„საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 330-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 22/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016687
330-1
14/04/2021
ვებგვერდი, 24/05/2022
480610000.03.030.016687
„საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 
შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ


საქართველოს მთავრობა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობა შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,

სურთ რა ხელი შეუწყონ, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების ურთიერთხელსაყრელ განვითარებას,

თანასწორ და ურთიერთხელსაყრელი პირობების საფუძველზე თავიანთ ქვეყნებს შორის და ტრანზიტად მათი სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების რეგულირების გაიოლების მიზნით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

სფერო

1. წინამდებარე შეთანხმების დებულებები ვრცელდება სამგზავრო გადაყვანებისა  და სატვირთო გადაზიდვებისადმი, რომლებიც სრულდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საქართველოსა და  ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი მიმოსვლის, ტრანზიტად მათი სახელმწიფოების ტერიტორიების გავლის, აგრეთვე მესამე ქვეყნებში ან მესამე ქვეყნებიდან მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლა/გასვლისას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლისათვის განკუთვნილი გზებით. 

2. წინამდებარე შეთანხმება არ ზემოქმედებს ხელშემკვრელი მხარეების უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც გამომდინარეობენ შესაბამისი ხელშემკვრელი მხარისათვის მოქმედი სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებიდან.

მუხლი 2

განსაზღვრებები

 

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის ტერმინები ნიშნავს:     

1)   „გადამზიდველი“  – ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვა კომერციულ საფუძველზე ან საკუთარი ხარჯით.

2) „ავტოსატრანსპორტო საშუალება“:

ა) სატვირთო ავტომობილს, სატვირთო ავტომობილს მისაბმელით, საავტომობილო საწევარს ან საავტომობილო საწევარს ნახევარმისაბმელით;

ბ) ავტობუსს, რომელიც განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად და რომელსაც გააჩნია 9-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი, მძღოლის ადგილის ჩათვლით, მისაბმელით მგზავრების ბარგის გადასატანად ან მის გარეშე.

3) „ნებართვა“ – თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად გაცემულ დოკუმენტს, რომელიც მის მფლობელს აძლევს უფლებას განახორციელოს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ნებართვაში მითითებული სატვირთო გადაზიდვა ან სამგზავრო გადაყვანა, ნებართვაში მითითებული პერიოდის განმავლობაში.

4) „სპეციალური ნებართვა/რეკომენდაცია“ – დოკუმენტს, რომელიც გადამზიდველს აძლევს უფლებას შეასრულოს მსხვილგაბარიტიანი და  მძიმეწონიანი, ასევე სახიფათო ტვირთების გადაზიდვა იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს  კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება გადაზიდვა.

5) „რეგულარული სამგზავრო გადაყვანები“ – გადაყვანებს, რომლებიც ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული განრიგით, დამტკიცებული ტარიფებით და განსაზღვრულ მარშრუტზე დადგენილი გაჩერების პუნქტების მითითებით. რეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელების პირობები განისაზღვრება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.

6) „არარეგულარული სამგზავრო გადაყვანები“ – სამგზავრო გადაყვანებს, რომელთა განხორციელების პირობები განისაზღვრება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შემკვეთსა და გადამზიდველს შორის.

7) „სანიტარიული კონტროლი“ – სანიტარიულ, ვეტერინალურ, აგრეთვე ფიტოსანიტარიულ კონტროლს.

8) „ტრანზიტი“ – ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დაფუძნებული გადამზიდველის მიერ დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიის გავლას, რომლის დროსაც არ ხდება მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომა და ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვა.

9) „კაბოტაჟი“ – ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადამზიდველის მიერ მგზავრების გადაყვანას და ტვირთების გადაზიდვას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის.

10) „სახიფათო ტვირთი“ – ნივთიერებებს ან/და ნაკეთობებს, რომლებიც საერთაშორისო ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით.

11)  „კომპეტენტური ორგანოები“:

საქართველოს მხარისათვის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს და/ან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შესაბამის  ორგანოებს.

ტაჯიკეთის მხარისათვის – ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს ან ტაჯიკეთის რესპუბლიკის  კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შესაბამის  ორგანოებს.

მხარეები თავიანთი კომპეტენტური ორგანოების დასახელების ან ფუნქციების ცვლილების შემთხვევაში, დიპლომატიური არხებით  აცნობებენ ერთმანეთს ამის შესახებ.

სამგზავრო გადაყვანები

მუხლი 3

რეგულარული გადაყვანები

 

  1. მხარეთა შორის რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და ტრანზიტული გადაადგილება მათ ტერიტორიაზე ხორციელდება ნებართვის საფუძველზე.  
  2. განაცხადი ნებართვის მისაღებად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს გადამზიდველის დაფუძნების ქვეყანაში. ნებართვაზე განაცხადს თან უნდა ახლდეს საჭირო დამატებითი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები (გასვლის დრო და მიმოსვლის ინტერვალი, მგზავრობის ტარიფი, მოძრაობის მარშრუტი, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმი). საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია ეგზავნება მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, თუ განაცხადი შეთანხმებულია დაფუძნების სახელმწიფოს  კომპეტენტურ ორგანოსთან.
  3. დოკუმენტაციის  მიღებისა და განხილვის შემდეგ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მისი თხოვნის დაკმაყოფილების ან უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
  4. ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო გასცემს ნებართვას მის სახელმწიფო ტერიტორიაზე გადაყვანის  ნაწილზე.
  5. იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდველი გადაწყვეტს შეწყვიტოს რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, მან ნებართვის გაუქმების თაობაზე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვით ადრე წერილობით უნდა აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს გადამზიდველის დაფუძნების ქვეყანაში.  კომპეტენტურმა ორგანომ ზემოაღნიშნული განზრახვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ორი (2) კვირის ვადაში აღნიშნულის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
  6. რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება 1-დან  5 წლის ჩათვლით.

მუხლი 4

არარეგულარული სამგზავრო გადაყვანები

ქვემოთ ჩამოთვლილი არარეგულარული სამგზავრო გადაყვანები ხორციელდება უნებართვო სისტემის საფუძველზე:

1.  მგზავრთა ერთი და იმავე ჯგუფის არარეგულარული გადაყვანა ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით მთელი მგზავრობის განმავლობაში დაწყებული და დამთავრებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანაში იმ პირობით, რომ გადაყვანისა და გაჩერების დროს შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიის გარეთ მგზავრთა ჩასხდომა და გადმოსხდომა არ ხორციელდება.

2.  მგზავრთა ჯგუფის არარეგულარული გადაყვანა ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის გამგზავრების პუნქტიდან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე არსებულ დანიშნულების პუნქტში, რომლიდანაც ავტოსატრანსპორტო საშუალება ბრუნდება ცარიელი.

3. ასევე სატრანსპორტო ოპერაცია, რომელიც მოიცავს დაუტვირთავ გარბენს მგზავრთა იმ ჯგუფის ასაყვანად და გამგზავრების პუნქტში დასაბრუნებლად, რომელიც წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაყვანილ იქნა იგივე გადამზიდველის მიერ.

4.  მწყობრიდან გამოსული ავტობუსის სხვა ავტობუსით შეცვლისას. 

წინამდებარე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გადაყვანების დროს  მგზავრთა ჩასხდომა და გადმოსხდომა ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესაძლებელია მხოლოდ ამ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს თანხმობის შემთხვევაში. ამასთან, მგზავრთა სიის არსებობა აუცილებელია ორივე მიმართულებით.

5. სახელმწიფოებს შორის არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან მათ ტერიტორიებზე ტრანზიტი, გარდა ამ მუხლის 1, 2, 3 და 4 პუნქტებში აღნიშნული გადაყვანებისა, საჭიროებს ნებართვას, რომელიც გაიცემა მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ. იგი იძლევა ერთი რეისის განხორციელების უფლებას პირდაპირი და უკუმიმართულებით.

სატვირთო გადაზიდვები

მუხლი 5

ნებართვები

1. ტვირთების გადაზიდვა ხელშემკვრელ მხარეთა შორის, ასევე ტრანზიტი ან  მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან ხორციელდება ნებართვების საფუძველზე.

2. ნებართვების სახე, მათი მოქმედების ვადა და მათი რაოდენობა შეთანხმებული იქნება ხელშემკვრელ მხარეთა შორის ერთობლივი  კომისიის ფარგლებში.

3.  ნებართვა გაიცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყნის კომპეტენტური  ორგანოს მიერ გადამზიდველის სახელზე. აკრძალულია ამ ნებართვის სხვა გადამზიდველისათვის გადაცემა ან მისი გამოყენება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის.

მუხლი 6

გადაზიდვები, რომლებიც ხორციელდება უნებართვოდ

1. ორმხრივი და ტრანზიტული მიმოსვლისას, შესაბამისი დოკუმენტების არსებობის  შემთხვევაში, ნებართვების გარეშე ხორციელდება შემდეგი გადაზიდვები:

ა) გარდაცვლილთა გვამების და ფერფლის;

ბ) ხელოვნების საგნებისა და ნიმუშების, რომლებიც განკუთვნილია ბაზრობებისათვის, გამოფენებისათვის ან სხვა კულტურული ღონისძიებებისათვის;

გ) სარეკლამო მიზნებით გამოსაყენებელი საგნებისა და მოწყობილობების  (მათი უკან გამოტანის პირობით);

დ) მოძრავი ქონების (გადასახლების დროს);

ე) აპარატურის, რეკვიზიტებისა და ცხოველების, რომლებიც განკუთვნილია თეატრალური, კინოთეატრალური, სპორტული, მუსიკალური და საცირკო ღონისძიებებისათვის, ბაზრობებისა და გამოფენებისათვის, აგრეთვე კინო და ტელეჩაწერისათვის;

ვ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის აუცილებელი ნივთების, კერძოდ სტიქიური უბედურების დროს, აგრეთვე ტვირთებისა ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში;

ზ) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა   სრული დასაშვები მასა მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის  ჩათვლით არ აღემატება 3,5 ტონას.

2. უნებართვოდ ხორციელდება ასევე:

ა) ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, რომელიც გამიზნულია მწყობრიდან გამოსული ან ავარიის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლების, გადაზიდვის ან ბუქსირებისათვის;

ბ) მწყობრიდან გამოსული ან ავარიის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაზიდვა ან ბუქსირება;

გ) მწყობრიდან გამოსული ან ავარიის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რემონტისათვის განკუთვნილი ტექნიკური დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება;

დ) მწყობრიდან გამოსული ან ავარიის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების შემდეგ უკუგარბენი;

ე) ახლად შეძენილი (ახალი ან მეორადი) ავტოსატრანსპორტო საშუალების პირველი გარბენი ტვირთის გარეშე.

საერთო დებულებები

მუხლი 7

ურთიერთთანამშრომლობა

1. ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიებზე შექმნიან თანაბარ პირობებს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოების სატრანსპორტო და სატრანსპორტო-საექსპედიტორო საწარმოებისათვის მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა სატრანსპორტო და სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურებების სფეროში.

2. მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, ხორციელდება მესამე პირების მიმართ მიყენებული ზარალისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პირობით.

3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ განახორციელებს რაიმე ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

4. ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაწესებულ მოსაკრებლებსა და გადასახადებს არ უნდა ჰქონდეთ დისკრიმინაციული ხასიათი მეორე ხელშემკვრელი მხარის გადამზიდველის მიმართ.

მუხლი 8

კაბოტაჟი

ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გადამზიდველებს არ ეძლევათ უფლება შეასრულონ სატვირთო გადაზიდვები და სამგზავრო  გადაყვანები მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ორ პუნქტს შორის.

მუხლი 9

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მასა და გაბარიტები

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მასის, გაბარიტების და ღერძზე დატვირთვის დასაშვები ნორმები დგინდება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

2. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მასის, გაბარიტების და ღერძზე დატვირთვის ნორმები აჭარბებს ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე დასაშვებ ზღვრებს, გადაზიდვისათვის მოითხოვება ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა/რეკომენდაცია.

თუ ეს ნებართვა/რეკომენდაცია ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობას განსაზღვრული მარშრუტით, მაშინ გადაზიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ მარშრუტით.

3. სპეციალური ნებართვა/რეკომენდაცია არ გამორიცხავს გადაზიდვის განსახორციელებლად წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებართვის მიღების აუცილებლობას.

მუხლი 10

სახიფათო ტვირთების გადაზიდვა

1.  სახიფათო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება საერთაშორისო შეთანხმებების, რომელთა მონაწილეც არიან მხარეები და იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც გადის მარშრუტი და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სათანადო  ნებართვის/რეკომენდაციის საფუძველზე.

თუ ეს სპეციალური ნებართვა/რეკომენდაცია ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობას განსაზღვრულ მარშრუტზე, მაშინ გადაზიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ამ მარშრუტზე.

2.  სპეციალური ნებართვა/რეკომენდაცია არ გამორიცხავს წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაზიდვის ნებართვის მიღების აუცილებლობას.

მუხლი 11

დოკუმენტების კონტროლი

1.  სასაზღვრო, საბაჟო და სანიტარიული კონტროლის მიმართებით გამოყენებული იქნება იმ საერთაშორისო შეთანხმებების დებულებები, რომელთა მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი მხარეები, ხოლო ამ შეთანხმებებით დაურეგულირებელი საკითხების გადასაწყვეტად გამოყენებული იქნება თითოეული ხელშემკვრელი  მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

2.   ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ათანხმებენ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა თანახმად განხორციელებულ გადაზიდვებზე კონტროლის განხორციელების ხერხებს. 

3.   თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის სახელმწიფო ტერიტორიაზე ცნობს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტებს და სანომრე ნიშნებს, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების  მოწმობებს.

4.   ნებართვა და სხვა დოკუმენტები, რომლებიც მოითხოვებიან წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, უნდა იყოს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ერთად, რომელსაც ისინი ეკუთვნიან და წარდგენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნისას.

5.   ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლებს, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო გადაზიდვებს მეორე ხელშეკვრელი მხარის სახელმწოფოს ტერიტორიაზე, უნდა გააჩნდეთ ეროვნული ან საერთაშორისო მართვის  მოწმობები, ეროვნული დოკუმენტები შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სხვა დოკუმენტები საერთაშორისო ნორმების თანახმად.

   მუხლი 12

გადასახადები და მოსაკრებლები

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რეგისტრირებულნი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვას წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე თავისუფლდებიან გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან ხელშეკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გადაზიდვების განხორციელებისას ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე იმპორტის გადასახდელებისა და მოსაკრებლისგან თავისუფლდება მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შეტანილი შემდეგი მასალები:

ა) საწვავი, მოთავსებული სატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ, მწარმოებლის მიერ დამონტაჟებულ ავზებში;

ბ) საზეთი მასალები, იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის გადაზიდვის განხორციელებისას;

გ) სათადარიგო ნაწილები და ინსტრუმენტები, რომლებიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმდინარე რემონტისათვის ან აუცილებელია მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მყოფი დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რემონტისათვის.

3. ინსტრუმენტები და გამოუყენებელი სათადარიგო ნაწილები ექვემდებარება ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან გამოტანას. შეცვლილი სათადარიგო ნაწილები ასევე ექვემდებარება გამოტანას ან განადგურებას შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანოების ზედამხედველობით.

მუხლი 13

ერთობლივი კომისია

1. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა დანერგვისა და მის გამოყენებასთან დაკავშირებულ შესაძლო დავების აღმოფხვრის მიზნით  მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ჩამოაყალიბონ ერთობლივი  კომისია.

2. ერთობლივი  კომისია იკრიბება ერთ-ერთი მხარის წინადადებით, მხარეების სახელმწიფოს ტერიტორიაზე მონაცვლეობით. თითოეული შეხვედრა დასრულებული უნდა იქნეს სხდომის ოქმზე მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელების ხელმოწერით.

3. ერთობლივი კომისიის კომპეტენციას აგრეთვე განეკუთვნება:

ა) მგზავრთა გადაყვანისათვის საჭირო ნებართვების გაცემისა და გამოყენების  პროცედურებისა და პირობების შეთანხმება;

ბ) ტვირთის გადაზიდვისათვის საჭირო ნებართვების სახეობის და  რაოდენობის შეთანხმება;

გ) წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების გადაწყვეტა;

დ) წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის  შესახებ წინადადების შემუშავება;

ე) წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა.

მუხლი 14

შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენება

ყველა შემთხვევაში, როცა რეგულირება არ ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების დებულებებით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი მხარეები, გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

მუხლი 15

სანქციები

1. გადამზიდველი ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, პასუხს აგებს იმ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც გადამზიდველი იმყოფება.

2.  მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიან გადამზიდველის სამართალდარღვევებზე.

მუხლი 16

დახმარება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და უბედური შემთხვევების დროს

თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ავარიების ან უბედური შემთხვევების დროს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს სატრანსპორტო საშუალებების ან ეკიპაჟების წევრებისათვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენას, ხოლო მძიმე ავარიების ან უბედური შემთხვევების დროს აღნიშნულის შესახებ აცნობებს  მეორე ხელშემკვრელი მხარეს და ასევე მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შედეგებზე.

მუხლი 17

დავები

წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებისა და გამოყენების თაობაზე ხელშემკვრელ მხარეთა შორის დავები გადაწყდება მოლაპარაკების გზით და ხელშემკვრელ მხარეებს შორის ერთობლივი კონსულტაციებით.

მუხლი 18

ძალაში შესვლა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხებით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

მუხლი 19

შეთანხმების ცვლილება

წინამდებარე შეთანხმებაში მხარეთა თანხმობით შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომელიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-18 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 20

შეთანხმების მოქმედების ვადა

წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.

შესრულებულია 2021 წლის 14 აპრილს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ტაჯიკურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბარი ძალისაა.  წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

ხელმოწერილია

 

ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

ხელმოწერილია