საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე

საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/07/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.023563
352
04/07/2022
ვებგვერდი, 06/07/2022
310150000.10.003.023563
საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №352

2022 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;

გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;

დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;

ზ) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი – კომისიის წევრი;

თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი – კომისიის წევრი;

ი) თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;

კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი;

ლ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

მუხლი 2
კომისიის საქმიანობის მიზნებისთვის და კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, კომისიის გადაწყვეტილებით, შეიძლება, მიწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების, კერძო სექტორის, საერთაშორისო  ორგანიზაციების  წარმომადგენლები, აგრეთვე ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
მუხლი 3
დამტკიცდეს თანდართული „საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის დებულება“.

 

მუხლი 4
კომისიის შემადგენლობაში შემავალმა შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი კანდიდატურის წარდგენა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს კომისიის სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კომისია ასრულებს საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და მონიტორინგის განხორციელების სამდივნოს ფუნქციას.           

მუხლი 2. კომისიის საქმიანობის მიზანი, ფუნქციები და უფლებამოსილებანი

1. კომისიის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების გზით. 

2. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა)  საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის განხორციელება ან/და მისი განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) საჭიროებისამებრ, სტრატეგიის განახლება, შემდგომი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება და სათანადო კოორდინაცია;

გ) სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შესრულების მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი შესრულების ანგარიშების მომზადება/მიღება;

დ) საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პრობლემების და გამოწვევების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და, საჭიროებისამებრ, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა დასამტკიცებლად;

ე) სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მონიტორინგი და კოორდინაცია;

ვ) კომისიის მიზნებისა და ძირითადი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა და, საჭიროებისამებრ, მათზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ზ) დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების პროცესში, საჭიროებისამებრ, პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების შესაბამისი ჩართულობის უზრუნველყოფა.

3. კომისია უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს შესაბამისი დაწესებულებებიდან თავისი საქმიანობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები;

გ) შექმნას სამუშაო ჯგუფ(ებ)ი ან/და მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;

დ) განიხილოს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით წარდგენილი ინიციატივები და, მოწონების შემთხვევაში, მოახდინოს საკითხის ინიციირება საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მუხლი 3. კომისიის სტრუქტურა და მართვა

1. კომისიის თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს და წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის სხდომის დღის წესრიგს.

2. სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თამჯდომარე.  კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომპეტენციისა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლების გარეშე შეიძლება მიწვეულ იქნენ სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ან სხვა პირები.

3. კომისიის გადაწყვეტილებით იქმნება სამუშაო ჯგუფი. კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია კომისიის წინაშე.

4. კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხის ინიციირება შეუძლია კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრსა და სამუშაო ჯგუფს.     

5. კომისიის მორიგი სხდომები იმართება ყოველ 6 თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გაიმართოს კომისიის რიგგარეშე სხდომა კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

6. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტი. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ორგანიზებას.

7. კომისიის სხდომაზე კომისიის წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით კომისიის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში, კომისიის წევრი ხმის იმავე უფლებით შეიძლება, შეცვალოს მისმა წარმომადგენელმა იმავე საჯარო დაწესებულებიდან ან ორგანიზაციიდან უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

8. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

9. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.

10. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

მუხლი 4. სამუშაო ჯგუფი

1. სამუშაო ჯგუფის ფუნქციები, მოვალეობები და უფლებამოსილებებია:

ა) საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, თავმოყრა, დამუშავება და ანალიზი, საგზაო უსაფრთხოებაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით;

ბ) იდენტიფიცირებული პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზების შემუშავება, კომისიისთვის შესაბამისი ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებების სამოქმედო გეგმებში ასახვის შეთავაზება;

გ) სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, ხმის უფლების გარეშე, მთავრობის, სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლების, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტების მიწვევა და/ან  მათთან სამუშაო შეხვედრების მოწყობა;

დ) საგზაო უსაფრთხოების კუთხით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის (გამოცდილების) გაზიარების მიზნით შესაბამისი სფეროს ექსპერტების მიწვევა და/ან სამუშაო ჯგუფის წევრების წარგზავნა საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში (კონფერენციები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები და სხვა) მონაწილეობის მისაღებად;

ე) შუალედური და დასკვნითი ანგარიშების მომზადება კომისიისთვის წარსადგენად;

ვ) შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშის მიწოდება კომისიისთვის.

2. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, რომელიც განისაზღვრება კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.

3. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე:

ა) განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესს;

ბ) იწვევს და წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს;

გ) წარუდგენს შუალედურ და დასკვნით ანგარიშებს საბჭოს;

დ) წარმოადგენს სამუშაო ჯგუფს მესამე პირებთან და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში.

4. სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრები იმართება სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. სამუშაო ჯგუფის წევრის მოთხოვნის საფუძველზე და სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრის გამართვა.

5. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება მიიღება სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.