დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 80/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/07/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018188 |
|
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) დამტკიცებულ „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-5 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მაგისტრანტობის კანდიდატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხივე ნაწილში გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს. 7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს ტესტის ის ნაწილი/ნაწილები, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებლად უნდა გადალახოს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება.“. 3. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ენიჭება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/ გამოცდებს.“. 4. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ ) ტესტის იმ ნაწილის / ნაწილების ჩამონათვალი, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება.“. 5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები ჩაატაროს როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნებამდე, ისე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.“. 6. 33-ე მუხლს მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი: „19. 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მიზნებისათვის: ა) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მაგისტრანტობის კანდიდატებს დამატებით ჩაუტაროს ტესტირება საერთო სამაგისტრო გამოცდის იმ ნაწილში/ნაწილებში, რომელსაც ისინი ვერ დაესწრნენ საგამოცდო დღეს ან საგამოცდო დღემდე 7 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო; ბ) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი და დრო) იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ შესაბამის გამოცდაზე. საგამოცდო პერიოდში სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია დაცული ფორმით მიიღოს სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია, რომელ მაგისტრანტობის კანდიდატს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია საერთო სამაგისტრო გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეშვეობით; გ) სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს იმ მაგისტრანტობის კანდიდატის მონაწილეობას დამატებით გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სულ მცირე, ერთი დღე-ღამით ყოფნის ან ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში; ე) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია; ვ) თუ მაგისტრანტობის კანდიდატს ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების დადგომამდე ჩაბარებული აქვს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის მხოლოდ ნაწილი, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მისთვის მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის დარჩენილი ნაწილის/ნაწილების ჩატარებას; ზ) დამატებითი გამოცდისას გამოყენებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება; თ) ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის. ი) ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები