„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 19-86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 05/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016688
19-86
29/09/2021
ვებგვერდი, 19/05/2022
480610000.03.030.016688
„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“


 

საქართველოს მთავრობა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრის მიზნით, ხელმძღვანელობენ რა მათი სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესებით, შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

მხარეთა შორის თანამშრომლობა სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში ხორციელდება წინამდებარე შეთანხმებითა და მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 2

წინამდებარე შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელ უფლებამოსილ ორგანოებს წარმოადგენენ:

საქართველოს მთავრობის სახელით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო;

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო.

 

მუხლი 3

მხარეები სტანდარტიზაციის მოქმედი სისტემების ურთიერთაღიარებით უზრუნველყოფენ თანამშრომლობას უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით სტანდარტების ჰარმონიზაციისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ურთიერთმიწოდებულ პროდუქციაზე.

 

მუხლი 4

მხარეები, მათ მიერ შეთანხმებული წესით, აღიარებენ მეორე მხარის შესაბამისობის შეფასების აკრედიტებულ და/ან დასახელებულ (უფლებამოსილ) ორგანოებს, საგამოცდო ლაბორატორიებს, მათ მიერ გაცემულ სერტიფიკატებს და გამოცდების შედეგებს ურთიერთმიწოდებულ პროდუქციაზე;

პროდუქციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის მწარმოებელს, ხოლო შესაბამისობის შეფასების სამუშაოების შედეგების უტყუარობაზე – აკრედიტებულ და/ან დასახელებულ (უფლებამოსილ) ორგანოს.

 

მუხლი 5

მხარეებს უფლება აქვთ განახორციელონ იმ იმპორტირებული პროდუქციის შერჩევითი კონტროლი, რომელზეც ვრცელდება ამ შეთანხმების მოქმედება, მხარეთა სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. პროდუქციაში ნაკლოვანებების გამოვლენის შემთხვევაში, რომელთა არსებობაც მის გამოყენებას ხდის საშიშს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ქონებისა და გარემოსათვის, მხარეები იღებენ ზომებს თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 6

მხარეები, მათ მიერ შეთანხმებული წესით, აღიარებენ: გაზომვის საშუალებების (შემდგომში გს) გამოცდების, რომლებიც ჩატარებულია ტიპის აღიარების და დამტკიცების მიზნით, დამოწმების, დაკალიბრების, მეტროლოგიური ატესტაციის შედეგებს, რომლებიც განხორციელებულია მეტროლოგიის სფეროში უფლებამოსილი ან/და აკრედიტებული ორგანოების მიერ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 7

წინამდებარე შეთანხმების მოქმედება ვრცელდება პროდუქციაზე, რომელიც წარმოებულია მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

 

მუხლი 8

მხარეები შეთანხმდნენ გაცვალონ:

ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის შესახებ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში;

სასწავლო პროგრამები, სემინარებისა და კონფერენციების პროგრამები სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში.

 

მუხლი 9

მხარეებს შეუძლიათ აღმოუჩინონ ურთიერთმხარდაჭერა სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისას, რომელთა წევრიც არის ერთ-ერთი მხარე, აგრეთვე ამ ორგანიზაციების ფარგლებში მუშაობისას.

 

მუხლი 10

მხარეები უზრუნველყოფენ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ მიღებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობას, თუკი ერთ-ერთი მხარე აფრთხილებს ასეთი კონფიდენციალობის შესახებ. ეს ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს მხოლოდ მისი წარმომდგენი მხარის წერილობითი ნებართვით.

 

მუხლი 11

წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულებისთვის უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ დამატებით შეთანხმებებსა და ოქმებს.

 

მუხლი 12

მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტების ან გამოყენებისას წარმოშობილ უთანხმოებებს, მხარეები გადაწყვეტენ უფლებამოსილ ორგანოებს შორის კონსულტაციების გზით. თუკი უთანხმოებები არ გადაწყდება უფლებამოსილი ორგანოების მიერ 60 (სამოცი) დღის განმავლობაში, მათი გადაწყვეტა მოხდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 13

წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ეხება მხარეთა იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლის მონაწილენიც ისინი არიან.

 

მუხლი 14

მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით, წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლით დადგენილი წესით.

 

მუხლი 15

უფლებამოსილ ორგანოებს შორის შეთანხმების შესაბამისად წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის დაფინანსება ხორციელდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სახსრების საფუძველზე.

 

მუხლი 16

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ დიპლომატიური არხებით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

წინამდებარე შეთანხმება ფორმდება 5 (ხუთი) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით, თუკი  არც ერთი მხარე, მორიგი ვადის დასრულებამდე 6 (ექვსი) თვით ადრე, დიპლომატიური არხებით წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ მოქმედებას წყვეტს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 1997 წლის 18 თებერვალს გაფორმებული შეთანხმება.

 

შესრულებულია ქ. ბაქოში, 2021 წლის 29 სექტემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოებების წამოჭრის შემთხვევაში, გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

ხელმოწერილია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

ხელმოწერილია