„საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 558-3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016693
558-3
23/11/2020
ვებგვერდი, 15/07/2022
480610000.03.030.016693
„საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“


საქართველოს მთავრობა და გრენადის მთავრობა, შემდგომში  „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,

მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს, გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა,

სურთ რა, გაამარტივონ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქმედი ორდინალური   პასპორტების მფლობელი მოქალაქეების თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მიმოსვლა,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

                                                                 

მუხლი 1

თითოეული ხელშეკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ, ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, გავიდნენ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს  ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ასოთხმოცდღიან (180)  პერიოდში. 

 

მუხლი 2

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებსაც განზრახული აქვთ იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ოთხმოცდაათ (90) დღეზე მეტი ვადით, მოეთხოვებათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი ვიზა.

 

მუხლი 3

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული  ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

 

მუხლი 4

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ორდინალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.

 

მუხლი 5

წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებაზე, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე, ან შეუმციროს ყოფნის ვადა მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქმედი ორდინალური პასპორტის მფლობელ მოქალაქეებს, რომელთაც ის მიიჩნევს არასასურველად.

 

მუხლი  6

1. ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან თავიანთი მოქმედი ორდინალური პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს მიაწვდიან  მათი  ახალი  ან შეცვლილი ორდინალური პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.

 

მუხლი 7

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.

2. შეთანხმების მოქმედების შეჩერების და ამ შეჩერების შემდგომი გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

 

მუხლი 8

იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა აწესებს ამ ხელშეკრულებაზე უკეთეს პირობებს, გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმები.

 

მუხლი 9

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 10

1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ.

3. წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

შესრულებულია ქ. ნიუ იორკში, 2020 წლის 23 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

გრენადის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)