საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევის წესის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 27/02/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1991
ძალის დაკარგვის თარიღი 25/11/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
27/02/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 2, 28/02/1991
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევის წესის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 17.04.1997, №651)

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევის წესის შესახებ

 

I. ზოგადი დებულებები

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის (საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში არჩეული დეპუტატის) უფლებრივი მიმართება საქართველოს რეპუბლიკის უზენაეს საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკურ პარტიებთან (პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, კავშირებთან, მოძრაობებთან, მათ პოლიტიკურ თუ საარჩევნო ბლოკებთან) და ამომრჩეველებთან დამყარებულია უფლება-მოვალეობათა შექცევადობის პრინციპზე, ანუ ნებაყოფლობით გადაცემული უფლებამოსილების იმავე წესით ჩამორთმევის შესაძლებლობაზე. ამდენად დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ უზენაეს საბჭოს, რომელმაც თავის დროზე ცნო ამ დეპუტატის უფლებამოსილება. დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონით განსაზღვრული შემთხვევები, ასევე ამომრჩევლებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ დეპუტატთა გაწვევის აქტები. აქედან გამომდინარე:

მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის გაწვევის საკითხის აღძვრის უფლება აქვთ მათ, ვინც იცი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა – შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა ჯგუფს ან პარტიას (ბლოკს);

მაჟორიტარული  წესით არჩეული დეპუტატის გაწვევის უფლება აქვს მას, ვინც იგი დეპუტატად აირჩია, შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს იგივე წესით, რომლითაც არჩეულ იქნა დეპუტატი;

მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ამ დეპუტატის გაწვევის აქტის საფუძველზე შეუძლია უზენაეს საბჭოს;

პროპორციული წესით არჩეული დეპუტატის გაწვევის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პოლიტიკურ პარტიას ან ბლოკს, რომელმაც იგი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა;

პროპორციული წესით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.

მუხლი 1. ტერმინოლოგიური საკითხები

1) წინამდებარე კანონში „ა“ ტიპის პარტია ეწოდება ისეთ პარტიას, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებელი პარტიული სიით და არჩევნების შედეგად ამ პარტიული სიიდან თუნდაც ერთი დეპუტატობის კანდიდატი მაინც გახდა უზენაესი საბჭოს წევრო.

2) „ბ“ ტიპის პარტია ეწოდება ისეთ პარტიას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით.

3) ბლოკი ეწოდება პარტიათა გაერთიანებას, რომელიც არჩევნებამდე წარმოადგენდა საარჩევნო ბლოკს, მიუხედავად იმისა, არჩევნების შემდეგ საარჩევნო ბლოკმა შეინარჩუნა ორგანიზაციული მთლიანობა თუ არა.

მუხლი 2. უზენაესი საბჭოს წევრს, ისევე როგორც საქართველოს რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოვიდეს იმ პარტიიდან, რომლის წევრიც იყო არჩევნების ჩატარებამდე, და გახდეს ან არ გახდეს სხვა პარტიის წევრი.

ასეთ  შემთხვევაში „ა“ და „ბ“ ტიპის პარტია ამ დეპუტატის მიმართ ინარჩუნებს უფლებას აღძრას საკითხი უზენაესი საბჭოდან მისი გაწვევის თაობაზე.

 

II. საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში პროპორციული წესით არჩეული დეპუტატის უზენაესი საბჭოდან გაწვევის, მისი უფლებამოსილების შეწყვეტისა და ადგილმონაცვლეობის წესი

 

მუხლი 3. დეპუტატის გაწვევის საკითხის აღძვრისათვის:

1) „ა“ ან „ბ“ ტიპის პარტიამ თავისი წესებით განსაზღვრული რესპუბლიკური უმაღლესი ორგანოს (ყრილობა, კონგრესი და ა. შ.) გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მიმართოს უზენაეს საბჭოს. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას პარტიამ უნდა უზრუნველყოს თავისი  წესდებით განსაზღვრული რესპუბლიკური უმაღლესი ორგანოს სხდომაზე უზენაესი საბჭოს სამანდატო და დეპუტატის ეთიკის მუდმივი კომისიის სულ ცოტა ორი წევრის დასწრება.

2) ბლოკმა, მასში გაერთიანებული პარტიების უმრავლესობის მხარდაჭერით (ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად), უნდა მიმართოს უზენაეს საბჭოს.

მუხლი 4 . „ა“ ტიპის პარტიას უფლება აქვს აღძრას უზენაესი საბჭოდან ნებისმიერი დეპუტატის გაწვევის საკითხი, რომელიც არჩევნების დღემდე შეყვანილი იყო მის პარტიულ სიაში.

მუხლი 5. „ბ“ ტიპის პარტიას უფლება აქვს აღძრას საკითხი უზენაესი საბჭოდან იმ დეპუტატის გაწვევის თაობაზე, რომელიც არჩევნების დღემდე ამ „ბ“ ტიპის პარტიის წევრი იყო, ან იყო უპარტიო და არჩევნებში მონაწილეობდა შესაბამისი საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით. „ბ“ ტიპის პარტიის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მან მხარდაჭერისათვის უნდა მიმართოს ბლოკში გაერთიანებულ სხვა პარტიებს.

მუხლი 6.  „ა“ ტიპის პარტიის ან ბლოკის თვითლიკვიდაციის შემთხვევაში მისი პარტიული სიით უზენაეს საბჭოში არჩეული დეპუტატის გაწვევის საკითხს აღძრავს უზენაესი საბჭოს სამანდატო და დეპუტატის ეთიკის მუდმივი კომისია.

მუხლი 7.  „ბ“ ტიპის პარტიის თვითლიკვიდაციის შემთხვევაში უზენაესი საბჭოს იმ დეპუტატის, რომელიც არჩევნების დღემდე იყო ამ „ბ“ ტიპის პარტიის წევრი, გაწვევის საკითხის აღძვრის უფლება აქვთ შესაბამის ბლოკში გაერთიანებულ სხვა პარტიებს ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 8.  უზენაეს საბჭოში პროპორციული წესით არჩეული დეპუტატის გაწვევის საკითხის აღძვრის შემდეგ ამ საკითხს პერსონალურად, თითოეული დეპუტატის მიმართ, განიხილავს უზენაესი საბჭო. დეპუტატი გაწვეულად ჩაითვლება და მისი უფლებამოსილება შეწყდება, თუკი გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის  3/4  მაინც.

მუხლი 9. უზენაეს საბჭოში პროპორციული წესით არჩეული დეპუტატის გამოკლებისას მის ადგილს უზენაეს საბჭოში იკავებს „ა“ ტიპის პარტიის ან ბლოკის მიერ პარტიული სიიდან შერჩეული დეპუტატობის კანდიდატი, რისთვისაც „ა“ ტიპის პარტიის ხელმძღვანელმა პირმა ან ბლოკში გაერთიანებული „ბ“ ტიპის პარტიების უმრავლესობის ხელმძღვანელმა პირებმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ უზენაეს საბჭოს. ასეთ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დეპუტატობის კანდიდატის თანხმობა.

 

III. საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის საბჭოდან გაწვევის, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და ადგილმონაცვლეობის წესი

 

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 10. უზენაეს საბჭოში მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის გაწვევის შემდეგ უზენაესი საბჭო დადგენილებით წყვეტს დეპუტატი უფლებამოსილებას, თუ დაადგენს, რომ შესაბამის საარჩევნო ოლქში უზენაესი საბჭოდან დეპუტატის გაწვევასთან დაკავშირებული კენჭისყრის შედეგები გაყალბებული არ იყო.

მუხლი 11. მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატის უზენაესი საბჭოდან გაწვევის შემთხვევაში შესაბამის საარჩევნო ოლქში ტარდება ხელახალი არჩევნები კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 12. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაწეულ იქნეს ნებისმიერ დროს, თუ მისი მოღვაწეობა ეწინააღმდეგება წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად თეზისებს.

მუხლი 13.  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოდან დეპუტატის გაწვევა ეწყობა შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა მიერ პირდაპირი, საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

მუხლი 14.  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოდან დეპუტატის გაწვევის უფლება განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი  საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის მე-2 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

მუხლი 15. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოდან დეპუტატის გაწვევის კენჭისყრა თანასწორია. ყოველ ამომრჩეველს ერთი ხმა აქვს, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი კენჭისყრაში თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.

მუხლი 16. დეპუტატის გაწვევის კენჭისყრა პირდაპირია. ამომრჩევლები უშუალოდ ახორციელებენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოდან დეპუტატის გაწვევას.

მუხლი 17. დეპუტატის გაწვევა ტარდება ფარული კენჭისყრით; კონტროლი ამომრჩეველთა ნების გამოვლენისადმი დაუშვებელია.

მუხლი 18. დეპუტატის გაწვევის ჩატარებას უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიები, რომლებიც იქმნება საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების, შრომითი კოლექტივების, საშუალო სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლების კოლექტივების, ამომრჩეველთა ჯგუფების წარმომადგენლებისაგან.

მუხლი 19. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოდან დეპუტატის გაწვევის მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობენ როგორც პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების, შრომითი კოლექტივების, საშუალო სპეციალური უმაღლესი სასწავლებლების კოლექტივების მეშვეობით, ისე უშუალოდაც.

მუხლი 20. უზენაესი საბჭოდან დეპუტატის გაწვევის საკითხის აღძვრის უფლება აქვს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა ჯგუფს ან შესაბამის პარტიას.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევის საკითხი შეიძლება აღიძრას მხოლოდ შესაბამისი დასაბუთების არსებობისას.

მუხლი 21. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოდან დეპუტატის გაწვევის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

ამ ხარჯების სავარაუდო ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, ხარჯების ფაქტობრივ ოდენობას ადგენს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია.

მუხლი 22. საჯაროობა გაწვევის მომზადებისა და ჩატარების დროს, აგრეთვე პასუხისმგებლობა გაწვევის შესახებ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის მე-11 მუხლთა და მე-12 მუხლის პირველი ნაწილით.

მუხლი 23.  საქართველოს  რესპუბლიკის უზენაესი საბჭოდან  გაწვეულ დეპუტატს ერთი ვადით ეკრძალება საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში დეპუტატობის კანდიდატად წარდგინება.

 

თავი II

 

გაწვევის დანიშვნა

 

მუხლი 24. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამანდატო და დეპუტატის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოდან წევრის გაწვევას ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 თვის ვადაში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ექვსი თვისა.

ცნობა გაწვევის მოწყობის დღის შესახებ ქვეყნდება რესპუბლიკურ და ადგილობრივ გაზეთებში გაწვევის დანიშვნიდან არა უგვიანეს 2 დღისა.

 

თავი III

 

საარჩევნო კომისიები

 

მუხლი 25. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოდან დეპუტატის გაწვევას ახორციელებენ საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ჩასატარებლად შექმნილი საარჩევნო კომისიები:

ა) საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების საოლქო საარჩევნო კომისიები;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიები.

 

თავი IV

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის გაწვევის საკითხის აღძვრა

 

მუხლი 26. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის გაწვევის საკითხის აღძვრისას შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა სულ ცოტა 10-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. განცხადებაში, დეპუტატის გაწვევის მოტივის გარდა, აღნიშნული უნდა იყოს საინიციატივო ჯგუფის წევრთა სახელი, გვარი, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები, თარიღი და იგი დადასტურებული უნდა იყოს მათი ხელმოწერით.

საინიციატივო ჯგუფის შექმნის უფლება აქვს შესაბამის პარტიებსაც.

მუხლი 27.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადების რეგისტრაციის თაობაზე საინიციატივო ჯგუფს ეძლევა ცნობა და უფლება შეაგროვოს ოლქის ამომრჩეველთა ხელმოწერები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ხელმოსაწერი დოკუმენტის ყოველ ფურცელზე უნდა იყოს საინიციატივო ჯგუფისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეთანხმებული ტექსტი, ამ ტექსტის მხარდამჭერი ამომრჩევლების ხელით დაწერილი ამომრჩევლის სახელი, გვარი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პასპორტის სერია და ნომერი, ხელმოწერის თარიღი და ხელმოწერა. ფურცლები დანომრილი უნდა იყოს. თითოეული გვერდი უნდა დამოწმდეს საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით.

მუხლი 28. საინიციატივო ჯგუფმა ორი კვირის ვადაში უნდა მოაგროვოს შესაბამისი ოლქის ამომრჩეველთა მხარდამჭერი ხელმოწერები ოლქის ამომრჩეველთა საერთო რიცხვის სულ ცოტა 10 პროცენტის ოდენობით.

მუხლი 29. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მითითებით საოლქო საარჩევნო კომისია, უზენაეს საბჭოს წევრის ნდობით აღჭურვილ პირებთან ერთად, ორი კვირის ვადაში, შერჩევითად ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერის სისწორეს. იმ შემთხვევაში, თუკი მხარდამჭერთა საერთო რიცხვის 5 პროცენტის ხელმოწერის სისწორე არ დადასტურდება (თითოეულ ასეთ შემთხვევაში დგება სათანადო აქტი), ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიის წარდგენის საფუძველზე აუქმებს საინიციატივო ჯგუფის საქმიანობას.

მუხლი 30. საინიციატივო ჯგუფის მიერ ამ კანონის მოთხოვნების დაცვით შესრულებული მოთხოვნა დეპუტატის გაწვევის საკითხის აღძვრის შესახებ საოლქო კომისიის მიერ 3 დღის ვადაში ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც ყველა საბუთს 2 დღის ვადაში უგზავნის უზენაესი საბჭოს სამანდატო და დეპუტატის ეთიკის მუდმივ კომისიას.

მუხლი 31. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამანდატო და დეპუტატის ეთიკის მუდმივი კომისია ერთი კვირის ვადაში განიხილავს უზენაესი საბჭოს დეპუტატის გაწვევასთან დაკავშირებულ მასალებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ავალებს მოცემულ ოლქში უზრუნველყოს უზენაეს საბჭოში არჩეული დეპუტატის გაწვევის კენჭისყრა.

 

თავი V

 

გაწვევის ბიულეტენი

 

გაწვევის ბიულეტენის შედგენა-დამზადება ხორციელდება საარჩევნო კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად.

 

თავი VI

 

უზენაესი საბჭოდან გასაწვევი დეპუტატის საქმიანობის გარანტიები.

 

საინიციატივო ჯგუფის გარანტიები

 

მუხლი 32. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოდან დეპუტატის გაწვევის კენჭისყრის შედეგების დადგენამდე დეპუტატი სარგებლობს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსით დადგენილი უფლებამოსილებით.

დეპუტატისა და საინიციატივო ჯგუფის გარანტიები განსაზღვრულია საარჩევნო კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 44-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 48-ე და 49-ე მუხლებით.

 

თავი VII

 

ხმის მიცემის წესი და გაწვევის შედეგების დადგენა

 

ხმის მიცემის წესი და გაწვევის შედეგების დადგენა ხორციელდება საარჩევნო კანონის 50-ე, 51-ე, 52-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად.

მუხლი 33. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს: გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რიცხვის საარჩევნო ოლქში, გაწვევის კენჭისყრაში მონაწილეთა რიცხვს, ხმის მიცემის მონაწილეთა რიცხვს, თითოეული გადაწყვეტილებისათვის მიცემული ხმებისა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას.

დეპუტატი  გაწვეულად ითვლება, თუკი მის გაწვევას მხარს დაუჭერს ხმის მიცემის მონაწილეთა ნახევარზე მეტი და გაწვევა ჩატარებულად ჩაითვალა.

გაწვევა ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტმა.

საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია გაწვევის კენჭისყრა ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბნებში, სადაც მოხდა ამ კანონის უხეში დარღვევა. საჩივარი ასეთი დარღვევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს არჩევნების მომდევნო დღისა.

იმ შემთხვევაში, თუ გაწვევის კენჭისყრა არ ჩაითვლება ჩატარებულად, ხელმეორე კენჭისყრა არ ეწყობა. ასეთ შემთხვევაში გაწვევის კანდიდატს უნარჩუნდება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსი.

საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ამტკიცებს არჩევნების შედეგს და ადენს ოქმს.

ოქმის ცალთა რაოდენობა სამია. ოქმის ყველა ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები, მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი.

ოქმის პირველი ცალი და გამოუყენებელი ბიულეტენები გაწვევის კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით. მეორე ცალი ინახება თვით საოლქო კომისიაში, მესამე ცალი კი უნდა ჩაბარდეს გაწვევის კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს.

მუხლი 34. ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიღებული ოქმის საფუძველზე ამტკიცებს ოლქში ჩატარებული გაწვევის შედეგებს და 2 დღის ვადაში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამანდატო და დეპუტატის ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი წესით აწვდის მას აუცილებელ ინფორმაციას.

შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რესპუბლიკურ გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოთი აქვეყნებს ცნობას გაწვევის შედეგების შესახებ.

მუხლი 35. თუ კენჭისყრა ბათილად არის ცნობილი ოლქის ერთ ან რამდენიმე უბანში, ხელახალი ხმის მიცემა ეწყობა მხოლოდ ამ უბნებში.

ხმის ხელახალი მიცემა ეწყობა გაწვევის კენჭისყრიდან ერთი კვირის შემდეგ და მისი შედეგები განისაზღვრება გაწვევის პირველი ტურისათვის დადგენილი წესით.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე     ზ. გამსახურდია

 

თბილისი, 1991 წლის 27 თებერვალი.