განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე

განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/2458-22
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 05/08/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/2458-22
05/08/2022
ვებგვერდი, 23/08/2022
განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმის №080210322006010709

საქმე №2/2458-22

განჩინება

საქართველოს სახელით

განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის

რეჟიმის გახსნის თაობაზე

2022 წლის 5 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

 

  ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო კიკვაძე


განმცხადებელი / მოვალე – შპს „ტრანსკავკასიის კრისტალი“ (ს/ნ 204504376);
დირექტორი – ნუნუ გიკაშვილი;
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა რეაბილიტაციის რეჟიმით და მოვალის მართვაში დატოვება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ საკითხი და

გამოარკვია

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა მოვალე შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ წარმომადგენელმა, რომლის განმარტებით, შპს „ტრანსკავკასიის კრისტალი“ ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2006 წელს დაფუძნდა და მრავალი წლის განმავლობაში მომხმარებელს სთავაზობდა კვალიფიციურ მომსახურებას მშენებლობისა და სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოების სფეროში. დაარსებიდან საქმიანობის შეჩერებამდე კომპანიამ განახორციელა უამრავი მსხვილი პროექტი თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით და, რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით. 2017 წლის პერიოდისათვის, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება უკავშირდება მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებს, რომელთა საფუძველზე კომპანიის წინააღმდეგ უსამართლოდ იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ყველაზე მკაცრი ღონისძიება, რომელმაც საწარმოო პროცესს მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი. ზემოხსენებულ პროცესებს დაემატა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ არსებული საგადასახდო დავალიანება და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობის გავრცელება სრულ მოძრავ და უძრავ ქონებაზე. აღნიშნულმა აკრძალვებმა გამოიწვია კომპანიის საქმიანობის სრული შეჩერება, კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო ახალი შეკვეთები, მიეღო მონაწილეობა ტენდერებში და კრედიტორების წინაშე შეესრულებინა ვადამოსული ვალდებულებები. საქმიანობის შეჩერებიდან გამომდინარე, კომპანიის ნაკისრი ვალდებულებები დარჩა შეუსრულებელი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას გააჩნია არაერთი უძრავი და მოძრავი ქონება ვერ ხდება მათი მიზნობრივად გამოყენება და შესაბამისად კომპანიის პასივები მნიშვნელოვნად აღემატება აქტივებს, რაც დასტურდება წარმოდგენილი საბალანსო უწყისით. კომპანიას ამჟამად არაერთი კრედიტორი ჰყავს, რომელთა მოთხოვნების ოდენობა გაცილებით აღემატება კომპანიის აქტივებს. კომპანიის აქტივების სრული ღირებულება შეადგენს 3153799,40 ლარს, საიდანაც, მიმდინარე აქტივი მხოლოდ 625618,33 ლარი, ხოლო კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების ღირებულება შეადგენს 3546618,06 ლარს.
იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას ფაქტობრივად შეჩერებული აქვს საქმიანობა 2017 წლიდან, მან დაკარგა კლიენტები და ის მნიშვნელოვანი პროექტები, რასაც ახორციელებდა. შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ სრული აქტივების ღირებულება განისაზღვრება 3153799,40 ლარით, ხოლო ლიკვიდრული აქტივი კომპანიას არ გააჩნია, ქონება მოიცავს უძრავ-მოძრავ (დანადგარები, ავტომანქანები) ქონებას, რომელთაგან თითოეული უფლებრივი, ხოლო ნაწილი ნივთობრივი ნაკლის მქონეა.  , კომპანია შპს „ფენიქს ბაზალტში“ (ს/ნ 404995742) ფლობს 45%-ნ წილს.
რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა შესაძლებლობას მისცემს მოვალეს კანონით დადგენილი ღონისძიებების საშუალებით შეინარჩუნოს დღეს არსებული მდგომარეობა, ხოლო, მეორე მხრივ, დაძლიოს არსებული კრიზისი, რაც პირდაპირ კავშირში იქნება კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან.
განმცხადებლის მითითებით, აქვთ რეაბილიტაციის მკაფიო ხედვა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება არსებული კრიზისის დაძლევა და კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილება. რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით მოვალეს შეეძლება საქმიანი ურთიერთობები განაახლოს მსხვილ ორგანიზაციებთან, გააფორმოს მათთან შეკვეთების თაობაზე კონტრაქტები, რაც შეჩერებულია საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების გამო.
ამასთან, განმცხადებელმა კომპანიაში დირექტორის ჩახედულობის გათვალისწინებით, ითხოვა კომპანიის მართვაში კვლავ დირექტორის დატოვება.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი,მე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-11, 43-ე, 44-ე, 47-ე, 49-ე, 50-ე, 51-ე, 55-ე, 62-ე, 63-ე, 64-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, და 

დაადგინა

1. შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ (ს/ნ 204504376) განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.
2შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ (ს/ნ 204504376) მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.
3შპს „ტრანსკავკასიის კრისტალის“ (ს/ნ 204504376) დირექტორი, ნუნუ გიკაშვილი (პ/ნ 01024025949) დარჩეს მართვაში.
4. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – გიორგი ბათლიძე (პ/ნ 01010007312, თბილისი დავით აღმაშენებლის გამზ. N129ა, ტელეფონი – 595133373), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს (მმართველს), რომ მასზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მართვაში მყოფ მოვალეს აქვს რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით განსაზღვრული ყველა უფლება და მოვალეობა, გარდა:
ა) იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც აქვს რეაბილიტაციის ზედამხედველს;
ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.
7. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ: იგი
ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე:
ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით;

ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას;

ა.გ) რომლის ღირებულებაც წინა წლის ბრუნვის 30%-ს აღემატება;

ბ) ადგენს ანგარიშებს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და წარუდგენს სასამართლოს;

გ) ანგარიშის შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს;

დ) ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად;

ე) უფლებამოსილია, მოვალისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მიმდინარე დავების შესახებ. მმართველს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;

ვ) იძიებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;

ზ) დაუყოვნებლივ ატყობინებს კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. შეტყობინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს კრედიტორების უფლება, წარმოადგინონ მოთხოვნები და მოსაზრებები ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში;

თ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს რაიმე მიზეზით არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით განსაზღვრული წესით საწარმოს მართვის უფლება:

თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

თ.ბ) ცალსახად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;
თ.გ) თავს არიდებს კანონმდებლობით ან მოვალის წესდებით დადგენილი მოვალეობის შესრულებას, მათ შორის,  აღარ  მართავს საწარმოს.
3. მმართველის მიერ ზემოთ ხსენებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვალეს შეუძლია ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს.
8. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ იგი ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებაზე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე მოვალეს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლების მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.
9. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს გაუგზავნოს შეტყობინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე;

ბ) მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის თაობაზე და მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ოდენობის შესახებ შედავების უფლებაზე;

გ) შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე მოსაზრების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.
10. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით, თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისგან დამატებით გამოითხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მმართველის მიერ ქვეყნდება ელექტრონულ პროგრამაში, გარდა კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
11. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.
12.  განემარტოს რეაბილიტაციის ზედამხედველს, რომ იგი უფლებამოსილია:
ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოსაწვევად შემდეგ შემთხვევებში:
ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლის განსახილველად;
ა.ბ) მართვაში მყოფი მოვალის რეაბილიტაციის მმართველით შეცვლის საკითხის განსახილველად;
ა.გ) მთლიანი მოთხოვნების 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორების მოთხოვნით, კრედიტორთა კრების  კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად;

ბ) გამოითხოვოს და მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში, გაეცნოს მას და მოითხოვოს, რომ მისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი მოვალის ქონება, ყველა საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერი, სამეწარმეო დოკუმენტი, გარიგება, მათ შორის, ელექტრონულად და კომპიუტერული პროგრამის სახით;

გ) კრედიტორთა რეესტრის შედგენის მიზნებისთვის მოვალეს მისცეს ან არ მისცეს თანხმობა კრედიტორული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფაზე ან აღიარებაზე;

დ) მოვალესთან ერთად მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ან ამ გეგმის გადასინჯვის პროექტი. რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დაურთოს დასაბუთებული წერილობითი შენიშვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი და მოვალე რეაბილიტაციის გეგმის ცალკეულ კომპონენტებზე ვერ თანხმდებიან და, რეაბილიტაციის ზედამხედველის შეფასებით, აღნიშნული გეგმის პროექტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დასაბუთებულ შენიშვნებს არ დაურთავს, მიიჩნევა, რომ იგი ეთანხმება ამ პროექტს;

ე) უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ვ) თავისი ფუნქციების შესასრულებლად შეუზღუდავად ითანამშრომლოს კრედიტორებსა და კრედიტორთა კომიტეტთან (არსებობის შემთხვევაში); დაესწროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებს და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია;

ზ) ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაინტერესებული პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, შეუზღუდავად გაეცნოს მოვალის შესახებ სასამართლოში დაცულ ინფორმაციას, ინფორმაციის დახურული ნაწილის ჩათვლით, მისი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით;

თ) მოვალისგან გამოითხოვოს მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ახსნა-განმარტება, ინფორმაცია ან/და ანგარიში ნებისმიერ საკითხზე;

ი) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
13. გაუქმდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გამოყენებული იძულებითი აღსრულების ღონისძიება და საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაწესებული შეზღუდვები.
14. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ECOURT.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის  ფარგლებში  შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
15. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე