საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1709-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020587
1709-VIIIმს-Xმპ
23/06/2022
ვებგვერდი, 05/07/2022
020000000.05.001.020587
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1511 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა (მათ შორის, მწვანე ნარგავის ისე დაზიანება ან თვითნებურად გაჩეხვა, რომ ვერ დგინდება დაზიანებული ან თვითნებურად გაჩეხილი მწვანე ნარგავის სახეობა), მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.“;

გ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

23 ივნისი 2022 წ.

N1709-VIIIმს-Xმპ