„ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 390120000.10.003.023462
251
16/05/2022
ვებგვერდი, 18/05/2022
390120000.10.003.023462
„ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №251

2022 წლის 16 მაისი

   ქ. თბილისი

 

„ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2021, 390120000.10.003.022938) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების“: 

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ წესში მითითებული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ფინანსური რესურსი (მათ შორის, შემოწირულობებით ან/და მიზნობრივი ჩუქების ხელშეკრულების შედეგად მიღებული).“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ)  სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ტყის შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალისა და სხვა იმ სახეობების აღზრდა, რომლებიც გამოიყენება ტყის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე. სანერგე შეიძლება, იყოს მუდმივი ან დროებითი;“.

3. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4.  29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოვლითი ჭრა ხორციელდება 0,7 ან 0,7-ზე მეტი სიხშირის მწიფე ხნოვანებამდე კორომში. მისი მიზანია შერჩეული ხეების ამორჩევითი ჭრის მეთოდით მოჭრის შედეგად განსაზღვრული ადგილისთვის დამახასიათებელი ძვირფასი, მეურნეობისთვის სასურველი სახეობის ხეების ფართობის ერთეულზე თანაბარი განაწილება, მათი განათებით უზრუნველყოფა, აგრეთვე ხის ღეროსა და ვარჯის სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და მერქნის შემატების ზრდისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/გაუმჯობესება.“.

5. 30-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 30. მოვლითი ჭრის სახეები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით  მოვლითი  ჭრები  ტარდება  ნორჩნარ  (არაუმეტეს 20 წლისა),  ახალგაზრდა (21-იდან არაუმეტეს 60 წლისა) და შუახნოვან (61-იდან მწიფემდე) 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში. საქართველოს ტყის კოდექსის 79-ე მუხლით განსაზღვრული მოვლითი ჭრის სახეებია:

ა) განათებითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების (მათ შორის, ქვეტყის), ასევე ბალახის საფარის მოცილებას, მერქნიან მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 20 წლის  ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის ხეების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;

გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 60 წლის (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას, დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;

დ) გავლითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 61 წლიდან კონკრეტული სახეობის სიმწიფის ხნოვანებამდე 10 წლით ადრე (ხოლო იქ, სადაც კანონმდებლობით არ არის ნებადართული სამეურნეო ჭრა, ჭრის განხორციელების ზედა ზღვარი არ იზღუდება) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას, დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით.“.

6. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანიტარიული ჭრა, რომელიც არ მიეკუთვნება ტყის სისტემურ ჭრებს, არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომლის მიზანია, სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. იგი გულისხმობს განსაზღვრულ ადგილზე ხმელი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და ტყის მავნებელ-დაავადებებით ძლიერ დაზიანებული ხეების დადგენილ ვადებში მოჭრასა და გამოზიდვას, აგრეთვე სტიქიის შედეგად მოთხრილი და მოტეხილი ხეების ტყიდან გატანას.“.

7. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 34. სარეკონსტრუქციო ჭრა

1. სარეკონსტრუქციო ჭრა ხორციელდება განსაზღვრული ადგილისათვის ნაკლებად ღირებული და დაბალი წარმადობის კორომებში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით. იგი გულისხმობს არასასურველი ხეების ან/და ქვეტყის, მათ შორის, მარადმწვანე ქვეტყის მოჭრას და ჭრის შედეგად გამოთავისუფლებულ ფართობზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას ან/და ტყის აღდგენას/გაშენებას.

2. საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში სარეკონსტრუქციო ჭრები მიზნად უნდა ისახავდეს  ესთეტიკური თვისებებითა და მდგომარეობით  გამორჩეული დახურული (0,6 და მეტი სიხშირის), ნახევრად დახურული (0,3 − 0,5 სიხშირის) და ღია ტიპის ლანდშაფტების შექმნას.

3. სარეკონსტრუქციო ჭრის ჩატარებისას მოსაჭრელი ხეების შერჩევა შესაძლებელია, განხორციელდეს კვარტალის ფარგლებში.

4. ერთეული ხეების ჭრა შესაძლებელია, განხორციელდეს ისეთ ფართობებზე, სადაც დადგენილი ჭრის წესებით ვერ დაიგეგმება სატყეო სამეურნეო ღონისძიებები კორომებში არსებული ერთეული მწიფე და მწიფეზე უხნესი დიდი ხეების (ზეხმელი, ფაუტი, თავღორი, ძლიერ გაბარჯღული, დიდნუჟრიანი და ხეები, ძირიდან შეტოტვილი ვარჯით) ჭრით, თუ მათ რაიმე სხვა დანიშნულება არ აქვთ და მათი ჭრით არ შეიქმნება დიდი ფანჯრები, რომლებიც ხელს შეუწყობს მარადმწავენე ქვეტყის გავრცელებას.

5. ტრადიციული მეთოდით ერთეული ხეების გამოღება ხდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 ან მე-7 მუხლით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დაცულ ტყესა და საქართველოს ტყის კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტყეში:

ა) ერთეული ხეების გამოღება ტრადიციული მეთოდით შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ ამონაყრით კორომებში, პირველ რიგში, იჭრება ზეხმელი, ფაუტი, თავღორი, ძლიერ გაბარჯღული, დიდნუჟრიანი, გადატეხილი და ხეები, ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, რომელთა ბუნებრივად წაქცევამ შეიძლება, ხელი შეუწყოს ციცაბო ფერდობებზე ეროზიული პროცესების განვითარებას;

ბ) ამონაყრით კორომებში, სადაც  ერთ ძირზე არის 10 და მეტი  სხვადასხვა ტაქსაციური დიამეტრის ამონაყარი, თითოეული ძირკვიდან იჭრება 8 სმ-ისა და მეტი დიამეტრის 2-3 ერთეული ამონაყარი;

გ) ამონაყრით კორომებში, სადაც ერთ ძირზე ამონაყრის რაოდენობა 5-იდან 10-მდეა, ასეთ შემთხვევაში თითოეული ძირკვიდან იჭრება 8 სმ-ისა და მეტი დიამეტრის 1 ან 2 ერთეული ხე;

დ) ტრადიციული მეთოდიდან გამომდინარე, ამონაყრით კორომებში ჭრები შესაძლებელია,  განხორციელდეს არა მთელ სატაქსაციო უბანში (ლიტერში) ერთჯერადად, არამედ ეტაპობრივად, მცირე ინტენსივობით,  ყოველწლიურად მოიჭრას საერთო მარაგის 5%-მდე ოდენობით;

ე)   ერთეული ხეების გამოღების ტრადიციული მეთოდით ჩატარებისას ჭრა ტარდება 350 და მეტი დაქანების ფერდობებზეც;

ვ) მოსაჭრელი მარაგის ოდენობა პირველ რიგში განისაზღვრება  ტყის მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, მათ მიერ მოთხოვნილი რესურსის გათვალისწინებით;

ზ) ტრადიციული მეთოდით ერთეული ხეების გამოღებისას მოსაჭრელი ხეების შერჩევა შესაძლებელია, განხორციელდეს კვარტალის ფარგლებშიც;

თ) ერთეული ხეების გამოღება ტრადიციული მეთოდით აკრძალულია ზვასაშიშ, მეწყერსაშიშ და ქვათაცვენის  ადგილებში,  დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, გარდა ეროვნული პარკისა, აღკვეთილისა, დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებისა, ამ დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად.“.
8. 35-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 39. ხეტყის დამზადების საკითხის მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში

ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე, მოვლითი, სანიტარიული ან/და სარეკონსტრუქციო ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი (თუ ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის მიზნით, უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.“.

10. დანართ №4-ის ფორმა №2-ის 1.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.5. მოსამზადებელი სამუშაოები

მოსამზადებელი სამუშაოები მიმართულია ისეთი ინფორმაციის მოპოვებისაკენ, რომელიც იქნება ტპმ-ის საფუძველი, როგორც რეგიონულ, ისე ლოკალურ დონეზე ტყის მავნე ორგანიზმების შერჩევისათვის. ტყის პათოლოგიური მონიტორინგის მოსამზადებელი სამუშაოები მდგომარეობს შემდეგში:

● ლიტერატურის/ინფორმაციის [1] დამუშავება, რათა მოხდეს თითოეული რეგიონისათვის დამახასიათებელი მავნებლის/დაავადებების განსაზღვრა, ამის საფუძველზე კი მოხდეს ტპმ-ის უმთავრესი ობიექტების განსაზღვრა;

● ტყის დამახასიათებელი შემდეგი მონაცემების შეგროვება:

● ტყით დაფარული ფართობი, ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობების მიხედვით: წიფელი, ნაძვი, სოჭი, მუხა, რცხილა და სხვა;

● კორომის წარმოშობა (ბუნებრივი/ხელოვნური);

● ტყის დროებითი სანერგეების არსებობა;

● სახელმწიფო ტყეში არსებული მიწების აღწერა და მოკლე დახასიათება;

● ძირითადი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ანალიზი, ტყითსარგებლობის სახეების გამოვლენა და მათი ზეგავლენის დადგენა ტყეზე;

● აუცილებელი კარტოგრაფიული მასალების დამუშავება, რომლებიც უნდა მოიცავდეს რეგიონის სქემებსა და რუკებს, რომლებიც გვიჩვენებს სატყეო უბნების საზღვრებს, ასევე ტყის გავრცელების საზღვრებსა და სხვა.

მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ ხდება ტპმ-ის წინასწარი სისტემის შედგენა რეგიონისათვის, კერძოდ:

● როგორი შემადგენლობის კორომებში, რა ლოკაციაზე არის მიზანშეწონილი მუდმივი დაკვირვების სანიმუშო ფართობების გამოყოფა;

● რომელი პათოლოგიური ფაქტორები, მათ შორის: მწერები, სოკოები, ვირუსები, ბაქტერიული დაავადებები, ანთროპოგენური, სტიქიური ან სხვა საჭიროებენ აუცილებელ კონტროლს, აღრიცხვასა და პროგნოზირებას. მათ შესაბამისად კი, რომელ სატყეო უბნებში, სატყეოებში, კვარტალებში არის მათზე მუდმივი დაკვირვების წერტილების (სანიმუშო ფართობების) ორგანიზება საჭირო;

● რეგიონის თავისებურებებზე მორგებული რომელი ძირითადი კონტროლის მექანიზმები უნდა იქნეს გამოყენებული ამა თუ იმ პათოლოგიური ფაქტორის გავრცელების რისკების შესაფასებლად.

საველე სამუშაოები – სანიმუშო ფართობების აღება ძირითადად ხდება (ზემოთ) დეტალურ კვლევაში წარმოდგენილი მეთოდების შესაბამისად.

სანიმუშო ფართობებზე მონიტორინგის წარმოება − ხორციელდება ტპმ-ის ძირითადი ობიექტების ბიოლოგიიდან გამომდინარე; მონიტორინგი ძირითადად ხორციელდება დეტალური კვლევის გამოყენებით.

[1] უწყებრივი მონაცემებიდან გამოიყენება ტყეთმოწყობისა და ტყის პათოლოგიური გამოკვლევების სხვადასხვა წლის ანგარიშები, მათ შორის,  სპეციალიზებული ექსპედიციების, სტატისტიკური და სხვა მონაცემები უკანასკნელი 10 − 20 წლის. ტყის დაცვითი ღონისძიებების პროექტები, მათ შორის, საავიაციო და სახმელეთო, ასევე პროფილაქტიკური (გამოხშირვა და სხვა), სახელმწიფო ტყისთვის (თითოეული რეგიონისათვის) დამახასიათებელი კლიმატური პირობების შესახებ ინფორმაცია სანიმუშო ფართობზე მონიტორინგის წარმოება – ხორციელდება  ტპმ-ის ძირითადი ობიექტების ბიოლოგიიდან გამომდინარე; მონიტორინგი ძირითადად ხორციელდება დეტალური კვლევის გამოყენებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი