დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 17/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060080.70.082.016087 |
|
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“ და ,,ხ“ ქვეპუნქტების, მე-18 და 33-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) საჯარო ურთიერთობების მდივნის (შემდგომში – საჯარო ურთიერთობების მდივანი) საქმიანობის წესი განსაზღვრავს საჯარო ურთიერთობების მდივნის დანიშვნის, დაქვემდებარების, უფლებამოსილებისა და საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს. 2. საჯარო ურთიერთობების მდივანი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. საჯარო ურთიერთობების მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) წინაშე. მუხლი 2. საჯარო ურთიერთობების მდივანის უფლებამოსილებები 1. გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით საჯარო ურთიერთობების მდივნის უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელს. 2. საჯარო ურთიერთობების მდივანი: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის კოორდინირებულ ურთიერთობას; ბ) ხელს უწყობს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას; გ) უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით; დ) კოორდინირებას უწევს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში; ე) ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 3. წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 1. საჯარო ურთიერთობების მდივანი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტში. 2. საჯარო ურთიერთობების მდივანი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. მუხლი 4. საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საჯარო ურთიერთობების მდივნის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაცია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები