„ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №417 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №417 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 417
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023627
417
09/08/2022
ვებგვერდი, 09/08/2022
300160070.10.003.023627
„ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №417 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №417

2022 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №417 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №417 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017624) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი − პირი, რომელიც დროებით სარგებლობაში გასცემს მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის/ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებულ სტაციონარულ სავაჭრო ობიექტებს ან/და არასტაციონარულ სავაჭრო ადგილებს და რომელიც პასუხისმგებელია აგრარული ბაზრის/ბაზრობის (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი) საქმიანობიდან/ფუნქციონირებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ბაზრის/ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირი – პირი, რომელიც სტაციონარულ ან/და არასტაციონარულ სავაჭრო ადგილზე ახორციელებს სურსათის ან/და ცხოველის რეალიზაციას.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობის ვალდებულებები

აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია:

ა) დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ბ) სავაჭრო ობიექტი ან/და სავაჭრო ადგილი სარგებლობაში გადასცეს იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობის განსახორციელებლად დაუშვებს ისეთ პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, მის მიერ ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებელია ბაზრის/ბაზრობის მომწყობი;

გ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ბაზრის/ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირების შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის/ბაზრობის მომწყობი უარს აცხადებს უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე, აღნიშნულ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებელია ბაზრის/ბაზრობის მომწყობი;

დ) უზრუნველყოს ბაზრის/ბაზრობის საერთო სარგებლობის ტერიტორიაზე (საწყობებში, მაცივრებში, პავილიონებსა და ა.შ.) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჰიგიენის წესების დაცვა;

ე) უზრუნველყოს ბაზარზე/ბაზრობაზე განთავსებული ცხოველის ან/და სურსათის შენახვისთვის/რეალიზაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და კონტროლი;

ვ) სამუშაო დღის ბოლოს განახორციელოს ტერიტორიის დასუფთავება (გარეცხვა). დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექცია უნდა ჩატარდეს საჭიროებისას, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, ხოლო ინფექციური დაავადებით დაავადებული ცხოველის გამოვლენისას იმავე დღეს უნდა მოხდეს ტერიტორიის დასუფთავება (გარეცხვა) და ჩატარდეს დეზინფექცია;

ზ) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ცხოველთა გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ცხოველის ინფექციური დაავადების აღმოჩენისას ან ასეთ დაავადებაზე ეჭვის არსებობისას დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ სააგენტოს;

თ) აგრარული ბაზარი/ბაზრობა, სადაც ხორციელდება ცხოველის რეალიზაცია, მოაწყოს შემდეგი წესების დაცვით:

თ.ა) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებიდან მოშორებით. ადგილის შერჩევისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გაბატონებული ქარების მიმართულება, მისასვლელი გზის არსებობა. ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყალგაყვანილობითა და კანალიზაციით; სასურველია იყოს ოდნავ დახრილი, რათა წვიმისა და ნახმარი წყლები კანალიზაციაში ადვილად ჩაედინებოდეს;

თ.ბ) უნდა იყოს შემოღობილი, დაყოფილი განყოფილებებად, სადაც ცხოველები განთავსდებიან სახეობების მიხედვით. ტერიტორია, მათ შორის, მისასვლელი გზა და ჩამოსატვირთი მოედნები უნდა იყოს მოასფალტებული ან მობეტონებული (მოპირკეთებული), ადვილად ირეცხებოდეს და სუფთავდებოდეს. სატრანსპორტო საშუალებებისათვის უნდა მოეწყოს ცალკე შესასვლელი დეზობარიერით;

თ.გ) უნდა მოეწყოს სპეციალური მოედანი (ბაქანი), სატრანსპორტო საშუალებიდან ცხოველების გადმოსაყვანად;

თ.დ) ცხენის, ვირის, ჯორის, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის, ღორის სარეალიზაციოდ განსათავსებლად ბაზრის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ღია და დახურული შესარეკები (ფარდულები), მცირე ზომის ცხოველები (ბოცვერი,ზღვის გოჭი, ზაზუნა და ა.შ., აგრეთვე ფრინველი) უნდა განთავსდეს გალიებში, ხოლო ცოცხალი თევზი − აკვარიუმში;

თ.ე) ნარჩენების შემკრები კონტეინერი უნდა განლაგდეს მოასფალტებულ ან მობეტონებულ მოედანზე, რომელიც სავაჭრო ზონიდან დაშორებული იქნება არანაკლებ 25 მეტრით;

თ.ვ) ცხოველების სავაჭრო ადგილები განცალკევებული უნდა იქნეს სურსათის სავაჭრო ადგილებისგან;

თ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერინარული მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად ჰყავდეს ვეტერინარი ექიმი და შეუქმნას მას მუშაობის შესაბამისი პირობები.“.

3. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:

„მუხლი 4. ბაზრის/ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის ვალდებულებები

ვაჭრობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ბ) არ განათავსოს ბაზარზე სურსათი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;

გ) არ განათავსოს ბაზარზე ცოცხალი ცხოველი, თუ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვეტერინარულ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი