„თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.034.017256
70
15/07/2022
ვებგვერდი, 18/07/2022
010170000.22.034.017256
„თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანებ №70

2022 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თავშესაფრის პროცედურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №33 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 07/04/2020, 010170000.22.034.016965) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „თავშესაფრის პროცედურის“ 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება

1. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ან მას უარი ეთქვა ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე, ანდა თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, თუკი:

ა) ამ პირის წარმოშობის ქვეყანაში მოხდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას წარმოშობს;

ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა და რომელთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობაც განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

2. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე  განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიუთითოს განმეორებით მიმართვის საფუძველი, დანართი №15-ის შესაბამისად.

3. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ვალდებულია განახორციელოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევა, აგრეთვე შეისწავლოს და შეაფასოს ამ განცხადებაში მითითებული განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში შესაბამისი პირის დაბრუნებით არ დაირღვეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ტარდება გასაუბრება. გასაუბრებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს აღნიშნული განცხადების წინასწარ გამოკვლევასა და გადაწყვეტილების მიღებას.

4. თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევით დადგინდება, რომ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, განცხადების არსებითი განხილვის გარეშე, დეპარტამენტის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

5. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის შესახებ, რის თაობაზედაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ შემთხვევაში დაიწყება თავშესაფრის პროცედურა და უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ამ აქტის გამოცემის მომენტიდან მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად.

6. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება მის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების პირველად წარდგენის მომენტიდან ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში (მათ შორის, ამ აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და ამ აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირველივე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა კვლავ წარადგინა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, ეს პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და ამ აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური