დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 104/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 24/08/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016636 |
|
„კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 27/09/2018, ს/კ: 220020000.18.011.016343) დამტკიცებულ კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ბანკმა უნდა უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ დაცული იყოს მოსაზრებათა მრავალფეროვნების ბალანსი. აღნიშნული გულისხმობს საბჭოს განსხვავებული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 40% უნდა შედგებოდეს განსხვავებული სქესის (უმცირესობაში მყოფი) წარმომადგენლებისგან.“. 2. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დირექტორატის წევრებს უნდა გააჩნდეთ თავიანთი ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო გამოცდილება და კომპეტენციები და საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისთვის საკმარისი დრო. ამასთან, კომპეტენციებისა და საჭირო მიმართულებებით ცოდნის გაღრმავების მიზნით მათ შესაბამის სწავლებებსა და გადამზადების პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეთ. დირექტორატის წევრების შერჩევა სასურველია, მიღებული რეკომენდაციებისა და სტრუქტურული დაგეგმარების შესაბამისად ხდებოდეს, ამ პროცესშიც ყოველ ეტაპზე შეფასებული უნდა იქნეს კანდიდატების კვალიფიკაცია და უნარები. ამასთან, სასურველია დირექტორატის წევრების არანაკლებ 33% განსხვავებული სქესის (უმცირესობაში მყოფი) წარმომადგენელი იყოს.“. 3. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. კომერციული ბანკი ვალდებულია ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული, კვოტის მოთხოვნასთან შესაბამისობა უზრუნველყოს შემდეგი თანმიმდევრობით: ა) არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივნისისა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 33% უნდა შედგებოდეს განსხვავებული სქესის (უმცირესობაში მყოფი) წარმომადგენლებისგან; ბ) არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივნისისა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 40% უნდა შედგებოდეს განსხვავებული სქესის (უმცირესობაში მყოფი) წარმომადგენლებისგან.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები