დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016367 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 06/08/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016268) დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში, სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპენტეციის ფარგლებში. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. 3. სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. 5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთააღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომლის ფორმასა და გამოყენების წესს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16 (მე-7 სართული), საფოსტო ინდექსი: 0160. მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები 1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება უფლებამოსილების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. 2. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: ა) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა; ბ) დევნილთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება; გ) დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავება და მართვა; დ) კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელება; ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ დევნილთა ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით; თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და განაწილება; ი) უფლებამოსილების ფარგლებში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა; კ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება, შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა; ლ) დევნილ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; მ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე; ნ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და მათთან თანამშრომლობა; ო) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობით, ახორციელებს სამინისტროს მართვას, კოორდინაციასა და კონტროლს. 2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. 3. მინისტრი: ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის შესრულებაზე; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელძღვანელსა და მის მოადგილეს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს; დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურებს; ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას; ვ) ამტკიცებს სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, სამინისტროს შინაგანაწესს და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს; ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის, მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს; თ) კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს, განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს. 4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების)/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას, ახორციელებენ და კონტროლს უწევენ მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვა დავალებების შესრულებას. 6. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს მინისტრის მოვალეობას. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას მინისტრის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე. 7. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე. მუხლი 4. სამინისტროს თანამდებობის პირები 1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან: ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები; ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; გ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას; დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს სახელით, ხელს აწერს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას; ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას; ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად; ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს. მუხლი 5. სამინისტროს მოსამსახურეები 1. სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით. 2. სამინისტროს შემადგენლობაში არიან: ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 3. სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება მინისტრის/მინისტრის პირველი მოადგილის/მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადას. 5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს. მუხლი 6. სამინისტროს სისტემა 1. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ა.ა) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ა.ბ) საქმისწარმოების სამმართველო; ა.გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო. ბ) რეგიონული მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი: ბ.ა) რეგიონული მართვის სამმართველო; ბ.ბ) მონიტორინგის სამმართველო. გ) დევნილთა საკითხების დეპარტამენტი: გ.ა) სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის სამმართველო; გ.ბ) დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის სამმართველო. დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი. 2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია: ა) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო; ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო; გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანო. 3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ასევე, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებით, რომლებიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 4. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო“. მუხლი 7. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს საქმისწარმოების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ვ) სამინისტროს საუწყებო არქივის წარმოება; ზ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება, სამინისტრის სისტემის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების კოორდინაცია; თ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით სამინისტროს სისტემის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია; ლ) სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება; მ) სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება; ო) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პ) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა; ჟ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; რ) სამინისტროს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ს) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა; ტ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; უ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად; ფ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ქ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა; ღ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ყ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 8. რეგიონული მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი რეგიონული მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ბ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროგრამების ხელშეწყობა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში; გ) დევნილთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ხელშეწყობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილ მოსახლეობასთან (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) კონტაქტის დამყარება, მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა, კონკრეტული საკითხების ინიიცირება და მათი შესრულების ხელშეწყობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ დევნილთა ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა; ვ) ტერიტორიული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების საფუძველზე სამინისტროში დაწყებული წარმოების პროცესში მონაწილეობა; ზ) დევნილთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; თ) ტერიტორიულო ორგანოს საქმიანობაში შესაძლო დარღვევების პრევენციის, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენისა და ანალიზის მიზნით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ი) ტერიტორიული ორგანოების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი, არსებობის შემთხვევაში ხარვეზებზე მითითება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგის ჩატარება, ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ლ) მიზნობრივი ჯგუფისათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების მართვის ყველა ეტაპის რეგულარული მონიტორინგი; მ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9. დევნილთა საკითხების დეპარტამენტი დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა საჭიროებების კვლევა და შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება; ბ) დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოება; გ) სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმართულებით შემოსული კორესპონდენციის შესწავლა, პირველადი ანალიზის განხორციელება; დ) დროებითი განსახლების ღონისძიებათა ორგანიზება; ე) დევნილთა განსახლების ობიექტების შესწავლის დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია; ვ) განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება; ზ) სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვა; თ) დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ინვესტიციის მოზიდვის მიზნით საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ი) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების დაგეგმვა და ადმინისტრირების პროცესის უზრუნველყოფა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა უფლებების ხელშეწყობა/კონსულტირება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე (გარდა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებისა); მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულების კოორდინაცია და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ნ) დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხრიდან სამართლებრივი მიმართულებით წამოჭრილი პრობლემატური საკითხების შესწავლა, შემდგომში მათზე რეაგირების მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; ო) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 10. შიდა აუდიტის დეპარტამენტი შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება; დ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება; ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი; ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს; ზ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 11. დასკვნითი დებულებები 1. სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით. 2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 13 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები