კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და რეაბილიტაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და რეაბილიტაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/5373-22
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 18/04/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/5373-22
18/04/2022
ვებგვერდი, 27/04/2022
კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და რეაბილიტაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და რეაბილიტაციის

რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

 

საქმე №2/5373-22 / 330210322005522735

2022 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი


თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე   ლიანა კაჟაშვილი

განმცხადებელი/მოვალე – სს „გურჯაანი 1929“ (ს/კ 227747070)

წარმომადგენელი – კობა კობახიძე

რეაბილიტაციის ზედამხედველი  ქეთევან ბაშინურიძე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ –  შემოსავლების სამსახური

(ვალის დაფარვის დეპარტამენტი)

წარმომადგენელი – გელა ფუტკარაძე

მოთხოვნა – სს „გურჯაანი 1929“-ის განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით


სასამართლომ გამოარკვია:


თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2022 წლის 27 თებერვალს განცხადებით მომართა, მოვალე სს „გურჯაანი 1929“-ის (შემდგომში –  მოვალე) წარმომადგენელმა (დირექტორმა) კობა კობახიძემ და მოითხოვა საწარმოს გადახდისუუნარობის საფუძვლით საქმის წარმოების გახსნა რეაბილიტაციის რეჟიმით და მოვალის მართვაში დატოვება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით სს „გურჯაანი 1929“-ს განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი და განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს დაუდგინდა 5 (ხუთი) დღე განჩინების გამოქვეყნებიდან.

2022 წლის 7 მარტს სს „გურჯაანი 1929“-ის დირექტორმა განცხადებით მომართა სასამართლოს დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინებით სს „გურჯაანი 1929“ (ს/კ 227747070) წარმომადგენლის (დირექტორის) კობა კობახიძის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი. სს „გურჯაანი 1929“ მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. სს „გურჯაანი 1929“ დირექტორი, კობა კობახიძე, დარჩა მართვაში. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი   ქეთევან ბაშინურიძე. ამავე განჩინებით განიმარტა განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინებით   დაკმაყოფილდა სს „გურჯაანი 1929“-ის დირექტორის კობა კობახიძის მოთხოვნა მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების შესახებ;

სს „გურჯაანი 1929“-ის მიმართ განცხადების დასაშვებად ცნობის და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინება ელექტრონულ სისტემაში განთავსდა 2022 წლის 15 მარტს.

2022 წლის 22 მარტს შემოსავლების სამსახურმა კერძო საჩივრით მომართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმება, რადგან განჩინება მიღებულია საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ სასამართლოში არასწორი ინფორმაციის წარდგენა მოხდა, სასამართლომ არასწორ ინფორმაციასა და არასრულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მიიღო განჩინება განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მოვალეს ვადამოსული ვალდებულებები 1 403 291.04 ლარს შეადგენს, რაც მისი მთლიანი აქტივების 51.28%-ია და მომდევნო 30 დღის განმავლობაში ვერ ფარავს მითითებულ ვალდებულებებს. ასევე, განმცხადებელი გადახდისუუნარობის მეორე საფუძვლად უთითებს ქონების რეალიზაციის პროცესზე, კერძოდ, კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ ნოტარიუსის მიერ 03.05.2019 წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ 639 487.15 ლარის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოაცხადა აუქციონი სს „გურჯაანი 1929“-ის უძრავ-მოძრავ ქონებაზე. ასევე, მითითებული აქვს უზრუნველყოფილ კრედიტორებზე. მოვალის მიერ მითითებულ გარემოებებთაგან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო წარმოება, რომელიც მიმდინარეობდა 03.09.2019 წელს გაცემულ ნოტარიურისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სასარგებლოდ, 639 487.15 ლართან დაკავშირებით, მოვალის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, დღეის მდგომარეობით დასრულებულია. მოვალემ დავალიანების თანხა გადაუხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შესაბამისად გაუქმებულია ყველა სამართლებრივი შეზღუდვები. ამდენად, ერთ-ერთი საფუძველი, რაც საფუძვლად დაედო რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას, არ არსებობს. გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით, არ არის დაზუსტებული, კრედიტორის - შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა მოვალის მიმართ. მხარე დავობს მის მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ დარიცხულ თანხას და შემოსავლების ბრძანებით დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის, როგორც კრედიტორის მოთხოვნა სადავოა და აღიარებული არ არის. გამომდინარე აღნიშნულიდან, კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ არ იყო სახეზე ის გარემოებები, რომელთა დაყრდნობითაც სასამართლომ მიიჩნია გადახდისუუნარობის საფუძვლების არსებობა, არ არის სრულად ასახული შემოსავლების სამსახურის, როგორც კრედიტორის მოთხოვნა და მიზანი, რომელიც რეაბილიტაციის რეჟიმს უნდა ჰქონდეს არ იკვეთება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინებით შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი, სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინებაზე ცნობილ იქნა დასაშვებად და სასამართლომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის, მხარეთა მოსაზრებების უშუალოდ მოსმენის მიზნით დანიშნა ზეპირი მოსმენა.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მასალებს, მოისმინა რეაბილიტაციის ზედამხედველის და კერძო საჩივრის ავტორის განმარტებები და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და რეაბილიტაციის რეჟიმი უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები. ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში   გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.

ამავე კანონის 6.2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.

გადახდისუუნარობის ცნება და გადახდისუუნარობის პრეზუმფცია განმარტებულია დასახელებული კანონის მე-7 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. ხოლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთი შემდეგი გარემოება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად   თუ მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღნიშნული ნორმის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებელი მოვალის გადახდისუუნაროდ მიჩნევისათვის საკმარისად თვლის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთის არსებობას და არ არის აუცილებელი ყველა გარემოების ერთდროულად არსებობა შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, სს „გურჯაანი 1929“-ის განცხადება აკმაყოფილებდა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განცხადების დასაშვებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს, დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და სს „გურჯაანი 1929“-ის მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი, მოვალის მართვაში დატოვებით.

შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივრიდან და მასზე დართული აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2022 წლის 21 მარტის ცნობით დადგინდა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო, ნოტარიუსის მიერ 03.05.2019 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად კრედიტორს წარმოადგენდა - საქართველოს ფინანასთა სამინისტრო. კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა განხორციელებულიყო სს „გურჯაანი 1929-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ N51.01.57.402). მოვალის სს „გურჯაანი 1929-ის“ მიმართ კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ საქმის წარმოებები დასრულებულია, გაუქმებულია ყველა სამართლებრივი შეზღუდვა, ხოლო საქმეზე მოთხოვნილი თანხა გადმორიცხულია კრედიტორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ.

შესაბამისად, ნათელია, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნის განცხადებაში მითითებული ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც შეეხებოდა მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესის დაწყებას კრედიტორის   საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სასარგებლოდ, აღარ არსებობს. ხოლო რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის   შემოსავლების სამსახურის, როგორც კრედიტორის მოთხოვნას, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოვალე დავობს საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ოდენობა დასაზუსტებელია და ამ ეტაპზე, გადახდისუუნაორობის საქმის წარმოების პირობებში, აღიარებული არ არის.

რაც შეეხება მოვალის სხვა არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს, არცერთ მათგანს პოზიცია, მოსაზრება ან პრეტენზია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების შესახებ, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ინფორმაცია იმის თაობაზე, მათი მოთხოვნები ვადამოსულია თუ არა, ცნობილი არ არის.

სსიპ –  შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზნით სასამართლოს მიერ 2022 წლის 11 აპრილს დანიშნულ სხდომაზე, მოვალე სს „გურჯაანი 1929“-ის დირექტორი კობა კობახიძე (რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით მართვაში იქნა დატოვებული, არ გამოცხადდა და პოზიცია სსიპ –  შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

სხდომაზე გამოცხადებული რეაბილიტაციის ზედამხედველმა ქეთევან ბაშინურიძემ განმარტა, რომ მოცემულ ეტაპზე არც მოვალის და არც კრედიტორთა პოზიტიური ნება არ იკვეთება, მოვალე კომპანია იმყოფებოდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში რეაბილიტაციის რეჟიმში. რეალურად მოვალე კომპანიის დირექტორმა რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა იმ მიზნით, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროში კრედიტორის   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აუქციონი შეეჩერებინა, თუმცა ირკვევა, რომ მოვალე საწარმომ შეძლო კრედიტორის სასარგებლოდ თანხის გადახდა და აუქციონზე მოვალის კუთვნილი ქონების სარეალიზაციოდ გატანის საფრთხე მოიხსნა. სსიპ  შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებული დავალიანება ამ ეტაპზე კრედიტორსა და მოვალეს შორის სადავოა, ხოლო სხვა კრედიტორების (მათ შორის დასაქმებულ პირთა) პრეტენზიები, რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში, ამ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, არ იკვეთება პირი (პირები), ვინც პოზიტიური ნების საფუძველზე გამოთქვამდა სურვილს კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმში ყოფნის გაგრძელებით მიეღო კოლექტიური დაკმაყოფილება, რაც წარმოადგენს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მიზანს.

სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონის 69-ე მუხლით ნათლადაა განსაზღვრული რეაბილიტაციის რეჟიმის მიზანი. კერძოდ, რეაბილიტაციის რეჟიმის მიზანია რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რას შეიძლება ითვალისწინებდეს რეაბილიტაციის გეგმა.

მითითებული ნორმის მიხედვით, რეაბილიტაციის გეგმით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას ვალაუვალობის რამდენიმე გადაწყვეტა. რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოვალის, როგორც მოქმედი საწარმოს, გადარჩენას, რის შედეგადაც, კრედიტორული მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდება, თუმცა ამავე ნორმაში ჩნდება შესაძლებლობა, კრედიტორმა უარი თქვას მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებაზე და ამის შესახებ თანხმობა განაცხადოს რეაბილიტაციის რეჟიმის თავით დადგენილი წესით. გარდა ამისა, ჩნდება შესაძლებლობა რეაბილიტაცია განხორციელდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოთხოვნები სრულად არ კმაყოფილდება, მაგრამ მიიღწევა კრედიტორთა ერთობლიობისთვის უფრო ხელსაყრელი შედეგი, ვიდრე გაკოტრების შემთხვევაში მიიღწეოდა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განცხადების მოთხოვნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე იმთავითვე გულისხმობს იმას, რომ განმცხადებლის ყველაზე პრიორიტეტულ მიზანს სწორედ რეაბილიტაცია წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ყველა იმ შესაძლო პერპექტივის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რაც საბოლოოდ, მოვალის და კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერად დაცვას შეუწყობს ხელს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც კერძო საჩივარშია მითითებული და ამ ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება რეაბილიტაციის ზედამხედველიც, მოვალე კომპანიამ გადაიხადა კრედიტორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ დავალიანება 639 487.15 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც სააღსრულებო ბიუროში სს „გურჯაანი 1929“-ის მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოება დასრულდა და ყველა სამართლებრივი შეზღუდვა გაუქმდა. ასევე, სადავო და დასაზუსტებელია სსიპ –  შემოსავლების სამსახურის დავალიანების ოდენობა მოვალის მიმართ, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში მოვალის მიერ აღნიშნული კრედიტორული მოთხოვნა აღიარებული არ არის და უახლოეს მომავალში, არც იკვეთება ამგვარი აღიარების შესაძლებლობა. სხვა კრედიტორების მიერ არ არის წარმოდგენილი პრეტენზია, მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის მოვალის სს „გურჯაანი 1929-ის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ განჩინებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს, რომ იმ გარემოებათა დასაბუთებულობა და საფუძვლიანობა, რაზე დაყრდნობითაც დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალე კომპანიის მიმართ, ამ ეტაპზე არ იკვეთება და კომპანიას, რომლის დირექტორიც მართვაში იქნა დატოვებული, არ აქვს წარმოდგენილი თავისი პოზიცია წარმოდგენილ კერძო საჩივართან დაკავშირებით, სს „გურჯაანი 1929“-ის რეაბილიტაციის რეჟიმით გადახდისუუნარობის წარმოების ფარგლებში დატოვებისა და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რაც, უპირველესად, კრედიტორთა კოლექტიურ დაკმაყოფილებას უნდა ემსახურებოდეს. ამასთან, ის გარემოებები და კონკრეტული მიზანი (რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება), რაც სპეციალური კანონის დანაწესით, რეაბილიტაციის რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას უნდა გააჩნდეს, კერძო საჩივარზე თანდართული დოკუმენტების, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებისა და რეაბილიტაციის ზედამხედველის პოზიციის მოსმენის შედეგად, არ იკვეთება.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მონაწილე პირების, კრედიტორთა და მოვალის პოზიტიური ნების არსებობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების რეაბილიტაციის რეჟიმის ფარგლებში გაგრძელების თაობაზე, არ დასტურდება, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორის   სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინება განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე და შეწყდეს საქმის წარმოება.

კანონის 62.4 მუხლის თანახმად, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას ან გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, 1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კერძო საჩივარი. 2. კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება. 3. კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით. 4. კერძო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ –  შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გაუქმებისა და რეაბილიტაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 49.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით ამოქმედდება მორატორიუმი ამ კანონით დადგენილი წესით.

მოცემულ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „გურჯაანი 1929“-ის დირექტორის კობა კობახიძის მოთხოვნა მორატარიუმის დამატებითი ღონისძიებების შესახებ. დამტკიცდა მორატორიუმის დამატებითი ღონისძიება: მოვალე სს „გურჯაანი 1929“-ის კომუნალური მომსახურების (ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი, წყლის და ა.შ.) კომპანიებს აეკრძალათ, არ შეუწყვიტონ მოვალეს მომსახურების მიწოდება.

ვინაიდან, სასამართლომ დააკმაყოფილა სსიპ –  შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი სს „გურჯაანი 1929“-ის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გაუქმებისა და რეაბილიტაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების დამტკიცების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძველს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-9, 49-ე, 62-ე, 69-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 მარტს წარმოდგენილი კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გაუქმებისა და სს „გურჯაანი 1929“-ის (ს/ნ 227747070) მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ, დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინება მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების დამტკიცების თაობაზე, რომლითაც სს „გურჯაანი 1929“-ის (ს/ნ227747070) დირექტორის კობა კობახიძის მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნის საფუძველზე დამტკიცდა მორატორიუმის დამატებითი ღონისძიება და მოვალე სს „გურჯაანი 1929“-ის (ს/ნ 227747070) კომუნალური მომსახურების (ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი, წყლის და ა.შ.) კომპანიებს აეკრძალათ, არ შეუწყვიტონ მოვალეს მომსახურების მიწოდება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ასევე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე:                                                                        ლიანა კაჟაშვილი.