საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 25/07/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 26/02/1993
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
25/07/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 7, 31/07/1991
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 11.02.1993, საქართველოს პარლამენტის დადგენილება)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ

 

I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის ამოცანები

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების სახელმწიფოთაშორისო და სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის წესი, რომელიც ამ კანონით არის დადგენილი, გამოიყენება  საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების მიმართ, მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა (ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია, პაქტი, ქარტია, ოქმი, დეკლარაცია, კომუნიკე, წერილების ან ნოტების გაცვლა ფორმისა და სახელწოდების საერთაშორისო ხელშეკრულება).

მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იდება საქართველოს რესპუბლიკისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით.

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისას ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.

 

II. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების პროცედურა

მუხლი 3. წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ

წინადადებებს საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მუხლი 4. გადაწყვეტილება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების გამართვის თაობაზე

გადაწყვეტილებას საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების გამართვის თაობაზე იღებს:

ა) საქართველოს რესპუბლიკის სახელით დასადებ ხელშეკრულებაზე -  საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით დასადებ ხელშეკრულებაზე - საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

მუხლი 5. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილება

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილებას იძლევა:

ა) საქართველოს რესპუბლიკის სახელით დასადებ ხელშეკრულებაზე - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით დასადებ ხელშეკრულებაზე -  საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

უცხოეთის სახელმწიფოში საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურს ან საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობის მეთაურს შესაბამის სახელმწიფოსთან ან კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში მოლაპარაკება შეუძლია გამართოს საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე სპეციალური უფლებამოსილების გარეშე.

მუხლი 6. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და ხელმოწერა სპეციალური უფლებამოსილების გარეშე

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეუძლიათ გამართონ მოლაპარაკება და ხელი მოაწერონ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე.

მუხლი 7. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის სპეციალური უფლებამოსილება

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სპეციალურ უფლებამოსილებას იძლევა:

ა) საქართველოს რესპუბლიკის სახელით დასადებ ხელშეკრულებაზე -  საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით დასადებ ხელშეკრულებაზე - საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

 

III. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია

მუხლი 8. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაცია

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციას ახდენს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

მუხლი 9. საქართველოს რესპუბლიკის სარატიფიკაციო საერთაშორისო ხელშეკრულება

რატიფიკაციას ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ; ხელშეკრულება ძალის გამოყენებაზე ან ძალის გამოყენებით დამუქრებაზე ორმხრივი უარის თქმის შესახებ; ხელშეკრულება ურთიერთცნობისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ; საზავო ხელშეკრულება; ხელშეკრულება სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს ტერიტორიული გამიჯვნის შესახებ; ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობაში მოცემული წესებისაგან განსხვავებით სხვა წესებს ადგენს.

რატიფიკაციას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელზეც მხარეები დათქვამენ მათი შემდგომი რატიფიკაციის აუცილებლობას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს საკუთარი ინიციატივით შეუძლია საქართველოს რესპუბლიკის სხვა სახის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება.

მუხლი 10. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების სარატიფიკაციოდ წარდგენა

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს სარატიფიკაციოდ წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ხოლო შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებას -  საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

მუხლი 11. სარატიფიკაციოდ წარდგენილი საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების წინასწარი განხილვა

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგარეო ურთიერთობათა მუდმივი კომისია წინასწარ განიხილავს სარატიფიკაციოდ წარდგენილ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას და იძლევა შესაბამის დასკვნებს.

მუხლი 12. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ მიიღება დადგენილების სახით. რატიფიკაციის შესახებ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე რატიფიკაციის გაცემულ სიგელს ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ხოლო ადასტურებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც საჭიროებს რატიფიკაციას და არ იქნება რატიფიცირებული უზენაესი საბჭოს მიერ, ჩაითვლება იურიდიული ძალის არმქონედ.

თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება არ იქნება რატიფიცირებული, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს უფლება აქვს ეს ხელშეკრულება კვლავ წარუდგინოს სარატიფიკაციოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიას.

მუხლი 13. რატიფიკაციის სიგელების გაცვლა და შესანახად ჩაბარება

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის სიგელებს ცვლის და დეპოზიტარებს შესანახად აბარებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ან მისი დავალებით -  საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი პირი.

მუხლი 14. საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთება

გადაწყვეტილებას საერთაშორისო ხელშეკრულებასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ იღებს:

1) სარატიფიკაციო ხელშეკრულების თაობაზე - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგენით;

2) არასარატიფიკაციო ხელშეკრულების თაობაზე, რომელთან შეერთებაც ხდება საქართველოს რესპუბლიკის სახელით, - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი;

3) იმ არასარატიფიკაციო ხელშეკრულების თაობაზე, რომელთან შეერთებაც ხდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით, - საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

 

IV. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულება

მუხლი 15. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა

საქართველოს რესპუბლიკა საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას განუხრელად უნდა იცავდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად ახორციელებენ ღონისძიებებს საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 16. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულება

საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები და სხვა სახელმწიფო ორგანოები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხები, უზრუნველყოფენ მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას, თვალს ადევნებენ ასეთი ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს რესპუბლიკისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელებას და ხელშეკრულების სხვა მონაწილეების მიერ ვალდებულებათა შესრულებას.

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისადმი საერთო მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მუხლი 17. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილის მიერ ვალდებულებათა დარღვევა

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა სხვა მონაწილეების მიერ დარღვევის შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის სხვა სამინისტროები, დეპარტამენტები და უწყებები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენენ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს წინადადებებს საჭირო ღონისძიებების განხორციელებისათვის. ეს ღონისძიება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს.

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სხვა მონაწილეთა მიერ არსებითი დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ასეთი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ამ კანონის 20-24 მუხლებით დადგენილი წესით.

 

V. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება და რეგისტრაცია

მუხლი 18. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების გამოქვეყნება

საქართველოს რესპუბლიკის სახელით დადებული ძალაში შესული საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება, რატიფიცირებული ხელშეკრულება და ხელშეკრულება, რომელთან შეერთებაც მოხდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნდება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებებში.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით დადებული ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულება, არასარატიფიკაციო ხელშეკრულება და ხელშეკრულება, რომელთან შეერთებაც მოხდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებათა კრებულში.

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ავთენტური ტექსტები შედგენილია უცხო ენებზე, ქვეყნდება ამ ენათაგან ერთ-ერთზე ოფიციალური ქართული თარგმანითურთ.

მუხლი 19. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაცია

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

VI. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსაცია

მუხლი 20. წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსაციის შესახებ

წინადადებებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო და სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების დენონსაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით.

მუხლი 21. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების სადენონსაციოდ წარდგენა

საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს სადენონსაციოდ წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.

მუხლი 22. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსაცია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ

დენონსაციას საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებისას, რომლის ხელმოწერის გადაწყვეტილებაც მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ, ასევე რატიფიცირებული  ხელშეკრულებისას და იმ ხელშეკრულებისას, რომელთან შეერთებაც მოხდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ან საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ახდენს საქართველოს უზენაესი საბჭო.

გადაწყვეტილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსაციის შესახებ მიიღება დადგენილების სახით.

თუ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულება არ იქნება დენონსირებული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს უფლება აქვს ეს ხელშეკრულება კვლავ წარუდგინოს სადენონსაციოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიას.

მუხლი 23. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსაციის წინადადებების წინასწარი განხილვა

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგარეო ურთიერთობათა მუდმივი კომისია წინასწარ განიხილავს სადენონსაციოდ წარდგენილ საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებას და იძლევა შესაბამის დასკვნას.

მუხლი 24. საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების გაუქმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის ხელმოწერის გადაწყვეტილებაც მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით დადებულ არასარატიფიკაციო ხელშეკრულებას, რომელთან შეერთებაც მოხდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებათა საფუძველზე, აუქმებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წარდგინებით.

 

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                       ზვიად გამსახურდია.

 

თბილისი, 1991 წლის 25 ივლისი.