დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 853 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017343 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №69 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016574) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5-მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. მაცნეს სტრუქტურული ქვედანაყოფები მაცნეს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი; ბ) ელექტრონული და ბეჭდური გამომცემლობის დეპარტამენტი; გ) ადმინისტრაციის დეპარტამენტი; დ) საფინანსო დეპარტამენტი; ე) მთარგმნელობითი ცენტრი. მუხლი 6. ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) ნორმატიული აქტების ელექტრონული წესით რეგისტრაციას; ბ) ნორმატიული აქტების ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაციას; გ) კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის სრულყოფას; დ) ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციას ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში. მუხლი 7. ელექტრონული და ბეჭდური გამომცემლობის დეპარტამენტი 1. ელექტრონული და ბეჭდური გამომცემლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) ნორმატიული აქტების, კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, სასამართლო გადაწყვეტილებების, სხვა დოკუმენტებისა და ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების დამუშავებას და ვებგვერდზე განთავსებას; ბ) განცხადებებისა და საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების გამოქვეყნებას; გ) ოფიციალური თარგმანების განთავსებას მაცნეს ვებგვერდზე; დ) ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, სახელმძღვანელოების, სამოქმედო გეგმების, ბუკლეტების, ანგარიშებისა და სხვა საინფორმაციო მონაცემების, აგრეთვე იურიდიული და სხვა ლიტერატურის (მათ შორის, ნათარგმნი ტექსტების) ბეჭდური სახით მომზადებას, გამოცემასა და რეალიზაციას. 2. ელექტრონული და ბეჭდური გამომცემლობის დეპარტამენტის შემადგენლობაშია სტამბა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დასაბეჭდად მომზადებული ტექსტების ბეჭდური სახით გამოცემას. 3. სტამბას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია ელექტრონული და ბეჭდური გამომცემლობის დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 4. მაცნეში ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენას უზრუნველყოფს დაინტერესებული უწყება, ხოლო სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის წარდგენას – დაინტერესებული უწყება ან პირი. მუხლი 8. ადმინისტრაციის დეპარტამენტი 1. ადმინისტრაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) მაცნეს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას; ბ) მაცნეს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას და წარმოებას; გ) დადგენილი წესის შესაბამისად, მაცნეში კონკურსთან და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას; დ) მაცნეს შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავებას; ე) თავმჯდომარის ბრძანებების რეგისტრაციას; ვ) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტების მიღებას და ელექტრონულ აღრიცხვას; ზ) მაცნეში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციას და დროულად მიწოდებას მაცნეს ხელმძღვანელისთვის; თ) მაცნეს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაციის აღრიცხვას და შედეგების თაობაზე თავმჯდომარის ინფორმირებას; ი) მაცნეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას; კ) მაცნეს ვებგვერდზე გამოგზავნილი მომხმარებელთა წერილების და წინადადებების შესწავლას და შესაბამის დამუშავებას; ლ) მაცნეს არქივში არსებული დოკუმენტების შენახვა-დაცვას და არქივის გამართულად ფუნქციონირებას; მ) მაცნეს მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებას, დანერგვას, განახლებას, შესრულებასა და მაცნეს სხვა დეპარტამენტების მიერ მის შესრულებაზე კონტროლს; ნ) ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას. 2. ადმინისტრაციის დეპარტამენტში, სხვა თანამშრომლებთან ერთად, შედიან მთავარი იურისტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მრჩეველი და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. 3. მთავარი იურისტი უზრუნველყოფს: ა) მაცნეს სამართლებრივ მომსახურებას; ბ) მაცნეს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და სასამართლო დავებზე მაცნეს წარმომადგენლობას; გ) მაცნეს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, აღრიცხვას და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას; დ) შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას და ვიზირებას; ე) მაცნეს სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადებასა და ხელმოწერის პროცესის ორგანიზებას; ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ზ) მაცნეს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადებას. 4. პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი უზრუნველყოფს: ა) მაცნეს მიერ დანერგილი სიახლეების პერიოდულ გაშუქებას; ბ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების და შეხვედრების ორგანიზებას; გ) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას. 5. ინფორმაციული ტექნოლოგიების მრჩეველი უზრუნველყოფს: ა) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას და მათი საშუალებით მაცნეს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას; ბ) მაცნეს ვებგვერდის, მართვის ავტომატიზებული საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული სისტემების ადმინისტრირებასა და გამართულ ფუნქციონირებას, აგრეთვე, მაცნეს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს ინფორმაციული კომუნიკაციების სფეროში; გ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში მაცნეს თანამშრომელთა ხელშეწყობას შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით; დ) მაცნეს მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის თანამედროვე და ნოვაციური სისტემების მოძიებას, შესწავლასა და დანერგვას. მუხლი 9. საფინანსო დეპარტამენტი საფინანსო დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) მაცნეს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას; ბ) მაცნეს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას; გ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას; დ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციას, ინვენტარიზაციის შედეგების დროულ განსაზღვრას და ბუღალტრულ აღრიცხვაში მის ასახვას; ე) სალაროს მუშაობაზე კონტროლის განხორციელებას; ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზებას და კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებას; ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, მაცნეს ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენას და მის წარდგენას შესაბამის სამსახურებში; თ) ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვას; ი) ბეჭდური სახით გამოცემული ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის რეალიზაციის აღრიცხვას; კ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას; ლ) საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას; მ) მაცნეს ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალური და სხვა მომსახურების ორგანიზებას.“. 2. 101 და 102 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 101. მთარგმნელობითი ცენტრი მთარგმნელობითი ცენტრი უზრუნველყოფს: ა) საქართველოს ნორმატიული აქტების, აგრეთვე, სხვა საჭირო დოკუმენტების თარგმნას ინგლისურ და, საჭიროების შემთხვევაში – სხვა უცხო ენაზე; ბ) ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე სხვა საჭირო დოკუმენტების თარგმნას ქართულ ენაზე; გ) ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების შემუშავებას, ასევე ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბაზების შექმნას, განახლებასა და დახვეწას; დ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელებას, თუ ეს ხელს არ უშლის მთარგმნელობითი ცენტრის ძირითად საქმიანობას. მუხლი 102. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები მაცნეს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები – დეპარტამენტებისა და მთარგმნელობითი ცენტრის უფროსები (საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ფინანსური მენეჯერი) უძღვებიან მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და უშუალოდ ექვემდებარებიან თავმჯდომარეს.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები