დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/12/1992 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/11/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 30.10.1997 კანონი №1030)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დანიშნულებაა დაიცვან საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის საფუძვლები
საქართველოს რესპუბლიკა არის მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო და ესწრაფვის მშვიდობასა და თანმშრომლობას ყველა სახელმწიფოსთან საერთაშორისო სამართლის პრინციპები საფუძველზე.
საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო პოლიტიკა თავდაცვითია. საქართველო ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოა. მას ნაკისრი აქვს ვალდებულება არ აწარმოოს, არ შეინახოს და არ გაატაროს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი და მასობრივი მოსპობის სხვა საშუალებები. საქართველო ომს მიიჩნევს სახელმწიფოთა შორის პრობლემების გადაწყვეტის მიუღებელ საშუალებად. იგი არასოდეს პირველი არ დაიწყებს საბრძოლო მოქმედებას ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ და არ ჩაებმება ომში, თუ თვითონ არ გახდა აგრესიის ობიექტი.
მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის პოლიტიკის პრინციპები
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის პოლიტიკის პრინციპებია:
ა) საქართველო აქტიური ნეიტრალიტეტის ქვეყანაა, რომელიც ხელმძღვანელოს შეიარაღებულ ძალთა და შეიარაღების თავდაცვითი საკმარისობის პრინციპით;
ბ) საქართველო თავის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტის მთელ თავის მიწა-წყალზე იცავს საკუთარი ძალებით’
გ) საქართველო თავისი სამხედრო ძალით არ უნდა ჩამორჩებოდეს ტერიტორიითა და ადამიანთა რესურსებით დაახლოებით მის ტოლ არც ერთ ქვეყანას;
დ) საქართველოს სმხედრო ძალებს უნდა შეეძლოთ მტრის წინსვლის შეჩერება საქართველოს საზღვრებთან, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ პუნქტზე მტრის საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმის მოგერიება;
ე) საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოთ ნებისმიერი აგრესორისათვის სამაგიერო დარტყმის მიყენება.
მუხლი 3. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის სამართლებრივი რეჟიმი
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები იცავენ მისი განსაკუთრებული სუვერენიტეტის ქვეშ მყოფ სახმელეთო ტერიტორიას, შიდა და ეროვნულ წყლებს, მათ ქვეშ მყოფ სახმელეთო ტერიტორიას, შიდა და ეროვნულ წყლებს, მათ ქვეშ არსებულ წიაღისეულს, აღნიშნული ტერიტორიის და აქვატორიის ზევითა არსებულ საჰაერო სივრცეს.
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ნორმებით.
თავი II
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სფეროში
მუხლი 4. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება თავდაცვის სფეროში
საქართველოს პარლამენტი პასუხისმგებელია საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის ფორმირებაზე, სახელმწიფო სამხედრო პოლიტიკაზე, საკანონმდებლო რეგულირებისა და სამხედრო აღმშენებლობაზე;
საქართველოს პარლამენტი სახელმწიფოს მეთაურის - შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის წარდგინებით:
ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს და მის დებულებას;
განსაზღვრავს და ადგენს სამხედრო დოქტრინას და სამხედრო აღმშენებლობის კონცეფციას;
განსაზღვრავს თავდაცვისათვის საბიუჯეტო ასიგნებათა მოცულობას, სტრუქტურას და შეიარაღებული ძალების რაოდენობასა და მოწყობას;
წყვეტს ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების საკითხებს;
წყვეტს ომისა და ზავის საკითხებს;
ადგენს საომარ მდგომარეობას;
აცხადებს სამხედრო და საგანგებო წესებს ან ადასტურებს მათ გამოცხადებას;
აწესებს უმაღლეს სამხედრო და სპეციალურ წოდებებს, შესაბამისი სამინისტროების წარდგინებათა საფუძველზე;
ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის მთლიან ან ნაწილობრივ დაყოფას სამხედრო ოლქებად და სხვა სამხედრო რეგიონალურ ერთობლიობად.
მუხლი 5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური არის საქართველოს რესპუბლიკის ყველა სახეობის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე და თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მდგომარეობაზე უშუალო პასუხისმგებელი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური:
აცხადებს მობილიზაციას, საომარ მდგომარეობას და სამხედრო წესებს და არა უგვიანეს სამი დღე-ღამისა შეაქვს ეს საკითხი პარლამენტის განსახილველად;
მოქალაქეთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის იძლევა გაფრთხილებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან ცალკეულ ადგილებში საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი აცხადებს მათ შემოღებას. ამასთან არა უგვიანეს სამი დღე-ღამისა შეაქვს ეს საკითხი პარლამენტის დასამტკიცებლად;
ნიშნავს უმაღლეს სამხედრო თანამდებობის პირებს;
ანიჭებს უმაღლეს სამხედრო წოდებებს;
განსაზღვრავს ყოველწლიურად სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა რიცხვს;
წარადგენს საქართველოს პარლამენტში განსახილველად სამხედრო დოქტრინის, სამხედრო აღმშენებლობის, სამხედრო ასიგნებისა და სამხედრო დაფინანსების პროექტებს;
კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობას ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფისათვის;
აწარმოებს მოლაპარაკებას უცხოეთის სახელმწიფოებთან და ხელს აწერს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ერთობლივი თავდაცვის, სამხედრო თანამშრომლობის, კოლექტიური უშიშროებისა და განიარაღების საკითხებზე;
უბრძანებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს საომარი მოქმედების დაწყებასა და საბრძოლო იარაღის გამოყენების შესახებ.
მუხლი 6. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვისა და უშიშროების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს, რომლის ძირითადი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვის, უშიშროებისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეობს სახელმწიფოს მეთაური.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო საომარი, სამხედრო და საგანგებო მდგომარეობის დროს წარმართავს მინისტრთა კაბინეტის მუშაობას.
მუხლი 7. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და სახელმწიფოს უშიშროებას.
მინისტრთა კაბინეტი:
ხელმძღვანელობს მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმიანობას შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკითა და სხვა მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის საქმეში;
ორგანიზაციას უწევს სამხედრო მობილიზაციას, განსაზღვრავს სახალხო მეურნეობის საომარი მდგომარეობის რეჟიმზე გადაყვანის პირობებს, გამოსცემს ნორმატიულ აქტებს აღნიშნულ თაობაზე;
ამტკიცებს მატერიალური რესურსების სამობილიზაციო რეზერვების გეგმებს;
უზრუნველყოფს თავდაცვის საკითხებზე საერთაშორისო შეთანხმების შესრულებას.
მუხლი 8. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მმართველობის ორგანოს და პასუხისმგებელია მათ მომზადებაზე, განვითარებასა და თავდაცვის ამოცანების შესრულებაზე.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო :
პასუხისმგებელია და უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას;
ამზადებს სამხედრო დოქტრინის და სამხედრო ბიუჯეტის პროექტებს;
აანალიზებს და შეაფასებს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას და განსაზღვრავს მოსალოდნელ საფრთხეს;
განსაზღვრავს სახელმწიფო სამხედრო- ტექნიკური პოტენციალის დასაბუთებას;
შეიმუშავებს და სახელმწიფო მეთაურს წარუდგენს განსახილველად საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო აღმშენებლობის პროგრამას, შეიარაღებული ძალების, სამხედრო ტექნიკის განვითარების პროექტებს;
ორგანიზაციას უწევს სამხედრო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განვითარებას;
აწესებს შეიარაღებული ძალების სახეობებს მათ შემადგენლობას, უზრუნველყოფს სამხედრო კადრების მომზადებასა და მათ გადანაწილებას;
უზრუნველყოფს სამხედრო და სამოქალაქო პირთა სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას;
ორგანიზაციას უწევს სამხედრო გაწვევისა და მობილიზაციას.
მუხლი 9. ხელისუფლებისა და მმართველობის სხვა ორგანოები
ხელისუფლებისა და მმართველობის სხვა ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 10. მოქალაქეთა მოვალეობა
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის დაცვა მის ტერიტორიაზე მუდმივ მცხოვრებ პირთა (მოქალაქეთა) მოვალეობა.
თავი III
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები
მუხლი 11. საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დისლოკაციას, საქმიანობას, აღმშენებლობას, მათში გაწვევის წესს განსაზღვრავენ საქართველოს რესპუბლიკის კანონები და მათ შესაბამისად მიღებული საკანონმდებლო აქტები
მუხლი 12. საქართველოს რესპუბლიკის ერთიანი შეიარაღებული ძალების შემადგენლობა
საქართველოს რესპუბლიკის ერთიანი შეიარაღებული ძალები შედგება:
არმიისაგან;
სასაზღვრო ჯარისაგან;
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარისაგან,
სხვა სახის ან სხვა დაქვემდებარების შეიარაღებული ძალების შექმნა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით.
მუხლი 13. შეიარაღებული ძალების საქმიანობის პრინციპები
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საქმიანობის პრინციპებია:
ხელმძღვანელობის ცენტრალიზაცია;
დემოკრატია, ჰუმანურობა და კანონისადმი დაქვემდებარება;
რწმენის თავისუფლება;
საყოველთაო სამხედრო ვალდებულება;
სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნა;
სამხედრო მომსახურეთა სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა.
მუხლი 14. საომარი, სამხედრო და საგანგებო მდგომარეობა
საომარი, სამხედრო და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მისი სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 15. მობილიზაცია
საომარი ან სამხედრო მდგომარეობის დროს ცხადდება ნაწილობრივ ან მთლიანი მობილიზაცია.
მობილიზაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა.
მუხლი 16. მოქალაქეთა, თანამდებობის პირთა და სამხედრო მომსახურეთა პასუხისმგებლობა
მოქალაქეებს, თანამდებობის პირებსა და სამხედრო მოსამსახურეებს ამ კანონის დარღვევისთვის
ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემთხვევებში.
მუხლი 17. კანონმდებლობა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ
კანონმდებლობა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ შედგება „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე-
სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1992 წლის 22 დეკემბერი.
დოკუმენტის კომენტარები