საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 16/05/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016086
014
16/05/2022
ვებგვერდი, 16/05/2022
110060080.70.082.016086
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №014

2022 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ თანდართული წესი.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომის კატეგორიების შესახებ წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განმარტავს საქართველოს პროკურატურის (შემდგომში – პროკურატურა) თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და  დისციპლინური გადაცდომის კატეგორიებს.

მუხლი 2. პროკურატურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები

1. პროკურატურის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია:

ა) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა;

ბ) შეუფერებელი საქციელის ჩადენა;

გ) კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა;

დ) კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება.

2. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევად ჩაითვლება საქართველოს პროკურატურის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა.

3. შეუფერებელი საქციელის ჩადენად ჩაითვლება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებისა და მითითებების დარღვევა.

4. კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობად ჩაითვლება საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის კოდექსის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და სხვა სამართლებრივი აქტების, ასევე საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების ან/და შიდაუწყებრივი მითითების შეუსრულებლობა.

5. კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებად ჩაითვლება საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის კოდექსის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და სხვა სამართლებრივი აქტების, ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების ან/და შიდაუწყებრივი მითითების არაჯეროვანი შესრულება.

მუხლი 3. დისციპლინური გადაცდომების კატეგორიები

1. დისციპლინური გადაცდომები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) მსუბუქი გადაცდომა;

ბ) საშუალო გადაცდომა;

გ) მძიმე გადაცდომა.

2.  მსუბუქ გადაცდომად ჩაითვლება პროკურატურის თანამშრომლის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება.

3. მსუბუქ ან საშუალო გადაცდომად გარემოებათა გათვალისწინებით ჩაითვლება პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, კერძოდ:

ა) პროკურატურის თანამშრომლის მიერ პროკურატურის შინაგანაწესით დადგენილი სამუშაო დროის დასაწყისისა და დასასრულის, ასევე შესვენების დროის არასაპატიო მიზეზით დარღვევა;

ბ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესის დარღვევა;

გ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურიდან დროებით გათავისუფლების წესის დარღვევა;

დ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამუშაო საათებში სამსახურიდან გასვლის დროისა და მიზეზის პროკურატურის შიდასაინფორმაციო ვებგვერდზე (ინტრანეტი) არსებულ ტაბელში ფიქსაციის წესის დარღვევა;

ე) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის დროის სამსახურებრივი მოწმობის საშუალებით საამისოდ განკუთვნილი ტექნიკური საშუალების მეშვეობით დაფიქსირების წესის დარღვევა;

ვ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ შვებულების გამოყენების წესის დარღვევა;

ზ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მივლინების წესის დარღვევა;

თ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ, პროკურატურის ადმინისტრაციული შენობების შიდა და გარე პერიმეტრზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის დაცვის, ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოების მოთხოვნების  და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;

ი) პროკურატურის თანამშრომლის მიერ პროკურატურის თანამშრომელთა გარეგნულ იერსახესა და ჩაცმულობასთან დაკავშირებული სპეციალური წესების არასაპატიო მიზეზით დარღვევა;

კ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დროის არარაციონალურად გამოყენება;

ლ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა ან/და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება;

მ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნაწარმის მოხმარება;

ნ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ ნებისმიერი პირისათვის ისეთი სამართლებრივი კონსულტაციის ან იურიდიული დახმარების გაწევა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან/და პროკურატურის ინტერესებს;

ო) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის გარეშე;

პ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისთვის გადაცემული, პროკურატურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების შენახვისა და მოვლის წესის დარღვევა;

ჟ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ პროკურატურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების მესამე პირისთვის გადაცემა;

რ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისთვის სამსახურებრივი საქმიანობის მიზნებისათვის გადაცემული საწვავის მესამე პირისათვის გადაცემა;

ს) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მის სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული სპეციალური სისტემის კომპონენტის თვითნებურად სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატანა, ან სხვა პირისთვის გადაცემა;

ტ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ პროკურატურის ქონებისადმი გაუფრთხილებელი მოპყრობა;

უ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოწმობის შენახვის, ტარების და გამოყენების  წესის დარღვევა; 

ფ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ პროკურატურის სამსახურებრივ-საშტატო ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსმინიჭებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის და ტარების წესის დარღვევა.

4. მძიმე გადაცდომად ჩაითვლება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენა, კერძოდ:

ა) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სხვა თანამშრომლის საქმიანობაში ჩარევა, საქმის შედეგზე პირადი ან/და სხვა მოტივით ზეგავლენის მოხდენის მიზნით;

ბ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლისთვის, მათ შორის, ფინანსური და სხვა კანონიერი ვალდებულებებისთვის თავის არიდება;

გ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის ან/და  პოლიტიკური შეხედულების  საფუძველზე;

დ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზემოქმედებისთვის;

ე) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამისათვის;

ვ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეღავათებით სარგებლობა პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას;

ზ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ  ისეთი პირობის დადება ან ვალდებულების აღება, რომლის განხორციელებაც არ შედის მის უფლებამოსილებაში და შესაძლოა ლახავდეს პროკურატურის ინტერესს;

თ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, პირადი მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი პირისთვის უპირატესობის მინიჭება;

ი) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი სტატუსის ან/და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  უშუალოდ ან/და მესამე პირის მეშვეობით, ისეთი სარგებლის მიღება, რომელიც არსებითად წინააღმდეგობაში მოდის პროკურატურის საქმიანობასთან ან/და ზიანს აყენებს პროკურატურის იმიჯს;

კ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ საქმიანობის განხორციელების პროცესში სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედება ნებისმიერი პირის მიმართ; 

ლ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ საქმის  განხილვის ნებისმიერ სტადიაზე საქმის  განმხილველ მოსამართლესთან როგორც პროფესიული, ისე არაპროფესიული მოტივით ურთიერთობა (საქმის სასამართლო განხილვის მიღმა), სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება, სასამართლოში ჩაცმულობის ოფიციალური სტილის დარღვევა, დამამცირებელი,  შეურაცხმყოფელი  ქმედებების  ან/და განცხადების გაკეთება. პროცესის  მონაწილის მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ან აშკარად ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვა;

მ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე საჯარო სივრცეში კომენტარის გაკეთება, რომელიც ზიანს აყენებს გამოძიების ინტერესებს;

ნ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე  საჯარო სივრცეში კომენტარის გაკეთება, რაც ზიანს აყენებს პროცესის რომელიმე მონაწილეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინტერესი მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე ან ინფორმაციის გამოქვეყნება ემსახურება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიზანს;

ო) პროკურატურის თანამშრომლის მიერ საჯაროდ ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ეწინააღმდეგება პროკურატურის მიერ გატარებულ პოლიტიკას ან/და ბრალდების მხარის პოზიციას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე;

პ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ პროკურატურის სხვა თანამშრომლის ან/და პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობა;

ჟ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისთვის მინიჭებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობისას თანამოსაუბრეთა უპატივცემულობა;

რ) პროკურატურის  თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ან სხვა ისეთ მდგომარეობაში ყოფნა, რაც შეუფერებელია პროკურატურის თანამშრომლისთვის. ასევე, პროკურატურის ორგანოების შენობებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, გარდა ოფიციალურ ღონისძიებათა ფარგლებისა;

ს) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სექსუალური შევიწროების განხორციელება;

ტ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება (გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა), სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაში პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ფორმით მონაწილეობა;

უ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს  კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა;

ფ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა, ამა თუ იმ  პოლიტიკური  პარტიისა  თუ  გაერთიანების    მიმართ    საკუთარი დამოკიდებულების  საჯაროდ  გამოხატვა, პოლიტიკური მრწამსის ნიშნების აშკარა დემონსტრირება ან/და პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება;

ქ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ კოლეგის განზრახ შეცდომაში შეყვანა;

ღ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ინფორმაციის, მათ შორის, ელექტრონული საშუალებით მოპოვება-გავრცელების მიზნით, გავრცელება ან/და არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;

ყ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ ინტერნეტსივრცეში პოლიტიკური შინაარსის შემცველი, არაკორექტული, უცენზურო ან/და ისეთი შინაარსის ქმედების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა  და პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით დადგენილ პრინციპებს;

შ) პროკურატურის თანამშრომლის სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მის სტატუსს, აშკარად ეწინააღმდეგება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით დადგენილ პრინციპებს, ზიანს აყენებს პროკურატურის ინტერესებს და იმიჯს, ჩადენილი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ან მის ფარგლებს გარეთ.

5. მძიმე გადაცდომად ჩაითვლება პროკურატურის თანამშრომლის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, კერძოდ:

ა) პროკურატურის თანამშრომლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, რაც ზიანს აყენებს სამართლიანი, ეფექტიანი და  მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას, სისხლისსამართლებრივი დევნის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისა და მართლმსაჯულების განხორციელებას;

ბ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და  მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა;

გ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა, პერსონალური ინფორმაციის კანონით დადგენილი წესის უგულვებელყოფით მესამე პირისათვის გადაცემა;

დ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ცნობილი (ინსაიდერული) ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემა; 

ე) პროკურატურის თანამშრომლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წესის დარღვევა;

ვ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ აზარტულ  თამაშობებში (მათ შორის ონლაინთამაშობებში) მონაწილეობა, ასევე, სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონსა  და  აზარტულ  კლუბში შესვლა, გარდა საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო  ღონისძიებებთან  დაკავშირებით სამსახურებრივი  მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა;

ზ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოწმობის, სამსახურებრივ-საშტატო ან/და სამსახურებრივ-საშტატო  სტატუსმინიჭებული იარაღის დაკარგვის,  მოპარვის ან მისი ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობიდან სხვაგვარად გასვლის შესახებ, პროკურატურის  თანამშრომლის  ან/და  მისი  უშუალო  ხელმძღვანელის  მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) გენერალური ინსპექციისთვის შეტყობინების წესის დარღვევა;

თ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) ინფორმირების წესის დარღვევა;

ი) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისი ან/და სამსახურებრივად მისი დაქვემდებარებული პირის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისათვის შეტყობინების წესის დარღვევა;

ლ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური,     ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული  საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მართვა;

კ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული     სამართალდარღვევის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ჩადენის ან ისეთი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის   ჩადენის    ფაქტის, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფასთან, ცეცხლსასროლი     იარაღის შენახვა-გამოყენებასთან ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან,  ან რასაც მოჰყვა ადმინისტრაციული სახდელის სახით სპეციალური უფლების ჩამორთმევა, პროკურატურის თანამშრომლის მიერ გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისათვის შეტყობინების წესის დარღვევა;

ლ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისთვის გადაცემული, პროკურატურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება;

მ) პროკურატურის თანამშრომლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა.

6. დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება პროკურატურის თანამშრომლის ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალურად  შეიცავს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ წესით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, თუმცა მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისათვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ასევე, ქმედება, რომელსაც არ გამოუწვევია ასეთი ზიანის საფრთხე.


საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე