავლობით წერილობით ატყობინებენ სამსახურს ჩართულობის შესახებ, საგანმანათლებლო პროგრამების მითითებით.

3. ციფრული სწავლების სოციალურ პროგრამაში ჩართული სტუდენტებისათვის, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმებით, სწავლის საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო/სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში, არაუმეტეს 2250 ლარისა.

4. ციფრული სწავლების ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროგრამებისა და ამ პროგრამებზე ამ წესის საფუძველზე ციფრული სწავლების ფარგლებში ჩართული პირების ჩამონათვალი მტკიცდება სამსახურის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული მონაცემების გათვალისწინებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამსახურის გენერალური დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი დეპარტამენტმა მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გაუგზვანოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

მუხლი 20. ციფრულ სწავლებაში სტუდენტი მსჯავრდებულის ჩართვა

1. ციფრულ სწავლებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩაირიცხა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი და სწავლობს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. ციფრულ სწავლებაში ჩასართავად დაინტერესებული სტუდენტი მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს.

3. თუ დაინტერესებული სტუდენტი მსჯავრდებული არ სწავლობს ციფრული სწავლების ფარგლებში რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის პროგრამაზე, მას შეუძლია, კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს მობილობის/შიდა მობილობის უფლებით ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე გადასვლის მიზნით.

მუხლი 21. ციფრულ სწავლებაში ჩართული მსჯავრდებულის დაფინანსების პირობები

1. ციფრული სწავლების ფარგლებში მოქმედებს სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტის სტატუსის მქონე მსჯავრდებულს მისი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სამსახურის მიერ უფინანსდება უმაღლესი განათლების მიღების საფასური, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით.

2. სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტმა მსჯავრდებულმა, თუ შესაბამის სასწავლო სემესტრში მის მიერ აღებული კრედიტების რაოდენობა შეადგენს სასწავლო სემესტრში ასაღები ჯამური კრედიტების არანაკლებ 80%-ისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ეხება პირს, რომელიც ამ წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დაფინანსების გაცემის სემესტრში პირველად ერთვება ციფრული სწავლების პროგრამაში.

4. თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსებით სწავლის საფასურის სრულ ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა.

5. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია სახელმწიფო სასწავლო/სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული ოდენობის მქონე, ასევე იმ პირთა დაფინანსება, რომლებსაც „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე სრულად უნაზღაურდებათ სწავლის საფასური.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსებით სტუდენტი მსჯავრდებულის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნებისათვის სამსახური უფლებამოსილია, ყოველი წლის პირველ დეკემბერს და პირველ მაისს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიიღოს და დაამუშაოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, სტუდენტის სტატუსი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი, საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება, საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სწავლის საფასური, საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რეჟიმი (აკრედიტებული/არააკრედიტებული) ყოველი წლის 1 ნოემბრისა (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრისათვის) და 1 აპრილისათვის, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ცალ-ცალკე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;

ბ) სტუდენტი მსჯავრდებულის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის პროცენტი და ოდენობა, ასევე ინფორმაცია თანხის შესაბამის სემესტრში გადარიცხვის თაობაზე;

გ) ინფორმაცია სტუდენტი მსჯავრდებულის სწავლის საფასურის ანაზღაურების თაობაზე პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.

7. სტუდენტ მსჯავრდებულს დაფინანსების მოპოვება შეუძლია არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ხოლო არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესწავლის შემდგომ, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, სტუდენტ მსჯავრდებულს, სოციალური პროგრამის ფარგლებში, უფინანსდება სწავლის საფასური.

9. სოციალური პროგრამის ფარგლებში, სამსახური დაუფინანსებს მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურს პირველ ნოემბერს და პირველ აპრილს აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე მსჯავრდებულებს, მიუხედავად იმისა, მიმდინარე სემესტრის ბოლომდე იქნებიან თუ არა ისინი აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე მსჯავრდებულები.

მუხლი 22. ციფრული სწავლების ფარგლებში მსჯავრდებულის მიერ სწავლების დაფინანსების წესი და პირობები

1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს.

2. სტუდენტი მსჯავრდებულის მიერ შეტანილი განცხადების განხილვისა და გამოვლენის შემდგომ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სოციალური პროგრამის ფარგლებში ამ წესის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით სამსახური უფლებამოსილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციიდან, სხვადასხვა სამინისტროდან და მათი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან დადგენილი წესით გამოითხოვოს და დაამუშაოს სტუდენტების შესახებ პერსონალური მონაცემები.

მუხლი 23. ციფრული სწავლების ფარგლებში მსჯავრდებულისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიწოდება და შეფასება

1. საკონტაქტო პირი ვალდებულია, ორგანიზება გაუწიოს მსჯავრდებულის წვდომას ტექნიკურ საშუალებებთან, სასწავლო და საგამოცდო განრიგის შესაბამისად.

2. მსჯავრდებულისათვის უმაღლესი განათლების მიწოდება, აგრეთვე შუალედური შეფასება (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასება ხორციელდება ელექტრონული პლატფორმის საშუალებით.

3. საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მსჯავრდებულისათვის შეიძლება შედგეს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა.

4. სწავლების ან გამოცდის ეტაპზე შესაძლოა განხორციელდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის ვიზიტი სტუდენტ მსჯავრდებულთან.

მუხლი 24. ციფრულ სწავლებაში მონაწილეობის მობილობა, შეჩერება და შეწყვეტა

1. ციფრული სწავლების ფარგლებში, მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების პროცესი შეჩერდება, თუ:

ა) მსჯავრდებული გაყვანილია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 6 თვემდე ვადით;

ბ) მსჯავრდებული გადაყვანილია საკნის ტიპის საცხოვრებელში, მოთავსებულია სამარტოო საკანში ან მას შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა;

გ) მსჯავრდებული გადაყვანილია იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც არ არის ხელმისაწვდომი ციფრული სწავლება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ ციფრული სწავლების ფარგლებში მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების პროცესი უნდა განახლდეს.

3. ციფრული სწავლების ფარგლებში მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების პროცესი შეწყდება, თუ:

ა) მსჯავრდებული გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, სასჯელის მოხდა გადაუვადდა ან გარდაიცვალა;

ბ) კონკრეტული სემესტრის განმავლობაში ვერ დააგროვა დადგენილი მინიმალური კრედიტების რაოდენობა.

მუხლი 25. ციფრული სწავლებიდან კორესპონდენციულ სწავლებაზე გადასვლა

1. თუ სტუდენტი მსჯავრდებული კონკრეტული სემესტრის განმავლობაში ვერ დააგროვებს ამ წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მინიმალური კრედიტების რაოდენობას, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მას უწყდება დაფინანსება ციფრული სწავლების ფარგლებში. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა, სწავლა განაგრძოს საკუთარი ხარჯით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ციფრული სწავლების ფარგლებში, თუ სტუდენტი მსჯავრდებული შესაბამის სასწავლო სემესტრში დააგროვებს სასწავლო სემესტრში ასაღები ჯამური კრედიტების არანაკლებ 80%-ისა, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად კვლავ შესაძლოა, ჩაერთოს ციფრულ სწავლებაში სოციალური პროგრამის ფარგლებში.

3. სამსახურის გენერალური დირექტორის ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების შესახებ უნდა ეცნობოთ შესაბამის უმაღლეს საგანმანმათლებლო დაწესებულებებს.

მუხლი 26. გარდამავალი დებულება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, აკადემიური უმაღლესი განათლების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა მისანიჭებელი კვალიფიკაციები შეესაბამება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობაში მოყვანამდე მსჯავრდებულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით.


 

დანართი №1

 

 

იმ სწავლის სფეროების  ჩამონათვალი, რომელზეც მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით

 

ფართო სფერო

ვიწრო სფერო

დეტალური სფერო

 

1

02 ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები

 

021 ხელოვნება

 

0212 მოდის, ინტერიერის და ინდუსტრიული/სამრეწველო დიზაინი

0212.1.1 დიზაინი

0213 სახვითი ხელოვნება

0213.1.1 სახვითი ხელოვნება

0213.1.5 ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა)

2

022 ჰუმანიტარული მეცნიერებები (ენების გარეშე)

 

0221 რელიგია და თეოლოგია

0221.1.1 თეოლოგია

0222 ისტორია და არქეოლოგია

0222.1.1 ისტორია

0223 ფილოსოფია და ეთიკა

0223.1.1 ფილოსოფია

0222.2.1 საქართველოს ისტორია

0222.2.2 ქრისტიანობის ისტორია

0222.2.3 სიძველეთმცოდნეობა

3

023 ენები

0231 ენის დაუფლება

0231.1.1 აფხაზური ფილოლოგია (აფხაზური, როგორც მეორე ენა)

0231.1.2 ინგლისური ფილოლოგია

0231.1.3 გერმანული ფილოლოგია

0231.1.4 სკანდინავიური ფილოლოგია/სკანდინავისტიკა

0231.1.5 რომანული ფილოლოგია

0231.1.6 ფრანგული ფილოლოგია

0231.1.7 ესპანური ფილოლოგია

0231.1.8 იტალიური ფილოლოგია

0231.1.9 კლასიკური ფილოლოგია

0231.1.10 ბიზანტიური ფილოლოგია

0231.1.11 ახალი ბერძნული ფილოლოგია

0231.1.12 სლავური ფილოლოგია/სლავისტიკა

0231.1.13 უკრაინული ფილოლოგია

0231.1.14 რუსული ფილოლოგია

0231.1.15 სომხური ფილოლოგია/არმენოლოგია

0231.1.16 თურქული ფილოლოგია /თურქოლოგია

0231.1.17 სპარსული ფილოლოგია/ირანისტიკა

0231.1.18 არაბული ფილოლოგია/არაბისტიკა

0231.1.19 ასირიოლოგია

0231.1.20 ებრაული ფილოლოგია/ებრაისტიკა

0231.1.21 ებრაულ- არამეული ფილოლოგია/ებრაისტიკა  

0231.1.22 იაპონური ფილოლოგია/იაპონისტიკა

0231.1.23 სინოლოგია

0232 ლიტერატურა და ლინგვისტიკა

0232.1.1 ქართული ფილოლოგია

0232.1.2 აფხაზური ფილოლოგია

  0232.1.3 ფილოლოგია 

0239 ენები არაკლასიფიცირებული

0239.1.1 კავკასიოლოგია

4

028 ინტერდისციპლინური პროგრამები და კვალიფიკაციები, რომლებიც მოიცავენ ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს

0288 ინტერდისციპლინური – მოიცავს ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს

0288.1.3 კულტურული მემკვიდრეობის კვლევები

5

03 სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია

 

031 სოციალური და ქცევითი მეცნიერებები

0311 ეკონომიკა

0311.1.1 ეკონომიკა

0312 პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები

0312.1.1 პოლიტიკის მეცნიერება

6

0314 სოციოლოგია და კულტურის კვლევები

0314.1.2 დემოგრაფია

0314.1.3 საზოგადოებრივი გეოგრაფია

0314.1.4 კულტურის კვლევები

0314.1.7 სოციალური ან/და კულტურული ანთროპოლოგია  

7

038 ინტერდისციპლინური

 

0388 ინტერდისციპლინური – მოიცავს სოციალურ მეცნიერებებს, ჟურნალისტიკას, ინფორმაციის მართვას

0388.1.1 ევროპისმცოდნეობა

0388.1.2 ამერიკისმცოდნეობა

0388.2.1 ბრიტანეთის კვლევები/ბრიტანეთისმცოდნეობა

0388.2.2 გერმანიისმცოდნეობა

0388.2.3 კავკასიის კვლევები

0388.2.4 ევრაზიისა და კავკასიის კვლევები

0388.2. 5 რუსეთისმცოდნეობა

0388.2.6 საბჭოთა კვლევები

8

04 ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი

 

041 ბიზნესი და ადმინისტრირება

0411 საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა

0411.1.1 საბუღალტრო აღრიცხვა

0412 ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა

0412.1.1 ფინანსები

9

042 სამართალი

0421 სამართალი

0421.1.1 სამართალი

10

05 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და

სტატისტიკა

 

053 ფიზიკური მეცნიერებები

0532 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები

0532.1.2 გეოგრაფია (ფიზიკური)

11

054 მათემატიკა და სტატისტიკა

0541 მათემატიკა

0541.1.1 მათემატიკა

12

06

ინფორმაციისა და

კომუნიკაციის ტექნოლოგიები 

 

061

ინფორმაციის და

კომუნიკაციის ტექნოლოგიები

0613 პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარება და ანალიზი

0613.1.1 ინფორმატიკა

0613.1.2 კომპიუტერული მეცნიერება