თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/5/1341, 1660
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 24/06/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016712
3/5/1341, 1660
24/06/2022
ვებგვერდი, 28/06/2022
000000000.00.000.016712
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის

გადაწყვეტილება №3/5/1341, 1660

2022 წლის 24 ივნისი

ქ. ბათუმი

 

 

 


პლენუმის შემადგენლობა :

მერაბ ტურავასხდომის თავმჯდომარე ;

ევა გოცირიძეწევრი ;

გიორგი თევდორაშვილიწევრი ;

ირინე იმერლიშვილიწევრი ;

გიორგი კვერენჩხილაძეწევრი ;

ხვიჩა კიკილაშვილიწევრი ;

მანანა კობახიძეწევრი ;

ვასილ როინიშვილიწევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;

თეიმურაზ ტუღუშიწევრი .

სხდომის მდივანი : დარეჯან ჩალიგავა .

საქმის დასახელება : თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე -200 მუხლის მე -6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე .

დავის საგანი : საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე -200 მუხლის მე -6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

 I

აღწერილობითი ნაწილი

 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს (რეგისტრაციის №1341) და 2021 წლის 24 ნოემბერს (რეგისტრაციის №1660) კონსტიტუციური წარდგინებით მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლებადრი ნიპარიშვილი ). №1341 კონსტიტუციური წარდგინება , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2018 წლის 17 აგვისტოს , ხოლო №1660 კონსტიტუციური წარდგინება კი 2021 წლის 26 ნოემბერს . №1341 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2020 წლის 14 თებერვალს , ხოლო №1660 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2022 წლის 23 თებერვალს .

2. №1341 და №1660 კონსტიტუციური წარდგინებები , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის №3/3/1341 და 2022 წლის 23 თებერვლის №3/4/1660 საოქმო ჩანაწერებით , ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის №3/4/1660 საოქმო ჩანაწერით , დასახელებული ორი კონსტიტუციური წარდგინება გაერთიანდა ერთ საქმედ .

3. №1341 და №1660 კონსტიტუციურ წარდგინებებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია : „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის მე -2 პუნქტი ; „საერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -7 მუხლის მე -3 პუნქტი .

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე -200 მუხლის მე -6 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად , სასამართლო , პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით , გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით , პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს , რომლის მიმართაც გამოყენებულია დაკავება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით , მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა ) შეტანამდე .

5. საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის თავისუფლებას .

6. №1341 და №1660 კონსტიტუციური წარდგინებების მიხედვით , თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო განიხილავდა საქმეებს , რომელშიც ბრალდების მხარე , სადავო ნორმის საფუძველზე , შუამდგომლობდა გირაოს გამოყენების შემთხვევაში დაკავებული ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებაზე . კონსტიტუციურ წარდგინებათა თანახმად , საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე -200 მუხლის მე -6 ნაწილის პირველი წინადადება ადგენს არა სასამართლოს უფლებამოსილებას , არამედ ვალდებულებას , დაკავების ფაქტის გამო , გირაოს უზრუნველსაყოფად გამოიყენოს პატიმრობა . სადავო ნორმით , მოსამართლე ვალდებულია , პირს პატიმრობა შეუფარდოს ყველა შემთხვევაში და არა მხოლოდ მაშინ , როდესაც ამას , საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე , სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს . გარდა ამისა , სასამართლოს იმ შემთხვევაშიც არ რჩება შეფასების თავისუფლება , როდესაც პროკურორი არ ითხოვს , გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით , პატიმრობის შეფარდებას , ვინაიდან დაკავების ფაქტი , თავისთავად , მისი გამოყენების წინაპირობაა . აღნიშნულის გათვალისწინებით კი , პატიმრობის შეფარდებისას გადამწყვეტი არ არის მოსამართლის პოზიცია . ამასთან , კონსტიტუციური წარდგინებების ავტორის აზრით , მოქმედი ჩანაწერი არ ითვალისწინებს პატიმრობის შეფარდების მართლზომიერების შეფასების შესაძლებლობას .

7. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორის მტკიცებით , „საპატიმრო გირაოსგამოყენების პრაქტიკაში ნაკლოვანებას წარმოადგენს გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტიც , რაც სადავო ნორმიდან გამომდინარეობს . კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად , დაკავების ფაქტი ერთადერთი და გადამწყვეტი ფაქტორია გირაოს გამოყენებისას პირისათვის პატიმრობის შესაფარდებლად . კონსტიტუციურ წარდგინებებში მითითებულია , რომ , საერთო სასამართლოთა პრაქტიკით , დასაბუთებას ექვემდებარება მხოლოდ გირაოს შეფარდება , ხოლო პატიმრობის შეფარდების საკითხი , დასაბუთების გარეშე , განჩინების სარეზოლუციო ნაწილით წყდება . კონსტიტუციურ წარდგინებათა ავტორის მითითებით , სასამართლო . . „საპატიმრო გირაოსშეფარდებისას ასაბუთებს გირაოს გამოყენების მიზანშეწონილობას , რაც იმას გულისხმობს , რომ აღკვეთის ღონისძიების ძირითადი სახე სწორედ გირაოა და , შესაბამისად , პირის დაპატიმრება აუცილებელი აღარ არის . თუმცა , ვინაიდან პირი ფაქტობრივად პატიმრობაში რჩება , მის მიმართ პარალელურად გამოყენებულია მეორე აღკვეთის ღონისძიებაპატიმრობა .

8. კონსტიტუციური წარდგინებების ავტორის აზრით , დაკავება , როგორც პატიმრობის გამოყენების უპირობო საფუძველი , პრობლემურია იმ თვალსაზრისითაც , რომ გამორიცხული არ არის , დაკავების განჩინება არასწორად გაიცეს , მოსამართლე კი აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას ვერ გადასინჯავს დაკავების განჩინების საფუძვლიანობას . შესაბამისად , ასეთი დაკავების გამო , შესაძლოა , პირს შეეფარდოს განგრძობადი პატიმრობა .

9. №1341 და №1660 კონსტიტუციურ წარდგინებებში აღნიშნულია , რომ დაკავებული პირის მიმართ გირაოს შეფარდებისას პატიმრობა ავტომატურად გამოიყენება , ხოლო სხვა აღკვეთის ღონისძიებების (მაგალითად : პირადი თავდებობა , შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ) შეფარდების შემთხვევაში , პირი დაუყოვნებლივ თავისუფლდება დაკავებიდან . იმავდროულად , რთულია კატეგორიულად იმის თქმა , რომ გირაო უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიებაა , ვიდრე სხვა დასახელებული აღკვეთის ღონისძიებები . წარდგინებებში ხაზგასმულია , რომ საპატიმრო გირაო განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ პატიმრობას და მისი განმარტება არ უნდა მოხდეს სხვაგვარად .

10. დამატებით , №1341 და №1660 კონსტიტუციურ წარდგინებებში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო მიუთითებს , რომ სადავო ნორმა წინააღმდეგობრივია ისეთ შემთხვევებში , როდესაც პატიმრობის გამოყენება მიიჩნევა დაუშვებლად და სრულიად არასაჭირო ზომად , რადგან გირაო უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს , თუმცა აღნიშნული დასკვნის მიუხედავად , პირს შეეფარდება პატიმრობა . ამასთან , გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში , შესაძლოა , ბრალდებულს გაუგრძელდეს პატიმრობა . გარდა ამისა , კონსტიტუციურ წარდგინებათა ავტორის მოსაზრებით , სადავო ნორმა პატიმრობის ინსტიტუტის თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას ქმნის . კერძოდ , თუ ბრალდების მხარე ვერ შეძლებს წარმოადგინოს დაპატიმრებისათვის საკმარისი გარემოებები , მას აქვს საშუალება , დააკავოს პირი , მოითხოვოს გირაო და ამ გზით მოხდეს პირისათვის პატიმრობის შეფარდება . გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში კი (მისი გადაჭარბებული ოდენობით შეფარდების შემთხვევაში ), პატიმრობის ვადა შესაძლოა , ხანგრძლივი აღმოჩნდეს . შესაბამისად , ამ თვალსაზრისითაც ნიშანდობლივია , რომ დაკავების ფაქტი არ არის ადეკვატური სათანადო კრიტერიუმი , რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ბრალდებულის განგრძობით პატიმრობას .

11. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით , №1341 და №1660 კონსტიტუციურ წარდგინებათა ავტორის აზრით , საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე -200 მუხლის მე -6 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლების უფლებას და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე თავისუფლების აღკვეთის ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის დაუშვებლობას .

12. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე .

 II
სამოტივაციო ნაწილი

1. სადავო ნორმებით მოწესრიგებული სფეროსა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება

 1. №1341 და №1660 კონსტიტუციური წარდგინებებით სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა , რომელიც განსაზღვრავს დაკავებული ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების წესს . კერძოდ , სადავო ნორმის თანახმად , სასამართლო , პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით , გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით , პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს , რომლის მიმართაც გამოყენებულია დაკავება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით , მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა ) შეტანამდე .

2. კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად , მოქმედი საპროცესო წესრიგის ფარგლებში , ბრალდებულ პირს , რომელიც დაკავებულია და რომლის მიმართაც აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენება გირაო , მოსამართლე პატიმრობას უფარდებს ყველა შემთხვევაში . მოსამართლე არ არის უფლებამოსილი , საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე , ინდივიდუალური შეფასების შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენების შესახებ , როდესაც ამას იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს . იმავდროულად , სადავო ნორმა არ ითვალისწინებს პატიმრობის შეფარდების მართლზომიერების შეფასების შესაძლებლობას . აღნიშნული კი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ თავისუფლების უფლებას . ამგვარად , კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი მიიჩნევს , რომ სასამართლოს უნდა შეეძლოს , ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გადაწყვიტოს , საჭიროა თუ არა პირის მიმართ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობის ღონისძიების გამოყენება .

3. ზემოხსენებულიდან გამომდინარე , განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს , გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობის a priori შეფარდება ბრალდებულისათვის , რომლის მიმართაც სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით გამოყენებულია დაკავება , რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ფიზიკური თავისუფლების უფლებას .

 2. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებით დაცული სფერო

 4. საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , დაცულია ადამიანის თავისუფლება . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და პირადი თავისუფლების უფლებას . აღნიშნული გარანტია ფუნდამენტური უფლებების ერთ -ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და , საქართველოს კონსტიტუციის თანახმად , საგანგებო დაცვას ექვემდებარება (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებილევან იზორია და დავით -მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-2). უფრო კონკრეტულად , საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტი გულისხმობს პირისფიზიკურ თავისუფლებას , მის უფლებას , თავისუფლად გადაადგილდებოდეს ფიზიკურად , თავისი ნების შესაბამისად , იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-2).

5. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესის მიზანია , არ დაუშვას თავისუფლების უკანონოდ , დაუსაბუთებლად და თვითნებურად შეზღუდვა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/654 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1).

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით , „ფიზიკური თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება უმნიშვნელოვანესია ზოგადად ადამიანის თავისუფლებისთვის , ფართო გაგებითადამიანის თავისუფალი განვითარებისთვის , უფლებებით ეფექტურად და სრულყოფილად სარგებლობისთვის . პირადი ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა კანონზომიერად , თავისთავად , ჯაჭვურად იწვევს ფუნდამენტური უფლებების უმრავლესობით შეზღუდულ სარგებლობას ან /და ზოგიერთი მათგანით სარგებლობის შეუძლებლობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-28). პირი , ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვით , ექცევა ბუნებრივი ყოფისაგან განსხვავებულ , ადამიანის ბუნებისათვის სრულიად არათავსებად მდგომარეობაში , რომელშიც მისი თავისუფლება და ძირითადი უფლებებით სარგებლობა დამოკიდებული ხდება ცალკეულ გარემოებებსა თუ პიროვნებებზე . თავისუფლების შეზღუდვის პირობებში , პირი მოკლებულია საქმიანობის განხორციელების , აზრის სხვადასხვა ფორმით გამოხატვის , თავისუფლად გადაადგილების , პირადი ცხოვრების და სხვა უფლებებით სათანადოდ დაცვის და სარგებლობის შესაძლებლობას . ასე მაგალითად , თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის გამოყენებას , თავისთავად , თან სდევს ოჯახის წევრებთან და გარე სამყაროსთან კავშირის შესაძლებლობის შეზღუდვა . შესაბამისად , პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცული არ არის თავისუფლებააღკვეთილი პირის შესაძლებლობა , რომ შეუზღუდავი კავშირი ჰქონდეს ოჯახის წევრებთან (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/1/704 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-16). ამასთანავე , თავისუფლების შეზღუდვის ხასიათის გათვალისწინებით , პირი იზოლირდება საზოგადოებისგან , სრულად იცვლება მისი ყოველდღიური ცხოვრება და ფაქტობრივად არ რჩება არანაირი სივრცე , უფლება , რომელთა განხორციელება , სრულყოფილად სარგებლობაც სათუო არ ხდება . სწორედ ამიტომ , თავისუფლებას არ აქვს თანაბარი ეკვივალენტი , არ არსებობს საზომი , რომლითაც შეიძლება აიწონოს თავისუფლება და არ არსებობს სხვა ფასეულობა , რომელიც სრულად ჩაანაცვლებდა მას (იხ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-28).

7. აღნიშნულის გათვალისწინებით , „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა , რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს როგორც ultima ratio. თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერი ფორმა ექვემდებარება უმკაცრეს კონტროლს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ჩარევის პროპორციულობის კუთხით . ამასთან , რაც უფრო განგრძობადი და ინტენსიურია ჩარევა , მით უფრო იზრდება შეფასების სიმკაცრე მისი კონსტიტუციურობის განხილვისას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-15).

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „საქართველოს კონსტიტუციამ სახელმწიფოს სამოქმედო არეალი მკაცრად შემოფარგლა , მისი ძალაუფლების საპირწონედ კი ინდივიდი ისეთი პროცესუალური უფლებებით აღჭურა , რომლებიც სახელმწიფოს მიერ თავისუფლების უფლებას გაუმართლებელი ან /და გადაჭარბებული ჩარევისაგან დაიცავს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებილევან იზორია და დავით -მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-4). საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა , სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი საპროცესოსამართლებრივი წესრიგის შექმნა , რომელიც გამორიცხავს ინდივიდისათვის თავისუფლების თვითნებურ შეზღუდვას /აღკვეთას . ფიზიკური თავისუფლებისა და ხელშეუვალობის უფლების კონტექსტში თვითნებობისაგან დაცვის პრინციპის შინაარსი სცდება მარტოოდენ ინდივიდის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის კანონიერებას , თავისუფლების შეზღუდვის /აღკვეთის ფორმალურსამართლებრივი საფუძვლების არსებობას და მათ თანმიმდევრულ დაცვას . საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის თვითნებობისაგან დაცვის პრინციპი გულისხმობს , მათ შორის , იმგვარი საპროცესოსამართლებრივი სივრცის არსებობას , რომლის პირობებშიც , გამოირიცხება პირისათვის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა /აღკვეთა , როდესაც არ არსებობს თავისუფლების შეზღუდვის /აღკვეთის წონადი და კონსტიტუციურსამართლებრივად გამართლებადი ლეგიტიმური მიზანი , ისევე , როგორც აღნიშნული ღონისძიების გამოყენების რეალური და ობიექტური საჭიროება .

3. სადავო ნორმების შინაარსისა და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

 9. როგორც უკვე აღინიშნა , საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე -200 მუხლის მე -6 ნაწილის პირველი წინადადება განსაზღვრავს დაკავებული პირისათვის გირაოს შეფარდების წესს . კერძოდ , სასამართლო , პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით , გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით , პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს , რომლის მიმართაც გამოყენებულია დაკავება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით , მის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა ) შეტანამდე .

10. ამდენად , სადავო ნორმიდან გამომდინარე , დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება გირაოს უზრუნველყოფამდე ყველა შემთხვევაში იწვევს მის პატიმრობაში ყოფნას . ამასთან , სადავო რეგულირება აბსოლუტური ხასიათისაა და გამოირიცხება მოსამართლის შესაძლებლობა , აღკვეთის ღონისძიების სახით პირის მიმართ გირაოს გამოყენების შემთხვევაში , ბრალდებული იქამდე გაათავისუფლოს პატიმრობიდან , ვიდრე იგი სათანადო წესით უზრუნველყოფს გირაოს შეტანას .

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვის ინტენსიურობის დადგენისას ყურადღება უნდა მიექცეს მრავალ ფაქტორს , მათ შორის იმას , თუ რა მიზნით ხდება პირისთვის კონკრეტული ადგილის დატოვების აკრძალვა , როგორია მის ნებაზე ზემოქმედების ფარგლები , რამდენად ეზღუდება ამა თუ იმ სივრცეში განთავსებისას მოქმედების თავისუფლება , როგორია უფლებაშეზღუდული პირის სამართლებრივი სტატუსი , რა შედეგის დადგომას ისახავს მიზნად ამგვარი შეზღუდვა და სხვა . შემზღუდველი ღონისძიების საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის რეგულირების ქვეშ მოქცევას , უმთავრესად , ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის , მის ნებაზე ზემოქმედების ხარისხი განაპირობებს . ამასთან , მხოლოდ ის გარემოება , თუ რა ვადით ხდება კონკრეტული ადგილის დატოვების აკრძალვა , ვერ გამოდგება პირის ფიზიკური თავისუფლების აღკვეთის წარმოსაჩენ თვითკმარ არგუმენტად . ის , თუ რა ვადით ეკრძალება პირს განსაზღვრული ადგილის დატოვება , მნიშვნელოვანი , თუმცა არა გადამწყვეტი ფაქტორია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზეპაატა დიასამიძე , გიორგი ჩიტიძე , ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ “, II-16).

12. თავისუფლების უფლების შეზღუდვის ერთ -ერთი ძირითადი სახე პირის დაკავება ან /და დაპატიმრებაა . დაპატიმრება წარმოადგენს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში ერთ -ერთ ყველაზე მკაცრ (ინტენსიურ ) ჩარევას . ზოგადად , სისხლის სამართლებრივი დევნა , განსაკუთრებით , თუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული , ბრალდებულისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/654 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “ II-4).

13. ამგვარად , საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ თავისუფლების უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში , როდესაც იზღუდება ინდივიდის ფიზიკური თავისუფლება , მათ შორის , მისი პატიმრობაში ყოფნით . განსახილველ შემთხვევაში , სადავო ნორმა წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო წესრიგის ერთ -ერთ ელემენტს . ინდივიდი საპატიმრო დაწესებულებაში რჩება ბრალდებულის სტატუსით , მისთვის ფიზიკური თავისუფლების აღკვეთის მიზნით და მასზე ვრცელდება ის ორდინალური სამართლებრივი რეჟიმი , რომელიც დაპატიმრებული პირების მიმართ გამოიყენება .

14. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ გასაჩივრებული რეგულაცია იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას .

 4. უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება

 4.1. შეფასების ტესტი

 15. საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადამიანის თავისუფლების უფლება , მიუხედავად მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობისა , „არ არის აბსოლუტური და მასში ჩარევა შესაძლებელია , მკაცრი კონსტიტუციურსამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით , რომელიც იცავს ნებისმიერ ადამიანს შესაძლო სახელისუფლებლო თვითნებობისაგან . კონსტიტუციურსამართლებრივი შემოწმების სიმკაცრის ხარისხს ზრდის ის გარემოებაც , რომ ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმათავისუფლების აღკვეთა აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-6). სწორედ ამიტომ , კანონმდებელი ვალდებულია , შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა , რომელიც , ერთი მხრივ , გამორიცხავს პირის თავისუფლების მყარი , კონსტიტუციურად ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის გარეშე შეზღუდვას , ხოლო , მეორე მხრივ , უზრუნველყოფს კონსტიტუციის მე -13 მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებების გარანტირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/654 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1).

16. ამასთანავე , კონსტიტუციური უფლებების , მათ შორის , ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია . „აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და , შესაბამისად , კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს . თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა , რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური ) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას . ამავე დროს , უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული , მისი თანაზომიერი უნდა იყოს . დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზედანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-60).

17. შესაბამისად , განსახილველ შემთხვევაში , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ , თავდაპირველ ეტაპზე , უნდა შეაფასოს , რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან პირის მიმართ , აღკვეთის ღონისძიების სახით , გირაოს გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ , ინდივიდის a priori პატიმრობაში დატოვება ; შემდგომში კი , რამდენად პასუხობს აღნიშნული მიდგომა თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის სხვა ისეთ მოთხოვნებს , როგორებიც არის გამოსადეგობა , აუცილებლობა ან /და პროპორციულობა (ვიწრო გაგებით ).

 4.2. უფლების სასამართლოს მიერ შეზღუდვის მოთხოვნა

 18. თავისუფლების უფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე , საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -2 პუნქტი expressis verbis მიუთითებს , რომ თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით . საქართველოს კონსტიტუციის თანახმად , სასამართლო , ერთი მხრივ , მოქმედებს როგორც ადამიანის ფიზიკური თავისუფლების დაცვის გარანტი , ხოლო , მეორე მხრივ , მისი შეზღუდვის უფლებამოსილებით აღჭურვილი ლეგიტიმური ორგანო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/503, 513 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებილევან იზორია და დავით -მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-2).

19. სადავო ნორმის თანახმად , აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით , პირს , რომლის მიმართაც გამოყენებულია დაკავება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით , პატიმრობას უფარდებს სასამართლო . შესაბამისად , სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -2 პუნქტის მოთხოვნას , თავისუფლების უფლების სასამართლოს გზით შეზღუდვის თაობაზე .

4.3. ლეგიტიმური მიზანი

 20. წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო , უპირველეს ყოვლისა , აუცილებლად მიიჩნევს , დაადგინოს , რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო რეგულირებიდან მომდინარე შეზღუდვა , რადგანაცლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში , ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი , არაკონსტიტუციურია “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილებაისრაელის მოქალაქეებითამაზ ჯანაშვილი , ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “ , II-15).

21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წერილობით მიმართა მოპასუხე მხარესსაქართველოს პარლამენტს განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნით . საქართველოს პარლამენტს არ წარმოუდგენია მოსაზრება აღნიშნული საკითხების თაობაზე . შესაბამისად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ცნობილი არ არის საქართველოს პარლამენტის პოზიცია , მათ შორის , არც სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით .

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით , საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების პროცესში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის შებოჭილი მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნით , ისევე , როგორც მოპასუხე მხარის მიერ მისი დასახელებისგან თავის შეკავება , თავისთავად , ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ვერ განაპირობებს . აღნიშნულის გათვალისწინებით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავად დაადგენს გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე ლეგიტიმურ მიზანს (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის №3/2/1478 გადაწყვეტილება საქმეზე "თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე -3 მუხლის მე -20 ნაწილის მე -2 წინადადების , 25- მუხლის მე -2 ნაწილის მე -3 წინადადების , 48- მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების , მე -5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე -7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე " II-55, 56; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/2/1428 გადაწყვეტილება საქმეზეკობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-24).

23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198- მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს , იმ მიზნებს , რომელთა უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება აღკვეთის ღონისძიებები , მათ შორის , პატიმრობა . კერძოდ , ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით , აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით , რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას , აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა , უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება . დასახელებული მუხლის მე -2 ნაწილის შესაბამისად კი , აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი , რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში , გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს .

24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად , „დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ -ერთი ძირითადი ამოცანაა . სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეუფერხებელი განხორციელება , ... და დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა უმნიშვნელოვანესი საჯარო ინტერესებია “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-26). უდავოა , რომ ბრალდებულის სასამართლოში გამოცხადების გარანტირება , მისი მხრიდან შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა , ისევე , როგორც საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაცვა და განაჩენის აღსრულება ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელი წინაპირობებია .

25. დანაშაულის პრევენცია , ისევე , როგორც შესაძლო დამნაშავის გამოვლენა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება , მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სიკეთეს წარმოადგენს , რომლის დასაცავადაც , გარკვეულ შემთხვევაში , შესაძლებელია ადამიანის ფიზიკური თავისუფლება შეიზღუდოს . ეს ცალსახად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის სულისკვეთებიდან , ვინაიდან იგი თავადვე ადგენს ბრალდებულის დაპატიმრების შესაძლებლობას და გარკვეული ვადით შემოფარგლავს მას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/654 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-50). ამდენად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ ის მიზნები , რომელთა დაცვასა და უზრუნველყოფასაც ემსახურება თითოეული აღკვეთის ღონისძიება , წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს და მათ მისაღწევად დასაშვებია პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა .

 4.4. შეზღუდვის გამოსადეგობა

 26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით , კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის მარტოოდენ ლეგიტიმურ მიზანზე მითითება საკმარისი არ არის . სხვა პირობებთან ერთად , ასევე აუცილებელია , დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც . თავის მხრივ , ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისასსაკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს , რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორისრამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-48).

27. გირაოს უზრუნველყოფამდე პირის პატიმრობაში დატოვება ფაქტობრივად გამორიცხავს ბრალდებულის სასამართლოში გამოუცხადებლობას , არსებითად აზღვევს , მისი მხრიდან , საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურებას , ისევე , როგორც ხელახალი დანაშაულის ჩადენას და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ; ხოლო მოგვიანებით , გირაოს უზრუნველყოფა ქმნის გარანტიებს , რომ ბრალდებული , ქონებრივი ინტერესის გათვალისწინებით იმოქმედებს მისთვის კანონით დადგენილი ვალდებულებების ფარგლებში . შესაბამისად , განსახილველ შემთხვევაში , სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება გამოძიებისთვის ხელშეშლის თავიდან აცილებისა და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელებისათვის პირობების შექმნის გამოსადეგი საშუალებაა .

4.5 აუცილებლობა

 28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს , რომგამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ ) საშუალებას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-26). თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ნორმატიული აქტი , რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას , ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის საჭირო .

29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199- მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიების სახეებს . კერძოდ , აღკვეთის ღონისძიების სახეებია : გირაო , შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ , პირადი თავდებობა , სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა . აღნიშნული კოდექსის 198- მუხლით გათვალისწინებული თითოეული აღკვეთის ღონისძიება , დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას , გამოიყენება იმ მიზნით , რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას , აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა და უზრუნველყოფილ იქნეს საქმეზე განაჩენის აღსრულება . იმავდროულად , მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო წესრიგის შესაბამისად , ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს , თუ ზემოხსენებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა , ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით . უფრო მეტიც , საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198- მუხლის მე -4 ნაწილი და 205- მუხლის პირველი ნაწილი სპეციალურ მითითებას აკეთებს იმ გარემოებაზე , რომ დაუშვებელია , სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს იმ შემთხვევაში , როდესაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა , ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით . პატიმრობა , როგორც აღკვეთის ღონისძიება , გამოიყენება მხოლოდ მაშინ , თუ ეს ერთადერთი საშუალებაა , რათა თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მიმალვა , მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა ანდა ახალი დანაშაულის ჩადენა . შესაბამისად , სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით , ჩამოთვლილთაგან ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახედ მიიჩნევა პატიმრობა და მისი გამოყენება უნდა მოხდეს როგორც უკიდურესი საშუალება .

30. ამასთანავე , სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი , სასამართლოს აკისრებს ვალდებულებას , აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას , ისევე , როგორც მისი თითოეული ფორმის შერჩევისას , მხედველობაში მიიღოს და გაითვალისწინოს ბრალდებულის პიროვნება , მისი საქმიანობა , ასაკი , ჯანმრთელობა , ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა , მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება , ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტი და სხვა გარემოებები .

31. ამდენად , აღკვეთის ღონისძიება სასამართლოსა და ბრალდების მხარის ხელთ არსებული მექანიზმია , რომლითაც , ცალკეული უფლებების შეზღუდვის შედეგად , შესაძლებელი ხდება ბრალდებულის მხრიდან მომდინარე რისკების პრევენცია . თავის მხრივ , აღნიშნული რისკები , გამოძიებისთვის ხელის შეშლისა თუ სხვა სახის საფრთხეები განსხვავებული მასშტაბის და სიმწვავისაა , რაც ლოგიკურად მოითხოვს სასამართლოს მხრიდან ყოველი კონკრეტული შემთხვევის შეფასებას და ინდივიდუალიზებული გადაწყვეტილების მიღებას . იმავდროულად , როგორც გირაო , ისე პატიმრობა და სხვა აღკვეთის ღონისძიებები არსებითად ემსახურება ერთი და იმავე მიზნის მიღწევას . შესაბამისად , იმისათვის , რომ მათი გამოყენება პასუხობდეს აუცილებლობის მოთხოვნას , ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში , საფრთხის ბუნებისა და ხარისხის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს აღკვეთის ღონისძიებებიდან ბრალდებული პირის უფლებების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალებების შერჩევა .

32. აღნიშნული წესისაგან განსხვავებით , სადავო ნორმა , გამონაკლისის სახით , დაკავებული ბრალდებულისათვის ერთი აღკვეთი ღონისძიების , კერძოდ გირაოს შეფარდების შემთხვევაში იმავდროულად გულისხმობს მეორე , ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიებისპატიმრობის შეფარდებას . კერძოდ , დაკავებული პირი , რომელსაც ეფარდება გირაო , იქამდე რჩება პატიმრობაში , ვიდრე არ უზრუნველყოფს გირაოს თანხის სრულად ან ნაწილობრივ შეტანას . თავისთავად ის გარემოება , რომ პირი დაკავებულია , a priori ვერ გახდება პატიმრობის გამართლების საფუძველი ან წინაპირობა . საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის მე -3 პუნქტის თანახმად , ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ . დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა . თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ , პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს . ამდენად , პირის დაკავება უკავშირდება ხანმოკლე , მაქსიმუმ , 72 საათიან პროცესს , აღნიშნული პერიოდის შემდეგ პატიმრობის გამოყენების საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის პირობით . საქართველოს სისხლის სამართლის მოქმედი საპროცესო კოდექსი , კონსტიტუციის მსგავსად , ერთმანეთისგან მიჯნავს დაკავებასა და პატიმრობას . პატიმრობის საკითხს , მის საჭიროებასა და აუცილებლობას მოსამართლე დაკავების ფაქტისგან დამოუკიდებლად განიხილავს .

33. სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს პრინციპი ინდივიდის თავისუფლების სასარგებლოდ . აღნიშნული გულისხმობს , რომ პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი , არამედ გამონაკლისი . პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას , რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში , მაშინ , როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა .

34. ინდივიდის ფიზიკური თავისუფლებისა და ხელშეუვალობის უფლება თვითნებურად იზღუდება მაშინ , როდესაც პირი თავისუფლების აღკვეთის /საპატიმრო დაწესებულებაში განაგრძობს ყოფნას იმ შემთხვევაში , როდესაც აღარ არსებობს თავად თავისუფლების შეზღუდვის აუცილებელი , საგამონაკლისო საფუძველი . როგორც აღინიშნა , აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისას , პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ეჭვის არსებობასთან ერთად , აუცილებელია , დასაბუთებული ვარაუდი , რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში , გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს . სწორედ ამ გარემოებების არსებობის დასაბუთებული ვარაუდი წარმოშობს პირის დაპატიმრების ფორმალურ საფუძველს იმ დათქმით , რომ შეუძლებელი უნდა იყოს დასახელებული მიზნების უზრუნველყოფა სხვა , უფლების უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით . იმ შემთხვევაში , როდესაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით , გირაოს გამოყენების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას , იგი , ერთი მხრივ , დადასტურებულად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ -ერთი საფრთხის არსებობას , ხოლო , მეორე მხრივ , ადგენს , რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე , აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევის ყველაზე ოპტიმალური , შესაფერისი და საკმარისი სახე სწორედ დასახელებული ღონისძიებაა .

35. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს , რომ პრაქტიკაში შესაძლებელია , არსებობდეს , აღკვეთის ღონისძიების სახით , გირაოს გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც , გარკვეული პერიოდი ბრალდებულის მიერ სასამართლოს მხრიდან განსაზღვრული გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად , ცალკეულ გამონაკლის შემთხვევაში , პირის პატიმრობაში დატოვების ობიექტური საჭიროება . მაგალითად , მოსამართლე შეიძლება მიიჩნევდეს , რომ გირაოს გადახდამდე ბრალდებულის გათავისუფლება ქმნის მიმალვის დაუყოვნებელ საფრთხეს . აღნიშნულის საპირისპიროდ , მოსამართლე ასევე შეიძლება თვლიდეს , რომ მიმალვის მყისიერი საფრთხე არ არსებობს , თუმცა არის რისკები , რომ ბრალდებული არ გამოცხადდება გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე . ბუნებრივია , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან შემთხვევათა მრავალფეროვნების გათვალისწინებით , შეუძლებელია წინასწარ აღნიშნული შემთხვევების ამომწურავად განსაზღვრა , რამდენადაც ამგვარი ვითარების არსებობა საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე და სხვადასხვა გარემო -ფაქტორებზეა დამოკიდებული . თუმცა ასევე ბუნებრივია , რომ სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით , მოსამართლე შეიძლება მივიდეს დასკვნამდე , რომ არსებობს გირაოს გამოყენების საფუძველი , მაგრამ აუცილებელი არ არის ბრალდებულის მიერ მისი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა , ანდა , გირაოს უზუნველყოფისათვის , აუცილებელი არ არის ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება . ამგვარ ვითარებაში , გირაოს (ან მისი ნაწილის ) გადახდამდე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობს . ამდენად , აშკარაა , რომ სწორედ საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე და არსებული საფრთხეების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს მოსამართლემ , თუ გირაოს დაუყოვნებლივ გადახდის უზრუნველსაყოფად , რამდენად არსებობსს პირის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა .

36. აღსანიშნავია , რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოსამართლეს შესაძლებლობას აძლევს , აღკვეთის ღონისძიება შეარჩიოს მხოლოდ 199- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახეებიდან . ხოლო 199- მუხლის მე -2 ნაწილით , აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად , გათვალისწინებულია ბრალდებულის მიმართ გამოსაყენებელი დამატებითი ღონისძიებები . ამდენად , თუ მოსამართლე მიჩნევს , რომ საფრთხეების უზრუნველსაყოფად საჭიროა ბრალდებულის მიერ ფინანსური უზრუნველყოფის წარდგენა , იგი იძულებულია , გამოიყენოს გირაო (ყველა მასთან დაკავშირებული შედეგით ), რადგან სწორედ ეს ღონისძიებაა ამ მიზნის მისაღწევად კანონით განსაზღვრული . სადავო ნორმის მოქმედების შედეგად კი მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას , დაკავებული პირი გაათავისუფლოს და , ამავე დროს , განუსაზღვროს მას სხდომაზე გამოცხადების უზრუნველყოფის ფინანსური გარანტია . შესაბამისად , სადავო ნორმა არ აძლევს მოსამართლეს შესაძლებლობას , შეაფასოს , ერთი მხრივ , რამდენად არსებობს პირის გათავისუფლებამდე გირაოს გადახდის აუცილებლობა , ხოლო , მეორე მხრივ , რამდენად არის საჭირო გადახდის უზრუნველსაყოფად პატიმრობის გამოყენება . როგორც აღინიშნა , შესაძლებელია , ცალკეულ შემთხვევაში მართლაც არსებობდეს ვითარება და გარემოებები , რომელთა გათვალისწინებითაც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევდა გირაოს თანხის უზრუნველყოფამდე პირის პატიმრობაში დატოვებას , თუმცა , ბუნებრივია , მსგავსი საჭიროება ყოველთვის არ იარსებებს . სწორედ ამგვარი შემთხვევების საკუთარ პრაქტიკაში არსებობაზე მიუთითებს №1341 და №1660 კონსტიტუციური წარდგინების ავტორიც . ამავე ლოგიკით , კანონმდებელი , მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით , გირაოს გამოყენებისათვის დადგენილი წესით მიიჩნევს , რომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას შესაძლებელია ლეგიტიმური მიზნების მიღწევა და , დამატებით , გირაოს შეტანამდე არ ხდება მისი (ბრალდებულის ) ქცევის სხვა მექანიზმებით გარანტირება .

37. ამგვარად , მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების (ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას , აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა , უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება ) ლეგიტიმური მიზნის მიღწევის სხვა , ნაკლებად მზღუდავი საშუალება იქნებოდა , მოსამართლის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში , პირისათვის პატიმრობის შეფარდების აუცილებლობის შემოწმება . შესაბამისად , სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა იმაზე ფართოა , ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის ობიექტურად საჭირო . ამდენად , სადავო რეგულირება არ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს .

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე -200 მუხლის მე -6 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც გამორიცხავს მოსამართლის მიერ ბრალდებულის გირაოს შეტანამდე გათავისუფლებას , არ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ პუნქტს .

III
სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტისა და მე -5 პუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის მე -2 პუნქტის , 21- მუხლის პირველი , მე -5 და მე -11 პუნქტების , 23- მუხლის პირველი პუნქტის , 25- მუხლის პირველი , მე -2, მე -3 და მე -6 პუნქტების , 27- მუხლის მე -5 პუნქტის , 273 მუხლის მე -2 პუნქტის , 42- მუხლის პირველი პუნქტის , 43- მუხლის , 44- მუხლის პირველი და მე -3 პუნქტების საფუძველზე ,

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

 1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე -200 მუხლის მე -6 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც გამორიცხავს მოსამართლის მიერ ბრალდებულის გირაოს შეტანამდე გათავისუფლებას საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან .

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან .

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს , საქართველოს პრეზიდენტს , საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს .

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოსსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

 პლენუმის შემადგენლობა :

 მერაბ ტურავა

 ევა გოცირიძე

 გიორგი თევდორაშვილი

 ირინე იმერლიშვილი

 გიორგი კვერენჩხილაძე

 ხვიჩა კიკილაშვილი

 მანანა კობახიძე

 ვასილ როინიშვილი

 თეიმურაზ ტუღუში