მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 93/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 220060000.18.011.016633
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
93/04
03/08/2022
ვებგვერდი, 04/08/2022
220060000.18.011.016633
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/08/2022 - 01/08/2023)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №93/04

2022 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის (შემდგომში  წესი) მიზანია კომერციული ბანკებისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიკაციის სისტემის შემუშავება.

2. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიზანია შეიმუშაოს კლასიფიკაციის სისტემა ისეთი ეკონომიკური აქტივობების გამოსავლენად, რომლებიც გარემოსდაცვით, სოციალურ ან/და მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება და საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარებას უწყობს ხელს.

3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე, უცხოური ბანკების ფილიალებსა და უცხოური ბანკის შვილობილ ბანკებზე (შემდგომში – კომერციული ბანკი).

4. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მწვანე ტაქსონომია – კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი გარემოსდაცვითი ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს შესაბამისი ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრით;

ბ) სოციალური ტაქსონომია – კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი სოციალური ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს;

გ) სესხი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის"  მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სესხი;

დ) მწვანე სესხი – სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია მწვანე ტაქსონომიაში;

ე) სოციალური სესხი – სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია სოციალურ ტაქსონომიაში;

ვ) მდგრადი სესხი – სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს მწვანე და სოციალური ტაქსონომიის პირობებს.


მუხლი 3. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია 
1. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია შედგება მწვანე და სოციალური ტაქსონომიისგან. 

2. მწვანე ტაქსონომია განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით, ხოლო სოციალური ტაქსონომია  ამ წესის დანართი №2-ით.

 


მუხლი 4. კომერციული ბანკების უფლებები და ვალდებულებები  

 

1. კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან:

ა) სესხს მიანიჭონ მწვანე სესხის კატეგორია მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) მწვანე, სოციალური და მდგრადი კატეგორია მიანიჭონ სესხის სრული მოცულობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შესაბამისი კატეგორიის პირობებს აკმაყოფილებს;

გ) ეროვნულ ბანკს წარუდგინონ მწვანე სესხების ყოველთვიური ანგარიშგება, თვის დასრულებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ წესის დანართი №3-ით განსაზღვრული მწვანე სესხების ყოველთვიური ანგარიშგების ფორმის გამოყენებით;

დ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმაში მწვანე სესხების განსაზღვრისას იმოქმედონ ამ წესის შესაბამისად.

2. კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმაში  განსაზღვრონ სოციალური და მდგრადი სესხები. ამ შემთხვევაში მათზე გავრცელდება ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებები.

3. კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან სესხებს მიანიჭონ სოციალური და მდგრადი კატეგორია ამ წესის მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

4. კომერციული ბანკის მიერ დაუშვებელია ტერმინების – მწვანე, სოციალური, მდგრადი სესხის გამოყენება, თუ სესხი არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 


მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.