დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სასამართლო წყობილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 90 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
მიღების თარიღი | 28/12/1990 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 12, 31/12/1990 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 13.06.1997, №767)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ
კარი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკაში მართლმსაჯულებას ახორციელებს მხოლოდ სასამართლო.
მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა სასამართლო წყობილების შესახებ
სასამართლო წყობილებას საქართველოს რესპუბლიკაში განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, შესაბამისად – აფხაზეთის ასს რესპუბლიკის კონსტიტუცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ეს კანონი და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 3. სასამართლოს ამოცანები
მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლო იცავს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და პირად უფლებებსა და თავისუფლებებს, მოქალაქეთა კანონით დაცულ ინტერესებს, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, კოოპერატივების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
მუხლი 4. მართლმსაჯულების განხორცილება
მართლმსაჯულება საქართველოს რესპუბლიკაში ხორციელდება:
სასამართლო სხდომებზე იმ სამოქალაქო საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის გზით, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქეთა, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კოოპერატივებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასთან;
სასამართლო სხდომებზე სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის, განსასჯელთა ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტის, დანაშაულის ჩადენაში ბრალეული პირების მიმართ კანონით დადგენილი სასჯელის ზომის გამოყენების ან უდანაშაულოთა გამართლების გზით.
მუხლი 5. სასამართლოებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვა
რაიონის (ქალაქის) სასამართლოებში ადმინისტრაციული მოსამართლეები განიხილავენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით მათ გამგებლობას განეკუთვნება.
მუხლი 6. მოქალაქეთა თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე
საქართველოს რესპუბლიკაში მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე წარმოშობის, სოციალური, თანამდებობრივი და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი, ეროვნული და პარტიული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავად.
მუხლი 7. მოქალაქეთა სასამართლო დაცვის უფლება
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების არამართლზომიერი მოქმედებებისაგან, აგრეთვე პატივისა და ღირსების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, პირადი თავისუფლებისა და ქონების, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით, აფხაზეთის ასს რესპუბლიკის კონსტიტუციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ყოველი ხელყოფისაგან სასამართლო დაცვის უფლება. მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სხვაგვარ წესს ადგენს მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კანონები.
სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სარგებლობენ სასამართლო დაცვის უფლებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების თანაბრად, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 8. მართლმსაჯულების განხორციელება კანონის ზუსტი შესაბამისობით
საქართველოს რესპუბლიკაში მართლმსაჯულება ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოებს კანონით დადგენილ შემთხვევებში შეუძლიათ გამოიყენონ სხვა რესპუბლიკების კანონმდებლობაც.
მუხლი 9. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი მხოლოდ კანონისადმი დამორჩილება
მოსამართლეები და მსაჯულები დამოუკიდებელი არიან და მხოლოდ კანონს ემორჩილებიან.
მუხლი 10. სასამართლოს შექმნა
რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო სასამართლოები იქმნება მოსამართლეთა დანიშვნისა და მსაჯულთა არჩევითობის საწყისებზე.
სამხედრო სასამართლოები იქმნება მოსამართლეთა დანიშვნის საწყისებზე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოები იქმნება მოსამართლეთა და მსაჯულთა არჩევითობის საწყისებზე.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 11. მსაჯულთა და მოსამართლეთა თანასწორი უფლებები მართლმსაჯულების განხორციელებისას
მსაჯულები მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლის თანასწორი უფლებით სარგებლობენ.
მუხლი 12. კოლეგიურობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს
პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები განიხილება კოლეგიურად მოსამართლისა და ორი მსაჯულის შემადგენლობით.
სამხედრო სასამართლოში სისხლის და სამოქალაქო სამართლის საქმეები განიხილება კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.
საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად საქმეები იმ დანაშაულობათა გამო, რომელთა ჩადენისათვის კანონით გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა, განიხილება მოსამართლისა და ექვსამდე მსაჯულის შემადგენლობით.
დანაშაულობათა საქმეების განხილვისას, რომელთა ჩადენისათვის კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით, მსაჯულთა რაოდენობის საკითხს გადაწყვეტს სასამართლო სამართალში მიცემის სტადიაში.
შესაბამისი სასამართლოების სასამართლო კოლეგიებში საკასაციო და საზედამხედველო წესით საქმეთა განხილვა ხორციელდება სამი მოსამართლის შემადგენლობით. სასამართლოს პრეზიდიუმი იხილავს საქმეებს, თუ არის პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობა.
სასამართლოს პლენუმი საქმეებს იხილავს, თუ არის მისი შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 13. ენა, რომელზეც სამართალწარმოება ხორციელდება
საქართველოს რესპუბლიკაში სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ავტონომიურ რესპუბლიკაში – ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენაზე. საქმის მონაწილე პირებისათვის, რომლებმაც არ იციან სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილია თარჯიმნის მეშვეობით საქმის მასალების სრული გაცნობისა და სასამართლო მოქმედებაში მონაწილეობის, სასამართლოში მშობლიურ ენაზე გამოსვლის უფლება.
მუხლი 14. საქმეთა ღია გარჩევა ყველა სასამართლოში
ყველა სასამართლოში საქმეთა გარჩევა ღიაა.
საქმის მოსმენა სასამართლოს დახურულ სხდომაზე შეიძლება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში.
სასამართლოების გადაწყვეტილებები და განაჩენები ყველა შემთხვევაში ცხადდება საჯაროდ.
მუხლი 15. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის დაცვის უფლებების უზრუნველყოფა. უდანაშაულობის პრეზუმფცია
ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს აქვთ დაცვის უფლება. ეს უფლება მათთვის უზრუნველყოფილია დამცველის მონაწილეობით დაკავების, დაპატიმრების ან ბრალდების წაყენების მომენტიდან.
ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება, სანამ მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით.
მუხლი 16. ადვოკატების მიერ მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა
სამოქალაქო სამართლის საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სამართალწარმოებაში მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს იურიდიულ დახმარებას უწევენ ადვოკატები.
ადვოკატების მიერ იურიდიული დახმარების გაწევის წესს, აგრეთვე სამოქალაქო სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სამართალწარმოებაში მონაწილე ადვოკატთა უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.
მუხლი 17. პროკურორის მონაწილეობა სასამართლოებში საქმეთა განხილვის დროს
საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები სასამართლოებში საქმეთა განხილვაში მონაწილეობენ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით.
მუხლი 18. სასამართლოში საქმეთა განხილვისას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შრომითი კოლექტივების წარმომადგენელთა მონაწილეობა
საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში სამოქალაქო სამართლის საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის დროს დაიშვება საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შრომითი კოლექტივების წარმომადგენელთა მონაწილეობა.
მუხლი 19. სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის, აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროების მიერ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მათი მხოლოდ კანონისადმი დაქვემდებარების პრინციპის დაცვით.
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოებისადმი, თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი, რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოებისადმი და რაიონის (ქალაქის) სასამართლოებისადმი.
აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროები ახორციელებენ ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას რაიონის (ქალაქის) სასამართლოებისადმი.
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებში შეიმუშავებენ და შეიტანენ ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოებში წინადადებებს სასამართლოების მსაჯულთა არჩევნების მოწყობის საკითხებზე; ახორციელებენ მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევას, მომზადებას და წარდგენას, სასამართლო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, ამოწმებენ სასამართლოების მუშაობის ორგანიზაციას; შეისწავლიან და განაზოგადებენ სასამართლო პრაქტიკებს; ორგანიზაციას უწევენ მუშაობას სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მათთვის საქმიანობის სათანადო პირობების შექმნის, სასამართლო სტატისტიკის წარმოების, სასამართლო გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის, შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად.
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოს პლენუმზე შეაქვს წინადადებანი კანონმდებლობის გამოყენების საკითხებზე სასამართლოებისათვის სახელმძღვანელო განმარტებათა მიცემის შესახებ.
(ამოღებულია - 10.12.1992).
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
კარი II
სასამართლო სისტემა
თავი I
საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოები
მუხლი 20. საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოები
საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოებია: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოები, თბილისის საქალაქო სასამართლო რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოები.
საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოებში შეიძლება შეიქმნას ცალკეულ კატეგორიათა საქმეების განხილვაზე დასპეციალებული სასამართლო შემადგენლობა.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
თავი II
რაიონის (ქალაქის ) სასამართლოები
მუხლი 21. რაიონის (ქალაქის) სასამართლოები და სამხედრო სასამართლოები
რაიონის (ქალაქის) სასამართლო შეიქმნება რაიონში, ქალაქში (გარდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქისა), ქალაქის რაიონში.
სამხედრო სასამართლო შეიქმნება რეგიონული პრინციპით საქართველოს სახელმწიფო მეთაურის გადაწყვეტილებით, საქათველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის წარდგინებით შეუძლია შექმნას ერთი რაიონის (ქალაქის) სასამართლო რაიონისა და ქალაქისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 22. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების და სამხედრო სასამართლოების შემადგენლობა
რაიონის (ქალაქის) სასამართლო შედგება სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლეების, ადმინისტრაციული მოსამართლისა და მსაჯულებისაგან.
თუ რაიონის (ქალაქის) სასამართლოში დანიშნულია ერთი მოსამართლე, იგი ახორციელებს რაიონის (ქალაქის) სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.
რაიონის (ქალაქის) სასამართლოს შემადგენლობაში ორი ან მეტი მოსამართლის დანიშვნის შემთხვევაში მათი რიცხვიდან ინიშნება სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ოთხზე მეტი მოსამართლის დანიშვნისას – შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე თავმჯდომარის მოადგილეც.
სამხედრო სასამართლო შედგება სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეებისაგან.
სამხედრო სასამართლოს მოსამართლეებისაგან ინიშნება თავმჯდომარე, ხოლო სამზე მეტი მოსამართლის დანიშვნისას შეიძლება დაინიშნოს თავმჯდომარის მოადგილეც, სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოადგილეს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.
რაიონის (ქალაქის) სასამართლოს თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს ნიშნავენ შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 23. მოსამართლეების რაოდენობა.
თითოეული რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოსათვის მოსამართლეთა და ადმინისტრაციულ მოსამართლეთა რაოდენობას აწესებს შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზანაესი საბჭოების პრეზიდიუმები საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროების წარდგინებით.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 24. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების და სამხედრო სასამართლოების უფლებამოსილება
რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართლის და სისხლის სამართლის ყველა საქმეს; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც კანონით სხვა სასამართლოს გამგებლობას განეკუთვნება.
სამხედრო სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებს, რომლებიც „სამხედრო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად მათ გამგებლობას განეკუთვნება.
რაიონის (ქალაქის) სასამართლო შეისწავლის და განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას, სამართლებრივ დახმარებას უწევს ამხანაგურ სასამართლოებს, აგრეთვე ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 25. რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე
რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარე:
1) თავმჯდომარეობს სასამართლო სხდომებს; სასამართლო სხდომების თავმჯდომარედ ნიშნავს მოსამართლეებს, ანაწილებს სხვა მოვალეობებს მოსამართლეთა შორის;
2) ორგანიზაციებს უწევს მსაჯულებთან მუშაობას;
3) აწარმოებს პირად მიღებას, ორგანიზაციას უწევს სასამართლო მუშაობას მოქალაქეთა მიღების, მათი წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვაში;
4) ხელმძღვანელობს სასამართლო პრაქტიკის შესწავლა-განზოგადებას და სასამართლო სტატისტიკის წარმოებას; შეაქვს წარდგინებები სახელმწიფო ორგანოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და თანამდებობის პირებთან კანონის დარღვევის, სამართალდარღვევის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების თავიდან აცილების შესახებ;
5) წარადგენს დასანიშნად სასამართლოს აღმასრულებლებს, კანცელარიის გამგეს, სხდომის მდივნებს და ორგანიზაციას უწევს მათ მუშაობას, ნიშნავს და ათავისუფლებს სასამართლო აპარატის სხვა მუშაკებს;
6) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას;
7) ორგანიზაციას უწევს მუშაობას სასამართლოს მუშაკების კვალიფიკაციის, აგრეთვე მსაჯულების სამართლებრივი ცოდნის დონის ასამაღლებლად;
8) ორგანიზაციას უწევს სამართლებრივი ცოდნის პროპაგანდისა და კანონმდებლობის განმარტებისათვის მუშაობას, ამხანაგური სასამართლოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას;
9) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 26. რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:
1) თავმჯდომარეობს სასამართლო სხდომებს;
2) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;
3) შეაქვს წარდგინებები სახელმწიფო ორგანოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და თანამდებობის პირებთან კანონის დარღვევის, სამართალდარღვევის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების თავიდან აცილების შესახებ.
4) ახორციელებს მოვალეობის განაწილების შესაბამისად სასამართლო აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ხელმძღვანელობას.
რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის ცალკეულ ფუნქციებს და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან მის მიერ მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობისას ცვლის მას.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 27. რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის შეცვლა მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში
რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში (ავადმყოფობა, შვებულება და ა.შ. ) მისი მოვალეობის შესრულება, სადაც არ არის თავმჯდომარის მოადგილე, შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრების მიერ შეიძლება დაეკისროს ამ სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. მოსამართლის დროებით არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრების მიერ შეიძლება დაეკისროს ამ სასამართლოს ადმინისტრაციულ მოსამართლეს ან სხვა რაიონის სასამართლოს მოსამართლეს.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 28. მსაჯულთა საბჭო
რაიონის (ქალაქის) სასამართლოსთან იქმნება მსაჯულთა საბჭო. მსაჯულთა საბჭოს ორგანიზაციას, ამოცანებს და საქმიანობის წესს განსაზღვრავს დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო.
თავი III
თბილისის საქალაქო სასამართლო
მუხლი 29. თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა
თბილისის საქალაქო სასამართლო შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, წევრებისა და მსაჯულებისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლო მოქმედებს შემადგენლობით:
სასამართლოს პრეზიდიუმი;
სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია;
სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს რიცხობრივ შემადგენლობას ადგენს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო.
მუხლი 30. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების დანიშვნის წესი
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს ამ სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვიდან ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 31. თბილისის საქალაქო სასამართლოს უფლებამოსილება
თბილისის საქალაქო სასამართლო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს საქმეების პირველი ინსტანციით, საკასაციო წესით, ზედამხედველობის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო; თბილისის რაიონების სასამართლოების სასამართლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას შეისწავლის და განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას, აანალიზებს სასამართლო სტატისტიკას. ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 32. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმი
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმი იქმნება თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და წევრების შემადგენლობით. პრეზიდიუმის რიცხობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე სასამართლო საქმეთა განხილვისას ქალაქ თბილისის პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.
მუხლი 33. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის უფლებამოსილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმი:
1) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს საქმეებს ზედამხედველობის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო;
2) სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით მოსამართლეთა რიცხვიდან ამტკიცებს საქალაქო სასამართლოს საქმეთა სასამართლო კოლეგიის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის შემადგენლობას;
3) განიხილავს სასამართლო პრაქტიკის შესწავლა-განზოგადებისა და სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;
4) მოისმენს სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეების ანგარიშებს კოლეგიების საქმიანობის შესახებ; განიხილავს სასამართლოს აპარატის მუშაობის საკითხებს;
5) დახმარებას უწევს თბილისის რაიონის სასამართლოებს კანონმდებლობის სწორად გამოყენებაში;
6) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 34. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის მუშაობის წესი
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმს იწვევენ სულ ცოტა თვეში ორჯერ. პრეზიდიუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობა.
პრეზიდიუმის დადგენილება მიიღება ღია კენჭისყრით, კენჭისყრაში მონაწილე პრეზიდიუმის წევრთა ხმის უმრავლესობით.
პრეზიდიუმის დადგენილებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
მუხლი 35. თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო კოლეგიები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიასა და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას ამტკიცებს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმი ამ სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვიდან.
სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეებს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეთაგან ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში თავისი განკარგულებით ერთი კოლეგიის მოსამართლე საქმის განსახილველად ჩააბას სხვა კოლეგიის შემადგენლობაში.
მუხლი 36. თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიათა უფლებამოსილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავენ საქმეებს პირველი ინსტანციით, საკასაციო წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
სასამართლო კოლეგიები შეისწავლიან და განაზოგადებენ სასამართლო პრაქტიკას, აანალიზებენ სასამართლო სტატისტიკას და ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 37. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე
თბილსის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;
1) უფლებამოსილია თავმჯდომარეობდეს კოლეგიების სასამართლო სხდომებს;
2) კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით პროტესტით შევიდეს სასამართლოს საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, განაჩენებზე, განჩინებებსა და დადგენილებებზე;
3) კანონით დადგენილ შემადგენლობაში და წესით უფლებამოსილია შეაჩეროს სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა აღსრულებას;
4) იწვევს სასამართლოს პრეზიდიუმს და თავმჯდომარეობს მის სხდომებს;
5) ხელმძღვანელობს სასამართლო კოლეგიების მუშაობის ორგანიზაციას და სასამართლოს აპარატის მუშაობას;
6) ორგანიზაციას უწევს მუშაობას სასამართლოს წევრებისა და სასამართლოს აპარატის მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
7) ორგანიზაციას უწევს სასამართლო პრაქტიკის შესწავლა-განზოგადებას, სასამართლო სტატისტიკის ანალიზს სახელმწიფო ორგანოებში; საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და თანამდებობის პირებთან შეაქვს წარდგინებები კანონის დარღვევის, სამართალდარღვევის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების თავიდან აცილების შესახებ;
8) აწარმოებს პირად მიღებას და ორგანიზაციას უწევს სასამართლოს მუშაობას მოქალაქეთა მიღების, მათი წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვაში;
9) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ანაწილებს მოვალეობებს თავმჯდომარის მოადგილეთა შორის.
მუხლი 38. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები:
1) უფლებამოსილნი არიან თავმჯდომარეობდნენ კოლეგიების სასამართლო სხდომებს;
2) მოვალეობათა განაწილების შესაბამისად ახორციელებენ სასამართლო კოლეგიებისა და სასამართლოს აპარატის მუშაობის ხელმძღვანელობას;
3) აწარმოებენ მოქალაქეთა პირად მიღებას;
4) ახორციელებენ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის უფლებამოვალეობებს მისი დავალებით ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 39. თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეები
თბილსის საქალაქო სასამართლოს სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეები:
1) თავმჯდომარეობენ კოლეგიების სასამართლო სხდომებს ან ნიშნავენ ამისათვის სასამართლოს წევრებს;
2) ხელმძღვანელობენ შესაბამისი კოლეგიების მუშაობას;
3) ქმნიან სასამართლოს შემადგენლობებს კოლეგიების სასამართლო სხდომებზე საქმეთა განსახილველად;
4) სასამართლოს პრეზიდიუმს წარუდგენენ ანგარიშებს კოლეგიათა საქმიანობის შესახებ;
5) უფლებამოსილი არიან გამოითხოვონ თბილისის რაიონის სასამართლოებიდან სასამართლო საქმეები სასამართლო პრაქტიკის შესწავლა-განზოგადებისათვის;
6) ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
თავი IV
აფხაზეთის ასსრ უზენაესი სასამართლო
აჭარის ავტონომიური რესპუბილიკის უზენაესი სასამართლო
მუხლი 40. აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოები ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლო ორგანოებია
აფხაზეთის ასსრ უზენაესი სასამართლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლო ორგანოებია.
აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოები ახორცილებენ ზედამხედველობას ავტონომიური რესპუბლიკების ყველა სასამართლოს სასამართლო საქმიანობისადმი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 41. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოების ანგარიშვალდებულება
აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოები უფლებამოსილების პერიოდში ორჯერ მაინც წარუდგენენ თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს.
მუხლი 42. აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოების შემადგენლობა
აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოები შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილეს, წევრებისა და მსაჯულებისაგან.
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო მოქმედებს შემდეგი შემადგენლობით:
უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი;
სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია.
სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია.
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს რიცხობრივ შემადგენლობა ადგენს ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
მუხლი 43. ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების არჩევის წესი
ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს ირჩევენ ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოები.
მუხლი 44. ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო:
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს საქმეებს პირველი ინსტანციით, საკასაციო წესით, ზედამხედველობის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო; ზედამხედველობს რაიონის (ქალაქის) სასამართლოების სასამართლო საქმიანობას, აგრეთვე შეისწავლის და განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას, აანალიზებს სასამართლო სტატისტიკას;
ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში.
მუხლი 45. ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი იქმნება თავმჯდომარის, მისი მოადგილის და წევრების შემადგენლობით ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრული რაოდენობით.
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის შემადგენლობას ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.
უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე სასამართლო საქმეთა განხილვისას ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.
მუხლი 46. ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის უფლებამოსილება
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი:
1) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს საქმეებს ზედამხედველობის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო;
2) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვიდან ამტკიცებს სამოქალაქო სამართლის სასამართლო კოლეგიის და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის შემადგენლობას;
3) განიხილავს სასამართლო პრაქტიკის შესწავლა-განზოგადების და სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;
4) ისმენს სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეების ანგარიშებს კოლეგიათა საქმიანობის შესახებ; განიხილავს სასამართლო აპარატის მუშაობის საკითხებს;
5) განიხილავს და გადაწყვეტს საკითხებს წარდგინებათა შეტანის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების წესით და ავტონომიური რესპუბლიკის კანონების განმარტების თაობაზე;
6) დახმარებას უწევს რაიონის (ქალაქის) სასამართლოებს კანონმდებლობის სწორად გამოყენებაში;
7) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 47. ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის მუშაობის წესი
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომები ტარდება სულ ცოტა თვეში ორჯერ.
უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობა.
პრეზიდიუმის დადგენილებას იღებენ ღია კენჭისყრით, კენჭისყრის მონაწილე პრეზიდიუმის წევრთა ხმების უმრავლესობით. პრეზიდიუმის დადგენილებას ხელს აწერს ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
მუხლი 48. ავტონომიურ რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიები
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვიდან.
სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეებს ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯომარის წარდგინებით უზენასი სასამართლოს თამჯდომარის მოადგილის და წევრების რიცხვიდან.
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში თავისი განკარგულებით ერთი კოლეგიის მოსამართლე საქმის განსახილველად ჩააბას სხვა კოლეგიის შემადგენლობაში.
მუხლი 49. ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიათა უფლებამოსილება
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სასამართლოს საქმეთა სასამართლო კოლეგია და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავენ საქმეებს პირველი ინსტანციით, საკასაციო წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
სასამართლო კოლეგიები შეისწავლიან და განაზოგადებენ სასამართლო პრაქტიკის, აანალიზებენ სასამართლო სტატისტიკას და ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 50. ავტონომიურ რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე:
1) უფლებამოსილია თავმჯდომარეობდეს კოლეგიების სასამართლო სხდომებს;
2) კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით პროტესტით შედის სასამართლო საქმეებზე გამოტანილ დაგაწყვეტილებებზე, განაჩენებზე, განჩინებებსა და დადგენილებებზე;
3) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უფლებამოსილია შეაჩეროს სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა აღსრულება;
4) იწვევს სასამართლოს პრეზიდიუმს და თავმჯდომარეობს მის სხდომებს;
5) ხელმძღვანელობს სასამართლო კოლეგიების მუშაობის ორგანიზაციასა და სასამართლოს აპარატის მუშაობას;
6) ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში შეაქვს წარდგინებები იმ საკითხებზე, რომლებიც ავტონომიური რესპუბლიკის კანონების განმარტებას მოითხოვენ;
7) ორგანიზაციას უწევს მუშაობის სასამართლოს წევრებისა და სასამართლოს აპარატის მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად:
8) ორგანიზაციას უწევს სასამართლო პრაქტიკის შესწავლა-განზოგადებას, სასამართლო სტატისტიკის ანალიზს; სახელმწიფო ორგანოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და თანამდებობის პირებთან შეაქვს წარდგინებები კანონის დარღვევის,, სამართალდარღვევის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების თავიდან აცილების შესახებ;
9) აწარმოებს პირად მიღებას და ორგანიზაციას უწევს სასამართლოს მუშაობას მოქალაქეთა მიღების, მატი წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვაში;
10) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 51. ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები:
1) უფლებამოსილია თავმჯდომარეობდეს კოლეგიების სასამართლო სხდომებს;
2) მოვალეობათა განაწილების შესაბამისად ახორციელებს სასამართლო კოლეგიებისა და სასამართლოს აპარატის მუშაობის ხელმძღვანელობას;
3) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას;
4) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს მისი დავალებით ახორციელებს თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 52. ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეები
ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეები:
1) თავმჯდომარეობენ სასამართლო სხდომებს იმ კოლეგიებში, რომელთაც ხელმძღვანელობენ ან ნიშნავენ ამისთვის სასამართლოს წევრებს;
2) ხელმძღვანელობენ შესაბამისი კოლეგიების მუშაობას;
3) ქმნიან სასამრთლოს შემადგენლობებს კოლეგიების სასამართლო სხდომებზე საქმეთა განსახილველად;
4) ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმს წარუდგენენ ანგარიშებს კოლეგიათა საქმიანობის შესახებ;
5) უფლებამოსილი არიან გამოითხოვონ რაიონის (ქალაქის) სასამართლოებიდან სასამართლო საქმეები სასამართლო პრაქტიკის შესწავლა- განზოგადებისთვის;
6) ახორცილებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
თავი V
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო
მუხლი 53. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო ორგანოა
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო არის უმაღლესი სასამართლო ორგანო.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო ახორციელებს ზედამხედველობას საქართველოს რესპუბლიკის ყველა სასამართლოს სასამართლო საქმიანობაზე საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 54. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ანგარიშვალდებულება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო უფლებამოსილების პერიოდში არანაკლებ ორჯერ წარუდგენს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ საქართველოს პარლამენტს.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 55. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, წევრებისა და მსაჯულებისაგან და მოქმედებს შემდეგი შემადგენლობით:
უზენაესი სასამართლოს პლენუმი;
უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი;
სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია;
სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია;
სამხედრო საქმეთა სასამართლო კოლეგია.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს რიცხობრივ შემადგენლობას ადგენს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 56. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი
საქართველოს პარლამენტი ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის წარდგინებით.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 57. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამრთლოს უფლებამოსილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო:
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს საქმეებს პირველი ინსტანციით, საკასაციო წესით, ზედამხედველობის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო; შეისწავლის და განაზოგადებს სასამართლოს პრაქტიკას, აანალიზებს სასამართლო სტატისტიკას და სასამართლოებს აძლევს სახელმძღვანელო განმარტებებს სასამართლო საქმეთა განხილვისას წამოჭრილ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის გამოყენების საკითხებზე. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის სახელმძღვანელო განმარტებანი სავალდებულოა სასამართლოებისათვის, სხვა ორგანოებისა და თანამდებობის პირთათვის, რომლებიც იყენებენ ამ კანონს;
ახორციელებს კონტროლს საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მიერ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის სახელმძღვანელო განმარტებათა შესრულებაზე;
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტს საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საკითხებს;
ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება საქართველოს პარლამენტში.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 58. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმი მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, წევრების ,აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების შემადგენლობით.
პლენუმის სხდომებში მონაწილეობენ საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი. საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მონაწილეობა პლენუმის მუშაობაში სავალდებულოა.
პლენუმის სხდომებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოწვევით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მოსამართლეებმა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტების, უწყებების, სამეცნიერო დაწესებულებებისა და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მუხლი 59. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმი:
1) განიხილავს სასამართლო პრაქტიკასა და სასამართლო სტატისტიკის შესწავლისა და განზოგადების მასალებს, სასამართლოებს აძლევს სახელმძღვანელო განმარტებებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის გამოყენების საკითხებზე; სასამართლოებისათვის სახელმძღვანელო განმარტებების მიცემის საკითხების განხილვისას მოისმენს აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რაიონის (ქალაქის) სასამართლოების თავმჯდომარეთა ინფორმაციებს სასამართლო პრაქტიკაში კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე;
2) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო მოსამართლეთა რიცხვიდან ამტკიცებს სასამართლო კოლეგიათა შემადგენლობას და პლენუმის მდივანს;
3) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოსთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს;
4) განიხილავს და წყვეტს საკითხებს წარდგინებათა შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების წესით, ასევე კანონების განმარტების თაობაზე;
5) ისმენს ინფორმაციებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის მუშაობის შესახებ და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეების ანგარიშებს კოლეგიების საქმიანობის თაობაზე;
6) განიხილავს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე შეტანილ საზედამხედველო პროტესტებს;
7) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 60. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკითხების განხილვა
ამ კანონის შესაბამისად პლენუმის განსახილველად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ან საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მიერ შეტანილ საკითხებზე მოისმენენ შესაბამისად მათ მოხსენებებს ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების მოხსენებებს. ამასთან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მიერ განსახილველად შეტანილ საკითხებზე, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი აძლევს დასკვნას. ამ საკითხების განხილვაში აგრეთვე შიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომებზე მოწვეულმა პირებმა.
სახელმძღვანელო განმარტებათა შესახებ დადგენილების პროექტის მომზადებისათვის პლენუმი საჭიროების შემთხვევაში პლენუმის წევრთა რიცხვიდან ქმნის სარედაქციო კომისიას.
მუხლი 61. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის მუშაობის წესი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმს იწვევენ ოთხ თვეში ერთხელ მაინც. პლენუმის მოწვევის დროისა და მის განსახილველად შეტანილი საკითხების შესახებ სხდომამდე არაუგვიანეს თხუთმეტი დღისა აცნობებენ პლენუმის წევრებს, საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს და საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს.
პლენუმის დადგენილებათა პროექტები სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს ათი დღისა ეგზავნებათ პლენუმის წევრებს, საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს და საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მისი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. პლენუმის დადგენილებას იღებენ ღია კენჭისყრით, კენჭისყრაში მონაწილე პლენუმის წევრთა ხმების უმრავლესობით.
პლენუმის დადგენილებას ხელს აწერენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და პლენუმის მდივანი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამარლოს პლენუმის მდივანი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს წევრის მოვალეობის შესრულებასთან ერთად ეწევა ორგანიზაციულ მუშაობას პლენუმის სხდომების მოსამზადებლად, უზრუნველყოფს ოქმის შედგენას და ასრულებს საჭირო მოქმედებებს პლენუმის მიერ მიღებულ დადგენილებათა განსახორციელებლად.
მუხლი 62. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი იქმნება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და წევრების შემადგენლობით საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მიერ განსაზღვრული რაოდენობით.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის შემადგენლობას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომებზე სასამართლო საქმეთა განხილვისას საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმს იწვევენ თვეში ერთხელ მაინც.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პრეზიდიუმის შემადგენლობის უმრავლესობა. პრეზიდიუმის დადგენილებას იღებენ ღია კენჭისყრით, კენჭისყრაში მონაწილე პრეზიდიუმის წევრთა ხმების უმრავლესობით და მას ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 63. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის უფლებამოსილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმი:
1) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს საქმეებს ზედამხედველობის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო;
2) განიხილავს სასამართლო პრაქტიკას შესწავლა-განზოგადების და სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;
3) განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიებისა და აპარატის მუშაობის ორგანიზაციის საკითხებს;
4) დახმარებას უწევს ქვემდგომ სასამართლოებს კანონმდებლობების სწორად გამოყენებაში; ამასთან ახდენს ამ საქმიანობის კოორდინაციას საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან;
5) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 64. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიები
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას, სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას და სამხედრო საქმეთა სასამართლო კოლეგიას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს წევრთა რიცხვიდან.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში თავისი განკარგულებით ერთი კოლეგიის მოსამართლე საქმის განხილვისთვის ჩააბას სხვა კოლეგიის შემადგენლობაში.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 65. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიათა უფლებამოსილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია, სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია და სამხედრო საქმეთა სასამართლო კოლეგია თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავენ საქმეებს პირველი ინსტანციით, საკასაციო წესით, ზედამხედველობის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
სასამართლო კოლეგიებში შეისწავლიან და განაზოგადებენ სასამართლო პრაქტიკას, აანალიზებენ სასამართლო სტატისტიკას და ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 66. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე:
1) კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით პროტესტით შედის სასამართლო საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, განაჩენებზე , განჩინებებსა და დადგენილებებზე;
2) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით უფლებამოსილია შეაჩეროს სასამართლო საქმეებზე გადაწყვეტილებების, განაჩენების, განჩინებებისა და დადგენილების აღსრულება;
3) იწვევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმს და თავმჯდომარეობს პლენუმის სხდომებს;
4) იწვევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმს და მის განსახილველად შეაქვს საკითხები, თავმჯდომარეობს პრეზიდიუმის სხდომებს; შეუძლია ითავმჯდომარეოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს კოლეგიების სასამართლო სხდომებზე ნებისმიერი საქმის განხილვისას;
5) ორგანიზაციას უწევს სასამართლო პრაქტიკის შესწავლა-განზოგადებას, სასამართლო სტატისტიკის ანალიზს; სახელმწიფო ორგანოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და თანამდებობის პირებთან შეაქვს წარდგინებები კანონის დარღვევის, სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების თავიდან აცილების შესახებ, აგრეთვე ორგანიზაციას უწევს მუშაობას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმის სახელმძღვანელო განმარტებათა შესრულებაზე კონტროლის განსახორციელებლად და შეაქვს მასალები პლენუმის განსახილველად;
6) საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წარუდგენს ანგარიშს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საქმიანობის შესახებ;
7) საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში შეაქვს წარდგინებით იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის კანონების განმარტებას მოითხოვენ;
8) ანაწილებს მოვალეობებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის;
9) ხელმძღვანელობს სასამართლო კოლეგიათა მუშაობის ორგანიზაციას და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას;
10) აწარმოებს პირად მიღებას და ორგანიზაციას უწევს სასამართლოს მუშაობას მოქალაქეთა მიღების, მათი წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვისათვის;
11) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 67. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები:
1) უფლებამოსილნი არიან თავმჯდომარეობდნენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს კოლეგიათა სასამართლო სხდომებს;
2) კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით პროტესტით შედიან სასამართლო საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, განაჩენებზე, განჩინებებსა და დადგენილებებზე;
3) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით უფლებამოსილი არიან შეაჩერონ სასამართლო საქმეებზე გადაწყვეტილებების, განაჩენების, განჩინებებისა და დადგენილებების აღსრულება;
4) მოვალეობათა განაწილების შესაბამისად ახორციელებენ ხელმძღვანელობას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიათა და აპარატის სტრუქტურული ქვეგანაყოფების მუშაობაზე;
5) აწარმოებენ მოქალაქეთა პირად მიღებას;
6) ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევებში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 68. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეები
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიისა და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარეები:
1) თავმჯდომარეობენ სასამართლო სხდომებს იმ კოლეგიაში, რომელსაც ხელმძღვანელობენ ან ამისთვის ნიშნავენ სასამართლოს წევრებს;
2) ქმნიან სასამართლო შემადგენლობებს კოლეგიების სასამართლო სხდომებზე საქმეთა განსახილველად;
3) ხელმძღვანელობენ შესაბამისი კოლეგიების მუშაობას;
4) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენენ ანგარიშებს კოლეგიების საქმიანობის შესახებ;
5) უფლებამოსილი არიან გამოითხოვონ სასამართლო საქმეები სასამართლო პრაქტიკის შესწავლა-განზოგადებისათვის;
6) ორგანიზაციას უწევენ მუშაობას შესაბამისი სასამართლო კოლეგიის სასამართლოს წევრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
7) ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 69. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ბიულეტენი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო გამოსცემს „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ბიულეტენს“.
კარი III
მოსამართლეები და მსაჯულები
მუხლი 70. მოთხოვნები, რომლებიც წარედგინებათ მოსამართლეობისა და მსაჯულების კანდიდატებს
რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სამხედრო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი, ფლობს ქართულ ენას, ავტონომიურ რესპუბლიკაში – ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენას.
რაონის (ქალაქის) სამხედრო სასამართლოს მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი და ჩაბარებული – საკვალიფიკაციო გამოცდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 30 წელი აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, იურიდიული სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის სტაჟი, მათ შორის, როგორც წესი, მოსამართლედ მუშაობის სულ ცოტა ორი წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.
აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოების და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 30 წელი, ფლობს ქართულ ენას, ავტონომიურ რესპუბლიკაში – ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი იურიდული განათლება და იურიდიული სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის სტაჟი, მატ შორის, როგორც წესი, მოსამართლედ მუშაობის სულ ცოტა ორი წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.
მსაჯულად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 25 წელი და ფლობს ქართულ ენას, ავტონომიურ რესპუბლიკაში - ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენას.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 71. მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა და წარდგენა
რაიონის (ქალაქის) და სამხედრო სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შეარჩევს და წარადგენს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, ავტონომიურ რესპუბლიკებში – ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის სამინისტროები საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, საკვალიფიკაციო დასკვნის საფუძვლებზე.
აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოებს მოსამართლეობის კანდიდატებს შეარჩევენ და წარადგენენ ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოთა თავმჯდომარეები საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, საკვალიფიკაციო კოლეგიის დასკვნის საფუძველზე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შეარჩევს და წარადგენს ამ სასამართლოს თავმჯდომარე საკვალიფიკაციო კოლეგიის დასკვნის საფუძველზე.
მოსამართლედ პირველი დასახელებული კანდიდატები პროფესიულ მომზადებას გადიან საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 72. მოსამართლეთა დანიშვნის ან არჩევის, მსაჯულთა არჩევის წესი
რაიონის (ქალაქის) სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით.
ავტონომიური რესპუბლიკების რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მოსამართლეებს ნიშნავს ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს, ავტონომიური რესპუბლიკებს უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებს ირჩევენ შესაბამისად საქართველოს პარლამენტი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, ავტონომიურ რესპუბლიკებში - ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოები ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს სასამართლოთა თავმჯდომარეების წარდგინებით, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთა შეთანხმებით.
რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მსაჯულებს ირჩევენ მოქალაქეთა კრებებზე საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მსაჯულებს ირჩევს ქალაქის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოების მსაჯულებს ირჩევენ აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოები.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მსაჯულებს ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 73. მოსამართლეებისა და მსაჯულების უფლებამოსილების ვადები
ყველა სასამართლოს მოსამართლეებს ნიშნავენ ან ირჩევენ ათი წლის ვადით. ყველა სასამართლოს მსაჯულებს ირჩევენ ხუთი წლის ვადით.
მუხლი 74. მსაჯულთა ანგარიშვალდებულება
მსაჯულები ანგარიშვალდებულნი არიან მათი ამრჩევი ორგანოების ან ამომრჩეველთა წინაშე და ანგარიშს აბარებენ მათ.
მუხლი 75. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაცია
საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამართლეები გადიან ატესტაციას: ატესტაციის შედეგების, კვალიფიკაციისა და მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით მათ მიენიჭებათ საკვალიფიკაციო კლასები.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 76. სასამართლოში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობა
საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.
აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობის განსაზღვრავენ ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების პრეზიდიუმები ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების წარდგინებით.
რაიონის (ქალაქის) სასამართლოების და თბილისის საქალაქო სასამართლოში ასარჩევ მსაჯულთა რაოდენობის განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 77. სასამართლოში მოვალეობათა შესასრულებლად მსაჯულების მოწვევის ვადა
მსაჯულებს სასამართლოში თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად მოიწვევენ რიგის მიხედვით, ვადით არა უმეტეს ორი კვირისა წელიწადში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადის გაგრძელება აუცილებელია მათი მონაწილეობით დაწყებული სასამართლო საქმის განხილვის დასამთავრებლად.
მუხლი 78. მსაჯულებისათვის მატერიალური და სხვა ანაზღაურებისა და შეღავათების შენარჩუნება სასამართლოში მათ მიერ მოვალეობათა შესრულების დროს
მსაჯულებს სასამართლოში მოვალეობის შესრულების განმავლობაში გარანტირებული აქვთ მუდმივ სამუშაო ადგილას საშუალო ხელფასის შენარჩუნება და ამასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება.
რაც შეეხება სხვა ანაზღაურებებსა და შეღავათებს, სასამართლოში მოვალეობის შესრულების დრო გათანაბრებულია ძირითადი სამუშაოს შესრულების დროსთან.
მუხლი 79. მოსამართლეთა კონფერენცია
საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სამხედრო, საქალაქო სასმართლოების, აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეებს, ადმინისტრაციულ მოსამართლეებს წელიწადში არანაკლებ ერთხელ იწვევენ მოსამართლეთა კონფერენციებზე.
მოსამართლეთა კონფერენციები განიხილავენ სასამართლო პრაქტიკაში წამოჭრილ კანონმდებლობის გამოყენების საკითხებს, მიმართავენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს წინადადებებზე სახელმძღვანელო განმარტების მიცემის, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგინების ან კანონის განმარტების შესახებ წარდგინების შეტანის თაობაზე, აგრეთვე ირჩევენ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიებს.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 80. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიები
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიებს ირჩევენ რაიონის (ქალაქის) სამხედრო და ზემდგომი სასამართლოების მოსამართლეთა რიცხვიდან. რაიონის (ქალაქის) სამხედრო მოსამართლეები კოლეგიის წევრთა ნახევარს მაინც შეადგენდნენ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიების შემადგენლობაში არ შედიან.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო კოლეგიების უზენაესი სასამართლოს წევრთა რიცხვიდან ირჩევს ამ სასამართლოს პლენუმი.
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიის რაოდენობრივი შემადგენლობა მისი არჩევის დროს განისაზღვრება. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგია აირჩევა ხუთი წლის ვადით.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 81. საკვალიფიკაციო კოლეგიების უფლებამოსილება
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიები:
აფასებენ მოსამართლედ და ადმინისტრაციულ მოსამართლედ პირველად დასახელებული კანდიდატის მზადყოფნას სასამართლო საქმიანობისათვის და უწყობენ მას საკვალიფიკაციო გამოცდას;
იძლევიან დასკვნას მოსამართლეთა გაწვევის საკითხის შესახებ;
განიხილავენ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.
მუხლი 82. მოსამართლეთა და მსაჯულთა ვადამდე განთავისუფლება და გაწვევა
მოსამართლეებს და მსაჯულებს შეიძლება ვადამდე ჩამოერთვათ უფლებამოსილება სასამართლო საქმეების განხილვისას კანონის უხეში დარღვევისათვის ან მათ მაღალ წოდებასთან შეუთავსებელი სახელის გამტეხი საქციელისთვის, აგრეთვე მათ მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გამო.
საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეები და მსაჯულები შეიძლება ვადამდე გათავისუფლდნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებისაგან.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც ხელს უშლის მუშაობის გაგრძელებას;
სხვა თანამდებობებზე არჩევის ან მათი თანხმობით სხვა სამუშაოებზე გადაყვანის გამო;
საკუთარი სურვილით.
მოსამართლეთა და მსაჯულთა ვადამდე გათავისუფლების და გაწვევის წესი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული დებულებით საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის, მოსამართლეთა ვადამდე გათავისუფლების და გაწვევის შესახებ.
მუხლი 83. გამოკლებულთა ნაცვლად მოსამართლეების არჩევა (დანიშვნა) და მსაჯულების არჩევა
გამოკლებულის ნაცვლად საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეების, ადმინისტრაციულ მოსამართლეთა დანიშვნა და მსაჯულების არჩევა ხდება ამ კანონით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით.
მუხლი 84. მოსამართლეთა და მსაჯულთა ხელშეუხებლობა
საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეები, აგრეთვე მსაჯულები სასამართლოში მათ მიერ მოვალეობათა შესრულების დროს არ შეიძლება მიცემულ იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან დაპატიმრებული მათი დამნიშნავი ან ამრჩევი ორგანოს თანხმობის გარეშე.
არ დაიშვება მოსამართლის, აგრეთვე მსაჯულის დაკავება, იძულებით მოყვანა ან ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიების გამოყენება სასამართლოში მათთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების დროს.
მუხლი 85. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა
მოსამართლე შეიძლება მიეცეს დისციპლინურ პასუხისგებაში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის, მოსამართლეთა და მსაჯულთა ვადამდე გათავისუფლების და გაწვევის შესახებ დებულებით გათვალისწინებული წესით:
1) სასამართლოში საქმეთა განხილვისას კანონის დარღვევისთვის;
2) სხვა სამსახურებრივი გადაცდომისთვის;
3) სახელის გამტეხი საქციელისთვის.
კარი IV
ადმინისტრაციული მოსამართლეები
მუხლი 86. ადმინისტრაციულ მოსამართლეთა დანიშვნა
ადმინისტრაციული მოსამართლენი არიან რაიონის (ქალაქის) სასამართლოებში.
ადმინისტრაციულ მოსამართლედ შეიძლება დანიშნულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, შეუსრულდა 25 წელი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა და ფლობს ქართულ ენას, ავტონომიურ რესპუბლიკაში - ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენას.
ადმინისტრაციულ მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, ავტონომიურ რესპუბლიკებში იუსტიციის მინისტრები საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ხუთი წლის ვადით.
მუხლი 87. ადმინისტრაციულ მოსამართლეთა უფლებამოსილება
ადმინისტრაციული მოსამართლეები:
განიხილავენ საქმეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;
რაიონის (ქალაქის) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებენ კონტროლს სასამართლო კანცელარიისა და სასამართლო აღმასრულებელთა მუშაობისადმი;
საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში იხილავენ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოებისა და სხვა ორგანოების გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მუხლი 88. ადმინისტრაციული მოსამართლეების ვადამდე გათავისუფლება
ადმინისტრაციული მოსამართლეები შეიძლება ვადამდე გათავისუფლდნენ კანონიერების დარღვევისათვის ან მოსამართლის წოდებასთან შეუფერებელი საქციელისათვის.
კარი v
საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციის სხვა საკითხები
მუხლი 89. სასამართლო აღმასრულებლები
სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებების, განჩინებებისა და დადგენილებების აღსრულებას, სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენების, განჩინებებისა და დადგენილებების აღსრულებას ქონებრივი გადახდევინების ნაწილში, აგრეთვე სხვა გადაწყვეტილებათა და დადგენილებათა აღსრულების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აწარმოებენ სასამართლო აღმასრულებლები.
სასამართლო აღმასრულებლები იმყოფებიან სასამართლოებთან და მათ ნიშნავს შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები.
რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, სადაც ორი და მეტი სასამართლო აღმასრულებელია, ერთ-ერთი მათგანი დაინიშნება უფროს აღმასრულებლად.
სასამართლო აღმასრულებლის მოთხოვნები სასამართლოს იმ განაჩენის, გადაწვეტილების, განჩინებისა და დადგენილების, სხვა გადაწყვეტილებებისა და დადგენილების აღსრულების შესახებ, რომლებიც აღსასრულებელი კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა ყველა სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, კოოპერატივისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და მოქალაქისათვის.
მუხლი 90. სასამართლო სხდომის მდივნები
პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები იხილება სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეებით.
სასამართლო სხდომის მდივნის უფლებებსა და მოვალეობებს, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში მისი მონაწილეობის წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის საპროცესო და საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები.
მუხლი 91. სასამართლოს აპარატი
მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლის, განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა ფუნქციების შესრულებისთვის საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოებში მოქმედებს სასამართლოს აპარატი.
მუხლი 92. საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების აპარატის სტრუქტურათა და შტატები
რაიონის (ქალაქის) სასამართლოს სამხედრო სასამართლოს აპარატის სტრუქტურას და საშტატო რაოდენობას ადგენენ შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსათვის დადგენილი წესით გამოყოფილი საშტატო რაოდენობის და ხელფასის ფონდის ფარგლებში.
აფხაზეთის ასსრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოების და თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატების სტრუქტურასა და საშტატო რაოდენობის ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.
სასამართლოს პრაქტიკის შესწავლის, განზოგადების და სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და პროპაგანდისათვის მუშაობის ჩასატარებლად და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციათა შესასრულებლად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს აპარატის შემადგენლობაში იქმნება განყოფილებები და სხვა სტრუქტურული ქვეგანაყოფები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამრთლოს სასამართლო კოლეგიებს და განყოფილებებს ჰყავთ უფროსი კონსულტანტები და კონსულტანტები, ინსპექტორები, აგრეთვე სხვა მუშაკები და უმცროსი მომსახურე პერსონალი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურას და საშტატო რაოდენობას ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო მეთაური საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საშტატო განრიგს, განყოფილებათა და სხვა სტრუქტურულ ქვეგანაყოფთა დებულებებს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბერის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 31.12.1992წ.
მუხლი 93. საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების ბეჭედი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, რაიონის (ქალაქის) სასამართლოებს აქვთ ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.
თბილისი, 1990 წლის 28 დეკემბერი.
№ 90 – I ს.
დოკუმენტის კომენტარები