დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1580-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/05/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.020566 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 108-ე და 109-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 108. განზრახ მკვლელობა განზრახ მკვლელობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა: ა) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; ბ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; დ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა; ე) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა; ვ) ხულიგნური ქვენა გრძნობით; ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; თ) გენდერის ნიშნით; ი) ჯგუფურად; კ) ოჯახის წევრის მიმართ; ლ) ორი ან ორზე მეტი პირისა; მ) განსაკუთრებული სისასტიკით; ნ) ანგარებით ან შეკვეთით; ო) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; პ) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა); ჟ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.“. 2. 117-ე და 118-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება 1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ე) ოჯახის წევრის მიმართ; ვ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; ზ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; თ) ხულიგნური ქვენა გრძნობით; ი) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; კ) გენდერის ნიშნით; ლ) ჯგუფურად; მ) ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ; ნ) განსაკუთრებული სისასტიკით; ო) ანგარებით ან შეკვეთით; პ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ჟ) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა); რ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება 1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 2. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“. 3. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება 1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 2. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“. 4. 331-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 331. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება 1. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 24 მაისი 2022 წ. N1580-VIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები