საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 28/12/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 28/12/1990
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
89
28/12/1990
საქ. სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 28/12/1990
000000000.00.00.000000
საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ

კარი პირველი

ძირითადი დებულებანი

მუხლი 1. მოსამართლე და მსაჯული

რაიონის (ქალაქის) სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები შეიძლება იყვნენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი, რომლებიც დანიშნული არიან საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სასამართლოებსა და თბილისის საქალაქო სასმართლოში.

აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოების, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები შეიძლება იყვნენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოებსა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში.

მსაჯულები შეიძლება იყვნენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი, რომლებიც დადგენილი წესით არჩეული არიან საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოებში, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რაიონის (ქალაქის) სასამართლოებში.

მსაჯულები მართლმსაჯულების განხორციელებისას სარგებლობენ მოსამართლის უფლებით.

მუხლი 2. მოსამართლისა მსაჯულისადმი  წაყენებული მოთხოვნები მოსამართლე რესპუბლიკის კანონების ზუსტი შესაბამისობით, დამოუკიდებლად, ამასთან იყვნენ სამართლიანნი, ჰუმანურნი, პრინციპულნი და მიუკერძოებელნი.

 

 

კარი მეორე

მოსამართლისა და მსაჯულის დამოუკიდებლობის გარანტიები

მუხლი 3. მოსამართლისა და მსაჯულის დამოუკიდებლობა

მოსამართლე და მსაჯული დამოუკიდებელი არიან და მხოლოდ კანონს ემორჩილებიან. მოსამართლისა და მსაჯულის დამოუკიდებლობას განაპირობებს მათი არჩევის (დანიშვნის) და გათავისუფლების კანონით დადგენილი წესი, მოსამართლისა და მსაჯულის ხელშეუხებლობა, მართლმსაჯულების განხორციელების მკაცრი იურიდიული პროცედურა, გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება და მისი გამხელის მოთხოვნის აკრძალვა. პასუხისმგებლობა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობისათვის ან კონკრეტულ საქმეთა გადაწყვეტაში ჩარევისთვის, სასამართლოების საქმიანობისთვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური პირობების შექმნა, აგრეთვე მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაფერისი მატერიალური და სოციალური უზრუნველყოფა.

მუხლი 4. პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის საქმის მონაწილე პირთა ან სასამართლო სხდომების დამსწრე მოქალაქის მხრივ სასამართლოს მიმართ უპატივცემლობის გამოვლენა, ან ისეთი მოქმედების ჩადენა, რომელიც სასამართლოს აშკარა უგულებელყოფას მოწმობს, იწვევს პასუხიმგებლობას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 5. სასამართლო საქმეების გადაწყვეტაში ჩარევის დაუშვებლობა მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლისა და მსაჯულის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია. კონკრეტული საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის დაბრკოლების ან უკანონო სასამრთლო გადაწყვეტილების გამოტანის მიღწევის მიზნით მოსამართლეზე ან მსაჯულზე ზემოქმედება, რა ფორმით უნდა მოხდეს იგი, იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უფლება არა აქვთ წინასწარ განსაზღვრონ თავიანთ ცნობებში კონკრეტული საქმის გამო სასამართლო განხილვის შედეგები ან სხვაგვარად მოახდინონ ზემოქმედება სასამართლოზე გადაწყვეტილების ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

მუხლი 6. მოსამართლისა და მსაჯულის ხელშეუხებლობა

მოსამართლე ან მსაჯული სასამართლოში თავისი მოვალეობის შესრულებისას არ შეიძლება მიცემულ იქნეს პასუხისგებაში, ან დაპატიმრებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, ხოლო სესიებს შორის პერიოდში – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის,  შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების, ხოლო სესიებს შორის პერიოდში – ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების პრეზიდიუმების თანხმობის გარეშე.

მოსამართლის ან მსაჯულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძრა შეუძლია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, ხოლო სესიებს შორის პერიოდში – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს, ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების, ხოლო სესიებს შორის პერიოდში – ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების პრეზიდიუმების თანხმობით. ამასთან ერთად წყდება მოსამართლის უფლებამოსილების მეჩერების საკითხი. გამოძიებისადმი ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი.

მოსამართლისა და მსაჯულის მიმართ სისხლის საქმეების განხილვა ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების მოსამართლეთა და მსაჯულთა მიმართ- ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს სასამართლოებს.

არ დაიშვება დაკავება, იძულებით მოყვანა ან ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიებათა გამოყენება მოსამართლის მიმართ, აგრეთვე მსაჯულის მიმართ, როდესაც ისინი ასრულებენ თავიანთ მოვალეობას სასამართლოში.

მუხლი 7. მსაჯულის  შრომის უფლებების გარანტია

მსაჯულის დათხოვნა ადმინისტრაციის ინიციატივით ან დისციპლინური სახდელის წესით გადაყვანა ნაკლებხელფასიან სამუშაოზე მისი უფლებამოსილების პერიოდში დაიშვება, ზოგადი წესის დაცვის გარდა, მხოლოდ მსაჯულის ამრჩევი შრომითი კოლექტივის თანხმობით.

 

კარი მესამე

მოსამართლის არჩევა (დანიშვნა). მსაჯულთა არჩევნები

მუხლი 8. მოსამართლეობისა და მსაჯულების კანდიდატებისადმი წაყენებული მოთხოვნები

რაიონის (ქალაქის) მოსამართლედ შიძლება დაინიშნოს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი, ფლობს ქართულ ენას, ავტონომიურ რესპუბლიკაში – ავტონომიურ რესპუბლიკის სახელმწიფო ენას.

რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი და ჩაბარებული – საკვალიფიკაციო გამოცდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 30 წელი, ფლობს ქართულ ენას, აქვს უმაღლესი იურიდიული  განათლება, იურიდიული სპეციალობით მუშაობის ხუთი წლის სტაჟი, მათ შორის, როგორც წესი, მოსამართლედ მუშაობის ცოტა ორი წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.

აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოების, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 30 წელი, ფლობს ქართულ ენას, ავტონომიურ რესპუბლიკაში – ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო  ენას, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სულ ცოტა ხუთი წლის იურისტის სპეციალობით მუშაობის სტაჟი, მათ შორის, როგორც წესი, მოსამართლედ მუშაობის სულ ცოტა ორი წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.

მსაჯულად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის შეუსრულდა 25 წელი და ფლობს ქართულ ენას, ავტონომიურ რესპუბლიკაში – ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენას.

მუხლი 9. მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა

მოსამართლეობის კანდიდატებს შეარჩევენ საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის ორგანოები ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიის დასკვნის საფუძველზე.

მოსამართლეობის კანდიდატებად პირველად რეკომენდირებული პირნი პროფესიულ მომზადებას გადიან იმ წესითა და შემთხვევებში, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შეარჩევს და წარადგენს საქართველოს რესპუბლიკის იურისტიციის სამინისტრო, ავტონომიურ რესპუბლიკებში – ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროები საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროსთან შეთანხმებით და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიის დასკვნის საფუძველზე.

აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოების კანდიდატებს შეარჩევენ და წარადგენენ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიის დასკვნის საფუძველზე ამ სასამართლოების თავმჯდომარეები საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შეარჩევს და წარადგენს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 10. მოსამართლეთა არჩევის (დანიშვნის), მსაჯულთა არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადები

რაიონის (ქალაქის) სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით.

ავტონომიური რესპუბლიკების რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მოსამართლეებს ნიშნავენ ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების პრეზიდიუმები ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროების წარდგინებითა და საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით.

ავტონომიური რესპუბლიკების სასამართლოების მოსამართლეებს ირჩევენ ავტონომიურ რესპუბლიკების უზენაესი საბჭოები სასამართლოების წარდგინებითა და საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.

რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მსაჯულებს ირჩევენ მოქალაქეთა კრებებზე მათი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით, კენჭისყრით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მსაჯულებს  ირჩევს ქალაქის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო.

აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამრთლოების მსაჯულებს ირჩევენ აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოები.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მსაჯულებს ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

ყველა სასამართლოს მოსამართლეებს ნიშნავენ ან ირჩევენ ათი წლის ვადით, ხოლო მსაჯულებს ირჩევენ ხუთი წლის ვადით.

ადმინისტრაციულ მოსამართლეებს ნიშნავენ ხუთი წლის ვადით. თუ მოსამართლეს ან მსაჯულს უფლებამოსილების ვადა გაუდის სასამართლოს საქმის განხილვისას, მას უფლებამოსილება გაუგრძელდება ამ საქმის განხილვის დამთავრებამდე.

მსაჯულის სასამართლოში მიწვევა მოვალეობის შესასრულებლად ხდება რიგითობის წესით, არა უმეტეს ორი კვირისა წელიწადში, გარდა შემთხვევებისა, როცა ვადის გაგრძელება აუცილებელია მისი მონაწილეობით დაწყებული სასამართლო საქმის განხილვის დასამთავრებლად.

მუხლი 11.  მოსამართლისა და მსაჯულის ფიცი

პირველად დანიშნული ან არჩეული მოსამართლე და პირველად არჩეული მსაჯული დებენ ფიცს.

მოსამართლისა მსაჯულის ფიცის ტექსტს, აგრეთვე ფიცის დადების წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

 

კარი მეოთხე

მოსამართლისა და მსაჯულის უფლება-მოვალეობანი

მუხლი 12. მოსამართლისა და მსაჯულის უფლებები

მოსამართლესა და მსაჯულს აქვთ მართლმსაჯულების განსახორციელებლად საჭირო უფლებამოსილება.

მოსამართლეს აგრეთვე აქვს უფლება:

მოსთხოვოს თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს შეასრულონ მისი განკარგულებანი, რომლებიც დაკავშირებულია მოსამართლეებისათვის კანონით დაკისრებული მოვალეობების განხორციელებასთან; შეიტანოს სახელმწიფო ორგანოებში, კოოპერატივებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და თანამდებობის პირებთან წარდგინებანი კანონის დარღვევების ან დარღვევის ხელშემწყობი მიზეზების და პირობების აღმოფხვრის შესახებ;

გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

სახელმწიფო ორგანოები, კოოპერატივები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და თანამდებობის პირნი ვალდებულნი არიან შეასრულონ მოსამართლის მოთხოვნები.

მუხლი 13.  მოსამართლისა და მსაჯულის მოვალეობანი

მოსამართლეები და მსაჯულები სამოქალაქო სამართლის საქმეების, სისხლის სამართლის საქმეებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალე არიან ზუსტად შეასრულონ კანონის მოთხოვნები, უზრუნველყონ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, სახელისა და ღირსების, საზოგადოების ინტერსების დაცვა, სასამართლო საქმიანობის მაღალი კულტურა და აღმზრდელობითი ზემოქმედება, იყვნენ სამართლიანნი და ჰუმანურნი.

მსაჯულები მოვალენი არიან ეუფლებოდნენ სამართლებრივ ცოდნას, მოემზადონ ყოველი საქმის სასამართლო გარჩევისთვის.

მოსამართლეებმა წინასწარ უნდა გააცნონ მსაჯულებს განსახილველი საქმეები,  მოქმედი კანონმდებლობა და მისი გამოყენების პრაქტიკა. მოსამართლეებსა და მსაჯულებს არა აქვთ უფლება გაამჟღავნონ მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოება და დახურული სასამართლო სხდომების ჩატარებისას საიდუმლოება და დახურული სასამართლო სხდომების ჩატარებისას მიღებული ცნობები.

მსაჯულები მოვალენი არიან დროულად გამოცხადდნენ სასამართლოში მართლმსაჯულების განსახორციელებლად. მსაჯულთა სასამართლოში გამოძახების უზრუნველყოფა სავალდებულოა იმ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციისათვის, სადაც მუშაობს ან სწავლობს მსაჯული.

 

კარი მეხუთე

მოსამართლეთა კონფერენციები, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიები

მუხლი 14. მოსამართლეთა კონფერენციები

საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებენ:

საქართველოს რაიონის  (ქალაქის), საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია, ავტონომიური რესპუბლიკების რაიონის (ქალაქის) და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციები;

მოსამართლეთა კონფერენციები განიხილავენ სასამართლო პრაქტიკაში წამოჭრილ კანონმდებლობის გამოყენების საკითხებს, მიმართონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს წინადადებებით სახელმძღვანელო განმარტების მიცემის, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგინების ან კანონის განმარტების შესახებ წარდგინების თაობაზე.

კონფერენციები ირჩევენ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიებს.

კონფერენციების მოწვევისა და მოწყობის წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

მუხლი 15. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიები

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიები აირჩევა მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიების გაძლიერების მიზნით.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიები აირჩევა ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მოსამართლეთა კონფერენციების მიერ მოსამართლეთა რიცხვიდან.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიას ამავე სასამართლოს წევრთა რიცხვიდან ირჩევს ამ სასამართლოს პლენუმი.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიებს ირჩევენ ხუთი წლის ვადით. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიების არჩევის წესს და საქმიანობის ორგანიზაციას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

 

კარი მეექვსე

მოსამართლისა და მსაჯულის გაწვევა და ვადამდე გათავისუფლება.

მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 16. მოსამართლისა და მსაჯულის გაწვევა და ვადამდე გათავისუფლება

მოსამართლესა და მსაჯულს შეიძლება ვადამდე ჩამოართვას უფლებამოსილება მხოლოდ მათმა ამრჩევმა (დამნიშნავმა) ორგანომ კანონის უხეში დარღვევის ან სახელის გამტეხი საქციელის ჩადენისთვის, რომელიც შეუთავსებელია მის მაღალ წოდებასთან, აგრეთვე მათ მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო. მოსამართლე ან მსაჯული შეიძლება ვადამდე გათავისუფლდეს დაკისრებული მოვალეობების შესრულებისაგან:

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც ხელს უშლის მუშაობის გაგრძელებას;

სხვა თანამდებობაზე არჩევის ან მისი თანხმობით სამუშაოზე გადაყვანის გამო;

საკუთარი სურვილით.

მოსამართლის გაწვევის საკითხი წყდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიისა და საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დასკვნების გათვალისწინებით.

მოსამართლისა და მსაჯულის გაწვევისა და ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

მუხლი 17. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა

მოსამართლე შიძლება მიეცეს დისციპლინურ პასუხისგებაში:

სასამართლო საქმეების განხილვისას კანონიერების დარღვევისთვის;

სხვა სამსახურეობრივი გადაცდომისთვის;  სახელის გამტეხი საქციელისთვის.

დისციპლინურ პასუხისგებაში მოსამართლის მიცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

 

კარი მეშვიდე

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 18. მოსამართლის საკვალიფიკაციო ატესტაცია

მოსამართლე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით გადის ატესტაციას, რომლის შედეგების მიხედვით მას ენიჭება საკვალიფიკაციო კლასი.

მოსამართლის საკვალიფიკაციო ატესტაციის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

მუხლი 19. მოსამართლის მატერიალური და სოციალური უზრუნველყოფა მოსამართლეს ხელფასი უწესდება საკვალიფიკაციო ატესტაციის მიერ მინიჭებული საკვალიფიკაციო კლასის გათვალისწინებით.

მმართველობის ადგილობრივი ორგანოები მოვალენი არიან არჩევიდან (დანიშვნიდან) არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში უზრუნველყონ მოსამართლე კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინით.

მუხლი 20. მოსამართლის შეთავსებით მუშაობა

მოსამართლის მუშაობა შეთავსებით დაიშვება პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისას.

მუხლი 21. მსაჯულისათვის ხელფასის, სხვა გადასახდელებისა და შეღავათების შენარჩუნება სასამართლოში მის მიერ მოვალეობის შესრულებისას

მსაჯულს სასამართლოში მოვალეობის შესრულებისას მუდმივ სამუშაო ადგილზე ენახება საშუალო ხელფასი.

სხვა გადასახდელებისა და შეღავათების  მიმართ მსაჯულის მიერ სასამართლოში მოვალეობის შესრულების დრო გათანაბრებულია ძირითადი სამუშაოს შესრულების დროსთან.

სასამართლოში მსაჯულის მიერ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

მუხლი 22. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები. მოსამართლისა და მსაჯულის მოწმობები

სასამართლოებში სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოებს, მოსამართლისა და მსაჯულის მოწმობათა ნიმუშებს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე                        ზ. გამსახურდია.

 

თბილისი, 1990 წლის 28 დეკემბერი.

№89 – I ს.