დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 265 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020090000.10.003.023476 |
|
„კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის №301 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2013, 020090000.10.003.017468) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის“:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახური – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პოლიტიკის დეპარტამენტის შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს კოლექტიური დავის მედიაციის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მედიაცია − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ დანიშნული მედიატორის (შემდგომში − მედიატორი) უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით წარმართული მხარეთა შემათანხმებელი პროცედურა.“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. შემათანხმებელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს შემათანხმებელი კომისია.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რის შესახებაც წერილობით ეცნობებათ კოლექტიური დავის მხარეებს.“; გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. კოლექტიური დავის მხარეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს. მხარემ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით.“; დ) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მხარის წერილობითი მიმართვის ან ამავე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული მინისტრის დავალების შესაბამისად, კოლექტიური დავის მედიაციის საორგანიზაციო სამსახური (შემდგომში − მედიაციის საორგანიზაციო სამსახური) შეისწავლის კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს და შესაფერის შემთხვევაში უზრუნველყოფს კოლექტიურ დავაზე მედიატორის კანდიდატის მინისტრისთვის წარდგენას და მისი დანიშვნისთვის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. კოლექტიურ დავაზე მედიაცია შეიძლება ერთდროულად ერთმა ან რამდენიმე მედიატორმა წარმართოს. ერთზე მეტი მედიატორის პროცესში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კოლექტიურ დავაზე დასანიშნი მედიატორის კანდიდატზე მინისტრის თანხმობის შემთხვევაში, მედიაციის საორგანიზაციო სამსახურთან შეთანხმებით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანდიდატისგან მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“; დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ერთ კოლექტიურ დავაზე მედიატორი ინიშნება მხოლოდ ერთხელ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია იმავე კოლექტიურ დავაზე იმავე ან სხვა მედიატორის დანიშვნა; ბ) კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის შემდეგ, ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისას; გ) მედიატორთა რეესტრის სხვა მედიატორების მიერ მედიაციის პროცესის წარმართვა შეუძლებელია; დ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება.“. 4. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მედიაციის მომსახურების დღიური ღირებულება შეადგენს 120 ლარს;“. 5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატისა და დანიშნული მედიატორის ძირითადი ვალდებულებები და უფლებამოსილებები 1. კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის კანდიდატი ვალდებულია, დავაზე მედიატორად დანიშვნამდე, მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს აცნობოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების ან სხვა ობიექტური გარემოების არსებობის თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის წარმართვას. 2. პირს უფლება არ აქვს, იყოს მედიატორი საქმეზე, თუ იგი მედიაციის პროცესის დაწყებამდე იყო იმავე საქმის ან მასთან არსებითად დაკავშირებული სხვა საქმის მხარე ან ამ მხარის წარმომადგენელი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან თუ მან სხვა სახის იურიდიული ან/და აუდიტორული მომსახურება გაუწია მედიაციის მხარეს. 3. მედიატორს უფლება არ აქვს, კოლექტიური დავის მედიაციის დასრულების შემდეგ იმოქმედოს რომელიმე მხარის ინტერესების დასაცავად იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე. 4. კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მედიაციის პროცესის კეთილსინდისიერებისა და თანასწორობის, კონფიდენციალურობის, მედიატორის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით ჩატარება; ბ) მორიგების მიღწევის პროცესში დაიცვას დამოუკიდებელი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპი. მედიატორი არ არის უფლებამოსილი, მხარეთა შორის არსებული დავის საბოლოო გადაწყვეტასთან დაკავშირებით თავად მიიღოს გადაწყვეტილება; გ) მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის დაწყების შემდეგ, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, იმ გარემოების გამოვლენისთანავე, რომელმაც შეიძლება საეჭვო გახადოს მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, შეატყობინოს მხარეებს აღნიშნული გარემოების შესახებ; დ) მედიაციის დაწყებამდე მხარეებს განუმარტოს მედიაციის პროცესის წარმართვის პრინციპები, მედიატორის როლი, მხარეთა უფლებები, მათ შორის, მედიაციის პროცესში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობის უფლება, მხარეთა მოვალეობები, მედიაციის შესაძლო შედეგები და მხარეთა მიერ შეთანხმების მიღწევის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების წესი, აგრეთვე − მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებისა და მისი ფარგლების შესახებ; ე) დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით, აცნობოს მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ან სხვა გარემოების თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის წარმართვას; ვ) მედიაციის დასრულებისას, ასევე მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, საორგანიზაციო სამსახურში წარადგინოს ანგარიში კოლექტიურ დავასთან დაკავშირებით, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს მედიატორის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს; ზ) გამორიცხოს მედიაციასთან დაკავშირებით რაიმე ანაზღაურების მიღება (მათ შორის, ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით), გარდა მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურებისა; თ) ჯეროვნად შეასრულოს ამ წესითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. 5. მედიატორი უფლებამოსილია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოითხოვოს მედიაციის პროცესში მხარის ან მხარეთა უშუალო მონაწილეობა. 6. მედიატორი უფლებამოსილია, მედიაციის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მედიაციის მიმდინარეობისას, მხარეებს შესთავაზოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. 7. ამ წესისა და მედიატორთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობათა (ვალდებულებათა) დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 6. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 მუხლები: „ მუხლი 8. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება 1. მედიაციის პროცესი, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, კონფიდენციალურია, თუ ამ ინფორმაციის გამცემ პირსა და მხარეს/მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მედიაციის მონაწილეებმა არ შეიძლება გამოიყენონ სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის დროს ან დავის ნებისმიერი სხვა საშუალებით განხილვის პროცესში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. კონფიდენციალურობის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც: ა) ინფორმაციის გაცემა აუცილებელია პირის კანონიერი ინტერესის დაცვისთვის; ბ) ინფორმაციის გამჟღავნება სასამართლოს, საგამოძიებო ორგანოს ან სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე სხვა გადაწყვეტილებითაა გათვალისწინებული; გ) მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას კონფიდენციალურობის დაცვის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია მხარისათვის მედიაციის დაწყებამდე იყო ცნობილი ან იგი მან კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებით მიიღო, ან ეს ინფორმაცია სხვაგვარად მოხვდა საჯარო სივრცეში ისე, რომ მხარეს ამ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება პირდაპირ ან არაპირდაპირ არ დაურღვევია; დ) ინფორმაციის წარდგენა ხდება სამედიაციო მორიგების შედგენის ფაქტის დასამტკიცებლად, როდესაც მეორე მხარე სადავოს ხდის ან უარყოფს ამ ფაქტს; ე) სამედიაციო მორიგების შინაარსის გამჟღავნება აუცილებელია მის ნებაყოფლობით შესასრულებლად ან იძულებით აღსასრულებლად. 4. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება მოქმედებს მედიაციის დასრულების შემდეგაც, თუ მხარეებსა და მედიატორს შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 9. კოლექტიური დავის მედიაციის დასრულება 1. კოლექტიური დავის მედიაცია დასრულებულად მიიჩნევა: ა) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან; ბ) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ მედიაციის შეწყვეტაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან; გ) თუ მხარემ წერილობით უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობის გაგრძელებაზე − მხარის მიერ უარის განცხადების დღიდან; დ) თუ ამოიწურა მედიაციისათვის განსაზღვრული ვადა − ამ ვადის ამოწურვის დღიდან; ე) თუ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მედიატორმა განაცხადა, რომ მედიაციის გაგრძელება არაგონივრული და გაუმართლებელია − მედიატორის მიერ საორგანიზაციო სამსახურისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის დღიდან; ვ) თუ მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ − მინისტრის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან; ზ) თუ კოლექტიური დავის მხარეებმა, ამ დავის გადაწყვეტის მიზნით, მიმართეს არბიტრაჟს (მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში) ან სასამართლოს − არბიტრაჟისთვის ან სასამართლოსთვის მიმართვიდან. 2. მხარეები ან/და მხარეთა წარმომადგენლები უზრუნველყოფენ სამედიაციო მორიგების შედგენას. მედიატორი შეიძლება დაეხმაროს მხარეებს სამედიაციო მორიგების შედგენაში. 3. სამედიაციო მორიგება წერილობით დგება და მას ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები