საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 14/06/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
14/06/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1991
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

 

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

 

საქართველოს რესპუბლიკას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემა და ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს დამოუკიდებლად.

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემა ეფუძნება საბაზრო ურთიერთობების პრინციპებს. საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესებს წარმართავენ „საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებთან ხორციელდება ურთიერთხელსაყრელი თანასწორუფლებიანი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკურ სისტემას არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, ეს კანონი და მის შესაბამისად შემუშავებული სხვა საკანონმდებლო აქტები.

მუხლი 1. ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპები

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების განმსაზღვრელი პრინციპებია: რესპუბლიკის სუვერენობა, საკუთრების ფორმების მრავალსახეობა და სამეურნეო კომპლექსის მთლიანობა, საკუთრების ყველა ფორმა აღიარებული თანასწორუფლებიანად, დაცულია საქართველოს რესპუბლიკის კანონით და ხელშეუვალია.

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოებზე მათი მესაკუთრის მიუხედავად, ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქცია.

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებზე ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქცია, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელშიც საქართველოს რესპუბლიკა მონაწილეობს სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემა ფუნქციონირებს სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებისა და ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ურთიერთშეხამების საფუძველზე.

მუხლი 2. ეკონომიკური სისტემის ძირითადი მიზნები

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის მიზანია ეროვნული ინტერესების შესაბამისად რესპუბლიკის ეკონომიკური მეურნეობის დინამიკური და კომპლექსური განვითარების გზით მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, რესპუბლიკის ყველა მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური გარანტიების შექმნის, პიროვნების შემოქმედებითი თვითგამოვლენის, საქმიანობის თავისუფალი არჩევის, შრომისა და თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის პრესტიჟულობის ამაღლების, ინტელექტუალური პოტენციალის გაღრმავებისა და სრულად რეალიზების პირობების შექმნა.

მუხლი 3. საკუთრების ფორმები

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემა ეფუძნება საკუთრების შემდეგ ფორმებს:

კერძო საკუთრება;

კოლექტიური საკუთრება;

სახელმწიფო საკუთრება;

საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაშვებულია საზღვარგარეთის ქვეყნების, მათი ფიზიკური და იურიდიული პირების და საერთაშორისო ორგანიზაციების საკუთრება.

საკუთრებით ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.

მუხლი 4. სამეურნეო კომპლექსი

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ერთობლიობა ქმნის რესპუბლიკის სამეურნეო კომპლექსს, რომლის ფუნქციონირებას საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესაბამისად აწესრიგებენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები.

საქართველოს რესპუბლიკის სამეურნეო კომპლექსში შედის აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესაბამისად და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების თანხმობით მის ტერიტორიაზე მოქმედი საზღვარგარეთის ქვეყნების, მათი ფიზიკური და იურიდული პირების და საერთაშორისო ორგანიზაციების კუთვნილი საწარმოები.

საქართველოს რესპუბლიკის, მისი ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი საწარმოები შეიძლება შეიქმნან და მოქმედებენ საზღვარგარეთის ქვეყნებში, ამ ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 5. ეკონომიკური საზღვრები და საბაჟო სამსახური

სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკა შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს რესპუბლიკის ეკონომიკურ საზღვარს, ქმნის საბაჟო სამსახურს და განსაზღვრავს საბაჟო პოლიტიკას.

მუხლი 6. ეკონომიკური ურთიერთობები საზღვარგარეთის ქვეყნებთან

საქართველოს რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ეროვნული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, თავის ბუნებრივ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და კულტურულ შესაძლებლობათა ფარგებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ამყარებს ეკონომიკურ ურთიერთობებს ურთიერთხელსაყრელი საქონელგაცვლის და სამეურნეო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებით, თანასწორუფლებიანი პარტნიორების პრინციპების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა საფუძველზე.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ხელს უწყობენ უცხოეთის ფირმებთან პირდაპირი კავშირების დამყარებაში, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე უქმნიან მათ საქმიანობის ხელსაყრელ პირობებს.

მუხლი 7. ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების პასუხისმგებლობა ეკონომიკის სფეროში

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები პასუხისმგებელი არიან რესპუბლიკის მოსახლეობის სოციალური გარანტიების, სოციალურ და სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების, ეროვნულ-კულტურულ ღირებულებათა შენარჩუნებისა და განვითარების, ბუნებრივ სიმდიდრეთა დაცვისა და რაციონალურად გამოყენებისათვის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებთან სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებაზე.

მუხლი 8. ეკონომიკის რეგულირება და სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკა რეგულირდება საბაზრო ურთიერთობების პრინციპების მიხედვით რესპუბლიკის კანონმდებლობით.

საქართველოს რესპუბლიკაში ფიზიკური და იურიდიული პირები თავიანთ საქმიანობას აგებენ თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის პრინციპებზე რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე. სახელმწიფო მათ უქმნის საწარმოო, სამეურნეო, საფინანსო კომერციული დამოუკიდებლობისა და კონკურენციის თანაბარ პირობებს, ახორციელებს ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას და ხელს უწყობს სხვადასხვა სამეურნეო ფორმირებების შექმნას. რესპუბლიკაში ფიზიკური და იურიდიული პირები თავიანთ საქმიანობაში მთლიანად დამოუკიდებელნი არიან და სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მისი შედეგებისათვის.

საქართველოს რესპუბლიკის ფიზიკური და იურიდიული პირების ურთიერთობას სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.

საქართველოს რესპუბლიკაში წარმოების საშუალებების, მოხმარების საგნებისა და მომსახურების, ინტელექტუალური სიახლეების (ინოვაციის) სამუშაო ძალის, ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტის მიმოქცევის სფეროში საბაზრო ურთიერთობები მოქმედებს.

ფიზიკური და იურიდიული პირების ისეთი საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ეკოლოგიურ ინტერესებს, აღიკვეთება კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 9. მეურნეობის სახელმწიფო მართვის ტერიტორიული ორგანიზაცია

საქართველოს რესპუბლიკაში მეურნეობის სახელმწიფო მართვის ტერიტორიული სისტემის ძირეული რგოლია ადგილობრივი მმართველობის ორგანოები.

ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური მართვა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის პრინციპების საფუძველზე ადგილობრივი (მუნიციპალური) საკუთრების ყოველმხრივი განმტკიცებისა და მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებით, რეგიონების ბუნებრივ-საწარმოო პირობების, ისტორიული ტრადიციების, შრომითი ჩვევების, მეურნეობის სპეციალიზაციის მიმართულებებისა და დონის შესაბამისად.

მუხლი 10. სოციალური გარანტიების სისტემა

საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს მინიმალური სოციალური გარანტიების სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც რესპუბლიკის მოსახლეობისათვის ქმნის შრომისა და ცხოვრების ეკონომიკურად, სოციალურად, ეკოლოგიურად აუცილებელ პირობებს.

სოციალურ გარანტიებს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფენ სახელმწიფო ორგანოები და დაწესებულებები, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოები, სამეურნეო ამხანაგობები და საზოგადოებები, სხვა ტიპის საწარმოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კერძო მესაკუთრენი.

საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწესებენ შრომის ანაზღაურების ფორმებს, სისტემებს და ოდენობას, განსაზღვრავენ სამუშაო დროისა და დასვენების რეჟიმს.

საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების წესსა და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.

საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი საარსებო მინიმუმიდან გამომდინარე დგინდება შრომის ანაზღაურების მხოლოდ მინიმალური განაკვეთები და სარგოები. შრომის ანაზღაურების მაქსიმალური დონე არ იზღუდება.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უმუშევრობის შემთხვევაში აქვთ მატერიალური დახმარებისა და პროფესიული გადამზადების გარანტია.

საქართველოს რესპუბლიკაში ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო სოციალური დაზღვევა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა. სოციალური უზრუნველყოფა ხორციელდება ხანდაზმულობის, უმუშევრობის, ინვალიდობის, ავადმყოფობის, საწარმოო ტრამვის, მარჩენალის დაკარგვის გამო, მარტოხელა დედები და მრავალშვილიანი ოჯახები სოციალურად და ეკონომიკურად დაცული არიან.

პენსიის ოდენობა ინვალიდობის, მოხუცებულობის ან მარჩენალის დაკარგვის გამო უნდა შეესაბამებოდეს ინვალიდის, მოხუცებულის ან მარჩენალის შრომით წვლილს და საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ უნდა იყოს.

მუხლი 11. მომხმარებელთა ინტერესების დაცვა

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აწესებს სახელმწიფო შეზღუდვებისა და შეღავათების სისტემას, კონტროლს უწევს პროდუქციის უვნებლობასა და საქონლის ხარისხს, აგრეთვე ზღვრულ ფასებს პირველი მოთხოვნილების ცალკეულ საგნებზე; ხელს უწყობს მომხმარებელთა საზოგადოებების შექმნას.

მუხლი 12. დემოგრაფიული პროცესების მართვა

საქართველოს რესპუბლიკაში მოსახლეობის აღწარმოების ოპტიმიზაციის, გარე და შიგა რესპუბლიკური მიგრაციისა და განსახლების რაციონალიზაციის უზრუნველსაყოფად ხორციელდება სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა.

რესპუბლიკის მთავრობა დემოგრაფიული ინვესტიციისათვის გამოყოფს საჭირო სახსრებს, კონტროლს უწევს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, დემოგრაფიული საზოგადოებების საქმიანობას დემოგრაფიული პრობლემების გადასაწყვეტად.

მუხლი 13. ბუნებათსარგებლობა და გარემოს დაცვა

საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით განისაზღვრება გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის წესი, მოთხოვნები და შეზღუდვები საწარმოთა განვითარებასა და განლაგებაზე (მათ შორის იმ საწარმოთა საქმიანობის ან მშენებლობის შეჩერების ან დახურვის წესი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გარემოს), ბუნებათსარგებლობის ლიმიტები და ნორმატივები, ბუნებრივი რესურსების კომპლექსური და ეფექტიანი გამოყენების მაჩვენებლები.

მუხლი 14. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად:

შეიმუშავებენ სოციალურ-ეკონომიკური  და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პროგნოზებს, პროგრამებს და პროექტებს, რომლებშიც განისაზღვრება საერთო-რესპუბლიკური სტრატეგიული ეკონომიკური ამოცანები, უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური, დარგთაშორისი და ტერიტორიული პროპორციები, დემოგრაფიული, სტრუქტურული, ინვესტიციური, ტექნიკური და ეკოლოგიური პოლიტიკის განხორციელების ძირითადი მიმართულებები.

არეგულირებენ საქართველოს რესპუბლიკის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ურთიერთობას სახელმწიფოსთან, აგრეთვე საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, გაერთიანებებს, ფირმებს, ბანკებს შორის ურთიერთობას უპირატესად ეკონომიკური მეთოდების გამოყენებით (გადასახადები, კრედიტები, ბანკის პროცენტები, ინვესტიციები და სახელმწიფო კონტრაქტები, ანარიცხები მიზნობრივი ფონდებიდან და სხვა).

რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების მიზნით გამოყოფენ სათანადო სუბსიდიების ცალკეული დარგებისა და რეგიონების პრიორიტეტული უზრუნველყოფისათვის;

უზრუნველყოფენ შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და შრომის დაცვის სათანადო პირობების შექმნას;

ქმნიან მოსახლეობის, საწარმოებისა და ორგანიზაციების სტიქიური უბედურებისაგან, საწარმოოო ავარიებისა და სხვა ექსტრემალური შემთხვევებისაგან დაცვის და მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა სათანადო სისტემას.

მუხლი 15. საბანკო საქმიანობა და ფულის მიმოქცევა

საქართველოს რესპუბლიკა ერთიან ფულად-საკრედიტო სახელმწიფო პოლიტიკას დამოუკიდებლად ახორციელებს.

საქართველო რესპუბლიკის კანონმდებლობით შესაბამისად რესპუბლიკაში იქმნება საკუთარი საბანკო-საკრედიტო სისტემა (ქართული ფულის შემოღებით), რომელიც მოიცავს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო (ეროვნულ) ბანკს, კომერციულ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო (ეროვნული) ბანკი ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს და მის საქმიანობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი კანონმდებლობა.

მუხლი 16. ფასწარმოქმნა

საქართველოს რესპუბლიკა განსაზღვრავს და ახორციელებს ფასწარმოქმნის სახელმწიფო პოლიტიკას, რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე აწესრიგებს საქონლის ფასებსა და მომსახურების ტარიფებს, ახორციელებს მათზე კონტროლს, ატარებს ანტიმონოპოლიურ და საბაზრო ურთიერთობათა და საბაზრო ურთიერთობათა ნორმალიზაციის სხვა ღონისძიებებს.

მუხლი 17. საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემა

საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემა შედგება საქართველოს რესპუბლიკური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებისაგან. ამ ბიუჯეტების შემოსავლები ყალიბდება ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული გადასახადების, მოსაკრებლებისა და სავალდებულო  გადასახდელებისაგან.

საქართველოს რესპუბლიკური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების შედგენის, განხილვის, დამტკიცებისა დსა შესრულების საერთო წესი, აგრეთვე მათი ურთიერთდამოკიდებულება განისაზღვრება საბიუჯეტო უფლებების, გადასახადებისა და ადგილობრივი მმართველობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონებით.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის გამგებლობაშია:

საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტის შედგენა, განხილვა, დამტკიცება და შესრულება;

საქართველოს რესპუბლიკაში საგადასახადო სისტემის ორგანიზაცია, რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე საერთო-სახელმწიფო გადასახადის მოსაკრებლისა და სავალდებულო გადასახდელის დაწესება.

ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს საბჭოებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დააწესონ სხვადსხვა სახის ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, მათი დაბეგვრის განაკვეთები, წესი და შეღავათები.

საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების წყაროების ნუსხისა და ხარჯების, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკებისათვის და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის სუბვენციების მისაცემად განკუთვნილი ხარჯების სტრუქტურას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებისას - ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს რესპუბლიკის და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                         ზვიად გამსახურდია

თბილისი, 1991 წლის 14 ივნისი