„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 05/05/2022
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2022
ძალაში შესვლის თარიღი 13/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016368
12
05/05/2022
ვებგვერდი, 10/05/2022
040030000.32.061.016368
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №12

2022 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 09/03/2021 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.061.016336) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –  დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო“ (შემდგომში – „სააგენტო“) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო“) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, დამატებით გააჩნია საკუთარი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

4. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე გერბისა და საკუთარი სახელწოდების გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16 (მე-7 სართული).

მუხლი 2. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები

1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) მომსახურების მიზნით სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებია:

ა)  საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით დევნილთათვის უფასო სამართლებრივი მხარდაჭერა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ე) სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილება;

ვ)  კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება;

ზ) სააგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება.

მუხლი 3. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით.

2. სააგენტოს დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ)  წარმოადგენს სააგენტოს და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;

გ)  მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;

ე) პასუხისმგებელია საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად, კანონიერად და სწორად ხარჯვაზე;

ვ)  კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ზ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებსა და სამუშაო გეგმას;

თ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს შესრულებული საქმიანობის შესახებ.

3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. სააგენტოს დირექტორის მოადგილის ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.

5. სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტი;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

გ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტი.

მუხლი 5. ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტი

ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციები და კომპეტენციაა:

ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოსა და სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) სტრუქტურული ერთეულებისთვის მეთოდური დახმარების გაწევა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში და მათ მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა/ვიზირება;

დ) სააგენტოს სამართლებრივი ინფორმაციით უზრუნველყოფა და სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა;

ე) სააგენტოს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ვ)  სხვადასხვა ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული აქტების, ოქმებისა  და სხვა დოკუმენტაციის მომზადება მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად;

ზ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

თ) კორესპონდენციების მიღება, რეგისტრაცია, გასული კორესპონდენციების აღრიცხვა, დანიშნულებისამებრ ადრესატისთვის მიწოდება, დავალებების შესრულების კონტროლი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა;

კ) სააგენტოში შემოსული მოქალაქეების წერილებისა და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

ლ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების სისტემური უზრუნველყოფა;

მ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ნ) სააგენტოში დასაქმებულ  მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

ო) სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა;

პ) სააგენტოს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ჟ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;

რ) სააგენტოს იურიდიული მიმართულების პროგრამების შემუშავებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება; მისი განხორციელებისთვის მეთოდური დახმარების გაწევა;

ს)  კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 6. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი

საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციები და კომპეტენციაა:

ა) სააგენტოს  ბუღალტრული აღრიცხვა  და ფინანსური ანგარიშგება;

ბ) სააგენტოს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება;

გ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანისათვის წინადადებების მომზადება, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება;

დ) სააგენტოს ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება;

ე) ფულადი სახსრების კონტროლი მის მიზნობრივ გამოყენებაზე;

ვ) სააგენტოს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და გაცემაზე კონტროლი;

ზ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული აქტების, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) სააგენტოს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის, კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება; მათ შორის, სააგენტოს გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) სააგენტოს უძრავი და მოძრავი ქონების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება, განაწილება და კონტროლი;

ლ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 7. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტი

საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტის ფუნქციები და კომპეტენციაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;

ბ) საზღვარგარეთ კავშირების დამყარება და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერება;

დ) სააგენტოს საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა საჭიროებების კვლევა და კვლევის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ზ) საჭიროებისამებრ, სააგენტოში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია, არსებულ საჭიროებათა შესწავლა და ანალიზი, პრიორიტეტული პროექტებისათვის დონორებისა და ფინანსური სახსრების მოძიება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა ინფორმირების მიზნით შესაბამისი კამპანიის დაგეგმვა და წარმოება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული საქმიანობის რეგულარული მონიტორინგი, მონიტორინგის შედეგების შეჯამება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

კ) პროგრამების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ლ) სააგენტოსთვის გადმოცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა და შესრულების მონიტრინგი;

მ) კანონმდებლობით და სააგენტოს დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 8. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, მიზანშეწონილობას და ეფექტურობას. უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სააგენტო ვალდებულია მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ)  თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი   სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია სამინისტროს თანხმობა.

5. სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან/და სასამართლოში.

6. სააგენტოს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 9. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო

1. სააგენტოს ქონება შედგება:

ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონის შესაბამისად გადაცემული ქონებისაგან;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სამსახურის დამოუკიდებელ ბალანსზე.

3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება საგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებას, სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

მუხლი 10. ბუღალტრული ანგარიშგება

სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

მუხლი 11. სააგენტოს ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია

1. სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

მუხლი 12. გარდამავალი დებულებანი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 13 მაისიდან.

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე