დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ‒ „კანაფის ფისის“ (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვის გამო | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3/3/1387 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 21/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016691 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის
გადაწყვეტილება №3/3/1387
2022 წლის 21 აპრილი
ქ. ბათუმი
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ‒ „კანაფის ფისის“ (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვის გამო.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის, შეძენისა და შენახვის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვარს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1387) მომართა თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ‒ შორენა გუნცაძე). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის №3/1/1387 საოქმო ჩანაწერით, №1387 კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად იქნა მიღებული.
2. №1387 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე, მათ შორის ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა და შენახვა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
5. №1387 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე, პაატა ჩერქეზიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი მცენარე კანაფის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის. 2016 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით, მას, დამატებით, ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება ‒ კანაფის ფისის (არაუმეტეს 0,1315 გრამის ოდენობით) არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის.
6. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აპელირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო. იგი, სპეციალისტთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ კანაფის ფისი, არსებითად, მარიხუანის იდენტური ნარკოტიკული საშუალებაა. კერძოდ, ორივე მათგანი წარმოადგენს მცენარე კანაფის პროდუქტს. ამასთან, ისინი შეიცავს ერთი და იმავე სახის ნარკოტიკულ ნივთიერებას – ტეტრაჰიდროკანაბინოლს. შედეგად, ორივე მათგანს ახასიათებს ერთმანეთის მსგავსი ნარკოგენული ეფექტი.
7. კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, 0,1315 გრამი კანაფის ფისი წარმოადგენს, დაახლოებით, ერთჯერადი ნარკოტიკული თრობისთვის გამოსადეგ ოდენობას, მაშინ როდესაც 70 გრამი გამომშრალი მარიხუანა დაახლოებით 230-ჯერ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმავე მიზნით. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენა-შენახვა წარმოადგენს 70 გრამი გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაზე უფრო ნაკლები საშიშროების ქმედებას. ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, სანქციის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება კანაფის ფისის (არაუმეტეს 0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის, შესაძლოა, წარმოადგენდეს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
8. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს სპეციალისტთა დასკვნებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დაცული სფერო და სასჯელის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტები
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ... [არაადამიანური და დამამცირებელი] სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... [მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ... [არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას]“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება ... [არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების] კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
3. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სასჯელის პოლიტიკის სფეროში კანონმდებელს საკმაოდ ფართო მიხედულება გააჩნია. „კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის პროპორციულობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამდენად, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან] მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული““ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებლის მიხედულება ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესაბამისად სათანადო სასჯელის განსაზღვრის სფეროში არ არის შეუზღუდავი. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს დანიშნულებაა, შემოსაზღვროს ამ სფეროში კანონმდებლის თავისუფალი მოქმედების სივრცე. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს იმ ჩარჩოს და მინიმალურ მოთხოვნებს, რასაც კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სასჯელი, მისი სიმკაცრე უნდა აკმაყოფილებდეს. აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი. ასეთი ტიპის სასჯელები იწვევს ადამიანის ობიექტად განხილვას და უნდა შეფასდეს როგორც არაადამიანური. სწორედ აქ მთავრდება სასჯელის პოლიტიკის თავისუფლად განხორციელების სივრცე და კანონმდებელი იჭრება კონსტიტუციით აბსოლუტურად აკრძალულ სფეროში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
5. ყოველივე ზემოხსენებულის შესაბამისად, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე დანაშაულის სიმძიმეს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას. „ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია, სადამსჯელო ღონისძიებასა და სასჯელის მიზნებს შორის ურთიერთმიმართების დადგენა. სწორედ სასჯელის მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი აძლევს კანონმდებელს სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებისა და, ზოგადად, სასჯელის პოლიტიკის შემუშავების ლეგიტიმაციას. შესაბამისად, აშკარად არაპროპორციული, არაადამიანური სასჯელის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხსა და სასჯელის სიმკაცრეს შორის ურთიერთმიმართება. იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი არის იმდენად დაბალი, რომ ვერ ამართლებს მკაცრი სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებას, აშკარა ხდება, რომ სახეზეა არაადამიანური სასჯელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
2. სადავო ნორმის შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის განსაზღვრა
6. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (არაუმეტეს 0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ისეთი ქმედება, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა-შენახვა, რისთვისაც სასჯელის სახედ დადგენილია თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან რვა წლამდე. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ13 პუნქტის თანახმად, შეძენად კვალიფიცირდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება, ხოლო ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის მიხედვით, შენახვა, ეს არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ3 პუნქტის მიხედვით, კანაფის ფისი წარმოადგენს მცენარე კანაფისგან მიღებულ (გამოყოფილ) გაწმენდილ ან გაუწმენდავ ფისს, ხოლო ამავე კანონის დანართი №1-ის 85-ე გრაფის თანახმად, კანაფის ფისი მიეკუთვნება ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს. დასახელებული კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფისა და ამავე დანართის შენიშვნის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანაფის ფისის სადავოდ გამხდარი ოდენობა – 0,1315 გრამი წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა“. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №2კ-937აპ.-09) განიმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს, თუ პირს ადრე ჩადენილი აქვს არა ამ მუხლით, არამედ ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე სხვა დანაშაული, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული (2012 წლის 5 იანვრის რედაქცია)), მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პირს ადრე ჩადენილი აქვს იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2012 წლის 5 იანვრის რედაქცია), როგორც არაერთგზის ჩადენილი დანაშაული. დასახელებული მუხლის, სადავო ნორმისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მითითებული განმარტების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ქმედება 0,1315 გრამი კანაფის ფისის არაერთგზის შეძენად და შენახვად დაკვალიფიცირდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) და ის კვლავ შეიძენს ან/და შეინახავს 0,1315 გრამ კანაფის ფისს.
9. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობა ნარკოტიკული საშუალება – კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო.
10. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტების მიხედვით, სასჯელი იმ შემთხვევაში ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად, თუ აკრძალული ქმედებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი და სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე აშკარად არათანაზომიერ დამოკიდებულებაში იქნება ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით უნდა შეფასდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სიმძიმისა და გამოყენებული სასჯელის ურთიერთმიმართება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას „პირველ რიგში, უნდა დადგინდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების კრიმინალიზების მიზნები. ხოლო ამის შემდეგ უნდა გაირკვეს, ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელის კონკრეტული ზომა არის თუ არა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების ვარგისი და პროპორციული საშუალება და უზრუნველყოფს თუ არა თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას“ („საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
3. კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვისთვის სასჯელის დაწესების მიზნები
11. ზოგადად, კანაფის ფისის, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის სასჯელის დაწესება მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციას. 1988 წლის 19 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ხელმომწერ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, ავალდებულებს, იბრძოლონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და სისხლისსამართლებრივი რეგულირების ქვეშ მოაქციონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი, მასთან დაკავშირებული ქმედებები. კონვენციით აღიარებულია, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა წარმოადგენს საერთაშორისო დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელთან საბრძოლველადაც აუცილებელია ყველა სახელმწიფოს კოორდინირებული მოქმედება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.
12. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური ბრუნვიდან ამოღება არ წარმოადგენს სახელმწიფოს თავისთავად, თვითკმარ მიზანს. „ამა თუ იმ ნივთიერების/საშუალების თავისუფალი ბრუნვიდან ამოღების ამოცანა თავისთავად ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ მიზნად. მარიხუანის, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პრევენცია კონსტიტუციით დაცული სიკეთის – ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უნდა უკავშირდებოდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73). ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის, საპატიმრო სასჯელების დაწესებით, ემსახურება ნარკოდანაშულის რიცხვის ზრდის თავიდან აცილებას, სხვა დანაშაულისა და ასოციალური ქცევის პრევენციას, შედეგად საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას/გაუმჯობესებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-67). შესაბამისად, „სახელმწიფო უფლებამოსილია, არეგულიროს ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა მათი მოხმარებისგან მომდინარე ჯანმრთელობის დაზიანების თუ სხვა საფრთხეებისგან საზოგადოების დაცვის მიზნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
13. განსახილველ შემთხვევაშიც, კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის დაწესება მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაცვას (როგორც უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ასევე მთლიანად საზოგადოების) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამასთან, სადავო ნორმით დასჯადი ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს თავისთავად ვერ შეცვლის/გაზრდის ამ ქმედებამდე ჩადენილი დანაშაულის ბუნება. კერძოდ, ერთმანეთის იდენტურია ის საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს, ერთი მხრივ, 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვიდან და, მეორე მხრივ, ანალოგიური ქმედების განხორციელებიდან იმ პირის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისთვის. არაერთგზისობა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მიემართება დანაშაულის ამსრულებლის სუბიექტს და არა დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას.
3.1. თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ჯანმრთელობის დაცვის მიზნით
14. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კანაფის ფისი (მსგავსად მარიხუანის, კანაფის ზეთის ...) წარმოადგენს მცენარე კანაფის პროდუქტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ უკვე გააანალიზა და შეაფასა ის საფრთხეები, რაც ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს მცენარე კანაფის პროდუქტების მოხმარებისას. „...კანაფის პროდუქტის მოხმარება შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამავე დროს, საფრთხე, რომელიც კანაფის მოხმარებამ შესაძლოა შეუქმნას მომხმარებელს, არის უფრო მსუბუქი სხვა ე. წ. მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად გამოწვევად ზიანთან შედარებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ცხადია, რომ კანაფის მოხმარება, პოტენციურად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ ქმედების მიმართ სასჯელის დაწესებას შემაკავებელი ეფექტი აქვს და მისი ჩადენის პრევენციას ემსახურება. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასჯადობა თავად მისი მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვისკენ არის მიმართული. აშკარაა, რომ ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების მართლსაწინააღმდეგოდ გამოცხადება და მისი მოხმარებისთვის სასჯელის დაწესებას გააჩნია შემაკავებელი ეფექტი მოხმარების მიმართ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ნათელია კავშირი პირადი მოხმარების მიზნით კანაფის ფისის არაერთგზის შეძენა-შენახვის დასჯადობასა და უშუალოდ კანაფის ფისის მომხმარებლის ჯანმრთელობას შორის.
16. ამასთან, ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს სასჯელის ყველაზე მკაცრ სახეს, მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს, რომ მისი გამოყენება ხდება მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად. „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ამასთან, უნდა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ მოსამართლის მიერ მისი ასეთი მიდგომით გამოყენება, არამედ კანონის დონეზეც ამა თუ იმ ქმედებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სრულწლოვანი პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო გაუმართლებელია. „საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-83). „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-84). შესაბამისად, განსახილველ საქმეზეც, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებას ვერ გაამართლებს სახელმწიფოს მიზანი – ამ გზით დაიცვას პირი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებისგან.
18. ამავდროულად, სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიების ეფექტი მხოლოდ უშუალოდ კანაფის ფისის მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვით არ შემოიფარგლება. „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა კომპლექსურ ღონისძიებებს მოიცავს. აღნიშნულ პროცესს თან ახლავს სხვადასხვა ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები. ამ ბრუნვის მონაწილეა როგორც ნარკოტიკული საშუალების დამამზადებელი, მწარმოებელი, მომყვანი, ასევე მისი გამსაღებელი, შემძენი და მომხმარებელი. ბრუნვის ნებისმიერი მონაწილე, გარკვეული ხარისხით, ხელს უწყობს ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვას. აკრძალული ნივთიერების შეძენით მისი მომხმარებლები ქმნიან „საბაზრო მოთხოვნას“, რაც ასეთი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მამოძრავებელი ძალაა. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების შემძენი, უკანონო ბრუნვის მონაწილე სხვა პირების მსგავსად, მოქმედებს საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ – იგი, დამამზადებელთან, მწარმოებელთან და გამსაღებელთან შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც უწყობს ხელს ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვას. აკრძალული ნივთიერებების ბრუნვიდან რომელიმე მამოძრავებელი მონაწილის გამოთიშვა კი – აფერხებს ბრუნვას და ქმნის მის შემზღუდველ ეფექტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35).
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ბუნებრივია, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის აუცილებელია, იგი რაიმე ფორმით მოხვდეს მომხმარებელთან. შესაბამისად, ასეთი ნივთიერების მოხმარების წინარე ქმედებაა მისი შეძენა, დამზადება, მოყვანა ან წარმოება. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის დაწესებას ნარკოტიკული საშუალების გასაღების შემაკავებელი ეფექტი აქვს და, საბოლოდ, აღნიშნული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებაა. ამასთანავე, ცალკე აღებული მოხმარების ან/და აშკარად მოხმარების მიზნით დამზადების, შეძენისა და შენახვის ფაქტი, მისი გავრცელების დაბალი რისკებიდან გამომდინარე, აკრძალულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ სხვა ქმედებებთან შედარებით, შესაძლოა, ნაკლები საფრთხის შემცველი იყოს, თუმცა ეს ვერ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ამ ქმედებებისათვის დაწესებული სასჯელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული ღონისძიებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, სახეზეა ლოგიკური კავშირი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმით დადგენილ სასჯელს შორის.
20. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის აღკვეთა, უდავოდ, მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს და სახელმწიფო უფლებამოსილია, დასახელებული მიზნის მისაღწევად მიიღოს ზომები, მათ შორის, უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი ქმედებების აკრძალვისა და სასჯელის დაწესების გზით. „ამავე დროს, თითოეული აკრძალული ქმედების მიმართ დაწესებული სასჯელი და მისი სიმკაცრე უნდა შეესატყვისებოდეს იმ საზოგადოებრივ საშიშროებას, რომელსაც ეს ქმედება წარმოშობს. მნიშვნელოვანია, ავტონომიურად შეფასდეს უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი აკრძალული ქმედება და მისთვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი საშიშროება, აგრეთვე, სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე და მისი პროპორციულობა სასჯელის მიზნებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52). „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად ღირებული ინტერესია. ამასთან, აუცილებელია, დასახელებული მიზნის მისაღწევად გამოყენებული თითოეული ღონისძიება ავტონომიურად იყოს მიზნის მიღწევის თანაზომიერი და მისი საშუალებით მიღებულმა დადებითმა ეფექტმა გადაწონოს შეზღუდვით გამოწვეული ნეგატიური შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-53).
21. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კანაფის ფისის მომხმარებელი ქმნის საბაზრო მოთხოვნას და, შესაბამისად, ყველა მომხმარებლის მიერ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით, შეძენა-შენახვა ერთად აღებული მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს. თუმცა, პირადი მოხმარების მიზნით, კანაფის ფისის შეძენისა და შენახვის ინდივიდუალური ფაქტის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს თავად ამ ქმედების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეებს და არა იმ საფრთხეებს, რომლებიც მომდინარეობს ერთად აღებული ყველა მომხმარებლის ქმედებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა დასახელებული ქმედებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება კონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, შეფასდეს თავად 0.1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვის ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები.
22. ზოგადად, რაც უფრო მეტია ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, მით უფრო მეტია მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ნარკოტიკული საშუალების მასა, რაოდენ მცირე რიცხვებშიც არ უნდა იყოს გამოსახული, თავისთავად, არ მიუთითებს მის მცირე ან დიდ ოდენობაზე. ზოგადად, რაოდენობის თვალსაზრისით, ნარკოტიკული ნივთიერებიდან მომდინარე საფრთხის იდენტიფიცირებისათვის უმთავრესია, განისაზღვროს, თუ რამდენი მოხმარებისთვის არის იგი საკმარისი მისი ქიმიური შემადგენლობიდან და მასში არსებული აქტიური ნივთიერებების სპეციფიკაციებიდან გამომდინარე. ამდენად, სადავო ქმედების სიმძიმის და მისგან მომდინარე საფრთხეების სრულყოფილად გააზრებისათვის აუცილებელია, დადგინდეს, რამდენი მოხმარებისთვისაა 0,1315 გრამი კანაფის ფისი გამოსადეგი.
23. საქმეზე წარმოდგენილი მასალების, ასევე №882 კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვაში მონაწილე სპეციალისტთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ კანაფის ფისი, სხვა შემადგენელ კომპონენტებთან ერთად, შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს. სწორედ ტეტრაჰიდროკანაბინოლის პროცენტული შემადგენლობა განსაზღვრავს კანაფის ფისის მოქმედების ნარკოგენულ ეფექტს. №882 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისას ექიმ-ნარკოლოგ გელა ლეჟავას და ექსპერტ ალექსანდრე დადიანიძის მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად, საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა, დაახლოებით, 10%-ია, თუმცა, ამავე დროს, კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა შეიძლება იყოს როგორც 1%-ზე ნაკლები, ასევე უტოლდებოდეს 30%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარკოტიკული თრობისა და ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ყველა კანაფის ფისი არ არის ერთნაირი. მცენარე კანაფის სახეობის, გეოგრაფიული მდებარეობის, კულტივირებისა და შემდგომი გადამუშავების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, კანაფის ფისის ეფექტურობა შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად განსხვავებული.
24. სპეციალისტთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ 0,1315 გრამ კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა შეიძლება მერყეობდეს 0,001315 გრამიდან 0,03945 გრამამდე. ხოლო, თუ საშუალოდ კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობა წარმოადგენს 10%-ს, მაშინ გამოდის, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისი საშუალოდ შეიცავს დაახლოებით 0,01315 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს. ამასთან, საქმეზე მოწვეულმა სპეციალისტებმა, სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ნარკოგენული ეფექტისთვის საჭიროა 0,01 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი. შესაბამისად, ირკვევა, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისი, დაახლოებით, წარმოადგენს საშუალოდ – ერთი მოხმარების, ხოლო მაქსიმუმ – 4 მოხმარების დოზას. ცხადია, რომ კანაფის ფისის ის ოდენობა, რომელიც გამოსადეგია მხოლოდ 4-ჯერადი მოხმარებისთვის, არ მიუთითებს მისი გავრცელების გარდაუვალობაზე.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისი a priori ვერ ჩაითვლება იმ ოდენობად, რომელიც არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და, რომელიც ავტომატურად ქმნის მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს. შესაბამისად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ვერ იქნება გამართლებული ვერც სხვა პირთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
3.2 თავისუფლების აღკვეთის გამოყენება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები უკავშირდება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა მოხმარებაც იწვევს მასზე დამოკიდებულების სწრაფ ჩამოყალიბებას ან/და აგრესიული ქმედებების განხორციელებას. „ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რომელიც ადვილად იწვევს შეჩვევას ან რომლის მოხმარების შემთხვევაში პირი ხდება აგრესიული და სჩადის ძალადობრივ ქმედებებს, შეიცავს რისკებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. აბსტინენციის პირობებში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები მიდრეკილი არიან დანაშაულისა თუ სხვა ანტისოციალური ქმედებების ჩადენისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42). „ისეთი ნივთიერებების მოხმარება, რომლებიც ხასიათდება სწრაფი შეჩვევით ან რომელთა მოხმარება იწვევს პირის მიერ აგრესიულ ქმედებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამგვარ ნივთიერებებთან მიმართებით აშკარაა, ერთი მხრივ, ის მყისიერი საფრთხე, რასაც აგრესიის გამომწვევი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება წარმოშობს, მეორე მხრივ კი, ანტისოციალური, არამართლზომიერი ქმედებების ჩადენის რისკი, რომელსაც ძლიერი აბსტინენციის მდგომარეობა იწვევს. ხელშესახებია აგრესიული ქმედებების ჩადენის გამომწვევი ნივთიერებების მოხმარების დასჯის მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში სასწორზეა საზოგადოების უსაფრთხოება და მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი, დაცული იყოს თითოეული საზოგადოების წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნებისმიერი პირის მიერ გამოხატული ძალადობრივი და ანტისოციალური ქმედებებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57).
27. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ უკვე შეაფასა კანაფის პროდუქტებიდან, მათ შორის, კანაფის ფისიდან მომდინარე ეფექტები და ის საფრთხეები, რომლებიც მის მოხმარებას შეეძლო შეექმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლომ, სპეციალისტთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ კანაფის პროდუქტების მოხმარება არ იწვევს მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა კავშირი კანაფის პროდუქტების მოხმარებასა და სხვა დანაშაულებების ჩადენას შორის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). ამასთან, №882 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა სპეციალისტებმა განმარტეს, რომ კანაფის ფისის, ისევე როგორც კანაფის სხვა პროდუქტების მოხმარების ეფექტი, როგორც წესი, გამოიხატება მოდუნებით და არა აგრესიული ქმედებების განხორციელებით.
28. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ცხადია, რომ კანაფის ფისის მოხმარება, როგორც წესი, არ იწვევს მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებას და აგრესიული, ანტისაზოგადოებრივი ქმედებების განხორციელებას. შესაბამისად, კანაფის ფისის პირად მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნის მიღწევას არ უკავშირდება.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (არაუმეტეს 0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 273 მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის და 44-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (არაუმეტეს 0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
თეიმურაზ ტუღუში
დოკუმენტის კომენტარები