„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 14/07/2022
დოკუმენტის ტიპი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016014
14
14/07/2022
ვებგვერდი, 15/07/2022
080240000.79.092.016014
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი
 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის

ბრძანება №14

2022 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016009) და ბრძანების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი)

1. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ამოცანებია:

ა) სამსახურში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ბ) სამსახურის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა;

გ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის, დისციპლინური ნორმების, სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების კონტროლი და ზედამხედველობის განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ფუნქციებია:

ა) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი, ასევე ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის, ეთიკის ნორმებისა და შინაგანაწესის დარღვევის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;

ბ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ სხვა პირთა უფლებების შესაძლო დარღვევასთან, შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით განცხადებების, საჩივრებისა და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება;

გ) სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში პირების უსაფრთხოების და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მონიტორინგი;

დ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების ან/და სხვა სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო ფაქტების გამოვლენა;

ე) გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ვ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შემოწმება დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის მიზნით;

ზ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი) შესული კორესპონდენციის განხილვა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

კ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის და სამსახურის თანამშრომელთათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ლ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

მ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში მონაცემთა პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება;

ო) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;

პ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;

ჟ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;

რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) უფლებამოსილია:

ა) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, ეთიკის ნორმებისა და შინაგანაწესის დარღვევის, დისციპლინური გადაცდომის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების შეუსრულებლობისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს და სათანადო რეაგირება განახორციელოს იურიდიული და ფიზიკური პირების, ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრებზე, განცხადებებსა და მასალებზე;

გ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამსახურის თანამშრომელს მიმართოს გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის მოთხოვნით, ასევე წერილობითი ან ზეპირი ფორმით აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნით;

დ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამსახურის თანამშრომლისგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ე) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამსახურის თანამშრომლები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე;

ვ) დაათვალიეროს სამსახურის თანამშრომლის სამუშაო ოთახი და ინვენტარი;

ზ) ისარგებლოს საქმისწარმოებისა და სხვა ელექტრონული პროგრამით, ასევე სამსახურის მონაცემთა ბაზებით და განახორციელოს მათი მონიტორინგი;

თ) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;

ი) სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, მოითხოვოს მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით;

კ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ან მისთვის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) უფროსის მიერ რეკომენდაციით მიმართვის შესახებ;

ლ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ განხორციელებული შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსსა და სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინოს რეკომენდაციები;

მ) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამსახურის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;

ნ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;

ო) მოიპოვოს ინფორმაცია სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი იმ ქმედებებისა და გარემოებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას სამსახურის საქმიანობას და რეპუტაციას;

პ) კომპეტენციის ფარგლებში მოიპოვოს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების ან/და სხვა სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო ფაქტების შესახებ;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში მოიპოვოს ინფორმაცია თანამშრომელთა მიერ  ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ;

რ) განახორციელოს მონიტორინგი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ ელექტრონული სამსახურებრივი მოწმობის წამკითხველებზე დაფიქსირებულ მონაცემებზე;

ს) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია განახორციელოს  ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით;

ტ) განახორციელოს სამსახურის თანამშრომელთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების  საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება;

უ) განახორციელოს სამსახურის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი;

ფ) განახორციელოს სამსახურზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის და სპეციალური საშუალებების  მიღება/ჩაბარების მონიტორინგი;

ქ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან;

ღ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია გენერალურ ინსპექციაზე (დეპარტამენტზე) დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.

4. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისი გასაჩივრება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე